Plasmon
ტყვიით მოწამვლა - ძველი ახალი გამოწვევა!

თარიღი: 23 ივლისი, 2018

ტყვიით მოწამვლა - ძველი ახალი გამოწვევა!

 

⚡️ ტყვია კლავს ყველანაირი მნიშვნელობით - კლავს გასროლილიც და ის ტყვიაც, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში რომ გვეპარება ყველა მხრიდან. 

⚡️ მეტალი, რომელიც არ უნდა იყოს ჩვენს სახლებში, საბავშვო სათამაშოებში, საკვებში, ჰაერში...

⚡️ ნივთიერება, რომლით მოწამვლა განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბაშვებს უქმნის საფრთხეს, ამ ასაკში ხომ სწრაფად ხდება ზრდა-განვითარება, ორგანოთა ჩამოყალიბება?!

- არ გეგონოთ, რომ ტყვია თანამედროვე პრობლემაა და მხოლოდ ინდუსტრიალიზაციაა ამაში დამნაშავე.

ძველი რომაელები აქტიურად გამოიყენებდნენ დამატკბობლად ე.წ ტყვიის შაქარს და მოწამლვის შედეგებისგანაც იტანჯებოდნენ.

- ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად ტყვიით მოწამვლაც სახელდება.

- 1872-73 წლებში არქიპელაგ შპინბერგენზე გამოსაზამთრებლად დარჩენილი 17 პოლარული მოგზაურის სიკვდილის მიზეზი ტყვიის შემცველი კონსერვის ქილები იყო.

- მე-19-20 საუკუნეებში ინდუსტრიალიზაციასთან ერთად ტყვიით მოწამვლის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ზოგიერთი სპეციალობის ადამიანისთვის კი, მაგალითად, სტამბის მუშებისათვის ის პროფესიულ დაავადებადაც იქცა.

⚡️ 1920 წლიდან ბენზინის ოქტანური რიცხვის გაუმჯობების მიზნით საწვავს დაემატა ტეტრაეთილტყვია, თუმცა უკვე 70-ინი წლებიდან დაიწყო მოძრაობა ამ ქმედების წინააღმდეგ. 

⚡️ 2002 წლიდან ტყვიისშემცევლი ბენზინის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა.

⚡️ 1904 წელს ავსტრალიელმა ექიმმა J. Lockhart Gibson-მა შენიშნა ტყვიისშემცევლი სათამაშოების კავშირი ბავშვების ტყვიით ინტოქსიკაციის ნიშნებთან, მიუხედავად ამ გამოკვლევის შედეგისა, აშშ-ს მთავრობამ მხოლოდ 1978 წელს აკრძალა ტყვიისშემცევლი საღებავების გამოყენება. გატარებული ამ და სხვა ღონისძიებების შემდეგ აშშ-ში იმ ბავშვთა რაოდენობა, რომელთაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუფიქსირდათ, 1997 წელს 7,61%-დან 2013 წელს 0,56%-მდე შემცირდა.

 

საიდან ხვდება ტყვია ორგანიზმში?

⚡️ მეტალი, რომელიც მძიმე მოწამვლას იწვევს, ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ტყვიისშემცველი საღებავებიდან - გასულ საუკუნეში ფასადების და ინტერიერების, ავეჯის შესაღებად განკუთვნილი საღებავები ხშირად შეიცავდა ტყვიას.

⚡️ ტყვიას შეიცავს სათამაშოებიც, თუ ისინი შეღებილია აკრძალული საღებავებით -2007 წელს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სავაჭრო ქსელიდან ამოღებულ იქნა ჩინური წარმოების ტყვიის შემცველი სათამაშოები. 

⚡️ მანქანების გამონაბოლქვით, რადგან ბენზინს ხარისხის ასამაღლებლად უმატებენ ტყვიას.

⚡️ ის შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში სხვადასხვა კერამიკული ჭურჭლიდან, სამშენებლო მასალებიდან, ზოგიერთი კონსერვის ქილიდან და კოსმეტიკური საშუალებებიდან, ბიჟუტერიიდან, შუშის ნაკეთობებიდან. 

⚡️ მოწამლვა შესაძლებელია მოხდეს როგორც არაორგანული, ისე ორგანული ტყვიით, რაც შესაძლოა ორგანიზმიში მოხვდეს როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კანზე მოხვედრისას, შესუნთქვით.

- ბავშვებში ტყვიის მოხვედრა უფრო ადვილად ხდება, გამომდინარე იქედან, რომ ისინი ხშირად იდებენ პირში სხვადასხვა საგნებს. ამავდროულად, ტყვიის ზემოქმედება უფრო მეტად და მავნედ გამოიხატება ბავშვის ორგანიზმის უმწიფრობის გამო. ტყვიით მოწამვლის შედეგები სხვადასხვა ორგანოს ფუნქციონირების დარღვევით ვლინდება, ირღვევა ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-მოტორული განვითარება.

- ტყვიის შეწოვას განაპირობებს საკვებში რკინის, ცილების, კალციუმის დაბალი შემცველობა. ცხიმის მიღება აძლიერებს მის შეწოვას. 

- მწვანე ბოსტნეულში არსებული ფიტინის მარილები იერთებს ტყვიას და ხელს უწყობს მის ორგანიზმიდან მოცილებას.

- უკანასკნელ ათწლეულში აშშ სტატისტიკით, იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ტყვიის მაღალი დონე აღმოჩნდათ სისხლში, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში 1-5 წლამდე ასაკის დაახლოებით ნახევრ მილიონ ბავშვს ეს პრობლემა აქვს. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა განვითარებად ქვეყნებში. საქართველოს სტატისტიკა, სამწუხაროდ, უცნობია.

 

რა არის ნორმა?

- 1991 წელს 1-5 წლის ასაკის ბავშვებისათვის აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ტყვიის მომატებულ მაჩვენებლად განსაზღვრა ≥10 µg/dl, თუმცა 2012 წელს ეს ზღვარი გადაიხედა და შეიცვალა - მოზრდილებისათვის ნორმად განისაზღვრა 10 µg/dl, ბავშვებისათვის -5 µg/dl.

- გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აშშ კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით , აშშ-ში დაინერგა 1 და 2 წლის ასაკში უნივერსალური სკრინინგი სისხლში ტყვიის შემცველობაზე.

- ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ, რუსეთში ატარებენ თმის ღერის შესწვალას ტყვიით ინქტოსიკაციის დასადგენად, თუმცა მიჩნეულია, რომ სისხლში ტყვიის განსაზღვრა გაცილებით ზუსტი მეთოდია.

 

რა შეუძლია ტყვიას?

- ტყვიით მოწამვლის კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. 

მოწამლულ ბავშვს აქვს ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ -გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, მუცლის ხშირი ტკივილი, უმადობა. დამახასიათებელია ანემია, სახსრების ტკივილი.

- განსაკუთრებით საყურადღებოა ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები - მომატებული აგზნებადობა, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა, სწავლის პრობლემები, სისუსტე, მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია გამოიხატოს პერიფერიული დამბლები.

ფსიქო-მოტორული და ფიზიკური განვითარების შეფერხება.

 

რა არის გამოსავალი?

- დაავადების პროფილაქტიკის მთავარი ინციატორი მთავრობა უნდა იყოს, რომელმაც უნდა შეიმუშავოს სტრატეგია და დააწესოს უმკაცრესი კონტროლი ტყვიისშემცველი პროდუქტების, მათ შორის სათამაშოების შემოტანის და აკრძალვის შესახებ. 

- აუცილებელია დაწესდეს კონტროლი იმ ბენზინის შემოტანაზე, რომელიც ტყვიას შეიცავს და მუდმივად განხორციელდეს საწვავის მონიტორინგი. დროა, არჩევანი ადამიანების ჯანმრთელობაზე გაკეთდეს.

- უმნიშვნელოვანესია იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოწორება, რაც ქვეყნის დიდ ქალაქებშია შექმნილი.

- უნდა დაიგეგმოს ტყვიის განსაზღვრის უნივერსალური უფასო სკრინინგი ადრეული ასაკის ბავშვებისათვის.

 

რა შეგვიძლია ჩვენ?

❇️ მაქსიმალურად ეცადეთ, ბავშვს მისცეთ რკინით, პროტეინით, კალციუმით მდიდარი ჯანსაღი პროდუქტები.

❇️ ნუ მისცემთ პატარას კოსმეტიკის გამოყენების უფლებას - ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას.

❇️ არ დაივიწყოთ მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, რომელიც ორგანიზმიან ტყვიის გამოტანას უწყობს ხელს

❇️ შეეცადეთ, ბავშვები ხშირად გაიყვანოთ ქალაქგარეთ ან ქალაქის რეკრეაციულ ზონებში.

 

თქვენი ექიმი ჯანმრთელობას გისურვებთ!

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე