თარიღი: 13 ივლისი, 2020
ხომ ვიცი, როგორ არ გიყვართ ის დღე, როცა ბავშვი ლაბორატორიაში სისხლის ანალიზისათვის მიგყავთ. მერე კვლევის შედეგები თქვენს პედიატრთან მიგაქვთ და კართანვე გიკანკალებთ გულიცა და ხელიც.
აი, რას ვეძებთ სისხლში:
სისხლი ორგანიზმის შინაგანი გარემოა, სადაც ყველა ის ცვლილება აისახება, რაც ორგანიზმში მიმდინარეობს. ექიმი გამოკვლევებს დიაგნოზის დასაზუსტებლად გინიშნავთ, თუმცა გარკვეული ანალიზები პროფილაქტიკური მიზნებით-დაავადებათა გამოსარიცხადაც ტარდება.
სისხლის საერთო ანალიზისათვის საჭიროა სისხლის აღება ვენიდან ან თითიდან.
კვლევის შედეგი ინფორმაციას გვაძლევს ლეიკოციტების (თეთრი ბურთულების), ერითროციტების (წითელი ბურთულების), ასევე თრომბოციტების რაოდენობის, ფორმების, მოცულობების შესახებ. ისაზღვრება ჰემოგლობინი და ლეიკოციტური ფორმულა, რაც სხვადასხვა ტიპის ლეიკოციტების რაოდენობების შესწავლას გულისხმობს.
ჰემოგლობინი ერითროციტებშია მოთავსებული და პასუხისმგებელია ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტზე. მისი დაქვეითება ანემიას ანუ სისხლნაკლებობას ახასიათებს.
ერითროციტების დეფიციტიც ანემიის ნიშანია.
ლეიკოციტები ემსახურებიან ორგანიზმის დაცვას მიკრობებისაგან, ამიტომ მათი მომატება ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებს.
ედს ერითროციტების დალექვის სიჩქარის შემოკლებული დასახელებაა.მისი მომატება ბავშვებში ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების. აგრეთვე სიმსივნეების დროს ხდება.
თრომბოციტები სისხლის უჯრედებია, რომლებიც სისხლისშედედების პროცესში მონაწილეობენ.
სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ნიშნავს სისხლის ქიმიური შემადგენლობის შესწავლას. პრაქტიკულად შესაძლებელია სისხლში არსებული ყველა ნივთიერების კონცენტრაციის, მათ შორის, მიღებული მედიკამენტების დონის განსაზღვრა და კონტროლი.
რა ელის პატარას ლაბორატორიაში?
ლაბორატორიული კვლევებისათვის სისხლს ვენიდან ან თითიდან იღებენ.
სიახლის აღება სასიამოვნო პროცედურა ნამდვილად არაა.
მოამზადეთ პატარა ლაბორატორიაში სტუმრობისათვის.თუ ის მოზრდილია, აცნობეთ წინასწარ, რა ელის კლინიკაში ვიზიტისას.
ნუ დაუმალავთ, რომ ჩხვლეტა ცოტათი მტკივნეულია, თუმცა აუცილებელი. განუმარტეთ, რომ ამ მანიპულაციას სხვა ბავშვებიც იტარებენ. სისხლის აღების შემდეგ კი შეაქეთ და წაახალისეთ.
ბავშვი განსაცდელისას ყველაზე უსაფრთხოდ დედასთან გრძნობს თავს, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ გაშინებთ მისი სისხლის და ტირილის დანახვა, თავად ჩაისვით კალთაში და შეეცადეთ, დაამშვიდოთ.
თქვენი პატარას ვენები ძალიან წვრილია და შესაძლოა, ლაბორანტმა პირველივე ცდაზე ვერ მოახერხოს სისხლის აღება.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე