Plasmon
ვის სჭირდება ბარიატრიული ოპერაცია და სიმსუქნის გარდა, რა დაავადებებს ამარცხებს ის სამუდამოდ

თარიღი: 10 დეკემბერი, 2024

„რა არის ბარიატრიული ქირურგია და რა პრობლემების დროს ინიშნება ის, როგორ ხდება ოპერაციისთვის მომზადება და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი, რა შედეგებს უნდა ველოდოთ ოპერაციის შემდგომ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მიღებული ეფექტი“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის სამედიცინო ცენტრის მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელმა –  რატი ტურაშვილმა ისაუბრა.

 

ბატონო რატი, რა არის ბარიატრიული ქირურგია და რა ტიპის ოპერაციებს მოიცავს ის?
ბარიატრიული ქირურგია ქირურგიის ერთ-ერთი მიმართულებაა და ის მორბიდული სიმსუქნის სამკურნალოდ გამოიყენება.

 

რაც შეეხება თვითონ მორბიდულ სიმსუქნეს, ის ითარგმნება, როგორც ავადმყოფური სიმსუქნე. შესაბამისად, ბარიატრიული ქირურგია ავადმყოფურ სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებების პროფილაქტიკის და შემდგომი მკურნალობის მიზნითაც გამოიყენება. 

 

ვისთვის არის რეკომენდებული ბარიატრიული ქირურგია, რა კრიტერიუმებით ხდება განსაზღვრა, სჭირდება თუ არა პაციენტს ბარიატრიული ოპერაცია?
ბარიატრიული ოპერაციის გამოყენების საკითხი ისმევა მაშინ, როცა სხეულის მასის ინდექსი, BMI არის 35 და ზევით. შესაძლებელია, სხეულის მასის ინდექსი იყოს 35-ზე ნაკლები, მაგრამ პაციენტს ჰქონდეს სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა პათოლოგიები, სასუნთქი სისტემის პათოლოგიები და ა.შ. ასეთ სიტუაციაშიც განხილულია ბარიატრიული ქირურგიის გამოყენების საკითხი.

 

ყველა შემთხვევაში ერთი ტიპის ოპერაცია ტარდება თუ სხვადასხვა სახის ოპერაციებს მოიცავს ბარიატრიული ქირურგია?
ზოგადად, ბარიატრიული ქირურგია სხვადასხვა სახის ოპერაციებს მოიცავს. მარტივად რომ დავყოთ, ძირითადად ორი ჯგუფი გვაქვს, ერთი – ე.წ. რესტრიქციული ოპერაციები, ანუ თვითონ კუჭის მოცულობის შემცირებისკენ მიმართული და მეორე, შედარებით უფრო დიდი ჯგუფი ე.წ. ბაიპასის ტიპის ოპერაციები. 

 

რაც შეეხება თვითონ ოპერაციის შერჩევას, ოპერაციის შერჩევა ჩვენს კლინიკაში, „ჯეო ჰოსპიტალსში“ მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ ხდება. აქ აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა. გარკვეული წინა საოპერაციო ანალიზების, გამოკვლევების შედეგად, კონსილიუმზე ხდება კონკრეტული პაციენტისთვის კონკრეტული ოპერაციის შერჩევა.

 

პაციენტები ყველაზე ხშირად რაზე აკეთებენ აქცენტს, რა არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი, ოპერაციისთვის განკუთვნილი ნაკლები დრო, ნაკლები პოსტოპერაციული პროცედურები, სწრაფად მიღებული შედეგი თუ რა აინტერესებთ მათ ყველაზე მეტად?
სტატისტიკურად, მსოფლიოში სლივ–გასტრექტომია, როგორც ხალხი უწოდებს, „კუჭის დაპატარავების ოპერაცია“ ყველაზე მოთხოვნადია. ეს არის უნივერსალური ოპერაცია, რომელიც 14 წლიდან ზევით, ყველა ასაკში იწარმოება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, არის პრეცედენტები, როცა ბავშვთა ასაკშიც კი არის ჩატარებული აღნიშნული ოპერაციები. ბარიატრიული ოპერაციების ჩატარების ასაკობრივი ზედა ზღვარი, დღესდღეობით, განსაზღვრული აღარ არის. დღეს, მსოფლიოში, 60 %-ზე მეტ შემთხვევაში სლივ–გასტრექტომიის ოპერაცია კეთდება.

 

ოპერაციის შერჩევისას მნიშვნელობა აქვს ასაკს, შემდგომ ორსულობის დაგეგმარებას და ა.შ. , ბევრი ნიუანსია. ძირითადად, ახალგაზრდა ასაკში და შედარებით, ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში უფრო აღნიშნული ტიპის, სლივ–გასტრექტომიის ოპერაციაა მოწოდებული, ვინაიდან მიიჩნევა, რომ ის შედარებით უფრო მარტივი ტიპის ოპერაციაა, თუმცა მე ასე არ ვთვლი. აღნიშნული ოპერაცია არის ფიზიოლოგიური, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ოპერაციამდე არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თანმიმდევრობა, საყლაპავი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, ოპერაციის შემდგომაც ისე ნარჩუნდება და არ ხდება მისი გადაკეთება. ამ ოპერაციას ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, უარყოფითიც გააჩნია.

 

რა რისკებთან არის დაკავშირებული ბარიატრიული ოპერაციები და რა ტიპის პაციენტებს აქვთ აღნიშნული ოპერაციის ჩატარების უკუჩვენება?
თვითონ ოპერაციის წარმოება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირებულობა, ფსიქოლოგიური მომზადება. პაციენტი კარგად უნდა ერკვეოდეს, თუ რასთან აქვს საქმე, თუ რა რისკებია. მას სრულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, როგორც ოპერაციამდე, მოსამზადებელი პერიოდის პასუხისმგებლობა, ასევე ოპერაციის შემდგომ მიცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულების პასუხისმგებლობა. უნდა მოწესრიგდეს ძილი, კვებითი საკითხები.

 

მეორე კომპონენტი გახლავთ ის, რომ ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებს, რის მიხედვითაც ინიშნება კონსერვატიული, მედიკამენტური თერაპია, რასაც შემდგომ თან მოსდევს ოპერაციული მკურნალობა.

 

რაც შეეხება თვითონ ოპერაციას, მიჩნეულია, რომ ოპერაცია 100 %-დან მხოლოდ 20-25 %-ს აკეთებს, დანარჩენი მოდის უშუალოდ ოპერაციამდელ, მოსამზადებელ პერიოდზე და ოპერაციის შემდგომ, პოსტოპერაციულ პერიოდზე, ანუ მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეასრულებს პაციენტი გაცემულ რეკომენდაციებს. თუ ყველა რგოლი ადეკვატურად არის შესრულებული, რისკები მინიმუმზეა დაყვანილი.

 

დღესდღეობით, მაღალტექნოლოგიურმა მიდგომებმა განაპირობა ის, რომ ბარიატრიული ოპერაციების რისკები გაუთანაბრდა ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების დროს ჩატარებული ოპერაციებისას არსებულ რისკებს, ასევე ბრმანაწლავის ოპერაციის ჩატარებისას არსებულ რისკებს, ანუ ფაქტობრივად, 100-დან 1%-ია გართულების, ლეტალობის რისკი.

 

ეს არის დარგი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ყოველთვიურად იდება ახალი ინფორმაციები.

 

რა იცვლება პაციენტის ცხოვრებაში ოპერაციის შემდეგ, რა ახალი კვებითი ქცევა უყალიბდება მას?
როგორც აღვნიშნე, კვებითი ქცევების ჩამოყალიბება და ზოგადად, პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინება, მისი ინფორმირება ოპერაციამდე იწყება. ოპერაციის შემდგომ, ჩვენი გუნდის, ნუტრიციოლოგის, ენდოკრინოლოგის და სხვადასხვა სპეციალისტების მიერ შედგენილ სპეციალურ კვებას ვაძლევთ პაციენტებს. პაციენტს ასევე ეძლევა მედიკამენტების, ვიტამინების თუ სხვადასხვა მინერალების დანიშნულება, რომ პაციენტმა რაიმე მინერალის ან ვიტამინის მიმართ დეფიციტი არ განიცადოს.

 

ზოგადად, ოპერაციის დამთავრებიდან სადღაც 3-4 საათში პაციენტი ფეხზე დგას, აქტიურია. ძირითადად, 90 %-ზე მეტ შემთხვევაში, მეორე დღეს სახლში ვუშვებთ. ოპერაციამდელ პერიოდში ადეკვატური მომზადება გვაძლევს საშუალებას, რომ სტაციონარიზაცია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

 

ბარიატრიული ოპერაციის შემდგომ, რა დრო არის საჭირო შედეგის მისაღებად?
რა თქმა უნდა, ესეც ინდივიდუალურია. გარკვეული კილოგრამების დაკლება მოსამზადებელ, ოპერაციამდელ პერიოდში იწყება. მედიკამენტებით თუ ფიზიკური აქტივობით ხდება მეტაბოლური მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესება. ოპერაციის მეორე დღიდანვე არის კლების ტენდენცია. როდესაც პაციენტები მეათე-მეთორმეტე დღეს ვიზიტზე მოდიან, უკვე აღნიშნავენ გარკვეული კილოგრამების კლებას. როგორც წესი, ამ კლების შემდგომ, სადღაც, 2-3 კვირის შემდეგ, შესაძლებელია, იყოს წონის შეჩერება. წონის შეჩერება ნორმაა და ეს 3 თვემდეც კი შეიძლება გაგრძელდეს. პაციენტმა ამ პერიოდის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიოს ექიმის მიერ მიცემული რეკომენდაციები. ხშირად, პაციენტებს აღნიშნულ პერიოდში დეპრესიული მომენტები აქვთ ხოლმე და ხდება რეკომენდაციების უგულებელყოფა, რის გამოც, საბოლოოდ, შეიძლება, რომ პაციენტმა სასურველი შედეგი ვერ მიიღოს. შესაბამისად, ყველა პაციენტთან ჩართული გვყავს ფსიქოთერაპევტი.

 

არიან ადამიანები, რომელთაც რამდენჯერმე დასჭირდათ ბარიატრიული ოპერაციის ჩატარება, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ მოიმატეს წონა. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი და რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს ზედმეტი წონა?

 

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ მორბიდულ სიმსუქნესთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის ოპერაცია, ანუ ბარიატრიული ქირურგია.

 

რაც შეეხება წონის მატებას, არსებობს ნორმა, რამდენიც შეიძლება, რომ მოიმატოს ადამიანმა ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა პირვანდელ წონას ან კიდევ უფრო მეტსაც აღწევენ. ეს ყველაფერი რამდენიმე კომპონენტზეა დამოკიდებული. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ სხვადასხვა ოპერაციას  წონის მატების სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებელი აქვს, მაგალითად, სლივ–გასტრექტომიის შემთხვევაში, 5-7 წლის განმავლობაში, წონის მატების ალბათობა, დაახლოებით, 30 %-მდე არის. ბაიპასებს შედარებით უფრო ნაკლები აქვთ მომატების ალბათობა.

 

ბარიატრიულ ქირურგიაში და ზოგადად ქირურგიაში არ არსებობს ისეთი ოპერაცია, რომელიც 100 %-ით უზრუნველყოფს წონის შენარჩუნებას, თუ გარკვეულ რეკომენდაციებს და კვებით ჩვევებს არ დავიცავთ.

 

წონის მატება ძირითადად შეიძლება უკავშირდებოდეს არასწორად შერჩეულ ოპერაციას, პაციენტის არასრულფასოვნად გამოკვლევას, არაკომპეტენტურად, არასრულფასოვნად ჩატარებულ ქირურგიულ ოპერაციას და რა თქმა უნდა, კვებითი ქცევის დარღვევას. ძირითადად, წონის მატება იწყება, როცა კვებითი ქცევების აშლილობა ხდება. ძალიან ხშირად გამიგია ჩემი პაციენტებისგან – „ სახლში მითხრეს, ძალიან გამხდარი ხარო“, ანუ მივაღწიეთ სასურველ შედეგს, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა, გვაქვს 100 %-იანი შედეგი და ახლა, ვიღაცას ის აღარ მოსწონს, რომ კონკრეტულ პაციენტს ასეთი შედეგი აქვს. შესაბამისად, აქ იწყება ისევ და ისევ ფსიქოლოგიური პრობლემები, „იქნებ, ცოტა მოვიმატო“ და ეს კვებითი აშლილობები იწვევს ზუსტად იმ პრობლემებს, რასაც სიმსუქნემდე მივყავართ.

 

ზოგადად, ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს იყო მსოფლიოს ბარიატრიული ასოციაციისგან მოწოდებული დასკვნა და აღიარება, რომ სიმსუქნე მემკვიდრულად განპირობებული, მრავალ ფაქტორული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა და რომ მას თან აუცილებლად ახლავს მეტაბოლური სინდრომი. სიმსუქნე კი ყალიბდება მაშინ, როცა მიღებულ და გახარჯულ ენერგიას შორის დისბალანსია. საკვებით მიღებული ენერგია ადეკვატურად უნდა გაიხარჯოს. წონის მატება იწყება ზუსტად მაშინ, როცა ირღვევა კვებითი ქცევები და ხდება მეტაბოლური პრობლემების გაღვივება.

 

ძალიან ხშირად ამბობენ, „კუჭი დიდდება, კუჭი იწელება“… კუჭი ვერაფრით გახდება იმხელა და იმ მოცულობის, როგორიც ოპერაციამდე იყო. აქ ისევ და ისევ არის მეტაბოლური სინდრომის პრობლემა, რაც პირდაპირ კავშირშია სიმსუქნესთან. რაც შეეხება განმეორებით ოპერაციას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვატარებთ განმეორებით ოპერაციებს, როცა პაციენტი ძველ წონას იბრუნებს და ამ დროს ვატარებთ სხვა ტიპის ოპერაციას, რომ შემდგომში ნაკლები იყოს მომატების ალბათობა. სწორი კვება და რეკომენდაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია.

 

ზოგადად, პირველი 1 წელი  პოსტოპერაციულ პერიოდად ითვლება. ხშირად გავიგებთ, „მაქვს თმის ცვენა“, „ფრჩხილები მტყდება“, რაც მინერალების დეფიციტთან არის დაკავშირებული. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა, რომ პაციენტი ოპერაციამდელ პერიოდში გამოვიკვლიოთ სრულყოფილად. მას უნდა დაენიშნოს აუცილებელი კონსერვატიული თერაპია. პირველი ერთი წლის განმავლობაში პაციენტმა მინიმუმ ოთხჯერ უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს გარკვეული შუალედებით, პირველ, მესამე, მეექვსე და მეთორმეტე თვეს. უნდა გაიკეთოს შესაბამისი ანალიზები. თუ პაციენტი ამ ყველაფერს მიჰყვება, მომატების ალბათობა ძალიან დაბალია. მე ყველა პაციენტს ვეუბნები, რომ ახსოვდეთ ის, რომ ოპერაცია აქვთ ჩატარებული და იყვნენ ყურადღებით და აკონტროლონ გარკვეული ფაქტორები.

 

ახსენეთ, რომ ბარიატრიული ოპერაცია დადებითად მოქმედებს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა მაღალი წნევა, დიაბეტი ტიპი ორი. ამ მხრივ როგორია შედეგები და ყველა იმ ტიპის პაციენტთან არის სასურველი აღნიშნული ოპერაციის დაგეგმვა, რომელთაც ჭარბი წონა პლუს მსგავსი პრობლემები აქვთ?
ისეთი შემთხვევები, როცა სიმსუქნესთან ერთად აღნიშნული დაავადებებიც გვაქვს, ბევრად უფრო რთულია.

 

სიმსუქნე არის დაავადება, რომელიც თითქმის ყველა ორგანოს ფუნქციის დაზიანებას იწვევს, იქნება ეს გულსისხლძარღვთა სისტემის თუ რესპირატორული სისტემის დარღვევები, ნევროლოგიური, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები და ა.შ. ის ასევე არის უშვილობის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი.

 

მაგალითისთვის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორი რომ ავიღოთ, ლიტერატურული მონაცემებით, ფაქტობრივად, 98 %-ში მიიღწევა რემისია, ოღონდ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მივალთ, ოპერაციას გავიკეთებთ და ამით ყველაფერი დამთავრდება. კი, შაქრის მაჩვენებელი ოპერაციიდან მეორე-მესამე დღეს, ფაქტობრივად, ნორმაშია, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება შემდგომი მონიტორინგი, ენდოკრინოლოგის ჩართულობა, რომ მერე არ მოხდეს რაიმე და ისევ არ გააქტიურდეს აღნიშნული პრობლემა. თუ გვინდა, რომ 100 %-იანი შედეგი მივიღოთ და ის შევინარჩუნოთ, რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია.

 

ანალოგიურია, როცა გვაქვს სიმსუქნესთან ასოცირებული გულ-ფილტვის უკმარისობა. მყოლია პაციენტები, რომელთაც 8-9 თვე ვამზადებდით, შემდგომ, ჩავუტარეთ ოპერაცია და აბსოლუტურად კარგი შედეგები მივიღეთ, თითქმის სრულად კომპენსირდა უკმარისობის ნიშნები. ოპერაციის შემდეგ ნამდვილად სახეზეა პაციენტების ცხოვრების წესის და რეჟიმის ცვლილება.

 

ოპერაციის მეშვეობით ბევრი დაავადების შემთხვევაში ვიღებთ საკმაოდ კარგ შედეგებს. ძალიან კარგი შედეგები გვქონია უშვილობის პრობლემის დროსაც, რომელიც ჭარბი წონით იყო გამოწვეული.

 

რა ტიპის რეკომენდაციებს მისცემდით ადამიანებს, რომლებიც ბარიატრიული ოპერაციის ჩატარებაზე ფიქრობენ?
როდესაც პრობლემა უკვე სახეზეა, როდესაც არის პირველი, მეორე, მესამე ხარისხის სიმსუქნე, თუ გაქვთ თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, სუნთქვის გაძნელება, ადვილად დაღლა, მძიმე ოჯახური ანამნეზი (დიაბეტით, ჭარბი წონით დაავადებულები), რაც უფრო მალე მიმართავთ ექიმს, მით უკეთესი. ჩვენს კლინიკაში, „ჯეო ჰოსპიტალსში“ ბარიატრიულ ქირურგთან კონსულტაცია უფასოა. კარგი იქნება, მინიმუმ კონსულტაციას მაინც თუ გაივლით პროფესიონალთან, რომ წარმოდგენა შეგექმნათ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეს დაგეხმარებათ აიცილოთ ისეთი მდგომარეობები, როცა, ზოგჯერ, ოპერაციაზე უარის თქმაც კი გვიწევს.

 

რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ ბარიატრიულ ქირურგიაში?
პირველი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ეს არის რობოტული ქირურგიის განვითარება. დღესდღეობით, თანამედროვე მსოფლიოში, ეს უკვე აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს და იმედი მაქვს, უახლოეს წლებში, საქართველოშიც დაინერგება. ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, სიმსუქნის ტენდენცია და სტატისტიკა ძალიან ცუდია. ამერიკის მაგალითი რომ ავიღოთ, ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედი ჭარბწონიანია, აქედან ნახევარი კი მორბიდული სიმსუქნით არის დაავადებული. ვარაუდობენ, რომ 2030-სთვის მსოფლიო მოსახლეობის, დაახლოებით, 60 % იქნება ჭარბწონიანი. ტენდენცია ძალიან ცუდია, ამიტომ ყველას ვურჩევდი, მაქსიმალურად მიჰყვნენ აქტიურ ცხოვრების რეჟიმს, სპორტს, სწორ კვებას.

წყარო: https://fortuna.ge