Plasmon
D ვიტამინი 1 წლის ასაკის ზემოთ ადამიანსაც ჭირდება

თარიღი: 01 ივნისი, 2018

თუ ფიქრობთ, რომ 1 წლის ასაკის ზემოთ ადამიანს D ვიტამინის მიღება აღარ სჭირდება - შეცდომაა

რისთვის გვჭირდება D ვიტამინი?

გასული საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ვეტერინარმა ედვარდ მელენბიმ შენიშნა, რომ ძაღლებს, რომელთაც თევზის ქონს აძლევდნენ საკვებად, ძვლოვანი დეფორმაციები არ უვითარდებოდათ. ამ პერიოდისათვის უკვე ცნობილი იყო, რომ თევზის ქონი დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავდა. მისმა პირველაღმომჩენმა ელმერ მაკკოლუმმა მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარა – მან მოახერხა თევზის ქონში A ვიტამინის ნეიტრალიზება. მიუხედავად ამისა, ძაღლებს ძვლოვანი დეფორმაციები მაინც არ ემართებოდათ. მაშ, თევზის ქონი კიდევ რაღაც სხვა ნივთიერებას შეიცავდა, რაც ძვლოვანი დეფორმაციების პროფილაქტიკას ახდენდა! ასე აღმოჩინეს კიდევ ერთი ცხიმში ხსნადი აქტიური ნივთიერება, რომელსაც D ვიტამინი ეწოდა. დადგინდა, რომ ის მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში, რაც ხელს უწყობს ძვლებში ამ ნივთიერებების ჩალაგებას და შესაბამისად, მათ სიმყარეს. ასე, რომ D ვიტამინის აღმოჩენა ნამდვილი გადატრიალება იყო რაქიტის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. უკანასკნელ წლებში ჩატარებულმა უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინს გაცილებით მეტი ფუნქიცა აქვს ორგანიზმში, ვიდრე მხოლოდ ძვლოვანი დეფორმაციების მკურნალობა და პროფილაქტიკაა. დადგინდა, რომ ის აქტიურად მონაწილეობს იმუნურ რეაქციებში, უდიდეს როლს ასრულებს გულ-სიხლძარღვთა სისტემის და ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკაში, მეტიც, მკვლევარები ფიქრობენ, რომ D ვიტამინს ჰორმონული თვისებებიც აქვს, რაც განაპირობებს კიდეც მის დიდ გავლენას სხვადასხვა ორგანოთა სისტემაზე.

 ფაქტები D ვიტამინის შესახებ

• ხელს უწყობს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვას;
• არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას და მათ ჩალაგებას ძვლებში;
• მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.  ადამიანები, რომელთაც ამ ვიტამინის დეფიციტი აქვთ, გაცილებით ხშირად ავადობენ გრიპითა და სხვა ვირუსული ინფექციებით ;
• აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი;
• ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებას.

საიდან ვიღებთ D ვიტამინს?

D ვიტამინის ერთ-ერთი წყარო საკვებია – ამ ნივთიერებას შეიცავს კარაქი, თევზი, რძე, კვერცხი. მეორე მნიშვნელოვანი წყარო მზის სხივებია, რომელთა ზეგავლენით კანში არსებული პროვიტამინი გარდაქმნების შემდეგ საბოლოოდ D ვიტამინად იქცევა. მესამე წყარო კი სინთეზური D ვიტამინია. მას ფარმაცევტული მრეწველობა სხვადასხვა დასახელებით ქმნის, როგორც აუცილებელ მედიკამენტს D ვიტამინის ნაკლებობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

მზევ შინ შემოდიო!

მზით დახივება არამცდარამც არ ნიშნავს მზის პირდაპირი სხივების ქვეშ პატარას დაყოვნებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადრეულ ბავშვობაში მზით ძლიერი დამწვრობის თუნდაც ერთეული ეპიზოდები ათწლეულების შემდეგ კანის კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც ჩვილის მიზანმიმართული გარუჯვა დაუშვებელია. სამწუხაროდ, დედების გარკვეული ნაწილი პატარას წლის ცივ დროს ჰაერზე გასეირნებას გაციების შიშით არიდებს, ზოგჯერ კი ისეთი ჩაფუთნული გაჰყავს ქუჩაში, რომ შეუძლებელია მზის სხივებმა პატარას კანი “მოძებნონ”. შუშის მიღმა დარჩენილი მზე მარტივი გამოსავალი – ფანჯარასთან მზიან დღეს გაშიშვლებული ჩვილი ულტრასიიფერი სხივების მოლოდინში, შეცდომაა. გახსოვდეთ, მინა კვარცს შეიცავს, რომელიც მზის ულტრაიისფერ სპექტრს აკავებს, ამრიგად, პატარას მხოლოდ ინფრაწითელი სხივებით ათბობთ. ესაა და ეს. რაქიტის პროფილაქტიკას ამ გზით ვერ განახორციელებთ. რაქიტი ეს ინტენსიურად მზარდი ორგანიზმის დაავადებაა, რომლის მიზეზი D ვიტამინის ნაკლებობაა. ცნობები ამ დაავადების შესახებ, რაც ძვალ-სახრსოვანი სისტემის დეფორმაციით მიმდინარეობს, უხსოვარი დროიდან მოიპოვება. თუმცა ის სრულყოფილად პირველად ინგლისელმა ექიმმა ფ. გლისონმა აღწერა 1650 წელს. ნისლიანი ალბიონის ქვეყანაში, იქ, სადაც მზის დეფიციტია, რაქიტის შემთხვევები განსაკუთრებულად მრავლად იყო. დაავადების აღწერისა და მისი მიზეზების დადგენის შემდეგ ცივილიზებულმა მსოფლიომ მისი პროფილაქტიკა ისწავლა. რაქიტის პროფილაქტიკა მარტივია –ბავშვის სწორი მოვლა და კვება, მზის სხივებით სარგებლობა, D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა. კალციუმის, ფოსფორისა და D ვიტამინის საწყის მარაგს ახალშობილი დედისგან დაბადებამდე იღებს. ამიტომაც რაქიტის განვითარებას ხელს უწყობს პათოლოგიური ორსულობა, ორსულის არარაციონალური კვება, მრავალნაყოფიანი ორსულობა, დღენაკლულობა. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. დედის რძეში კალციუმისა და ფოსფორის სასურველი შეფარდებაა, რაც ორივე მათგანის შეწოვას უწყობს ხელს. ხელოვნური (განსაკუთრებით არაადაპტირებული საკვები, მაგალითად მაწონი) ამ შეფარდებას ვერ უზრუნველყოფს. გაძვალების პროცესების დარღვევას იწვევს მოძრაობის აქტივობის შეზღუდვა (აკვანი, მჭირდო შეხვევა). საქმე იმაშია რომ კუნთების მუშაობა ძვლებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჩვილი ელემენტებსაც და D ვიტამინსაც საკმარისი რაოდენობით იღებდეს, მაგრამ მისი შეთვისება იყოს დარღვეული. მაგალითად ხანგრძლივი დიარეის, კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპიის გამო. გარდა ამისა, არსებობს ნივთიერებათა ცვლის ამა თუ იმ ტიპით მოშლით განპირობებული რაქიტის ფორმებიც. მაგალითად თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიები რომლის დროსაც კალციუმის და ფოსფორის უკუშეწოვაა დარღვეული და პატარას რაქიტისმაგვარი ცვლილებები უვითარდება. ამ შემთხვევაში D ვიტამინის თერაპიული დოზით მკურნალობის მიუხედავად, დაავადება მაინც პროგრესირებს. რაქიტის ან ფორმას განსხვავებული მკურნალობა სჭირდება, თუმცა, საბედნიეროდ, ის გაცილებით იშვიათად გვხვდება.

როგორ მივიტანოთ ეჭვი რაქიტზე?

დაავადება ნელა, შემპარავად იწყება, ძვალ-სახსროვანი დეფორმაციები დაავადების გვაინ ეტპაზე ვლინდბეა, მაშინ, როცა მისი გამოსწორება შეუძლებელია. დებიუტი 2-3 თვის ასაკიდან იწყება, პირველი ნიშნები ჩვილის აუხსნელი ჭირვეულობა, ძილში ხშირი შეკრთომა, ჩაძინების გაძნელება, ოფლიანობაა. პატარა კეფას ინტენსიურად უხახუნებს ზედაპირს, რაზეც წევს, ხახუნს კეფაზე თმის ცვენა მოჰყვება. ამ ასაკის პატარებისათვის ჩვეულებრივ, მომატებული კუნთოვანი ტონუსია დამახასიათებელი, რაქიტის დროს კი მას კუნთოვანი ჰიპოტონია ცვლის. ძალიან ხშირად მშობლები ამ ჩივილებით პედიატრს კი არა ნევროლოგს მიმართავენ. სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც გვხვდება, როცა ანტირაქიტული მკურნალობის ნაცვლად ბავშვი დამამშვიდებელ და შარდმდენ საშუალებებს იღებს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. თუ საწყის ეტაპზე რაქიტის მკურნალობა არ მოხდა, დაავადება განვითარების შემდგომ ეტაპზე გადადის, ვლინდება ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაცია – კეფა ბრტყელდება, შუბლის ბორცვები ამოიბურცება, რასაც ოლიმპიურ შუბლს უწოდებენ, გვიანდება კბილების ამოჭრა, ყიფლიბანდის დახურვა, მაჯის, ნეკნების მიმაგრებნის წერტილებში ისინჯება ძვლოვანი ბურთულები, რაც ძვლოვანი ქსოვილის არასწორი ზდრის შედეგია. ექიმები ამას რაქიტულ კრიალოსანს და რაქიტულ სამაჯურებს უწოდებენ, დეფორმირდება ხერხემალი და სქოლიოზი (ხერხემლის გამრუდება) ყალიბდება, ქვედა კიდურების ლულოვანი ძვლების დეფორმაციის გამო ვითარდება 0-ს ან X-ისებრი ფეხები.  დაავადება კიდევ უფრო მძიმდება, როცა დაავადება განვითარების მესამე სტადიაზე გადადის – რაქიტის მძიმე ფორმების დროს ხომ შინაგანი ორგანოებიც ზიანდება. იმუნური დეფიციტის გამო ბავშვი ხშირად ავადობს ინფექციური დაავადებებით, ჩამორჩება ფიზიკურ და ფსიქო-მოტორულ განვითარებაში.

რაქიტის პროფილაქტიკა შესაძლებელია!

D ვიტამინის მხოლოდ 400 საერთაშორისო ერთეულის დღიურად დამატება სრულიად საკმარისია დაავადების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობისათვის ვიტამინის დოზა, რა თქმა უნდა, იზრდება.

შეიძლება თუ არა D ვიტამინის დღიური საჭირო დოზა საკვებთან ერთად მივიღოთ?

დიახ, შეიძლება, თუმცა ხშირად არცთუისე ადვილია. ამისათვის საჭიროა, დღის მანძილზე მივიღოთ საჭირო რაოდენობით რომელიმე ამ პროდუქტთაგან - 9 ცალი კვერცხი, 4 ლ რძე, 400 გრ კარაქი, 100 გრ თევზი. შემთხვევითი არაა, რომ ის ხალხები, რომელთა რაციონში დიდი რაოდენობით თევზია, სტატისტიკურად უფრო იშვიათად ავადობენ რაქიტით, ონკოლოგიური თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

იზრუნეთ ხანდაზმულ მშობლებზებებია-ბაბუებზე!

შეცდომაა, თუ ფიქრობთ, რომ 1 წლის ასაკის ზემოთ ადამიანს D ვიტამინის მიღება აღარ სჭირდება. მართალია, რაქიტი მოზრდილი ასაკის ბავშვს აღარ ემართება, მაგრამ D ვიტამინის მიღება ყველა ასაკში საჭიროა. ხანდაზმულ ასაკში კი მისი გაორმაგებული დოზაც ინიშნება. მიზეზი მარტივია – მზის სხივების ზემოქმედებით ხანაზმული ადამიანის თხელ კანში ვიტამინის წარმოქმნა მნიშვნელოვნად მცირდება, ამიტომ 70 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს D ვიტამინის 800 საერთაშორისო ერთეული ეკუთვნით.

ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი -თამარ ობგაიძე

https://aversiclinic.ge