თარიღი: 08 მარტი, 2023
ჭარბი წონის, სიმსუქნის ან პირიქით, წონის დეფიციტის არსებობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ქალის ფერტილობის უნარზე. ცნობილია, რომ სიმსუქნემ შეიძლება შეამციროს ნაყოფიერების მაჩვენებელი მამაკაცებშიც.
ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების (ASRM) მონაცემებით, სიმსუქნე, უნაყოფობის გამომწვევი მიზეზი არის იმ ქალების 6% შემთხვევაში, ვინც არასდროს არ ყოფილა ორსულად.
დადასტურებულია, რომ წყვილს დაორსულების და ჯანმრთელი ახალშობილის გაჩენის მეტი ალბათობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მათი სხეულის წონა მიახლოებული იქნება ჯანსაღი წონის მაჩვენებლთან.
ასევე, წონის მცირედმა კორექტირებამაც კი ორსულობის დაგეგმვის პერიოდში, შესაძლოა მკვეთრად გააუმჯობესოს როგორც ნაყოფიერების, ასევე ორსულობის დროს ქალისა და ნაყოფის ჯანმთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები.
როგორ ახდენს გავლენას ჭარბი წონა და სიმსუქნე ნაყოფიერებაზე?
შემთხვევათა უმეტესობაში, სხეულის ჭარბი წონა ან სიმსუქნე ფერტილობაზე გავლენას ახდენს ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების ერთგვარი “შენახვის” გზით:
- ცხიმოვანი უჯრედები ანდროსტენედიონს - მამაკაცური ჰორმონის პრეკურსორს, გარდაქმნის ქალის ჰორმონად - ესტრონად.
- ესტრონი გავლენას ახდენს თავის ტვინის იმ ნაწილის მეტაბოლიზმზე, რომელიც არეგულირებს საკვერცხეებისა და სათესლე ჯირკვლების ფუნქციას.
- ეს პროცესები კი, აფერხებს რეპროდუქციულ ფუნქციას.
არა მხოლოდ ქალის წონა, არამედ მამაკაცის სხეულის მასის ინდექსიც ახდენს გავლენას ნაყოფიერებაზე. ცნობილია, რომ სიმსუქნის მქონე მამაკაცებს აქვთ სპერმატოზოიდების დაბალი რაოდენობა, მათ სრულ არარსებობამდეც კი. ეს ხდება რამოდენიმე ფაქტორის გამო:
- სიმსუქნის დროს მაღლა იწევს სხეულის ზოგადი ტემპერატურა, რაც, განსაკუთრებით სკროტუმის ნაწილშია მკვეთად გამოხატული.
- სიმსუქნეს შეუძლია გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი. ცნობილია, რომ მსუქან მამაკაცებს აქვთ ქალური ჰორმონების - ესტროგენების უფრო მაღალი დონე, სპერმის წარმომქნელი ჰორმონების დაბალ დონესთან ერთად, როგორებიცაა, მაგ ინჰიბინი b და ანდროგენები.
- ეს ყოველივე შესაძლოა იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი სპერმის რაოდენობის, სპერმის კონცენტრაციის და სპერმის მოძრაობის კარგი უნარის შესანარჩუნებლად.
როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, არის თქვენი სხეულის წონა ოპტიმალური თუ არა?
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი სხეულის წონის შესაფასებლად არის სხეულის მასის ინდექსის (BMI) გამოთვლა. BMI გიჩვენებთ არის თქვენი სხეულის წონა ნორმის ფარგლებში თუ გაქვთ წონის დეფიციტი ან ჭარბი წონა და სიმსუქნე.
სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ პლატფორმები, სადაც მოცემულია მარტივი BMI კალკულატორები. შესაბამის პროგრამაში თქვენი სხეულის სიმაღლისა და წონის მაჩვენებლების შეყვანით, კალკულატორი დაგითვლით თქვენს სხეულის მასის ინდექსს (BMI). იქვე მითითებული მონაცემების ანალიზის გრაფაში კი ნახავთ, რა კატეგორიას განეკუთვნება თქვენი BMI.
როგორია სხეულის ნორმალური BMI?
BMI 19-დან 24-მდე ითვლება ნორმად;
19-ზე ნაკლები BMI წონის დეფიციტზე მიუთითებს;
BMI 25-დან 29-მდე ჭარბი წონის მაჩვენებელია;
30-ზე მეტი მაჩვენებლის არსებობის შემთხვევაში კი ხდება სიმსუქნის დიაგნოზის დასმა.
როგორ მოქმედებს წონა ქალის ნაყოფიერებაზე?
წონის დეფიციტის, ჭარბწონიან ან სიმსუქნის მქონე უამრავ ქალს დაორსულების პრობლემა არ აქვს. თუმცა, არის შესაძლებლობა, ქალთა გარკვეულ კატეგორიას შეექმნას ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, რის ძირითად მიზეზსაც ჰორმონალური დისბალანსი, ანოვულაცია ანუ კვერცხუჯრედის საკვერცხედან გამოთავოსუფლების პრობლემა და მენსტრუალური დარღვევების განვითარება წარმოადგენს. სიმსუქნე ასევე ასოცირდება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის არსებობასთან, რაც, თავის მხრივ, დაბალი ნაყოფიერების ან უნაყოფობის გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს.
BMI 18.5 და ნაკლები (წონის დეფიციტი) ხშირად ასოცირებულია არარეგულარული მენსტრუალური ციკლების განვითარებასთან და შეუძლია, გამოიწვიოს ოვულაციის სრულად შეწყვეტაც კი.
BMI 17.5 და ნაკლები შესაძლოა მიუთითებდეს კვების დარღვევის არსებობაზე.
ქალებმა, რომელთაც აქვთ BMI ნორმაზე ნაკლები, უნდა გაიარონ შესაბამისი კონსულტაცია და ექიმთან ერთად აქტიურად იმუშაონ იმისთვის, რათა გამოიკვლიონ აღნიშნული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები და შეიმუშაონ სტრატეგიები მათ გამოსასწორებლად.
სიმსუქნის დიაპაზონში მყოფმა სხეულის მასის ინდექსმა (BMI) ასევე შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული მენსტრუალური ციკლის არსებობა და ოვულაციის პრობლემების განვითარება. თუმცა, ჭარბწონიან ქალებსაც კი, რომელთაც აქვთ ნორმალური ოვულატორული ციკლი, აქვთ ორსულობის უფრო დაბალი მაჩვენებელი, ნორმალური წონის ქალებთან შედარებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ოვულაციის არარსებობა არ არის ერთადერთი პრობლემა, რასაც უნაყოფობის მქონე ჭარბწონიან ქალებთან ვხვდებით.
თუ გაქვთ ჭარბი წონა ან სიმსუქნე, ორსულობის დაგეგმვამდე ექიმთან ვიზიტი დაგეხმარებთ წონის პრობლემებთან დაკავშირებული სხვა ისეთი დარღვევების იდენტიფიცირებაში, რომლებიც გავლენას ახდენენ დაორსულების კუთხით, როგორებიცაა, მაგ: ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ინსულინ რეზისტენტობა და დიაბეტი.
მოქმედებს თუ არა სიმსუქნე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების წარმატების მაჩვენებელზე და ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების ალბათობაზე?
არსებობს ნათელი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ სიმსუქნე ამცირებს ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF) წარმატების მაჩვენებელს.
კვლევებმა აჩვენა, რომ სიმსუქნის მქონე ქალებში ორსულობის დაბალი მაჩვენებელი და სპონტანური აბორტის მაღალი მაჩვენებელია.
ასევე, სიმსუქნის მქონე ქალებს აქვთ ორსულობის შედეგად გამოწვეული (გესტაციური) დიაბეტის და მაღალი არტერიული წნევის (პრეეკლაფსია) განვითარების მომატებული რისკები ნორმალური წონის ქალებთან შედარებით.
სიმსუქნის მქონე ქალებთან მაღალია საკეისრო კვეთის ოპერაციის გზით მშობიარობის მაჩვენებლებიც.
ამასთან, სიმსუქნის მქონე ქალების შემთხვევაში ფიქსირდება გარკვეული თანდაყოლილი დეფექტების განვითარების გაზრდილი რისკებიც, ახალშობილებს კი მეტ შემთხვევაში აქვთ დაბადებისას სხეულის მაღალი წონა.
ვითარდება თუ არა ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემები სიმსუქნის მქონე მამაკაცებში?
ჭარბი წონა და სიმსუქნე კაცებში, შესაძლოა ასოცირებული იყოს ტესტოსტერონის დონისა და რეპროდუქციისთვის მნიშვნელოვანი სხვა ჰორმონების დონის მნიშვნელოვან ცვლილებებთან.
სპერმის შემცირებული რაოდენობა და სპერმის მოძრაობის დაბალი ხარისხი ასევე უფრო ხშირად გვხვდება ჭარბწონიან და სიმსუქნის მქონე მამაკაცებში, ვიდრე წონის ნორმალურ დიაპაზონში მყოფ კაცებში.
მამაკაცების ამ კატეგორიაში მაღალია ერექციის პრობლემების განვითარების მაჩვენებელიც.
ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე მამაკაცებში წონის კორექტირებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს სპერმის საერთო რაოდენობა და ხარისხი.
სხეულის მეტად ჯანსაღი წონის მიღწევამ ჩასახვამდე მინიმუმ 3 თვით ადრე, შეიძლება გაზარდოს წარმატებული განაყოფიერების მაჩვენებლები. ეს დიაპაზონი იმ მიზეზის გამოა აღებული, რომ სპერმის განვითარებას სწორედ დაახლოებით 3 თვე სჭრიდება და ამ დროის განმავლობაში სხეულის ჯანსაღი წონის დიაპაზონში ყოფნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ასევე ჯანსაღი სპერმის განვითარებასაც.
სასურველია თუ არა შეეეცადოთ მოახდინოთ სიმსუქნის კატეგორიაში მყოფი BMI-ს დონის კორექტირება მისი დაქვეითების გზით დაორსულებამდე?
პირველ რიგში უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ექიმი დეტალურად განიხილავს ყველა ფაქტორს, მათ შორის თქვენს ასაკს და ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ სხვა ნიუანსებს, შემდეგ კი მოგცემთ რეკომენდაციას, არის საჭირო თუ არა წონის მკვეთრი ცვლილება დაორსულებამდე.
კვების დაბალანსება და ცხოვრების წესის ცვლილება (მაგ: ფიზიკური ვარჯიში), ხშირად ეფექტური პირველი ნაბიჯებია მაშინ, როდესაც თქვენი ასაკი და BMI 40-ზე მეტია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ენდოკრინოლოგისა და რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგის ერთობლივი მუშაობით, შესაძლებელია გარკვეული სახის მედიკამენტოზური მხარდაჭერა წონის დასარეგულირებლად. იშვიათ შემთხვევაში კი, შესაძლოა, საჭირო გახდეს ბარიატრიული ქირურგიის გამოყენებაც, რაც, ცნობილია, რომ წონის დაკლების ყველაზე ეფექტურ მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს 40 და მეტი BMI-ს მქონე ქალებისთვის.
საჭიროა რაიმე განსხვავებული მიდგომის გამოყენება იმ შემთხვევაში თუ გაქვთ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) და ჭარბი წონა?
PCOS ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა ახალგაზრდა ქალებში (დაახლოებით 8-10%).
მიუხედავად იმისა, რომ PCOS-ის მქონე ყველა ქალს არ აღენიშნება სხეულის ჭარბი წონა ან სიმსუქნე, ზოგიერთ და საკმაოდ ბევრ მათგანთანაც ხშირია ინსულინრეზისტენტობისა და სიმსუქნის არსებობა.
დაბალკალორიულმა დიეტამ და ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს წონის კლება, ასევე, რეგულარული მენსტრუალური ციკლისა და ოვულატორული ციკლის ჩამოყალიბება.
თუმცა, გახსოვდეთ, რომ PCOS მეტ ყურადღებას მოითხოვს და ამ დიაგნოზის მქონე ქალებს, შესაძლოა დასჭირდეთ დამატებითი მკურნალობა ორსულობის მისაღებად, რაც გულისხმობს, მაგალითად ისეთი მედიკამენტების დანიშვნას, რომლებიც შეამცირებს ინსულინრეზისტენტობის მაჩვენებლებს. სწორედ ამიტომ, PCOS-ის მქონე ქალებმა, რომელთაც სურთ დაორსულება, სასურველია, მიმართონ რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის მიმართულების სპეციალისტს.
ჭარბი წონა და ორსულის ჯანმრთელობა:
დაორსულებამდე ქალის ჯანსაღ წონასთან მიახლოება ზრდის როგორც ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების, ასევე მის ზრდასრულ ასაკში ჯანმრთელობის შენარჩუნების მაჩვენებლებს.
ორსულობის დროს ჭარბი წონა და სიმსუქნე ასევე დაკავშირებულია ორსულობასთან ასოცირებული სხვადასხვა სახის გართულების განვითარების მომატებულ რისკებთან, რასაც მიეკუთვნება:
- სპონტანური აბორტი
- სისხლის მაღალი წნევა
- პრეეკლამფსია
- გესტაციური დიაბეტი
- საკეისრო კვეთის ოპერაციის მაღალი მაჩვენებელი და
- მკვდრადშობადობა
ძალიან ჭარბწონიანი დედებისგან დაბადებულ ბავშვებს აქვთ როგორც ბავშობის, ასევე მოზრდილობის პერიოდებში სიმსუქნის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქრონიკული მდგომარეობების განვითარების მომატებული რისკები.
მიუხედავად იმისა, რომ სიმსუქნისა და რეპროდუქციული შედეგების შესახებ ფაქტები შესაძლოა დამთრგუნველად ჩანდეს, არსებობს რამოდენიმე პოზიტიური და მოტივაციის მიმცემი შედეგი, რომელიც, სასურველია გაითვალისწინონ წონის პრობლემების მქონე წყვილებმა. სიმსუქნის მქონე პირებში, წონის მცირედი კორექტირებაც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნაყოფიერების მაჩვენებელს წყვილებში და ხელს უწყობს ორსულობის დროს ქალის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ასევე, დიეტისა და ცხოვრების წესის ზოგიერთმა ცვლილებამ, რომელიც ხელს უშლის ორსულობის დროს წონის ჭარბ მატებას, შეიძლება გააუმჯობესოს შედეგები როგორც დედის ასევე ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ.
იცოდეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობისთვის!
გაეცანით ჩვენს სტატიებს, დასვით კითხვები და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით!
გინეკოლოგიური ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერეთ Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 598 63 89 39
ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე