Plasmon
ზაფხული და კვებითი ინტოქსიკაციები

თარიღი: 06 ივლისი, 2021

ზაფხულის დადგომასთან ერთად, სასიამოვნო სიახლეები, თავგადასავლები, ზღვა, დასვენება აქტუალური ხდება, თუმცა, ამ სეზონზე გახშირებულად გვხვდება კვებითი ინტოქსიკაციები და კუჭ-ნაწლავის ინფექციები. რა შეიძლება იყოს ინფიცირების მიზეზები, როგორ ვლინდება და როდის უნდა მიმართოთ ექიმს, ჩვენ გირჩევთ:

ინფიცირების მიზეზები
ინფიცირების მიზეზი ხშირად მალფუჭებადი საკვებია, რომლის შენახვის პირობები ზაფხულში უფრო რთულდება, ინტოქსიკაცია შესაძლებელია მოხდეს დაუმწიფებელი ნაყოფისგანაც, პესტიციდებისგან (ქიმიური ნივთიერების საკვებში მოხვედრა) სხვადასხვა ისეთი საკვების ერთდროულად მირთმევის დროს, რომლებიც ვერ „ეწყობიან“ ერთმანეთს, მაგ: ცხიმიანი პროდუქტი და რძის ნაწარმი. არ უნდა დაირღვეს ამა თუ იმ საკვების შენახვის პირობები, განსაკუთრებით, ხორცპროდუქტები უნდა ინახებოდეს შესაბამის, დაბალ ტემპტერატურაზე.

სიმპტომები
სიმპტომები, როგორც წესი, გამოიხატება შემდეგნაირად: გულისრევა, პირღებინება, შემცივნება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მომატება. ჩვეულებრივ, განსაკუთრებული გართულების გარეშე, სიმპტომები გრძელდება 2-3 დღის განმავლობაში.

რეკომენდაციები
მიიღეთ 2 ლიტრამდე წყალი, ავად ყოფნის პერიოდში, მოერიდეთ კვებას, მიირთვით მხოლოდ ჩაი, წყალი, პურის ორცხობილა. 24 საათის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ კეფირი, მოხარშული ბრინჯი, კარტოფილის პიურე, სახლში დამზადებული ნატურალური წვენი.

თუ პირღებინება არ წყდება, სიმპტომები მკურნალობის შემდეგ არ უმჯობესდება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

ენტეროვირუსი
ენტეროვირუსი ვრცელდება ფეკალურ-ორალური და რესპირატორული გზით, აქტიურდებიან მიმდინარე პერიოდში და განსაკუთრებით საყურადღებოა სასმელი წყლით გავრცელება.

ახასიათებს:
• ღებინება

• გამონაყარი

• გაციება

• კუნთების ტკივილი

• ტემპერატურის მატება

რადგან ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, აუცილებელია პირველ რიგში მისი აღდგენა. პრევენციისთვის კი - პირადი ჰიგიენის დაცვა: ხელების გამდინარე წყლით ხშირად დაბანა, ზედაპირების დეზინფექცია, სასმელი წყლის სისუფთავეში დარწმუნება მის დალევამდე.

ის, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
• გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული გამდინარე წყალში, დიდი ხნის განმავლობაში, დაკვირვებით, შემდეგ კი კარგად გაამშრალეთ.

• მალფუჭებადი პროდუქტები - ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, საკონდიტრო ნაწარმი შენახული უნდა იყოს მაცივარში არაუმეტეს 6 გრადუს ტემპერატურაზე.

• უმი და მზა ნაწარმი ერთად არ უნდა ინახებოდეს.

• ხილ-ბოსტნეული შეინახეთ მშრალ ადგილას

• საყინულედან გამოტანილი ხორცი გაალღვეთ მაცივარში, ან გამდინარე ცივ წყალში. (შესაძლებელია, გაალღვოთ მიკროტალღურ ღუმელში)

• დაამუშავეთ სტერილურად ის ზედაპირები, რომლებიც პროდუქტებს ეხება, ხშირად გამოცვალეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და ტილოები.

• ზაფხულის პერიოდში მაქსიმალურად მოერიდეთ დაკონსერვებულ პროდუქტს ან სხვა შემთხვევაში, დაამუშავეთ თერმულად, მაღალ ტემპერატურაზე.