ასთმის მსოფლიო დღე
ასთმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად მაისის თვეში აღინიშნება
თარიღი: 02/05/2017
ასთმის მსოფლიო დღის ღონისძიებები
ასთმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად მაისის თვეში აღინიშნება. მაისს ხშირად ასთმის ცნობიერების ამაღლების თვეს უწოდებენ, რადგან ასთმით დაავადებულთა მობილიზაცია ხდება საკუთარ დაავადებაზე მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით.
ასთმის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს:
ასთმის სიმპტომების, მისი ყოველდღიური კონტროლისა და ასთმის შეტევების მართვის შესახებ ინფორმირებულობის ზრდას.
პედაგოგები ატარებენ მეცადინეობებს ასთმის სიმპტომების, პრევენციისა და მართვის შესახებ.
ვრცელდება საგანმანათლებლო ბუკლეტები, პლაკატები და ბანერები.
ტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები, პაციენტთა შორის ხორციელდება ასთმის სიმძიმის შეფასება, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების პოპულარიზაცია.
იხსნება ასთმის ახალი კლინიკები და განყოფილებები საჭიროების მიხედვით.
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით სატელევიზიო არხები ავრცელებენ საგანმანათლებლო მესიჯებს.
სკოლებში, კოლეჯებსა და აფთიაქებში იმართება შეჯიბრებები, დებატები, სიმპოზიუმები ასთმასთან დაკავშირებული ცოდნის შეფასების მიზნით.
ასთმის მართვის ეროვნული პროგრამები მიზნად ისახავს:
პაციენტის დროული იდენტიფიცირება პირველად ან მეორად დონეზე
ასთმით დაავადებულ პაციენტთა რეგისტრაცია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა პაციენტი დიაგნოზირებულია და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.
დაავადების სწორი მართვა.
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტებში ასთმასთან დაკავშირებული ვიზიტების შემცირება და პაციენტების მიერ ჰოსპიტალში დაყოვნების დღეების შემცირება.
ასთმით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება.
თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ასთმა
თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი დაავადება და ასთმური შეტევები აირიდოთ თავიდან, თუ მედიკამენტებს მიიღებთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ასთმით დაავადებულ ყველა პაციენტს მსგავსი მედიკამენტები არ სჭირდება. ასთმის მკურნალობის მიზნით გამოყენებული მედიკამენტები ორი ტიპისაა: სწრაფი ეფექტის მქონე და გრძელვადიანი კონტროლის მიზნით გამოყენებული. სწრაფი ეფექტის მქონე მედიკამენტები აკონტროლებს ასთმის შეტევის სიმპტომებს; თუ თქვენ ამ ტიპის მედიკამენტის გამოყენება ხანგრძლივად გჭირდებათ, აუცლებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა შეფასდეს, განსხვავებულ მკურნალობას ხომ არ საჭიროებთ? გრძელვადიანი კონტროლის მედიკამენტები თქვენ დაგეხმარებათ შეტევები იყოს უფრო სუსტი და ნაკლები სიხშირით.
ასთმის მედიკამენტებს შეიძლება ჰქოდნეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ მათი უმეტესობა სუსტია და მალევე ქრება. აუცილებლად ჰკითხეთ ექიმს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს დანიშნული მედიკამენტის გვერდითი ეფექტების შესახებ.
ასთმით დაავადებულ პაციენტს სასურველია ჰქონდეს ასთმის სამოქმედო გეგმა
ასთმით დაავადებულ ყველა პაციენტს შეუძლია ჰქონდეს ასთმის მართვის სამოქმედო გეგმა. დაავადების კონტროლის მიზნით ასთმის სამოქმედო გეგმის (იგივე მართვის გეგმა) შემუშავება ხდება ექიმთან ერთად. სამოქმედო გეგმა პაციენტს უჩვენებს ყოველდღიური მკურნალობის რეჟიმს, მაგალითად, რა მედიკამენტები და როდის უნდა მიიღოს. გეგმა ასევე აღწერს, როგორ უნდა გაკონტროლდეს დაავადება გრძელვადიან პერიოდში და როგორ უნდა გაუმკლავდეს პაციენტი ასთმის გაუარესებას ან ასთმურ შეტევებს; გეგმაში ასევე ასახულია, თუ როდისაა აუცილებელი ექიმთან კონსულტაცია.