საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც უერთდება
საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც უერთდება
თარიღი: 17/05/2025
GM PHARMA-ს ორგანიზებით პაციენტებს საქართველოს მასშტაბით უფასო სამედიცინო კონსულტაციით და კვლევებით სარგებლობა შეუძლიათ.
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე არის გლობალური ჯანდაცვის საინფორმაციო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მაღალი არტერიული წნევის რისკების შესახებ და ხაზს უსვამს რეგულარული მონიტორინგისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მნიშვნელობას. ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის დაავადებებისა და ინსულტის ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორს და მსოფლიო მასშტაბით მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს.
მსოფლიო ჰიპერტენზიის დღე (WHD) 2005 წელს დაარსდა ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის (WHL) მიერ. მისი მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ჰიპერტენზიის შესახებ და პრევენციული სკრინინგის წახალისება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს მდგომარეობა ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და პაციენტები ექიმს უკვე სერიოზული გართულებებით მიმართავენ.
სწორედ ამიტომ, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის მთავარ გზავნილს – „გაიზომე და აკონტროლე წნევა, გაიხანგრძლივე სიცოცხლე!“ – საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA უკვე წლებია უერთდება. კომპანია აქტიურად აწყობს უფასო გამოკვლევებსა და სკრინინგებს, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და მათი ინფორმირებულობის გაზრდას.
GM PHARMA-ს მიერ ორგანიზებული უფასო გასინჯვების კამპანია ეტაპობრივად ტარდება საქართველოს მასშტაბით პარტნიორ კლინიკებში. აღსანიშნავია, რომ GM PHARMA, როგორც საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია, მსგავს აქტივობებს პარალელურად უზბეკეთსა და ტაჯიკეთშიც ახორციელებს.
საქართველოში უფასო გასინჯვები უკვე დაიწყო რუსთავში, თელავში, ქუთაისსა და მესტიაში. თბილისში მოქალაქეებს უფასო კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა ექნებათ ორ კლინიკაში - „ნიუ ჰოსპიტალსსა“ და „ჩაფიძის გულის ცენტრში“. ჰიპერტენზიის მსოფლიო კამპანიას უერთდება გორიც.
GM PHARMA-ს შეთავაზების ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შემდეგი უფასო სამედიცინო მომსახურებით:
- კარდიოლოგის კონსულტაცია
- ელექტროკარდიოგრაფია (ე.კ.გ.)
- ექოკარდიოსკოპია (საჭიროებისამებრ)
როგორც GM PHARMA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი ლევან ვარდუაშვილი აღნიშნავს, „ჰიპერტენზია მრავალი კარდიოვასკულარული გართულების წინაპირობაა, ასევე ჰიპერტენზია გულ-სისხლძარღვთა იმ ქრონიკულ დაავადებას განეკუთვნება, რომლის პრეპარატები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში აქტიურად არის წარმოდგენილი GM PHARMA-ს მედიკამენტებიც. სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა სოციალურად დაუცველ პირებს, პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეუძლია. შესაბამისად ჩვენ ვეცადეთ, უფასო გასინჯვების პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად მოგვეცვა ყველა შესაძლო კატეგორია და მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო უკვე არსებული ჰიპერტენზიის გამოვლენისთვის და აგრეთვე ცნობიერების გაზრდისათვის.
ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კომპანიის კვლევა განვითარების ლაბორატორიაში მიმდინარეობს ახალ პრეპარატებზე მუშაობა, რაც იმას ნიშნავს რომ დამატებით ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე სადაც GM PHARMA ოპერირებს გამოჩნდება ახალი პრეპარატები, რაც დაავადებებთან ბრძოლას კიდევ უფრო გაამარტივებს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობაა! GM PHARMA-ს სლოგანიც ხომ შესაბამისია: ვემსახურებით მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.“