ჯანდაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა დასრულდა
თარიღი: 03/04/2018
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა დასრულდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცახდებით, სხდომის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დადებითად შეფასდა.
„ჩვენ თითოეული პუნქტის ინდიკატორი განვიხილეთ. საბედნიეროდ, არცერთ მათგანში ჩამორჩენა არ არის და გარკვეული პუნქტები წინსწრებითაც სრულდება. მთლიანობაში ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულება ცალსახად დადებითად შეფასდა.“ - განმარტა მინისტრმა.
დღევანდელ შეხვედრაზე უწყების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა. მან ყურადღება პროგრამებისა და ბიუჯეტის ზრდაზე გაამახვილა. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
მოხსენების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სფეროს განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ წარადგინა პრეზენტაცია. შეხვედერის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
გასვლითი სხდომა გუშინ გაიხსნა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ