ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ წარადგინა
თარიღი: 13/11/2019
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ წარადგინა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ცვლილებები შეეხება დაფინანსების სისტემას, პირველადი ჯანდაცვის სისტემას, მედიკამენტების საკითხს.
„დაფინანსების ახალი სისტემა ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. „ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის. აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება.
ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს. ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას - ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა არის შესაძლებელი.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მედიკამენტების საკითხზეც. „უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში, აქცენტს გავაკეთებთ ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერთიფიკატი. მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მან ასევე ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს, მათ შორის იმერეთის რეგიონში. ეს ეხება საქართველოს მასშტაბით 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას.
შეხვედრას იმერეთის მხარის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისფულების და რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.