Plasmon
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბითაა განახლებული
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბითაა განახლებული


თარიღი: 15/01/2020

„სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 80 ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და ეს არ იქნება ბოლო მოვლენა, რომელიც 2020 წელს საქართველოს მოსახლეობას ელოდება“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. ევროსტანდარტების შესაბამისი 80 ახალი ავტომობილი, დედაქალაქის მერიამ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა.

ღონისძიებაზე ჯანდაცვის მინისტრმა ქალაქის მერს და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მერია შეუდარებლად კარგად ახორციელებდა, სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდების კუთხით, მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

„სასწრაფო-სამედიცინო სამსახური სრულ მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს გადმოგვეცა, რაც უფრო მეტად სისტემური და პროფილური იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის ზრუნვაში უფრო ეფექტურები ვიქნებით. შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ჩვენი მოქალაქე სამედიცინო კუთხით სრულად უზრუნველყოფილი იყოს. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახა კალაძეს იმ ღვაწლისთვის, რომელიც მან ამ წლების განმავლობაში გასწია და ასევე ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც დღემდე თბილისის მერიის ქუდის ქვეშ ემსახურებოდა ქალაქს და ხვალიდან უკვე ჯანდაცვის სამინისტროს ქუდის ქვეშ მოემსახურება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მიმდინარე წლიდან  თბილისის, ბათუმისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა - ერთიან, თანამედროვე სისტემას ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ხელმძღვანელობს.  ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბითაა განახლებული.  მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ  მოსახლეობას ქონდეს ხარისხიანი და ეფექტური გადაუდებელი დახმარების სამსახური.