სილვიო დომენტე - "ჯანმო"-ს ექსპერტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა გავაუმჯობესოთ საავადმყოფოების მზაობა
თარიღი: 16/03/2020
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა გავაუმჯობესოთ საავადმყოფოების მზაობა“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ განაცხადა.
„კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან სწრაფად, თითქმის ყოველდღიურად იცვლება. ჩვენ თვალს ვადევნებთ, როგორც გლობალურად არსებულ მდგომარეობას, ასევე რეგიონალურ დონეზე. ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში ვირუსი უკვე ქვეყნის შიგნით გავრცელდა, ანუ დაფიქსირდა ადგილობრივი გადაცემის არაერთი შემთხვევა, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა. აღნიშნული კი ძალიან მძიმედ აწვება სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან მიმართვიანობა საკმაოდ გაზრდილია. საქართველოში მდგომარეობა ჯერჯერობით ბევრად უკეთაა, აქ ფიქსირდება მხოლოდ პატარა კლასტერები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაფიქსირდა ვირუსის შიდა გადაცემა, არაა შიდა გავრცელება. თუმცა ქვეყანა მზად უნდა იყოს, უნდა მომზადდეს ჯანდაცვის სექტორი და სამედიცინო დაწესებულებები, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია გამწვავდება. აქვე ვურჩევ საქარველოს მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და მოერიდონ სხვა ადამიანებთან ხშირ და ახლო კონტაქტს. დაიცვან სოციალური დისტანცია“, - აღნიშნა სილვიო დომენტემ.