თამარ გაბუნია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა
თარიღი: 11/02/2021
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს. ისაუბრეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე „კონფლიქტი საქართველოში“.
ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას ასახავს.
“ვისაუბრეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კოვიდ პანდემიის პირობებში , ჯანდაცვის სამინისტროს ძალისხმევა საკმაოდ ინტენსიურია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სასიცოცხლო მნიშვნელობის ტესტირებაზე. გარდა ამისა, მიმდინარეობს ის პროგრამები, რასაც გაეროს ხელშეწყობითა და დიალოგის მექანიზმით ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად ახორციელებს. მათ შორისაა: იმუნიზაციის, ტუბერკულიოზისა და აივ/შიდსის მედიკამენტების პროგრამა“-ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე ძალისხმევას არ იშურებს და მათი პრობლემების მოგვარებას ცდილობს. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად ინფორმირებულები უნდა იყვნენ. ჩვენ მსგავს საკითხებს დიდ ყურადღებას ვანიჭებთ“-ამის შესახებ ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ, დანიილ ხოშაბომ განაცხადა.
კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხორციელდება ევროპის საბჭოს სამდივნოს თანამშრომლების ვიზიტი საქართველოში.
შეხვედრას ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორის მოადგილე - დანიილ ხოშაბო, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკური მრჩეველი - ჯონ დორბერი , ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში - ნატალია ვუტოვა , საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსი - ანა დობორჯგინიძე და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი - ბესარიონ სიმონიშვილი ესწრებოდნენ.