Nuk
რევიანოქსი / REVIANOX


შემადგენლობა

პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს: ტენოქსიკამი 20 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, დინატრიუმის ედეტატი, ასკორბინის მჟავა, ტრომეტამოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა.

გამხსნელი: საინექციო წყალი 2 მლ. 

ათქ კოდი - М01АС02

ფარმაკოთერაპიული ჯგუფ

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. ოქსიკამები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ტენოქსიკამი წარმოადგენს ეფექტურ არასტეროიდულ საშუალებას, მძლავრი ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ნაკლებად გამოხატული სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკადას.

ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომების ფერმენტების გამოსვლას), ანთების მედიატორების (პროსტაგლანდინების, ჰისტამინის, ბრადიკინინის, ლიმფოკინების, კომპლემენტის ფაქტორების) სინთეზის, ან ინაქტივაციის დათრგუნვით. ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, თრგუნავს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს, ამუხრუჭებს ანთების პროლიფერაციულ ფაზას, ამცირებს ქსოვილების პოსტანთებით სკლეროზირებას; ავლენს ქონდროპროტექტორულ მოქმედებას. 

ანთების კერაში, პრეპარატი აქვეითებს ტკივილის შეგრძნებას და მოქმედებს ტკივილის თალამურ ცენტრებზე, გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება (ხანგრძლივი გამოყენებისას). რევმატული დაავადებებისას, ასუსტებს ტკივილს სახსრებში მოსვენებისას და მოძრაობისას, ამცირებს სახსრების დილის შებოჭილობას და შეშუპებას, აუმჯობესებს სახსრების ფუნქციებსა და ზრდის მოძრაობის მოცულობას.

ფარმაკოკინეტიკა

ტენოქსიკამი კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია, პლაზმის დონის თითქმის ნახევრის ტოლია. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 72 საათს.

20 მგ ტენოქსიკამის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, პლაზმაში ნივთიერებების დონე სწრაფად ქვეითდება პირველი ორი საათის განმავლობაში, უპირატესად განაწილების პროცესების შედეგად.

ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში, ნივთიერებების დონეები თანაბრდება, ან აღემატება მაქსიმალური კონცენტრაციის 90%.

პრეპარატის დოზირების რეკომენდებული რეჟიმისას – 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში, წონასწორული კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა 10-15 დღის განმავლობაში; კუმულაციის ეფექტი არ აღინიშნება.

ტენოქსიკამი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი მთლიანად მეტაბოლიზდება ორგანიზმში. გამოყენებული დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდით, ძირითადად ფარმაკოლოგიურად არააქტიური 5-ჰიდროქსიპირიდილის მეტაბოლიტის ფორმით; დარჩენილი რაოდენობა გამოიყოფა ნაღველით, უპირატესად ჰიდროქსილური მეტაბოლიტების გლუკურონიდული კონიუგატების ფორმით. 

მიღების ჩვენებები

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი:

- რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრული ართრიტი, მაანკილიზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება);

- ინფექციური არასპეციფიკური პოლიართრიტი;

- ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი;

- ტენდინიტები, ბურსიტები, მიოზიტები, პერიართრიტი;

- ართრალგია, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია, ლუმბაგო;

- ტრავმები, დაჭიმულობები, ამოვარდნილობები და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებები.

მიღების წესი და დოზირება

რევიანოქსის შეყვანის გზებია ინტრამუსკულარული ან ინტრავენური ინექცია. 

ინიშნება დოზით 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. 

არ გამოიყენება უფრო მაღალი დოზები, რადგან ამ დროს ყოველთვის არ მიიღწევა უფრო მნიშვნელოვნად გამოხატული თერაპიული ეფექტი, ხოლო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი იზრდება. 

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე დაავადებების მკურნალობისას, მკურნალობის პერიოდი როგორც წესი, არ აღემატება 7 დღეს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს 14 დღემდე.

ხანდაზმული პაციენტები

როგორც სხვა აასს შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატ რევიანოქსის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ხანდაზმული პაციენტები იმყოფებიან სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების, ღვიძლის, თირკმლის, ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის არსებობის ალბათობა მათ ასევე უფრო მაღალი აქვთ. აასს გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა უმცირესი ეფექტური დოზის და მკურნალობის მინიმალური შესაძლო პერიოდის დანიშვნა. აასს თერაპიისას, აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენაზე.

გამოყენება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობისას

კრეატინინის ინდექსი > 25 მლ/წთ: ჩვეულებრივი დოზირება პაციენტების გულმოდგინე მინიტორინგის ფონზე;

კრეატინინის ინდექსი < 25 მლ/წთ: დოზირების შესახებ რეკომენდაციების საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება.

პლაზმის ცილებთან ტენოქსიკამის შეკავშირების მაღალი ხარისხის გამო, აუციელბელია სიფრთხილის დაცვა სისხლის პლაზმაში ალბუმინის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითებისას (მაგ. ნეფროზული სინდრომისას), ან ბილირუბინის მაღალი დონის შემთხვევაში.

არსებული ინფორმაცია არასაკმარისია პრეპარატ რევიანოქსის გამოყენების რეკომენდაციისათვის პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. რევიანოქსი უკუნაჩვენებია ასევე პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ბრონქული ასთმის, რინიტის, ანგიონევროზული შეშუპების, ან ჭინჭრის ციების სიმპტომები) სხვა აასს-ს მიმართ, იბუპროფენის და ასპირინის ჩათვლით, ტენოქსიკამისადმი ჯვარედინი მგრძნობელობის პოტენციალის არსებობის გამო;

- აქტიური პეპტიური წყლული/სისხლდენა, ან ანამნეზში მორეციდივე პეპტიური წყლულის/სისხლდენის არსებობა (ორი ან მეტი გამოხატული შემთხვევა, რომელიც ადასტურებს წყლულის, ან სისხლდენის არსებობას), წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, მძიმე ხარისხის გასტრიტი, ანამნეზში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ან პერფორაცია, რომელიც დაკავშირებულია აასს გამოყენებით წინამორბედ თერაპიასთან;

- მძიმე ხარისხის გულის, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა;

- სისხლის დაავადება;

- ორსულობის III ტრიმესტრი.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები ყველაზე ხშირად ვითარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, მათ შორის ულცეროგენული მოქმედება.

გვერდითი ეფექტების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10),იშვიათი ( ≥ 1/10000-დან< 1/1000-მდე),  ძალიან იშვიათი(< 1/10000).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი – გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, გულძმარვა, დესპეფსია, მუცლის ტკივილი, მელენა, ეპიგასტრალური დისტრესი, ჰემატემეზისი, მეტეორიზმი, წყლულოვანი სტომატიტები, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, გასტრიტი; იშვიათი – პეპტიური წყლული, ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათი – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტები, სიყვითლე, შესაძლებელია სისხლში ტრანსამინაზების დონის მომატება.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი – თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიული პურპურა, ნეიტროპენია; აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ან ჰემოლიზური ანემია, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, რომელიც არ არის დაკავშირებული სისხლდენასთან; ლეიკოპენია, ეოზინოფილია.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათი – ჰიპერგლიკემია, სხეულის მასის მომატება, ან შემცირება.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათი – აგზნება, მხედველობის ნერვის ანთება, პარესთეზიები, დეპრესია, ნევროზულობა, ჰალუცინაციები (ცნობიერების არევა), ძილიანობა, ან უძილობა, ძილის დარღვევა, ყურებში ხმაური, შეუძლოდ ყოფნა, საერთო სისუსტე, მომატებული მოთენთილობა; ძალიან იშვიათი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათი – თვალების გაღიზიანება და შეშუპება, მხედველობის დაბინდვა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათი – შეშუპებები, ქოშინი, ტაქიკარდია. შესაძლებელია აასს-თი მკურნალობასთან ასოცირებული გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება. ხანდაზმულ პაციენტებში გულის ფუნქციის დარღვევით, საჭიროა სიფრთხილით გამოყენება, რადგან შეშუპებების მომატებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის შეგუბებითი უკმარისობა. 

აასს (მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას) შეიძლება გაზარდოს არტერიების თრომბოზის განვითარების რისკი (მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი).

თირკმლების და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათი – ნეფროტოქსიკურობა, ინტერსტიციული ნეფრიტის, ნეფროზული სინდრომის და თირკმლის უკმარისობის ჩათვლით.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: იშვიათი–არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, სასუნთქი გზების რეაქტიულობა, ბრონქული ასთმის, ბრონქოსპაზმის, ან დისპნოეს ჩათვლით; კანის მხრივ – გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური დერმატიტი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, პოლიმორფული ერითემის და ექსფოლიაციური დერმატიტის ჩათვლით), შესაძლებელია ალოპეცია, ფოტოსენსიბილიზაცია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.გვერდითი რეაქციები შესაძლებელია მინიმიზებული იყოს ხანმოკლე პერიოდით პრეპარატის დაბალი, ეფექტური დოზების გამოყენებით.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატ რევიანოქსის გამოყენებისას, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ანამნეზით. პეპტიური წყლულის, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის პირველი ნიშნების გამოვლენისას, აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

აასს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინის წარმოქმნის დოზადამოკიდებული დაქვეითება და პროვოცირებული თირკმლის უკმარისობის განვითარება. მოცემული რეაქციის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულებს და ხანდაზმული ასაკის პირები. ასეთი პაციენტები საჭიროებენ თირკმლის ფუნქციის მონიტორინგს. მოწოდებულია მონაცემები შრატის ტრანსამინაზების დონის, ან ღვიძლის ფუნქციის სხვა ინდიკატორების მომატების ცალკეული შემთხვევების შესახებ. შემთხვევათა უმრავლესობაში ნორმალური მნიშვნელობების დიაპაზონის მატების მონაცემები იყო სუსტი და გარდამავალი. მნიშვნელოვანი, ან მდგრადი გადახრისას, საჭიროა რევიანოქსის მიღების შეწყვეტა და განმეორებითი ანალიზების ჩატარება. მკურნალობისას, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე პაციენტებში ღვიძლის არსებული დაავადებებით. იშვიათ შემთხვევებში არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, პაპილარული ნეკროზი და ნეფროზული სინდრომი. ასეთი ნივთიერებები აინჰიბირებენ თირკმლის პროსტაგლანდინის სინთეზს, რაც დამხმარე როლს ასრულებს თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში პაციენტებში თირკმლის სისხლის ნაკადის, ან სისხლის მოცულობის დაქვეითებით. მოცემულ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის კლინიკური დეკომპენსაცია, რომელიც მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ უბრუნდება თერაპიამდე არსებულ მდგომარეობას. მსგავსი რეაქციის განვითარების უფრო მაღალ რისკს მიეკუთვნებიან პაციენტები თირკმლის არსებული დაავადებებით (დიაბეტის და თირკმლის ფუნქციის დარღვევისმქონე პაციენტების ჩათვლით), ნეფროზული სინდრომით, უჯრედშორისი სითხის მომატებული მოცულობით, ღვიძლის დაავადებებით, გულის უკმარისობით, ასევე პაციენტები, რომლებიც პარალელურად მკურნალობენ დიურეტიკებით, ან პოტენციურად ნეფროტოქსიკური საშუალებებით. ასეთ პაციენტებზე უნდა დაწესდეს თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციის გულმოდგინე კონტროლი. მიღებული დოზა უნდა იყოს მინიმალური. აასს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ პაციენტებში გულის უკმარისობით, ან არტერიული ჰიპერტენზიით ანამნეზში, რადგან იბუპროფენის გამოყენებისას, იყო ცნობები შეშუპების განვითარების შესახებ.

ტენოქსიკამი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას და შეიძლება გაზარდოს სისხლდენის დრო. ამის გათვალისწინება საჭიროა პაციეტების მკურნალობისას, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ დიდი ოპერაციული ჩარევა (მაგ. სახსრის შეცვლა) და აუცილებლობისას, სისხლდენის დროის განსაზღვრა.

პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებებით, შეიძლება გაიზარდოს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების რისკი.

გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატ რევიანოქსით მკურნალობის პერიოდში, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში ქმედებების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე აასს-ს ცნობილი ეფექტების გათვალისწინებით (არტერიული ნაკადის დახშობის რისკი), აასს გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. რევიანოქსის გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში და მშობიარობისას შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი პაციენტისთვის აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

კვლევების პერიოდში, რომელთა რაოდენობა ამ დრომდე არ არის დიდი, დადგინდა, რომ აასს გადის დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება 18 წელზე ნაკლები ასაკის პირებში, მათში ტენოქსიკამის გამოყენების საკმარისი ინფორმაციის არარსებობის გამო. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

ანტიკოაგულანტები: ტენოქსიკამმა შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის და სხვა ანტიკოაგულანტების ანტიკოაგულაციური მოქმედება. რეკომენდებულია ანტიკოაგულანტების და პერორალური გლიკემიური საშუალებების ეფექტების გულმოდგინე მონიტორინგი, განსაკუთრებით პრეპარატ რევიანოქსით მკურნალობის საწყის ეტაპზე.

ანტიაგრეგაციული საშუალებები და სეროტონინის უკუშებოჭვის სელექტიური ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკის მომატება.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: ტენოქსიკამმა და სხვა აასს შესაძლოა შეასუსტოს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტები.

საგულე გლიკოზიდები: საგულე გლიკოზიდების პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, აასს შესაძლოა გაამწვავოს გულის უკმარისობა, დააქვეითოს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე.

ციკლოსპორინი: ზრდის ნეფროტოქსიკურობის რისკს.

კორტიკოსტეროიდები: იზრდება წყლულის, ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკი.

დიურეტიკები: დიურეტიკების ეფექტი ქვეითდება. აასსშეუძლია გამოიწვიოს ნატრიუმის, კალიუმის და სითხის შეკავება და დიურეტიკების ნატრიურეზული მოქმედების დარღვევა, რამაც შესაძლოა გაზარდოს აასს ნეფროტოქსიკურობის რისკი. გულის ფუნქციის დარღვევის, ან ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მკურნალობისას, საჭიროა თავისებურებების მონაცემების გათვალისწინება, რადგან მითითებულმა ეფექტებმა შესაძლოა გამოიწვიონ პაციენტის მდგომარეობის გაუარესება.

ლითიუმი:საჭიროა ლითიუმის დონის მონიტორინგის სიხშირის გაზრდა, პაციენტის გაფრთხილება საკმაო რაოდენობის სითხის მიღების შესახებ და ლითიუმით მოწამვლის სიმპტომების ამოცნობის სწავლება.

მეტოტრექსატი: იზრდება მეტოტრექსატის ტოქსიკურობის გაძლიერების რისკი, რადგან აასს ასუსტებენ მეტოტრექსატის გამოყოფას.

მიფეპრისტონი: აასს არ უნდა მიიღოთ მიფეპრისტონის გამოყენებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან აასს შესაძლოა დააქვეითონ მისი ეფექტი.

აასს, ციკლოოქსიგენაზა-2 სელექტიური ინჰიბიტორები, სალიცილატები: საჭიროა თავი აარიდოთ ორი, ან მეტი აასს (ასპირინის ჩათვლით) ერთდროულ გამოყენებას, რადგან ამან შესაძლოა გააძლიეროს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. სალიცილატებმა შეიძლება გამოდევნონ ტენოქსიკამი ცილებთან შეკავშირების ადგილებიდან და ამგვარად გაზარდონ პრეპარატ რევიანოქსის კლირენსი და განაწილების მოცულობა.

ქინოლინური ანტიბიოტიკები: აასს შეიძლება გააძლიერონ კრუნჩხვების განვითარების რისკი.

ტაკროლიმუსი: შესაძლებელია ნეფროტოქსიკურობის რისკის მომატება.

ზიდოვუდინი: იზრდება ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის რისკი. არის მტკიცებულება ჰემართროზის და ჰემატომის განვითარების რისკის გაძლიერების შესახებ აივ-დადებით პაციენტებში ჰემოფილიით, რომლებიც მკურნალობენ ერთდროულად ზიდოვუდინით და იბუპროფენით.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გამოხატულების გაძლიერება.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. აუცილებელია საკმარისი დიურეზის უზრუნველყოფა და თირკმლების და ღვიძლის ფუნქციის გულმოდგინე მონიტორინგი. პაციენტზე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან არანაკლებ 4 საათი. ხშირი, ან გახანგრძლივებული კრუნჩხვებისას, გამოიყენება დიაზეპამი (ინტრავენურად).შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს Н2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება.

გამოშვების ფორმა

ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად უფერო მინის ფლაკონში; 3 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით და 3 ამპულა 2 მლ გამხსნელით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი 

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?