Nuk
ახალის წლის ალერგიის გამომწვევი 5 მიზეზი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

თარიღი: 23 დეკემბერი, 2021

ახალის წლის ალერგიის გამომწვევი 5 მიზეზი

 

1. ბუნებრივი და ხელოვნური საახალწლო ნაძვის ხე

თუ აღმოაჩენთ, რომ მუდმივად გაცემინებთ, გაქვთ სურდო, თვალები გიცრემლიანდებათ და გახველებთ და ეს ჩივილები ნაძვის ხის დადგმის შემდეგ დაგეწყოთ მიზეზი შესაძლოა  თქვენი საახალწლო ნაძვის ხე იყოს. 

ბუნებრივი ნაძვის ხე სახლში დადგმამდე იზრდება გარეთ ტენიან ადგილას, სადაც არასასურველი სოკოს (ობის) სპორები ძალიან მარტივად მრავლდება. სახლში შემოტანისთანავე სოკოს სპორები ვრცელდება ჰაერში და ალერგიის გამომწვევი ხდება, განსაკუთრებით ალერგიულ პაციენტში.

რაც შეეხება ხელოვნურ ნაძვის ხეებს, მასზე წლის მანძილზე გროვდება ჭუჭყი და მტვერი. ნაძვის ხის წინ და უკან, გადაადგილება სახლში, ტოტების მორგება, დეკორაციების ჩამოკიდება  საშუალებას აძლევს მტვრის ტკიპებს თავისუფლად იმოძრაონ ოთახში და  ალერგიული სიმპტომები გამოიწვიონ.

ალერგოლოგის რჩევა: საუკეთესო პრაქტიკა ალერგენების ზემოქმედების შესაზღუდად არის ნაძვის ხისა და მისი ტოტების სველი წესით კარგად გაწმენდა, სანამ შემოიტანთ სახლში. მას შემდეგ, რაც კარგად გაწმენდთ ხეს, დაელოდეთ, რომ საკმარისად გაშრეს, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი სოკოს სპორების გავრცელება. რაც შეეხება ხელოვნურ ხეებს, მასზე  დაგროვებული ჭუჭყის და მტვრის შესამცირებლად, დღესასწაულის შემდეგ ის უნდა გაიწმინდოს და შევინახოთ გრილ, მშრალ და სუფთა ადგილას,  უსაფრთხოდ შეფუთული.

 

2. დეკორაციები და სურნელოვანი ნივთები

წლის განმავლობაში თერთმეტი თვე ყველა თქვენი ნაძვის ხის სათამაშო, განათება თუ სადღესასწაულო გაფორმება ინახება, მათზე გროვდება მტვერი და შესაძლოა განვითარდეს ობის ელემენტებიც. ამოღების შემთხვევაში მაშინვე იწყება ცხვირ-ცემინება, ხველა, თვალების ქავილი და ა.შ

სურნელოვანმა სანთლებმა, შუშხანამ,  ქიმიურმა საჰაერო სპრეიმ, რომლებიც თქვენს სახლში სასიამოვნო სურნელს აყენებს ალერგიულ ადამიანებში  შესაძლოა გამოიწვიოს  ცხვირისა და ყელის გაღიზიანება. ასევე სიფრთხილეა საჭირო როდესაც ასხამთ ხელოვნურ თოვლს. ამ სპრეის ჩასუნთქვამ შეიძლება გააღიზიანოს თქვენი ფილტვები და გამოიწვევს ბრონქოსპაზმის განვითარება.

ალერგოლოგის რჩევა: საფუძვლიანად გაწმინდეთ თითოეული დეკორაცია, ხოლო როცა დრო მოვა სადღესასწაულო მორთულობის ხელახლა ჩალაგებისა, შეინახეთ ისინი ჰერმეტულად დახურულ კონტეინერებში და რა თქმა უნდა მშრალ ადგილას. სანთლები უმჯობესია დამზადებული იყოს ცვილისგან, მათ არ აქვთ ისეთივე მძაფრი სუნი. სხვათა შორის, ბუხარი არ არის სასურველი ასთმიანი პაციენტებისთვის-ნაცარმა და კვამლის სუნმა შესაძლოა გამოიწვიოს ასთმური შეტევა.

 

3. საახალწლო საკვები

თუ თქვენ  საკვების მიმართ  გაქვთ ალერგია, დღესასწაულები განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა ალერგიული რეაქციებისა იმიტომ, რომ თქვენ უამრავი საკვების გარემოცვაში იმყოფებით. ყველაზე გავრცელებული საკვები ალერგენები არის რძე, კვერცხი, სოიო, თევზი, ზღვის პროდუქტი, არაქისი,  თხილი და ხორბალი. ასევე ხშირად ალერგიულ რეაქციებს იწვევს თაფლი, შოკოლადი, ტკბილეული, გაზიანი თუ ალკოჰოლური სასმელები. ზემოთჩამოთვლილი ხშირად გამოიყენება სადღესასწაულო კერძებში ისე, რომ ადამიანთა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ისინი ალერგიის მაპროვოცირებელი ფაქტორები შესაძლებელია გახდნენ.

ალერგოლოგის რჩევა: ძალიან კარგი იქნება თუ მასპინძელს ეცოდინება თუ რომელი პროდუქტი შეიცავს ზემოთჩამოთვლის ალერგენებს და რომელი მათგანის მიმართ ხართ ალერგიული. მნიშვნელოვანია რომ კითხოთ, რომელი კერძი რა ინგრედიენტებისგან შედგება. მოერიდეთ ალერგიული საკვების უზომო, გადაჭარბებული რაოდენობით მიღებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თან გქონდეთ  ანტიალერგიული პრეპარატები და  ინჰალატორი იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ასთმა.

 

4. ალკოჰოლური სასმელები

ნუ დაგავიწყდებათ რას სვამთ სადღეგრელოს დროს. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა აღენიშნოს ალერგიული რეაქცია ღვინოში არსებული სულფიტებისგან.

ასევე გასათვაიწინებელია, რომ თხილი შედის ზოგიერთი მაღალი ხარისხის ლუდების შემადგენლობაში, რძე ნაღებსა და თეთრი შოკოლადის ლიქიორებში. კვერცხის ცილა კი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სპეციალურ სასმელებში ქაფის დასამატებლად.

ალერგოლოგის რჩევა: შეცვალეთ ღვინო სულფიტებისგან თავისუფალი მაღალი ხარისხის ნატურალური ღვინით, ასევე აირჩიეთ ლუდი სადაც არ შედის თხილი, თუ თხილზე გაქვს ალერგია, მოერიდეთ რძის შემცვლელ ლიქიორებს იმ შემთხვევაში თუ ალერგია გაქვთ რძეზე

 

5. საახალწლო მცენარე - პოინსეტია

ულამაზესი სადღესასწაულო მცენარე პოინსეტია შესაძლებელია ალერგიული რეაქციის მაპროვოცირებელი გახდეს, რადგან ის შეიცავს ისეთ ცილოვან ნივთიერებებს, რომელიც ლატექსის შემადგენლობაშია. ლატექსის შემცველი ნივთებია: ლეიკოპლასტირი, ქირურგიული ხელთათმანები, რეზინის ბუშტები და ა.შ. ასე რომ თავი შორს დაიჭირეთ თუ კი ლატექსზე გაქვთ ალერგია. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანთა ის ნაწილი, რომლებიც ალერგიულნი არიან ლატექსზე, ასევე ალერგიულები არიან პოინსეტიაზე

ალერგოლოგის რჩევა: თუ თქვენ  ალერგია გაქვთ ლატექსზე, მოათავსეთ ეს სიმბოლური მცენარე გარეთ, რადგან უბრალო შეხებამ შესაძლოა გამოიწვიოს არა მარტო გამონაყარი, არამედ მთელი რიგი სერიოზული რესპირატორული პრობლემები, როგორიცაა მსტვინავი ხიხინი და ასთმის გამწვავება.