Nuk
ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადება

თარიღი: 14 სექტემბერი, 2020

რა არის ფარისებრი ჯირკვლის კვანძი?

ფარისებრი ჯირკვლის კვანძი წარმოადგენს ჯანმრთელი ქსოვილისგან მორფოლოგიურად განსხვავებულ მოცულობით წარმონაქმნს, რომელიც შემთხვევათა ნახევარში შეიძლება იყოს ერთი, რასაც კვანძოვანი ჩიყვი ეწოდება და ნახევარ შემთხვევაში ორი , ან მეტი, ანუ მრავალკვანძოვანი ჩიყვი.

როგორია კვანძის ტიპები?

80% შემთხვევაში კვანძი არასიმსივნური ხასიათის არის, ანუ კოლოიდური შენებისაა, ან ანთებითად შეცვლილი უჯრედებისგან შედგება

10-15% -ში -კეთილთვისებიანია, რასაც ფარისებრი ჯირკვლის ადენომა ეწოდება და

5% შემთხვევაში ავთვისებიანი წარმოშობისაა.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები 4 ჯერ მეტი სიხშირით გვხვდება ქალებში მამაკაცებთან შედარებით და ასაკის მატებასთან ერთად ეს ციფრი იზრდება.

რა წარმოადგენს კვანძის გაჩენის გამომწვევ მიზეზებს?

მაიონიზებელი დასხივება თავისა და კისრის მიდამოში,

ყველაზე მეტად გავრცელებული იოდის დეფიციტი,

ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება,

გენეტიკური ფაქტორები, ანუ ოჯახში ფარისებრი ჯირკვლის კვანძების და ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა.

როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის კვანძების დიაგნოსტირება?

უპირველეს ყოვლისა იწყება ანამნეზის შეკრებით, შემდეგ ერთერთ მეთოდს წარმოადგენს: პალპაცია, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ხელით გასინჯვა, რაც ძალიან მცირე შემთხვევაში იძლევა კვანძის აღმოჩენის საშუალებას, თუ კვანძი მდებარეობს ჯირკვალში ზედაპირულად, ან მინიმუმ 1სმ-ზე მეტია.

ყველაზე მნიშვნელოვან და ინფორმაციულ დიაგნოსტიკურ მეთოდს წარმოადგენს: ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც დგინდება: კვანძების რაოდენობა, ზომა, ფორმა , მისი კიდეები, სისხლმომარაგება და ასევე მასში ჩანართების არსებობა.

ასევე ერთერთ მეთოდს წარმოადგენს კვანძის სცინტიგრაფია, რომელიც იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც გამოვლინდება თირეოტროპული ჰორმონის დაბალი მაჩვენებელი, ანუ ეჭვია კვანძის ავტონომიურ ფუნქციონირებაზე, და იმის მიხედვით თუ როგორ ჩაირთავს რადიოაქტიურ ნივთიერებას, არსებობს: ცივი და ცხელი კვანძები.

ასევე მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს: ასპირაციული ბიოფსია, რომლის საჭიროებაც დგინდება შემდეგი ულტრაბგერითი მახასიათებლების შემთხვევაში, ესენია: კვანძის უსწორმასწორო კიდეები, დაბალი ექოგენობა, შიდა სისხლმომარაგება, კვანძში ჩანართების (კალციფიკატების) არსებობა. ასპირაციული ბიოფსიის შედეგად დგინდება, როგორი ტიპის უჯრედებს შეიცავს კვანძი:კეთილთვისებიანს თუ ავთვისებიანს.

როგორია კლინიკური გამოვლინება?

უმრავლეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.  სიმპტომების გამოვლინებას ადგილი აქვს, როდესაც კვანძები აღწევს საკმაოდ დიდ ზომებს, და იწვევს ხორხზე, ან საყლაპავზე ზეწოლას. ამ დროს გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები, როგორიცაა: მოხრჩობის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა, ყლაპვის გაძნელება, ხმის ტემბრის ცვლილება..

მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის მეთოდებს რაც შეეხება, ამის გადაწყვეტა ხდება ციტოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით.  თუ კვანძი კეთილთვისებიანი, ან კოლოიდურია და ასევე არ იწვევს ირგვლივ მდებარე ორგანოებზე ზეწოლას, პაციენტი ასეთ შემთხვევაში რჩება მეთვალყურეობის ქვეშ, გარკვეული პერიოდულობით იტარებს ულტრაბგერით კონტროლს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კვანძი ავთვისებიანია, პაციენტი ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს ფარისებრი ჯირკვლის მოცილებით, მაშტაბი განისაზღვრება დაზიანების გავრცელების მიხედვით.