Nuk
როგორ ამოვიცნოთ ავთვისებიანი ხალი?

თარიღი: 14 ივლისი, 2025

ავთვისებიანი ხალები

პიგმენტური ხალები კანის ჩვეული და უწყინარი წარმონაქმნებია, რომლებიც პიგმენტ მელანინის წარმომქმნელი უჯრედებისგან შედგება. პიგმენტური ხალების უმეტესობა კეთილთვისებიანია, თუმცა ზოგიერთ მათგანს გადაგვარების პოტენციალი აქვს რაც მიუთითებს კანის კიბოს განვითარების მომატებულ რისკზე.

 

აუცილებელია პიგმენტურ ხალებზე დაკვირვება, რადგან მათში ცვლილებების დაწყება შესაძლოა მელანომის განვითარების ადრეული ნიშანი იყოს.

 

როგორ ამოვიცნოთ ავთვისებიანი ხალი?

საყურადღებო ნიშნებს განეკუთვნება წარმონაქმნის ასიმეტრია, უსწორო კიდეები, ფერის შეცვლა, წარმონაქმნის 6მმ-ზე მეტი დიამეტრი და პროგრესირება დროთა განმავლობაში.

 

ნებისმიერი ცვლილება არსებულ ხალებში, ან ახალი წარმონაქმნების გამოჩენა 30 წლის ასაკის ზემოთ – საჭიროებს სამდიცინო შეფასებას. ასევე, ადამიანები რომელთაც ბევრი ხალი აქვთ კანზე, ან კანის კიბოს ოჯახურ ანამნეზს აღნიშნავენ, მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან და საჭიროებენ ხალების კვლევას და რეგულარულ დერმატოლოგიურ კონსულტაციას.

 

ხალის ტიპი და კიბოს რისკი

პიგმენტური ხალების დიდი მრავალფეროვნება არსებობს, რომელთაც განსხვავებული მახასიათებლები და მელანომის განვითარების სხვადასხვა  რისკი აქვთ.

 

კეთილთვისებიანი ხალი (ჩვეულებრივი მელანოციტური ნევუსი)

მცირე ზომის, მრგვალი ან ოვალური, კეთილთვისებიანი პიგმენური წარმონაქმნია, კარგად გამოხატული საზღვრებით და ერთგვაროვანი შეფერილობით (ყავისფერი, ვარდისფერი). ასეთი წარმონაქმნები უსაფრთხოა და ვითარდება ბავშვობასა და მოზარდობაში, იშვიათად გადაგვარდება მელანომად, თუმცა ასეთი ხალების დიდი რაოდენობა, 50 წლის ასაკის შემდეგ ზრდის მელანომის რისკს.

 

კეთილთვისებიანი ნევუსის ნაირსახეობაა შპიცის ნევუსი – კეთილთვისებიანი, სწრაფად მზარდი, მოყავისფრო-მოვარდისფრო წარმონაქმნია, ვითარდება ბავშვობასა და მოზარდობაში. ხშირად ამსგავსებენ მელანომას, ამიტომ საჭიროა მათი დიფერენცირება.

 

თანდაყოლილი ხალები

ისინი არსებობს დაბადებისთანავე, სხვადასხვა ზომისაა. 8 მმ-ზე მეტი ზომის თანდაყოლილ ხალებს მელანომად გადაგვარების უფრო მარალი რისკი აქვს, ვიდრე დაბადების შემდეგ განვითარებულ ხალებს.

 

ატიპური (დისპლაზიური) ხალები

მათ უსწორო კიდეები, ასიმეტრიული ფორმა და არაერთგვაროვანი შეფერილობა აქვთ (მუქი ყავისფერიდა მოვარდისფრო-მოწითალომდე). ასეთი ატიპური წარმონაქმნები საგულდაგულო მეთვალყურეობას საჭიროებს, რადგან მეტი რისკი აქვთ ავთვისებიანი გადაგვარების. რისკი კიდევ უფრო მაღალია ასეთი წარმონაქმნების დიდი რაოდენობით (10-ზე მეტი) არსებობისას კანზე, განსაკუთრებით ოჯახური ისტორიის არსებობის შემთხვევაში.

 

მელანომა

მელანომა ყველაზე აგრესიული და საშიში ფორმაა კანის სიმსივნეებს შორის, რადგან ის სწრაფად ვრცელდება სხვა ქსოვილებში. ის მელანოციტებისგან წარმოიქმნება – ეს არის უჯრედები, რომლებიც პიგმენტ მელანინს წარმოქმნის. მელანომა შესაძლოა განვითარდეს როგორც ჯანსაღ კანზე, ისე მანამდე არსებული სხვა ხალის გადაგვარების შედეგად. იმის მიუხედავად, რომ მელანომები კანის სიმსივნეების მცირე პროცენტს შეადგენს, სიკვდილიანობით ის ლიდერობს.

 

როდის საჭიროებს ატიპური ხალი მონიტორინგს?

რეკომენდებულია ხალის  თვითშემოწმება თვეში ერთხელ, რათა პაციენტმა დააფიქსიროს ნებისმიერი ცვლილება, ხალის:
ფერის

ფორმის

ზომის

ტექსტურის

სიმაღლის

დამატებითი სიმპტომების გაჩენა (ქავილი, აქერცვლა, სისხლდენა)

დერმატოლოგიური შემოწმება აუცილებელია წელიწადში ერთხელ,  5-მდე ატიპური ელემენტის არსებობის დროს. 5-ზე მეტი ელემენტის, ან პირველი რიგის ნათესავებში მელანომის ანამნეზის არსებობისას რეკომენდებულია  სპეციალისტის მიერ შეფასება  3-6 თვეში ერთხელ

 

რატომ არის მონიტორინგი აუცილებელი?

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს, 5 და მეტი დისპლაზიური ხალით, მელანომის განვითარების 10-ჯერ მაღალი რისკი აქვთ.

 

საეჭვო შემთხვევების და დაავადების შორსწასული ფორმის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სპეციალისტის მიერ რეგულარული ზდამხედველობა.

 

ავთვისებიანი ხალების მახასიათებლები –ABCDE წესი

ABCDE წესი თვით-შეფასების მეთოდია, რომელიც რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ:

A – Asymmetry:  ასიმეტრია – ხალის ნახევრები არ შეესაბამება ერთმანეთს ფორმით.

B – border: საზღვრები – კიდეები არაერთგვაროვანია, არამკაფიოა.

C – არაერთგვაროვანი, გარდამავალი შეფერილობა ხალის ზედაპირზე.

D – Diameter:  დიამეტრი – 6მმ აღემატება, თუმცა ზოგიერთი მელანომა ძალიან პატარა ზომისაა.

E – Evolution: განვითარება – მახასიათებლები თანდათან იცვლება: ფერი, ფორმა ზომა, ხდება აქერცლილი, სისხლმდენი, ქავანა.

ამ მახასიათებელთაგან თუნდაც ერთის არსებობა მოითხოვს დაუყოვნებელ შეფასებას სპეციალისტის მიერ.

 

ავთვისებიანი ხალების განვითარების რისკ-ფაქტორები

მელანომის და სხვა ავთვისებიანი ხალების განვითარებას იწვევს სხვადასხვა ფაქტორი, რომლებიც აჩქარებს უჯრედების ავთვისებიან გადაგვარებას

 

ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება – როგორც მზის, ისე ხელოვნური გამოსხივების შემთხვევაში

ღია ფერის კანი, რომელიც უფრო ადვილად იწვება მზის ან სოლარიუმის გამოსხივების ზემოქმედებით

მელანომის ოჯახური ისტორია

ხალების დიდი რაოდენობით არსებობა კანზე (50-100)

დაქვეითებული იმუნური სტატუსი

 

ავთვისებიანი ხალების დიაგნოსტიკის მეთოდები

დერმატოლოგიური შეფასება და ლაბორატორიული კვლევები აუცილებელია კანის წარმონაქმნების კომპლექსური შესწავლისთვის.

 

ციფრული დერმატოსკოპია ხალების დათვალიერების არაინვაზიური მეთოდია

კანის ბიოფსია ხალის საეჭვო ზრდის და გადაგვარებისას ხდება საჭირო კანიდან აღებული მასალის ჰისტოპათოლოგიური, საჭიროების შემთხვევაში კი იმუნოჰისტოქიმიური შესწავლა.

იმუნოჰისტოქიმიის მონაცემებზე დაყრდნობით, ზოგჯერ საჭირო ხდება მელანომასთან ასოცირებულიგენების მუტაციების შესწავლაც.

პროტეინი შ100 და LDH- ლაქტატდეჰიდროგენაზა -მნიშვნელოვანი მარკერებია, დაავადების პროგნოზირბისთვის

გენეტიკური ტესტირება ტარდება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ კანის სიმსივნეების ოჯახური ანამნეზი

 

ავთვისებიანი ხალების მკურნალობა

კანის ავთვისებიანი წარმონაქმნების მკურნალობა დამოკიდებულია წარმონაქმნის თავისებურებებზე და დაავადების სტადიაზე. შემთხვევათა უმეტესობაში გამოიყენება წარმონაქმნის რადიკალური ქირურგიული ამოკვეთა. თუ მელანომური ქსოვილი ჩაზრდილია სხვა ქსოვილებში ან არის მეტასტაზები, გარდა ქირურგიულისა გამოიყენება მკურნალობის სხვა მეთოდებით: იმუნოთერაპია, ქიმიოთერაპია, რადიაციული თერაპია, დამიზნებითი თერაპია და სხვა.

 

ავთვისებიანი ხალების პრევენცია

ავთვისებიანი ხალების და წარმონაქმნების განვითარებისგან თავის დასაცავად აუცილებელია მარტივი რეკომენდაციების შესრულება:

აქტივობის პიკში მზეზე ყოფნის შეზღუდვა (10:00–16:00)

მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება (SPF 30+)

სათვალის და მზისგან დამცავი სამოსის გამოყენება

სოლარიუმში გარუჯვისგან ტავის შეკავება

კანის მდგომარეობის რეგულარული კონტროლი  სპეციალისტთან

 

საეჭვო ხალების მოცილება საკმარისია კიბოს პრევენციისთვის?

საეჭვო ხალების მოცილება ყოველთვის  არ გვიცავს კანის ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარებისგან, მაგრამ ამ მეთოდმა შესაძლებელია მელანომის განვითარება ადრეულ სტადიაზევე შეაჩეროს. ადრეულ ეტაპზე ამოკვეთით, შესაძლებელია ავთვისებიანი ხალისგან  სრულად განკურნება. თუ საეჭვო ხალი დროულად არ იქნა მოცილებული, არსებობს მისი გადაგვარების და სხვა ქსოვილებში ჩაზრდის შესაძლებლობა.

 

აუცილებელია ყველა ხალის ბიოფსია?

არ არის აუცილებელი ყველა საეჭვო ხალის ბიოფსია, თუმცა დერმატოლოგიური შეფასებისას სპეციალისტი განსაზღვრავს რომელი ხალიდან შეიძლება მოხდეს მასალის აღება და შესწავლა. მელანომის დიაგნოზის გამოსარიცხად ბიოფსია აუცილებელია!

 

კეთილთვისებიანი ხალი გადაგვარდება ავთვისებიანად?

ყველა კეთილთვისებიან ხალს აქვს ავთვისებიანი გადაგვარების პოტენციალი. რისკი მაღალია თუ ხალი ატიპურია (დისპლაზიურია) და განიცდის გარემო ფაქტორების ზემოქმედებას (მაგ: ულტრაიისფერი გამოსხივება, მექანიკური დაზიანება და სხვა).

 

საეჭვო ხალის მოცილების შემდეგ არსებობს მისი ხელახლა წარმოქმნის რისკი?

საეჭვო ხალის სრული ქირურგიული ამოკვეთა მნიშვნელოვნად ამცირებს მისი ხელახლა განვითარების რისკს, თუმცა, ზოგჯერ ავთვისებიანი უჯრედები რჩება ხალის მიმდებარედ ან მოსაზღვრე რეგიონში, რაც მისი ახლადწარმოქმნის შესაძლებლობას ქმნის.

 

მემკვიდრულ სიმსივნეებთან დაკავშირებული გენეტიკური ვარიანტების დასადგენად, "სინევო" გთავაზობთ კვლევებს.