განკურნებადია თუ არა მცენარეული მტვრის მიმართ ალერგია და რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ გაზაფხულის დადგომასთან ერთად? - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

თარიღი: 28 მარტი, 2017

განკურნებადია თუ არა მცენარეული მტვრის მიმართ ალერგია და რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ გაზაფხულის დადგომასთან ერთად?
ექიმი ალერგოლოგი: ნინო ლომიძე

მცენარეული საფარველის აყვავებასთან ერთად მილიონობით ადამიანს მსოფლიოში აწუხებს სეზონური ალერგია ანუ პოლინოზი, რაც გულისხმობს მცენარის მტვრისადმი ალერგიას. მცენარეული მტვერი შედგება უმცირესი ზომის მარცვლებისგან. მათი დიამეტრი საშუალოდ 0.05 მმ-ია - რაც იმას ნიშნავს რომ ისინი თვალისათვის უხილავია. სწორედ მცენარის ეს მარცვლები შეიცავენ დიდი რეაოდენობით ალერგენულ ცილებს, ანუ იმ ცილებს რომლებსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ.

 

1. როგორ ვრცელდება მცენარეული მტვერი ჰაერში და როგორ ხვდება ჩვენს სასუნთ გზებში?
არსებობს მცენარეული მტვრის ორი სახე: ერთი, რომელიც  ქარით ვრცელდება. ისინი შეიძლება ძალიან დიდ მანძილზე გავრცელდეს. ამით აიხსნება ის შემთხვევები, როცა ადამიანებს აწუხებთ ალერგია იმ მცენარეების მიმართ, რომლებიც მათ უშუალო სიახლოვეში არ იზრდება.

მეორე სახეობა გადააქვთ მწერებს. გამოიმუშავებენ მცენარეები, რომელთა ყვავილები კაშკაშა ფერითა და სურნელით ხასიათდებიან. ამ  მტვრის გავრცელება მწერების საშუალებით ხდება, რაც ზღუდავს მის მოხვედრას ატმოსფეროში. ამის გამო ასეთი მტვრის მქონე მცენარეების მიმართ ალერგია შედარებით იშვიათია.

 

2. როდის ეწყებათ ალერგიულ პირებს მცენარეული მტვრისადმი ალერგია და როგორ გამოვლინდება?
ალერგიულ პირებს მცენარეებისადმი ალერგია  ეწყებათ მაშინ, როცა ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია მიაღწევს გარკვეულ ზღვრულ დონეს და გამოიწვევს იმუნური სისტემის აქტივაციას. რაც უფრო მაღალ კონცენტრაციას აღწევს მით მეტია ალერგიული სიმპტომების განვითარების რისკი.

მცენარეული მტვრის ალერგიის გამოვლინებებია: ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის, სასის, ყურების, თვალების ქავილი, შეიძლება ასევე აღინიშნოს სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი.

 

3. რა უნდა იცოდნენ სეზონური ალერგიის მქონე პაციენტებმა?

1. მათი ალერგიული ჩივილების გამომწვევი მცენარის დასახელება;

2. აღნიშნული მცენარეების ყვავილობის დრო და ჰაერში მათი მტვრის გავრცელების ხანგძლივობა;

3. თუ როგორ მოიქცეს მისთვის ალერგენული მცენარის ყვავილობის  სეზონის დროს.

 

4. როგორ დავადგინოთ რომელი მცენარეული მტვრის მიმართ ვართ ალერგიული?

1. სასურველია კონსულტაციაზე მივიდეთ ალერგოლოგთან სანამ მცენარეების მიმართ ალერგია დაგვეწყება, სეზონამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე;

2. ალერგიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია კანის სინჯების ჩატარება მცენარეული მტვრის მიმართ, რაც გულისხმობს მცენარეული მტვრის ალერგენის წვეთის სახით წინამხარზე მოთავსებას და კონკრეტული მცენარის მიმართ ალერგიის გამოვლენას. პროცედურა არის ძალიან მარტივი, უმტკივნეული და 30 წთ-ში პასუხი მზად არის;

3. იმ შემთხვევაში თუ ალერგია უკვე დაწყებულია არც მაშინ არის გვიან ალერგოლოგთან კონსულტაცია.

 

5. როგორ მოვიქცეთ ალერგოლოგთან მისვლამდე მცენარეების მიმართ ალერგია რომ არ გაგვირთულდეს?

1. უმჯობესია დავკეტოთ ფანჯრები  სახლსა და მანქანაში და  ჩავრთოთ კონდენციონერი;
2. მოვერიდოთ დილით, როდესაც მცენარეების კონცენტრაცია ძალიან მაღალია (დილის 6 სთ-დან 10 სთ-მდე), შენობის გარეთ აქტიურ საქმიანობას, მაგალითად ვარჯიშს - ვარჯიშის დროს ორგანიზმი შეისუნთქავს მეტ ჰაერს და შესაბამისად მეტი ალერგენი (ალერგიის გამომწვევი ყვავილის მტვრის ნაწილაკი) მოხვდება სასუნთქ სისტემაში;
3. ვიყოთ შენობაში განსაკუთრებით  ქარიან ამინდში;
4. სახლში  დაბრუნების შემდეგ დავიბანოთ სახე და ხელები, რომ ჩამოვირეცხოთ დალექილი მცენარეული მტვერი.

 

6. შესაძლებელია თუ არა მცენარეული მტვრის მიმართ ალერგიის განკურნება?
ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ხშირ შემთხვევაში განკურნებადია. წინასწარი გამოკვლევის შემდეგ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად პაციენტს ენიშნება იმუნოთერაპიის კურსი, რაც გულისხმობს ანტიალერგიულ ვაქცინაცის.

პაციენტის ორგანიზმში აცრის სახით აღმავალი დოზით შედის მის ალერგიაში დამნაშავე ალერგენი (მაგ:მცენარეული მტვერი), რომლის მიზანია ორგანიზმის შეგუება მისი ალერგიის გამომწვევ მიზეზთან.