Nuk
ახალი, დამზოგველი და უფრო ეფექტური ქირურგიული მეთოდი - ლატენტური მასტოიდიტის მკურნალობისთვის ...

თარიღი: 01 თებერვალი, 2019

ახალი, დამზოგველი და უფრო ეფექტური ქირურგიული მეთოდი - ლატენტური მასტოიდიტის მკურნალობისთვის ...

 

 

ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი ქირურგიული მეთოდი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე ოტორინოლარინგოლოგიაში. მეთოდი დიოდის ლაზერით, რომელიც გაცილებით სათუთად და მაღალი ტემპერატურის ქვეშ ამუშავებს პერფორირებული ძვლის შიგნითა ზედაპირებს. აღნიშნულის წყალობით ხდება ჩირქოვანი მასების, კარიესისა და გრანულაციური ქსოვილის იდეალური სანაცია ისე, რომ არ გვიწევს გარეთა სასმენი მილის ძვლოვანი კედლის მოხსნა. შედეგად პრაქტიკულად არ გვაქვს რეციდივი, განსხვავებით კლასიკური მასტოიდექტომიისგან.

მასტოიდიტის მკვეთრად გამოხატული სიმპტომოკომპლექსი (ყურის ტკივილი, ყურუკანა მიდამოს ჰიპერემია-გამოზნექილობა, ყურიდან ჩირქდენა, სმენის დაქვეითება) ზოგიერთ შემთხვევაში შეიცვალა ლატენტური მიმდინარეობით. რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლის განმავლობაში დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ფარულად, ყოველგვარი სიმპტომოკომპლექსის გარეშე და ბოლოს გამოვლინდეს უკვე საკმაოდ რთული ქალასშიდა გართულებების სახით.

შენიღბული მასტოიდიტი მწვავე მასტოიდიტის კლასიკური (ტიპიური) ფორმისგან განსხვავებით რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს კლინიკური სიპტომების გარეშე. დაავადების გამოვლენა ხდება თავბრუსხვევის, სმენის დაქვეითების, თავის ტკივილების სახით, რაც თავის მხრივ პაციენტის გადამისამართებას იწვევს ნევროლოგიურ კლინიკებში. ამდენად უმნიშვნელოვანესი საკითხია დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დღეისათვის ობიექტური გამოკვლევებიდან მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფია იძლევა აღნიშნული პათოლოგიის საბოლოო დიაგნოსტიკის საშუალებას. მკურნალობა, გვიანი დიაგნოსტიკის გამო, როგორც წესი არის ქირურგიული, თუმცა ინვაზიური მეთოდი თავის მხრივ რისკია მთელი რიგი პოსტოპერაციული გართულებების განვითარებისათვის. ამდენად, ლატენტური მასტოიდიტი არის ერთ-ერთი საშიში პათოლოგიაა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას და ინვალიდობის მაჩვენებელს ზრდის.