"როგორც ექიმი, მამა და ბაბუა გთხოვთ, არ გაიყვანოთ ბავშვები გარეთ" - პედიატრი ნუგზარ უბერი

თარიღი: 31 მარტი, 2020

რამდენად რეალურია კორონავირუსული ინფექციის საფრთხე ბავშვებში, რა აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა გვჭირდება პატარებთან, ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრა.

„მოდით, დავიწყოთ კლინიკური შეფასებიდან. მინდა გავიმეორო ბატონი ამირან გაყრელიძის შეფასება, როგორც პროფესიონალი ადამიანის. მან თქვა, რომ ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. მინდა ჩემეული კლინიკური შეფასება მივცე იმას, რაც ხდება მსოფლიოში ინფექციასთან დაკავშირებით. ამან კიდევ ერთხელ უნდა დაგავარწმუნოს, რომ ჩვენი ქევეყანა, მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა, სწორი მიმართულებით მიდის. ძალიან მეამაყება, როდესაც საქართველოზე მსოფლიოს საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციები ასე დადებითად საუბრობენ. მეამაყება ის ფაქტი, რომ როგორ თენგიზ ცერცვაძემ თქვა, გვირეკავენ და გვეკითხებიან, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ.

ის, რომ მსოფლიო COVID19-ით გამოწვეული პანდემიის ზონაშია და სიტუაიცია ძალიან სწრაფად ვითარდება, უკვე ფაქტია. კლინიკური კვლევები მიმართულია იმისკენ, რაც შეიძლება მეტი გავიგოთ ამ ვირუსის შესახებ. ყოველდღიურად რაღაც ახალი და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად იგივე ბცჟ- ვაქცინის შესაძლო ეფექტურობაზე. ადრე საუბარი იყო წითელას ვაქცინის შესაძლო არაპირდაპირ მოქმედებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ ეს კლინიკური მიგნებები და შეფასებები არსებობს, მინდა მაინც ხაზი გავუსვა იმას, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული რეკომენდაცია, რომ რომელიმე ვაქცინა ამსუბუქებდეს ამ დაავადების მიმღებლობას ან მის მიმდინარეობას. ახლანდელი მდგომარეობა ადასტურებს, რომ ვაქცინა აუცილებელია და ერთადრთი სარწმუნო რამაა, რაც ბავშვებს ინფექციებისგან იცავს. მინდა გამოვეხმაურო ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიის კანცლერს გაუეკეთდა პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა. ის ექიმი კი, რომელმაც ეს ვაქცინა გააკეთა, აღმოჩნდა COVID19-ით ინფიცირებული. გერმანიაში 65 წელს ზემოთ ადამიანებს უკეთდებათ პნევმო ვაქცინა, რომელიც გახლავთ უხშირესად ფილტვების ანთების გამომწვევი ბაქტერიული მიკრობი. საქართველოში 2013 წლიდან ჩვენ ჩვენს პატარებს ვცრით ეროვნული აცრის კალენდარში უფასოდ შემოსული პნევმოვაქცინით. შესაძლოა კლინიკურად სცენარი ისე განვითარდეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანს, დაერთოს მეორადად ბაქტერიული ფლორა, რომელიც შესაძლოა იყოს პნევმოკოკი. ბავშვებთან, რომლებსაც ეს აცრა ჩატარებული აქვთ, ამ  პნევმოკოკით დართული შემთხვევა, უფრო მარტივად წავა.

რატომღაც ჩვენმა საზოგადოებამ რეკომენდაციები დაყო, მოზრდილები გამოაცალკევა ბავშვებისგან. არადა ის რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს მოზრდილებისთვის, სრულად მორგებულია ბაშვებზე. ჯერჯერობით დაუდგენელია, რატომ ემართება ბავშვებს ინფექცია ნაკლებად. დღემდე ყველა შემთხვევაში ბავშვებთან დაფიქსირდა დამძიმებული ოჯახური ანამნეზი კორონავირუსულ ინფექციაზე ან იმ ბავშვებში, რომლებსაც ქონდათ მჭიდრო კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანებთან. 2 ათასამდე პედიატრიული ასაკის პაციენტში, რომელთა საშუალო ასაკი 7 წელი იყო, 56% შეადგინეს ბიჭებმა, მაგრამ ეს გენდერული განსხვავება არ არის მნიშვნელოვანი.

ამის გათვალისწინებით, ჯანმოს აქვს რეკომენდაცია, დარჩით სახლში, როგორც მშობლები, ასევე ბავშვები. ბავშვების ქცევა, მათი ურთიერთობა გარემოში ძალინ არაპროგნოზირებადია. ამის გამო დაიკეტა სკოლები, საბავშვო ბაღები, სასწავლო დაწესებულებები. როგორც ექიმი, მამა და ბაბუა გთხოვთ, არ გაიყვანოთ ბავშვები გარეთ. ძალიან ბევრ მშობელს ბავშვი გამოყავს გარეთ, შეყავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს ნიშნავს, რომ მათ კარგად არ აქვთ ათვისებული, რა საფრთხის წინაშე აყენებენ ბავშვებს. ცხადია, ბავშვების ჩაკეტვა სახლში ურთულესია და აქაც ჯანმო გვასწავლის, როგორ დავეხმაროთ მათ  გაუმკლავდნენ სტრესს COVID19-ის პირობებში.

ძალია ბევრი მშობელი მირეკავს და მეკითხება, ხომ შეიძლია გავასეირნოთ ბავშვი ეზოში? არა არ შეიძლება, რადგან საშიშია. საშიშია ეზო, სადარბაზო, ლიფტი და ყველა ის შესაძლო კონტაქტი, რომელიც ბავშვს შეიძლება ჰქონდეს. სოციალური დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ექიმთან დროული მიმართვიანობა და მაქსიმალური სიფთრხილე უმ ან ნახევრად მოხარშულ პროდუქტებთან –  ეს არის ის რეკომენდაციები, რითაც ინფექციას თავიდან ავიცილებთ.

წყარო: https://fortuna.ge