Nuk
ზაფხულის სახსოვარი - როგორ ვებრძოლოთ პიგმენტურ ლაქებს

თარიღი: 03 აგვისტო, 2022

სხეულის შესაფერადებლად ზოგი ზღვის სეზონს ელოდება, ზოგი კი რეგულარულად სტუმრობს სოლარიუმს, რომ იდეალური რუჯით მოიწონოს თავი. თუმცა იქ, სადაც საქმე ულტრაიისფერ სხივებს ეხება, ზომიერების დაცვა არც ისე ადვილია, ჭარბი დასხივება კი კანზე უსიამოვნო სახსოვარს – ღია ფერის ან მუქ ლაქებს ტოვებს.

იმის გასარკვევად, რა აჩენს პიგმენტურ ლაქებს და როგორ ვებრძოლოთ მათ, “ავერსის კლინიკის” ექიმ დერმატოლოგ ნინო ლომსაძეს ვეწვიეთ. 

რა არის პიგმენტური ლაქები
კანი იცავს, სუნთქავს და შთანთქავს. გარემოზე, საკვებსა თუ მედიკამენტებზე ის სხვადასხვანაირად რეაგირებს. ერთ-ერთი რეაქცია ყავისფერი ლაქებია, რასაც ექიმები ჰიპერპიგმენტაციას ვუწოდებთ.

კანი ყავისფრად რომ იფერება, ჩვენი ორგანიზმის დამცავი მექანიზმების დამსახურებაა. კანის ფერი უმთავრესად პიგმენტ მელანინის შემცველობით განისაზღვრება. მისი რაოდენობა გენეტიკურად არის განპირობებული, თუმცა დამოკიდებულია კანზე მოხვედრილ ულტრაიისფერ სხივებზეც. როცა დროის განსაზღვრულ ინტერვალში კანზე ინტენსიურად ხვდება მზის სხივები, იწყება მელანინის აფეთქება (ინტენსიური გამომუშავება). მელანინი შთანთქავს ჭარბ ულტრაიისფერ სხივებს და ამით იცავს კანს. მაგალითად, შავკანიანი ადამიანის ეპიდერმისსა და დერმაში მხოლოდ 6%-მდე UVB და 18%-მდე UVA სხივები აღწევს, თეთრკანიანი ადამიანისაში კი – 30%-მდე UVB და 55%- მდე UVA.

ჩვეულებრივ, მელანინი მთელ კანზე თანაბრად ნაწილდება, მაგრამ ამა თუ იმ ფაქტორის გავლენით ეს პროცესი შესაძლოა დაირღვეს. შედეგად ზოგიერთი მელანოციტი (მელანინის წარმომქმნელი უჯრედები) ჭარბად წარმოქმნის მელანინს, პიგმენტი თანაბრად ვეღარ ნაწილდება და ზოგ უბანზე გროვდება, რაც კანზე ყავისფერ ლაქებს აჩენს. შესაძლოა, მოხდეს პირიქითაც – ზოგ უბანზე მელანინი მცირე რაოდენობით წარმოიქმნება ან საერთოდ არ წარმოიქმნება, რის შედეგადაც კანზე თეთრი ლაქები ჩნდება. ჰიპო– და ჰიპერპიგმენტაციისკენ უფრო მეტად პირველი და მეორე ტიპის, ძალიან მგრძნობიარე, ბაცი კანის მქონე ადამიანები არიან მიდრეკილნი.

რა არღვევს პიგმენტაციას
ლაქები უმთავრესად იმ ადგილებზე ჩნდება, რომლებსაც მეტად ხვდება მზის სხივები, თუმცა შესაძლოა, ზურგზე, ფეხებზე, მკერდზე და მუცელზეც (შედარებით დაფარულ ადგილებზე) გაჩნდეს.

პიგმენტური ლაქები შეიძლება ნებისმიერ ასაკში გაჩნდეს, თუმცა ასაკთან ერთად, როცა იცვლება ჰორმონული ფონი, ძლიერდება ულტრაიისფერი სხივების გავლენა და ლაქები უფრო მკვეთრი ხდება. თუ ნამზეური ძალიან გიყვართ, შესაძლოა, ჰიპერპიგმენტაცია 30-35 წლის ასაკშიც კი უკვე შესამჩნევად იყოს გამოხატული.

პიგმენტაციის დარღვევის მიზეზად შესაძლოა ჰორმონული ცვლილებებიც იქცეს. ამ დროს პიგმენტური ლაქების გაჩენას ჭარბი ინსოლაცია უწევს პროვოცირებას. ასეთი ლაქები მელაზმების ან ქლოაზმების სახელითაა ცნობილი. ისინი ორსულობისას ჩნდება და მშობიარობის შემდეგ მალევე ქრება. ამავე მიზეზით პიგმენტაციის დარღვევა მოსალოდნელია ჰორმონული (ჩასახვის საწინააღმდეგო) მედიკამენტების მიღების ფონზე, მენოპაუზის პერიოდში... ამ დროს განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ მზეს.

ჰიპერპიგმენტაციის განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს ზოგიერთმა ისეთმა მედიკამენტმაც, რომლებიც ზრდის კანის მგრძნობელობას სინათლის მიმართ, მაგალითად, ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა, ქიმიოთერაპიულმა საშუალებამ ან კრაზანას ექტრაქტზე (Hypericum perforatum) დამზადებულმა პრეპარატმა.

ზოგი ადამიანი კანის დაზიანებაზე ჭარბი პიგმენტაციით რეაგირებს. თუ კანი დაზიანდა, შესაძლოა, იმ ადგილას ყავისფერი ლაქა გაჩნდეს.

პიგმენტაციის დარღვევის მიზეზად ასევე შესაძლოა იქცეს დამწვრობა, წყლული, კანის ინფექციური და არაინფექციური დაავადებები (ფსორიაზი, აკნე, სირსველი), კანის დაზიანებით მიმდინარე ზოგი სხვა ინფექციური დაავადება (სიფილისი), ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, გლუტენის აუტანლობა, ფოლიუმის მჟავასა და B12 დეფიციტი.

როდის მივმართოთ ექიმს
ჰიპერპიგმენტაციაზე საუბრისას განასხვავებენ მელაზმებს და პიგმენტურ ლაქებს. მელაზმა ბაცი ყვითელი ან ბაცი ყავისფერია და უმეტესად სახეზე – ზედა ტუჩთან, შუბლზე ან ყვრიმალებზე – ჩნდება, პიგმენტური ლაქები კი ყავისფერი ან მუქი ყავისფერია და შეიძლება, სხეულის სხვა უბნებზეც გაჩნდეს, აქვს მკვეთრი კონტური და რამდენიმემილიმეტრიანი დიამეტრი.

პიგმენტური ლაქები სრულიად უწყინარია, თუმცა ზოგ შემთხვევაში მათთვის თვალყურის დევნება აუცილებელია, რადგან UV სხივების ჭარბმა მოხვედრამ შესაძლოა საქმე უფრო გაართულოს და ეს უწყინარი წარმონაქმნები, ისევე როგორც ხალები, კიბოდაც კი გარდაქმნას.

საეჭვო ნიშნების აღმოჩენას ABCD წესი გაგიადვილებთ:

* A (asymmetry) – ლაქას ასიმეტრიული ფორმა აქვს;

* B (border) – საზღვრები დაკბილულია და ბუნდოვანი;

*C (color) – ზოგან წითელია, ზოგან – ლურჯი, მუქი ან ბაცი ყავისფერი; შესაძლოა, ფერი სრულად შეიცვალა, მაგალითად, გამუქდა ან გაბაცდა.

*D (differential structural components) – აქვს დამახასიათებელი დერმატოლოგიური ჩანართები;

* E (elevation) – ამობურცულია.

ეს ის ნიშნებია, რომელთა შემჩნევისას სასურველია, ექიმთან მიხვიდეთ, მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება კი მხლოდ დერმატოლოგს შეუძლია სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით.

როგორ ვებრძოლოთ
პიგმენტური ლაქების თავიდან ასაცილებლად (თუ ისინი რომელიმე დაავადების სიმპტომი არ არის) ერთადერთი გზა მზის აბაზანების ზომიერი მიღებაა. ზომიერება განაკუთრებით მოეთხოვებათ ორსულებს და ღია ფერის, მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს. შინიდან გასვლისას არ დაგავიწყდეთ დამცავი კრემის წასმა კანის ტიპის შესაბამისი SPF (მზისგან დამცავი ფაქტორის) ინდექსით (SPF 15-დან SPF 50 ის ჩათვლით). კრემის წასმა შინიდან გასვლის წინ არა მხოლოდ ბალზაკის ასაკში, არამედ ახალგაზრდობის დროსაც მნიშვნელოვანია.

ლაქებთან ბრძოლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ისინი თავისთავად არ ქრება.

რა გზით შეიძლება პიგმენტური ლაქების გაქრობა?
ჰიპერპიგმენტაციის დროს საუკეთესო გზა ქიმიური პილინგია. ამ დროს კანის ზედაპირულ, საშუალო და ღრმა ფენებზე სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებებით ზემოქმედებენ. ყველაზე ხშირად ქიმიური პილინგისთვის ორგანულ მჟავებს იყენებენ, მაგალითად, სამქლორძმარმჟავას სხვადასხვა ვარიანტს, რომლის წასმის შემდეგაც კანი აშრევებას იწყებს. პროცედურა აუცილებლად ექიმმა უნდა ჩაატაროს.

იმის მიხედვით, როგორ არის გამოხატული ყავისფერი ლაქები კანზე, ტარდება მსუბუქი (ზემოქმედება ხდება მხოლოდ ეპიდერმისზე), საშუალო (კანის დვრილოვან შრემდე) და ღრმა (დერმის ბადისებურ შრემდე) პილინგი.

ვინაიდან მჟავას პილინგის შემდეგ კანი მეტად მგრძნობიარეა, უმჯობესია, ის ზამთარში ჩაიტაროთ.

კანის ზედა ფენის (ეპიდერმისისა და დერმის) სრული მოცილება ალმასური ან ლაზერული დერმაბრაზიის საშუალებითაც ხდება. ეს უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც აქრობს ლაქებს, აუმჯობესებს კანის ფერს, ათანაბრებს მის ტექსტურას. უმჯობესია, ეს პროცედურაც ცივ თვეებში ჩაიტაროთ.

აქტუალურია ლაზერული ფოტოგაახალგაზრდავების მეთოდი, რომელიც სპეციალური აპარატით ტარდება და შერჩევითი ტალღის პრინციპზეა დაფუძნებული. ეს პროცედურაც მეტად უმტკივნეულოა და არც რეაბილიტაციის პერიოდი  სჭირდება.

თუ რომელი მეთოდი გამოიყენოს კანის სხვადასხვა სახის პიგმენტაციის დროს, ამას ექიმი წყვეტს პროცედურის წინ.

მსუბუქად გამოხატული პიგმენტური ლაქების მოცილება ბუნებრივი საშუალებებითაც შესაძლებელია.

ამისთვის კი გამოგადგბათ:

* ლიმონის წვენი – მასში შემავალი ლიმონმჟავა აფერმკრთალებს ლაქებს. ლიმონი გაწურეთ, ბამბა წვენში ჩააწეთ და მხოლოდ ლაქებზე წაისვით. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, ეს პროცედურა დღეში 2-3 ჯერ გაიმეოროთ.

* ვაშლის ძმარი – მასში შემავალი ძმარმჟავაც ლაქების გაფერმკრთალებას უწყობს ხელს. გაუზავებელი ძმარი ლაქებზე წაისვით. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

* ლაქების გაქრობაში კარტოფილიც დაგეხმარებათ. მათ გაბაცებაზე ამ ძირხვენას შემადგენლობაში შემავალი ენზიმი იზრუნებს. უმი კარტოფილი გაჭერით სიგრძეზე და ლაქებზე წაისვით. ეს უფრო გაგიადვილდებათ, თუ გადანაჭერზე ერთ წვეთ წყალს დაასხამთ. 15-20 წუთის შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე.

* კურკუმა ხელს უწყობს მელანინის პროდუქციის შემცირებას. ერთ ჩაის კოვზს დაასხით ცოტაოდენი ლიმონის წვენი. მიღებული პასტა ლაქებზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

მიირთვით C ვიტამინით მდიდარი საკვები და, რაც მთავარია, ზომიერად მიიღეთ მზის აბაზანები.