Nuk
საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონაცემების წარდგენა
საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონაცემების წარდგენა

საქართველოში სიკვდილიანობა - შემცირებული, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი, მომატებულია
თარიღი: 26/10/2017

საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონაცემების წარდგენა

საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონაცემები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ინფორმაციის, მტკიცებულებების, კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დირექტორმა, კლაუდია შტეინმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ წარადგინეს.  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში დაავადებების აღრიცხვიანობა, ასევე, დაბადება-გარდაცვალების რეგისტრაცია გაუმჯობესებელია, რაც გამოწვევების შეფასებას და მასზე რეაგირების სწორი პოლიტიკის განსაზღვრას ხდის შესაძლებელს. 

მნიშვნელოვან პროგრესზე გაამახვილა ყურადღება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ინფორმაციის, მტკიცებულებების, კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დირექტორმა, კლაუდია შტეინმა. 

„ანგარიშიდან ჩანს, რომ ბოლო წლებში კარგი პროგრესია. საქართველოში სიკვდილიანობა - შემცირებული, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი, მომატებულია. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუმცა ვხედავთ, რომ ზოგიერთი რისკფაქტორი ძალიან მაღალია, რაც ხელს უწყობს გულისხლძარღვთა დაავადებების მაღალ დონეს. მაგალითად თამბაქო და როგორც ვიცით, საქართველო ამ მიმართულებით კანონმდებლობაში ცვლილებებს ახორციელებს ", - განაცხადა კლაუდია შტეინმა. 

ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ მონახაზი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოამზადა.  

საქართველო ჯანმო-ს 53 ქვეყანას შორის, საბერძნეთის, სლოვენიისა და მოლდოვას შემდეგ, მეოთხეა, რომელმაც ქვეყნის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონახაზი შეიმუშავა. დოკუმენტში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ძირითადი მაჩვენებლებია თავმოყრილი და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის არსებული მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების შესაფასებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. 

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებზე ჯანმო-ს ორგანიზებული საერთაშორისო სასწავლო კურსი 23 ოქტომბერს გაიხსნა. შემოდგომის სკოლა ქვეყნების ეროვნული მონაცემების განხილვისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად ევროპის რეგიონში „ჯანმრთელობა 2020“-ის სტრატეგიის განხორციელებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.