Nuk
საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე იტალიიდან საქათველოს მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესები განიხილეს
საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე იტალიიდან საქათველოს მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესები განიხილეს


თარიღი: 09/03/2020

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრაზე იტალიიდან საქათველოს მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესები განიხილეს. საუბარი შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობას. მინისტრი დეტალურად გაეცნო თუ რა დამატებითი საჭიროებები აქვს თითოეულ უწყებასა თუ  დეპარტამენტსგანიხილეს შესაბამისი მარაგების საკითხები, ასევე თვითიზოლაციისა და კარანტინის კუთხით არსებული სიტუაცია.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საყურადღებოა, რომ ბევრი მოქალაქე სამწუხაროდ კვლავაც თავს არიდებს საკარანტინო სივრცეში მოთავსებას და მათი დათანხმებისთვის პერსონალს დიდი ძალისხმევის დახარჯვა უწევს.

მინდა ვთხოვო ყველა მოქალაქეს გამოიჩინოს მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს ამ მიმართულებით, როგორც თვითიზოლაციაში დარჩენის და რეჟიმის დაცვის კუთხით, ასევე საკარანტინე სივრცეებში მათი განთავსების შემთხვევაში. დღეს ძალიან საყურადღებოა იტალიიდან ჯგუფის მოსალოდნელი გადმოყვანისთვის მომზადება. ამ თვალსაზრისითაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა შეიქმნას საკმარისი საკარანტინო ადგილები. როგორც მოგეხსენებათ იტალიაში რისკი მაღალია და ამდენად ყველა მოქალაქე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იქ იმყოფებოდა და ახლა დაბრუნდება ქვეყანაში რა თქმა უნდა  საჭიროებს შესაფერის მეთვალყურეობას, იზოლაციას და თავდაპირველად საკარანტინე სივრცეში განთავსებასაც. დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ის დეტალი გავიარეთ, რომელიც საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებული 15 პირის მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა 4 პირი არის შედარებით საყურადღებო. დამაკმაყოფილებელია ბოლო 2 პაციენტის მდგომარეობაც. მიმდინარეობს დამატებითი კლინიკური კვლევები და შესაბამისი მონიტორინგი.

რაც შეეხება პროგნოზს, გლობალურად სიტუაცია ჩინეთს გარეთ უარესდება. თვითონ ჩინეთში მნიშვნელოვანი კლებაა ახალი შემთხვევების. დღეს ბევრად ნაკლებია, თუ არ ვცდები 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ რადიკალურად იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა ისე, როგორც სიკვდილიანობა ჩინეთში, მაგრამ ჩინეთს გარეთ დაახლოებით უკვე 24 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველაზე მაღალ დასენიანებული ქვეყნები არიან, სადაც უკვე 7000- გადასცდა შემთხვევათა რაოდენობა, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი. ასევე უკვე რამდენიმე ქვეყანაში გადაცდა შემთხვევათა რაოდენობა 1000-, კერძოდ გერმანიაში და საფრანგეთში. სხვა ევროპის ქვეყნებში არის ასეულებზე, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უკვე 500-ზე მეტი შემთხვევაა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩინეთს გარეთ სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ვერ ემორჩილება. ჩინეთმა სიტუაცია მოაქცია კონტროლს ქვეშ, შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, ჩინეთს გარეთ იმატებს.

რადგან ჩვენ, საქართველო, ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, რა თქმა უნდა პროგნოზი ჯერჯერობით იმისკენ, რომ შევჩერდეთ მხოლოდ 15-ზე, ამ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. შესაბამისად მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველა ადგილზე მზადყოფნა, მხედველობაში მაქვს საზღვრები,  განსაკუთრებით მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულების მაქსიმალურად შემცირება. შემოსულების კარანტინი ან თვითიზოლაცია. ასევე საჭიროა იმ პირების თვითიზოლაცია ან კარანტინი, რომლებიც არა მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოდიან მაგრამ იციან, რომ შეიძლება ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.