როგორ დავიცვათ ბავშვი სალმონელოზისგან
როგორ დავიცვათ ბავშვი სალმონელოზისგან
ზაფხულში მატულობს ისეთი დაავადებები, რომლებიც დიარეას იწვევს. დიარეით მიმდინარე ერთ-ერთ ინფექციაზე „ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, თამარ ობგაიძე მოგვიყვება.
სალმონელოზი, ინფექციური დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, როცა იზრდება ბუნებრივი წყალსატევებით სარგებლობა, ხშირია თერმულად არასათანადოდ დამუშავებული საკვების მიღება, ცხოველებთან კონტაქტები.
დაავადებას სალმონელას გვარის ბაქტერიები იწვევენ. მათი გადაცემა ძირითადად დაბინძურებული საკვებითა და წყლით ხდება. თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი, რძე და ხორცი, ბაქტერიულად დაბინძურებული კრემიანი ნაცხვრები, უცნობი წყალსატევები, არასუფთა სასმელი წყალი - ის მიზეზებია, რაც სალმონელოზით ინფიცირებას განაპირობებს.
სალმონელოზის წყარო შესაძლოა შინაური ცხოველიც იყოს. დასნებოვნებულ ცხოველს რაიმე გამოვლინება უხშირესად არ აქვს, მაგრამ ის ადამიანისათვის გადამდებია.
დაავადება ინფიცირებიდან 12-72 საათში, როგორც წესი მწვავედ, შემცივნებით, მაღალი ცხელებით იწყება, რასაც თან სდევს გულისრევა, ღებინება, სისუსტე, მუცლის ტკივილი, დიარეა. განავალი თხიერია, უხვად წყლისშემცევლი, ლორწოს მინარევით. შესაძლებელია განვითარდეს ორგანიზმის გაუწყლოება. ნაწლავთა მოქმედება 7-10-ჯერ და შესაძლოა მეტჯერაც იყოს.
დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებსა და მოხუცებში, ამიტომ მათ განსაკუთრებული ყურადღება და ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ.
მწვავე პერიოდში ადამიანი გადამდებია.
სალმონელოზის გადატანის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჯანმრთელებული ადამიანი ბაქტერიის მტარებელიც დარჩეს, რაც მეტწილად თავისთავად გაივლის. იშვიათად რჩება ქრონიკული მტარებლობაც. სალმონელოზის მტარებლობის დროს ავადმყოფი განავალთან ერთად სალმონელებს გამოყოფს და სხვა ადამიანებისათვის ინფექციის წყაროს წარმოადგენს.
არსებობს სალმონელოზის გენერალიზებული ფორმა, როცა მაღალ ცხელებასთან ერთად ზიანდება შინაგანი ორგანოებიც და ამიტომ განსაკუთრებით საშიშია.
როგორ დავიცვათ ბავშვი სალმონელოზისაგან:
- ასწავლეთ პატარას ხელების ხშირი დაბანა
- არ მისცეთ ბავშვს გაურეცხავი ხილ-ბოსტნეული
- ხორცი, თევზი, კვერცხი თერმულად სრულყოფილად დაამუშავეთ. დაიცავით მათი შენახვის წესები და ტემპერატურული რეჟიმი, მაცივარში განცალკევებით შეინახეთ მზა და უმი პროდუქტი
- საჭრელი დაფები და სამზარეულოს სხვა ინვენტარი, რითიც ხორცი დაამუშავეთ, კარგად გარეცხეთ
- სასმელად მხოლოდ საიმედო, სუფთა წყალი გამოიყენოთ
- არ დაალევინოთ პატარას აუდუღარი რძე
- არ აბანაოთ უცნობ წყალსატევებში
- ასწვალეთ ბავშვს ცხოველთან თამაშის შემდეგ ხელების დაბანა
- შეზღუდეთ ზაფხულში უცნობი წარმოშობის კრემიანი ნამცხვრების მიღება და უპირატესობა უკრემო ნამცხვრებს მიანიჭეთ
- თუ შინ დიარეით დაავადებული ავადმყოფი გყავთ, ნუ დაუშვებთ მას სამზარეულშო საკვების მოსამზადებლად
კლინიკა
ავერსის კლინიკა
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
115
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
130
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
278
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
220
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
343