სოციალური მგრძნობელობა ადრეულ ბავშვობაში
სოციალური მგრძნობელობა ადრეულ ბავშვობაში
სოციალური მგრძნობელობა, მარტივად რომ ვთქვათ, არის განსხვავებების სწორად აღქმის, შეფასებისა და მიღების უნარი, რაც საშუალებას გვაძლევს პატივი ვცეთ და ვაღიაროთ განსხვავებები. ადრეულ ბავშვობაში ამ უნარის ჩამოყალიბება იწყება ისეთი მარტივი ჩვევების ათვისებით, როგორიცაა სხვების ემოციების აღქმა, სხვისი არავერბალური მანიშნებლების სწორად გაგება, განცდების ამოცნობა და სახელდება, სოციალური სიტუაციის აღწერა და მეტ-ნაკლებად კონსტრუქციული ქცევა ყველა ამ სიტუაციაში. შესაბამისად, ასეთ მცირე ასაკში, რაკი განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე ვერ მოვთხოვთ ბავშვებს ემპათიას, სხვების განცდების სრულად გაზიარებას, თუ სხვების ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემას, ჩვენ ნიადაგს ვამზადებთ უფრო ბაზისური უნარების გავარჯიშებით, რაც სოციალური მგრძნობელობის განვითარების წინაპირობაა.
თქვენმა შვილმა უკვე იცის როგორ გამოხატოს ძირითადი განცდები, როგორიცაა სიხარული და წყენა, ბედნიერება და ბრაზი. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ადამიანს შეუძლია უამრავი ექსპრესიის გამოვლლენა. მოიძიეთ სურათები ინტერნეტით, სახის განსხვავებული გამომეტყველებებით, დააყენეთ ბავშვი სარკესთან და მიიღეთ სურათის შესაბამისი სახეები. პარალელურად, მოახდინეთ მათი სახელდება და დაწვრილებით ისაუბრეთ ემოციების შესახებ. ამის შემდეგ, ბავშვის რეაგირება თანატოლების ემოციებზე უფრო მოქნილი იქნება, ეცოდინება როგორ გამოხატოს განცდები უფრო სწორად.
ეს არის ბავშვისთვის უნიკალური შესაძლებლობა, ისწავლოს ემპათია. მოთხრობების საშუალებით, მათ ესმით ადმიანების/ცხოველების თვისებების შესახებ და შეუძლიათ სხვისი პერსპექტივიდან დაინახონ რას გრძნობენ ადამიანები, როცა კარგი ან ცუდი რაღაც ხდება.
მოთხრობები/ამბები დაეხმარება ბავშვს იმის გაგებაში, თუ როგორ ახდენს ზეგავლენას მისი სიტყვები და ქმედებები გარშემო მყოფ ადამიანებზე.
გარდა ამისა, თუ ბავშვს აუხსნით, რომ ანალოგიურად ყველა ადამიანი ცუდად ან კარგად გრძნობს თავს, როდესაც გარკვეული რამ ხდება, იგი ეცდება, სიფრთხილე გამოიჩინოს ადმიანებთან ურთიერთობისას და თავიდან აირიდოს მათში უარყოფითი ემოციების გამოწვევა.
მოვლენათა სოციალური კონტექსტის სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა კუთხიდან ხედვის და შეფასების უნარის განვითარება ეხმარება ბავშვს, რომ უკეთ გაუგოს თანატოლებს და სხვა ადამიანებს.
ყურადღებით მოსმენის უნარი ბავშვებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, სოციალური მგრძნობელობის გამოსავლენად. როდესაც თქვენს შვილს უნდა, რომ დაგელაპრაკოთ, ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ მას და შეეცადეთ ამ დროს მხოლოდ ბავშვს ეკუთვნოდეს. ასევე, როცა თქვენ ელაპარაკებით მათ, დარწმუნდით, რომ გისმენენ. სასურველია დასხდეთ, თვალებში უყუროთ და ისე ელაპარაკოთ. მოსმენის ეს ტექნიკა ჩვევად უნდა იქცეს. ამგვარი პრაქტიკა ხელს შეუწყობს თქვენს პატარებს უკეთ შეძლონ სოციალურ-ინფორმაციული პერსპექტივების დანახვა.
ტერმინი „სოციალური რუკა“ გულისხმობს ბავშვის უნარს გაიგოს, მისი ქცევა რა გავლენას ახდენს სხვებზე. თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ მათ ეს კონცეფცია სხვადასხვა სიტუაციებით.
თავდაპირველად, დაიწყეთ ბარათებით სწავლება, აჩვენეთ ბავშვს ბარათები სხვადასხვა სოციალური სიტუაციებით და სთხოვეთ აღგიწეროთ რა ხდება თითოეულზე, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა. მხოლოდ ამის შემდეგ გადადით რეალური სიტუაციების შეფასებაზე. მაგალითად, თუ თქვენი შვილი დადის საბავშვო ბაღში და მეგობარს წაართმევს სათამაშოს, ეს ქცევა, ორივე ბავშვისთვის ზიანის მომტანი იქნება. ერთი მხრივ, იმ ბავშვს, რომელსაც წაართვა სათამაშო, აღარ ექნება სურვილი, მასთან თამაშის, მეორე მხრივ კი თქვენი შვილიც ცუდად იგრძნობს თავს მარტო დარჩენის გამო.
როდესაც ბავშვებმა იციან და აღიარებენ პოტენციურ შედეგებს მათ ქმედებებზე, ისინი უფრო მგრძნობიარეები ხდებიან გარშემომყოფთა საჭიროებების მიმართ. სხვის სურვილების გათვალისწინების უნარის არქონა ბავშვს ხელს უშლის დაინახოს მოვლენები სხვა ადამიანის პერსპექტივიდან და ამავე დროს, უჭირს სხვა ადამიანის გრძნობებისადმი ემპათიის გამოხატვა.
როდესაც თქვენი პატარები ახალ სიტყვებს სწავლობენ, ისინი ხშირად აღელვებულნი არიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სიტყვები აკრძალული ტაბუთი გვხვდება. ასე რომ, როდესაც იგი იყენებს ცუდ ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს, განმარტეთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ეს სიტყვები და აუხსენით, თუ რას გრძნობენ სხვა ადამიანები, როცა ეს სიტყვები ესმით, ასევე მოუყვეთ მათ სხვა ადამიანების შესაძლო გაბრაზებული რეაქციების შესახებ.
თუ აქამდე უცნობი გარემო, ბავშვისთვის გახდება ნაცნობი, აღარ გამოავლენს წინააღმდეგობას მსგავს სიტუაციაში მოხვედრაზე. ამისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს და შეისწავლოთ მათი კულტურა და გარემო; მიუთითოთ ყველაფერზე, რაც ლამაზად გამოიყურება; დაეხმარეთ იმის აღმოჩენაში, თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ახალი ადგილები და ადამიანები.
თქვენი შვილები თქვენგან სწავლობენ, ასე რომ თუ ისინი ხედავენ რომ თქვენ გაქვთ დადებითი გამოცდილება განსხვავებულ სიტუაციებში, მათთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება ეს განსხვავებები. ხოლო, მომავალში, როდესაც ისინი კვლავ მოხვდებიან იმავე გარემოში, გამოხატავენ ცნობისმოყვარეობას და არა შიშს და აგრესიას. ასევე, უფრო თავისუფლად დაუმეგობრდებიან განსხვავბეული კულტურის მქონე ადამიანებს.
თვეში ერთხელ შეგიძლიათ მოაწყოთ სხვადასხვა კულტურის დღეს, რომლის მიზანიც იქნება ამ კულტურის გაცნობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათები, ისტორიები, დაამზადოთ ტრადიციული კერძები და ა.შ. მთავარია, თქვენს შვილს ნათელი წარმოდგენა შეუქმნათ, მსოფლიოს ამა თუ იმ ხალხებზე.
როგორც ვხედავთ სოციალური მგრძნობელობა, სოციალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია და მისი სწავლება ადრეული ასაკიდან იწყება. ეტაპობრივად სოციალური მგრძნობელობის განვითარებასთან ერთად ბავშვი არამხოლოდ იაზრებს სხვათა ემოციებისა და დამოკიდებულებების, თუ ღირებულებების არსებობას, არამედ სწავლობს განსხვავებულის მირებას და პატივისცემას.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
115
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
130
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
278
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
220
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
343