1. რას წარმოადგენს აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას არიპიპრაზოლს და მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ანტიფსიქოზური პრეპარატები. ის გამოიყენება მოზრდილებისა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ ისეთი სიმპტომებით დამახასიათებელი დაავადება, როგორიცაა არარსებული საგნების გაგონება, დანახვა ან შეგრძნება, ეჭვიანობა, მცდარი შეხედულებები, არეული მეტყველება და ქცევა და უხალისობა. ამ მდგომარეობების მქონე პირებს შეიძლება ასევე აღენიშნოთ დეპრესიულობა, დანაშაულის შეგრძნება, მოუსვენრობა ან დაძაბულობა.
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებისა და 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი მდგომარეობის სიმპტომები, როგორიცაა “თრობის“ შეგრძნება, ზედმეტი ენერგიულობა, ჩვეულებრივზე ნაკლები დრო ძილისთვის, ძალიან სწრაფი საუბარი ქაოტური აზრებით და ზოგჯერ ძლიერი გაღიზიანება. მოზრდილებში ის ასევე, ხელს უშლის ამ მდგომარეობების განმეორებას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნათ რეაქცია აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტებით მკურნალობაზე.
2. რა უნდა იცოდეთ აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები
თუ გაქვთ ალერგია არიპიპრაზოლის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა სუიციდზე ფიქრები და სუიციდური ქცევა. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ საკუთარი თავის დაზიანების ფიქრები ან შეგრძნება.
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ:
მაღალი არტერიული წნევა (ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი წყურვილი, შარდის დიდი მოცულობა, მადის გაზრდა და სისუსტე) ან დიაბეტი ოჯახის ანამნეზში
კრუნჩხვა (შეტევა), თქვენმა ექიმმა შეიძლება განახორციელოს თქვენს მდგომარეობაზე უფრო მკაცრი დაკვირვება
კუნთების, განსაკუთრებით სახის კუნთების, უნებლიე, არარეგულარული მოძრაობა
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გულისა და სისხლის მიმოქცევის დაავადებები), გულ-სისხლძარღვთა დაავადება ოჯახის ანამნეზში, ინსულტი ან მიკროინსულტი, პათოლოგიური არტერიული წნევა
თრომბები ან თრომბები ოჯახის ანამნეზში, რადგან ანტიფსიქოზური საშუალებები დაკავშირებულია თრომბების წარმოქმნასთან
აზარტულ თამაშებზე ძლიერი დამოკიდებულება წარსულში
თუ შენიშნავთ წონაში მატებას, უჩვეულო მოძრაობების განვითარებას, ძილიანობას, რომელიც გავლენას ახდენს ყოველდღიურ ჩვეულებრივ საქმიანობაზე, ყლაპვის ნებისმიერი სახის გაძნელებას ან ალერგიულ რეაქციებს, მიმართეთ თქვენს ექიმს,
დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში (მეხსიერების დაკარგვა და გონებრივი შესაძლებლობების სხვა დარღვევები), თქვენ ან თქვენმა მომვლელმა პირმა/ახლობელმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ წარსულში გქონდათ ინსულტი ან მიკროინსულტი.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ თვითდაზიანების ფიქრები ან შეგრძნება. არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა სუიციდზე ფიქრები და სუიციდური ქცევა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კუნთების დაჭიმულობა ან მოუქნელობა მაღალი სიცხის, ოფლიანობის, ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლის და ძალიან სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის თანხლებით.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი მომვლელი პირი/ახლობელი შენიშნავთ დამოკიდებულების განვითარებას ან თქვენთვის უჩვეულო ქცევის სურვილს, როდესაც არ შეგიძლიათ სურვილების დაძლევა, კონტროლი ან გარკვეული მოქმედებების შესრულების ცდუნების დაძლევა. ამ მდგომარეობას ეწოდება სურვილის კონტროლის დარღვევა და ითვალისწინებს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, საკვების მიღების ან საყიდლებზე სიარულის ძლიერი მოთხოვნილება, პათოლოგიურად მაღალი სექსუალურ დამოკიდებულება ან სექსუალური აზრებისა და შეგრძნებების მომატება.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დააკორექტიროს დოზა ან მოგიხსნათ პრეპარატი.
ბავშვები და მოზარდები
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ბავშვებსა და 13 წლამდე ასაკის მოზარდებში. ამ პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ ცნობილი არ არის.
სხვა პრეპარატები და აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
არტერიული წნევს დამაქვეითებელი პრეპარატები: აბიზოლი ოროდისპერგირებად ტაბლეტებს შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატების ეფექტიანობა. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ პრეპარატებს თქვენი არტერიული წნევის საკონტროლოდ.
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღებისას გარკვეულ პრეპარატებთან ერთად ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების ან სხვა პრეპარატების თქვენს მიერ მისაღები დოზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:
გულისცემის დასარეგულირებელი პრეპარატები (როგორიცაა ქინიდინი, ამიოდარონი, ფლეკაინიდი)
ანტიდეპრესანტები ან მცენარეული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვის სამკურნალოდ (როგორიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ვენლაფაქსინი, კრაზანას პრეპარატები)
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი)
აივ ინფექციის სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი, პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგალითად ინდინავირი, რიტონავირი)
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი)
გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ (რიფაბუტინი, რიფამპიცინი)
ამ პრეპარატებს შეუძლია გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი ან შეამციროს აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მოქმედება; ნებისმიერი მითითებული პრეპარატის აბიზოლი ოროდისპერგირებად ტაბლეტებთან ერთდროულად მიღებისას ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატები, რომლებიც ზრდის სეროტონინის დონეს, ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც მოიცავს დეპრესიას, გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას, ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას და სოციალურ ფობიას, ასევე შაკიკის და ტკივილის სამკურნალოდ:
· ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი, გამოიყენება ისეთი მდგომარეობებისთვის, რომლებიც მოიცავს დეპრესიას, გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას, ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას და სოციალურ ფობიას, ასევე შაკიკის და ტკივილის სამკურნალოდ
· სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (როგორიცაა, პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი), გამოიყენება დეპრესიისთვის, ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობისთვის, პანიკისთვის და შფოთვისთვის
· სხვა ანტიდეპრესანტები (როგორიცაა ვენლაფაქსინი და ტრიპტოფანი), გამოიყენება ძლიერი დეპრესიის დროს
· ტრიციკლური საშუალებები (როგორიცაა კლომიპრამინი და ამიტრიპტილინი), გამოიყენება დეპრესიული დაავადებისთვის
· კრაზანას პრეპარატები (Hypericum perforatum), გამოიყენება მცენარეული საშუალების სახით ზომიერი დეპრესიისთვის
· ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (როგორიცაა ტრამადოლი და პეტიდინი), გამოიყენება ტკივილის შემსუბუქებისთვის
· ტრიპტანები (როგორიცაა სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანი), გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ
ამ პრეპარატებს შეუძლია გაზარდოს გვერდითი მოქმედების რისკი; ნებისმიერი აღნიშნული პრეპარატის აბიზოლთან ერთად მიღებისას უჩვეულო სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე) დედის მიერ აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღებისას ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების დაჭიმულობას ან/და სისუსტე, ძილიანობა, მოუსვენრობა, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ თქვენს ბავშვს განუვითარდა ნებისმიერი აღნიშნული სიმპტომი, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღებისას თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ძუძუთი კვების საკითხს თქვენი მკურნალობისგან მიღებული სარგებელისა და ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელის გათვალისწინებით. არ შეიძლება ორივე მოქმედების ერთად განხორციელება. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღების პერიოდში თქვენი ბავშვის კვების საუკეთესო მეთოდების საკითხთან დაკავშირებით.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მოცემული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვება და მხედველობის პრობლემები (იხ. პარაგრაფი 4). ეს უნდა გაითვალისწინოთ იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სრული კონცენტრაცია, მაგალითად სარანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები შეიცავს ასპარტამს
პაციენტები, რომლებისთვისაც არ შეიძლება ფენილალანინის მიღება, უნდა გაითვალისწინონ, რომ აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები შეიცავს ასპარტამს, რომელიც არის ფენილალანინის წყარო. შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე პირებისთის.
3. როგორ მიიღება აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების ზუსტად დაცვით. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 15 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. თუმცა, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზა მაქსიმალურ დოზამდე 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მოცემული პრეპარატით მკურნალობის დაწყება შეიძლება დაბალი დოზით.
მოზარდებისთვის შეიძლება დოზის თანდათანობით გაზრდა რეკომენდებულ დოზამდე 10 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. თუმცა, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზა მაქსიმალურ დოზამდე 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია.
სასურველია აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
არ გახსნათ ბლისტერი, თუ არ იქნებით მზად ტაბლეტის მისაღებად. ერთი ტაბლეტის ამოსაღებად, გახსენით შეფუთვა, მოხსენით ბლისტერს ფოლგა და ამოიღეთ ტაბლეტი. არ გახვრიტოთ ფოლგა ტაბლეტზე თითის დაჭერით, რადგან შეიძლება დააზიანოთ ტაბლეტი. ბლისტერის გახსნისთანავე მშრალი ხელით ამოიღეთ ტაბლეტი და მოათავსეთ მთლიანი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი ენაზე. ტაბლეტი სწრაფად იხსნება ნერწყვში. ოროდისპერგირებადი ტაბლეტი მიიღება სითხესთან ერთად ან მის გარეშე.
ალტერნატივის სახით, გახსნეთი ტაბლეტი წყალში და დალიეთ მიღებული სუსპენზია.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, არ შეცვალოთ ან შეწყვიტოთ აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების დღიური დოზის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ მიიღეთ აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა
თუ შენიშნეთ, რომ მიიღეთ აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების ექიმის მიერ რეკომენდებულზე მეტი დოზა (ან თუ სხვა პირმა მიიღო აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. თუ ვერ უკავშირდებით თქვენს ექიმს, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს და თან იქონიეთ შეფუთვა.
პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს არიპიპრაზოლის საჭიროზე მეტი დოზა, აღენიშნათ შემდეგი სიმპტომები:
სწრაფი გულისცემა, მოუსვენრობა/აგრესიულობა, მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები.
უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით, სახის ან ენის) და ცნობირების დაქვეითება.
სხვა სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს:
ძლიერ დაბნეულობას, კრუნჩხვას (ეპილეფსიას), კომას, ცხელების, ქოშინის და ოფლიანობის კომბინაციას.
კუნთების დაჭიმულობას, სისუსტეს ან ძილიანობას, სუნთქვის შენელებას, სუნთქვის გაძნელებას, მაღალ ან დაბალ არტერიულ წნევას, გულისცემის დარღვევას.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს ზემოთ მითითებული ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში.
თუ დაგავიწყდათ აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ არ მიიღოთ ორი დოზა ერთ დღეში.
თუ შეწყვიტეთ აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღება
არ შეწყვიტოთ მკურნალობა მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია, დაიცვათ ექიმის რეკომენდაციები აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
შაქრიანი დიაბეტი,
დაძინების გაძნელება,
შფოთვის შეგრძნება,
მოუსვენრობისა და სიმშვიდის შენარჩუნების შეუძლებლობა, მშვიდად ჯდომის შეუძლებლობა,
უკონტროლო რხევითი მოძრაობები, მოუსვენარი ფეხები,
კანკალი,
თავის ტკივილი,
დაღლილობა,
ძილიანობა
გულის წასვლის წინა მდგომარეობა,
კანკალი და არამკვეთრი მხედველობა,
დეფეკაციის რაოდენობის შემცირება ან გაძნელება,
საჭმლის მონელების დარღვევა,
სისუსტის შეგრძნება,
პირის ღრუში ნერწყვის ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობა,
ღებინება,
დაღლილობის შეგრძნება.
არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება,
სისხლში შაქრის ძალიან მაღალი შემცველობა,
დეპრესია,
შეცვლილი ან მომატებული სექსუალური ინტერესი,
პირის, ენის და კიდურების უკონტროლო მოძრაობები (გვიანი დისკინეზია),
დარღვევა კუნთების მხრივ, რაც იწვევს სპაზმურ მოძრაობებს (დისტონია),
გაორებული მხედველობა,
სწრაფი გულისცემა,
არტერიული წნევის დაცემა ფეხზე წამოდგომისას, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, გულის წასვლის წინა მდგომარეობას ან გულის წასვლას,
სლოკინი.
შემდეგი გვერდითი მოქმედება აღინიშნა პერორარული არიპიპრაზოლის პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოყენებისას, მაგრამ მათი გამოვლენის სიხშირე უცნობია:
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე,
სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე,
ალერგიული რეაქციები (მაგალითად პირის, ენის, სახის და ყელის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება),
დიაბეტის გამოვლენა ან დამძიმება, კეტოაციდოზი (კეტონები სისხლში და შარდში) ან კომა,
სისხლში შაქრის მაღალი დონე,
სისხლში არასაკმარისი ნატრიუმი,
მადის დაკარგვა (ანორექსია),
წონის კლება,
წონის მომატება,
სუიციდზე ფიქრები, სუიციდის მცდელობა და სუიციდი,
აგრესიულობის შეგრძნება,
მოუსვენრობა,
ნერვოზულობა,
ცხელების, კუნთების დაჭიმულობის, სწრაფი სუნთქვის, ოფლიანობის, ცნობიერების დაქვეითების და არტერიული წნევის მოულოდნელად შეცვლისა და გულისცემის, გონების დაკარგვის კომბინაცია (ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი),
კრუნჩხვა,
სეროტონინული სინდრომი (რეაქცია, რომელიც შეიძლება იწვევდეს დიდი ბედნიერების შეგრძნებას, ძილიანობას, მოუქნელობას, მოუსვენრობას, თრობის შეგრძნებას, ცხელებას, ოფლიანობას ან კუნთების რიგიდულობას),
მეტყველების დარღვევა,
მოულოდნელი სიკვდილი დაუდგენელი მიზეზით,
სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა,
გულის შეტევა,
შენელებული პულსი,
თრომბები ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები ითვალისწინებს ფეხების შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს), რომლებიც შეიძლება გადაადგილდებოდეს სისხლძარღვებით ფილტვებში და იწვევდეს ტკივილს გულ-მკერდის არეში და სუნთქვის გაძნელებას (თუ შენიშნავთ ამ სიმპტომებიდან ნებისმიერს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო რჩევისთვის),
მაღალი არტერიული წნევა,
გულის წასვლა,
პნევმონიის (ფილტვების ინფექცია) რისკით საკვების შემთხვევით შესუნთქვა,
კუნთების სპაზმი ხმის იოგების გარშემო,
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება,
ყლაპვის გაძნელება,
დიარეა,
დისკომფორტი მუცლის არეში,
დისკომფორტი კუჭის არეში,
ღვიძლის უკმარისობა,
ღვიძლის ანთება,
კანის და თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება,
ღვიძლის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები,
კანზე გამონაყარი,
მგრძნობელობა სინათლის მიმართ,
გამელოტება,
ძლიერი ოფლიანობა,
კუნთების პათოლოგიური დარღვევები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს თირკმელების პრობლემებს,
კუნთების ტკივილი,
დაჭიმულობა,
უნებლიე შარდვა (შეუკავებლობა),
შარდვის გაძნელება,
მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში, რომლებიც განიცდიდნენ ზემოქმედებას მუცლად ყოფნის პერიოდში,
გახანგრძლივებული ან/და მტკივნეული ერექცია,
სხეულის ტემპერატურის კონტროლის გაძნელება ან გადახურება,
ტკივილი გულ-მკერდის არეში,
ხელების, მუხლების ან ტერფების შეშუპება,
სისხლის ანალიზებით: სისხლში შაქრის შემცველობის ცვალებადობა, გლიკოზილირებული ჰემოგლობინის მომატება.
იმპულსებთან შეწინააღმდეგობის, კონტროლის შეუძლებლობა და ისეთი მოქმედებების შესრულებაზე უარის თქმის შეუძლებლობა, რომლებიც შეიძლება საზიანო იყოს თქვენთვის ან სხვებისთვის, მაგალითად:
აზარტული თამაშების ძლიერი სურვილი, მიუხედავად სერიოზული პიროვნული ან ოჯახური შედეგებისა
შეცვლილი ან მომატებული სექსუალური ინტერესი და ქცევა, რომელიც სერიოზულად გაღელვებთ თქვენ ან სხვა პირებს, მაგალითად მომატებული სქესობრივი ლტოლვა
საყიდლებზე სიარულის ძლიერი უკონტროლო სურვილი
დიდი რაოდენობის საკვების მიღება (დიდი რაოდენობის საკვების მიღება მოკლე პერიოდში) ან კომპულსური ჭამა (ჩვეულებრივზე მეტი საკვების მიღება და იმაზე მეტი საკვების მიღება, რაც საჭიროა შიმშილის დასაკმაყოფილებლად)
ხეტიალისკენ მიდრეკილება.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ეს ქცევა; ის განიხილავს სიმპტომების მართვის ან შემცირების მეთოებს.
დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არიპიპრაზოლის მიღებისას აღინიშნა უფრო მეტი ლეტალური შემთხვევა. ასევე, აღინიშნა ინსულტის ან მიკროინსულტის შემთხვევები.
დამატებითი გვერდითი მოქმედებები ბავშვებსა და მოზარდებში
13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირე და ტიპი იყო მოზრდილებში აღნიშნულის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ ძილიანობა, უკონტროლო რხევითი მოძრაობები, მოუსვენრობა და დაღლილობა მიეკუთვნებოდა ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენების კატეგორიას (10 პაციენტიდან 1-ზე მეტი), ხოლო ტკივილი მუცლის ქვედა არეში, პირის ღრუს სიმშრალე, მომატებული გულისცემა, წონის მომატება, მადის მომატება, კუნთების სპაზმი, კიდურების უკონტროლო მოძრაობები და თავბრუსხვევის შეგრძნება, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ფეხზე წამოდგომისას, მიეკუთვნებოდა ხშირი გვერდითი მოვლენების კატეგორიას (100 პაციენტიდან 1-ზე მეტი).
5. როგორ ინახება აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ტენიანობისგან დაცვის მიზნით შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა არიპიპრაზოლი.
ერთი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს.
სხვა ინგრედიენტებია: კალციუმის სილიკატი, მანიტოლი, მანიტოლი DC, პლასდონი XL-10, კროსპოვიდონი CL, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, ღვინის მჟავა, რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაგნიუმის სტეარატი, ალუბლის არომატიზატორი, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 200.
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
აბიზოლი 10 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტები არის მრგვალი ვარდისფერი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “10“, რომელიც შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს.
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები წარმოდგენილია სილიკაგელი ალუმინი-ალუმინი/მოსახსნელ ბლისტერებში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში 7x4 ოროდისპერგირებადი ტაბლეტით.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით