Plasmon
დეტრი-დროპსი / DETRI-DROPS


აქტიური ნივთიერება: პრეპარატის 1 მლ შეიცავს: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 0.375 მგ (15000 სე-ის ექვივალენტი).

დამხმარე ნივთიერებები: პოლიოქსილი 35 აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ბენზილის სპირტი, არომატიზატორი „ტუტი-ფრუტი", დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, გასუფთავებული წყალი.

 

წვეთები შიგნით მისაღებად, 10 მლ, ქარვისფერ შუშის ფლაკონში, თეთრი ფერის პლასტიკატის თავსახურით და საწვეთურით. 

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

1. რა არის დეტრი-დროპსი და რისთვის გამოიყენება

დეტრი-დროპსი ვიტამინების ჯგუფის პრეპარატია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3). 

ვიტამინი D3 წარმოიქმნება ადამიანის კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, აგრეთვე შედის რამოდენიმე სახის საკვებში. იგი ხელს უწყობს თირკმელებით და ნაწლავის საშუალებით კალციუმის ათვისებას და მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში. ვიტამინი D3-ის დეფიციტი – ბავშვებში რაქიტის (ძვლების მინერალიზაციის პროცესის დარვევა) და მოზრდილებში ოსტეომალაციის (ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია) ყველაზე ხშირი მიზეზია.

 

პრეპარატი დეტრი-დროპსი გამოიყენება:

ბავშვებში რაქიტის (ძვლების მინერალიზაციის დარღვევა გამოწვეული უმეტესად ვიტამინი D3-ის დეფიტით) და მოზრდილებში ოსტეომალაციის (ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია, გამოწვეული უმეტესად ვიტამინი D3-ის დეფიტით) პროფილაქტიკისთვის;

დღენაკლულ ახალშობილებში რაქიტის პროფილაქტიკისთვის;

ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის მაღალი რისკის ჯგუფის ბავშვებსა და მოზრდილებში; 

ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ექიმის მიერ დადგენილი საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის (მალაბსორბციის სინდრომი) მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში;

ბავშვებში რაქიტის და მოზრდილებში ოსტეომალაციის სამკურნალოდ;

ოსტეოპოროზის დროს შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მოზრდილებში;

პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის სამკურნალოდ მოზრდილებში.

 

 

2. რისი ცოდნაა საჭირო დეტრი-დროპსის მიღებამდე

ნუ მიიღებთ დეტრი-დროპსს, თუ:

• აღგენიშნებათ ალერგია ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) ან  პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

• გაქვთ სისხლში კალციუმის მომატებული შემცველობა (ჰიპერკალციემია);

• გაქვთ შარდში კალციუმის მომატებული შემცველობა (ჰიპერკალციურია);

• აღგენიშნებათ ფსევდოჰიპოპარათიროეიდოზი (პარათირეოიდული ჰორმონის მეტაბოლიზმის დარღვევა);

• გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან შარდკენჭოვანი დაავადება და მიდრეკილნი ხართ თირკმელებში კენჭების წარმოქმნისადმი;

• აღგენიშნებათ ვიტამინი D3-ის მომატებული შემცველობა სისხლში (D ჰიპერვიტამინოზი).

 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

დეტრი-დროპსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა, თუ:

• ღებულობთ გულის დაავადებების სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს (მაგალითად, საგულე გლიკოზიდები, როგორიცაა დიგოქსინი).

• გაქვთ სარკოიდოზი (იმუნური სისტემის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში შეიძლება აღინიშნოს ვიტამინი D3-ის მომატებული რაოდენობა).

• ღებულობთ ვიტამინ D3-ის შემცველ სამკურნალო საშუალებებს ან ვიტამინ D3-ით გამდიდრებულ საკვებს ან რძეს. 

• ხანგრძლივად იმყოფებით მზეზე პრეპარატით მკურნალობის პერიოდში.

• ღებულობთ კალციუმის შემცველ საკვებ დანამატებს (დეტრი-დროპსით მკურნალობის პერიოდში ექიმი გაგიკონტროლებთ სისხლში კალციუმის შემცველობის, რათა დარწმუნდეს, რომ კალციუმის დონე არ არის ზედმეტად მაღალი).

• აღგენიშნებათ თირკმლის დაზიანება ან დაავადება (შესაძლოა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში კალციუმის და ფოსფორის კონტროლი).

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით. 

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

• გულზე ან თირკმელზე მოქმედი პრეპარატები, როგორიცაა საგულე გლიკოზიდები (მაგალითად, დიგოქსინი) ან დიურეტიკები. აღნიშნული პრეპარატების ვიტამინ D3-თან ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია სისხლში და შარდში კალციუმის დონის მატება.

• ვიტამინი D3-ის შემცველი პრეპარატები ან ვიტამინ D3-ით გამდიდრებული საკვები ან რძე.

• რიფამპიცინი, იზონიაზიდი (ტუბერკულოზის სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატების მიღებამ შეიძლება შეამციროს ვიტამინი D3-ის ეფექტურობა.

• შემდეგი პრეპარატები ვიტამინი დ3-ის შეწოვაზე მათი შესაძლო გავლენის გამო:

- ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტიკონვულსანტები), ბარბიტურატები.

- გლუკოკორტიკოსტეროიდები (სტეროიდული ჰორმონები, როგორიცაა ჰირდოკორტიზონი ან პრედნიზოლონი).

შემდეგი პრეპარატების გამოყენებისას შესაძლოა ვიტამინი D3-ის ეფექტურობის შემცირება:

- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის შემცველობას (მაგალითად, კოლესტირამინი, კოლესტიპოლი).

- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ სისხლში კალციუმის შემცველობას (მაგალითად, კალციტონინი, ეტიდრონატი).

- ზოგიერთი წონის დაკლების მიზნით გამოყენებული სამკურნალო საშუალება, რომლებიც ამცირებს ნაწლავში ცხიმების შეწოვას (მაგალითად, ორლისტატი).

- ზოგიერთი საფაღარათო საშუალება (მაგალითად, თხევადი ვაზელინი).

- მაგნიუმის და ალუმინის შემცველი ანტაციდური საშუალებები (გამოიყენება გულძმარვის და საჭმლის მონელების დარღვევის დროს).

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატით მკურნალობის დაწყენაბმდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. 

არ მიიღოთ  ვიტამინი D-ს შემცველი პრეპარატები სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე, ვინაიდან ლაქტაციის პერიოდში ვიტამინი D-ს ჭარბი რაოდენობის მიღებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.

 

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეტრი-დროპსის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

პრეპარატი შეიცავს საქაროზას. ეს პრეპარატი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები. 

პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

 

3. დეტრი-დროპსის მიღების წესი

პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

რაქიტის და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა

ბავშვებში და მოზრდილებში ინიშნება 1 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 500 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).

დღენაკლულ ახალშობილებში ინიშნება 2 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია). აღნიშნული სადღეღამისო დოზა გამოიყენება კორექტირებული პოსტკონცეპტუალური ასაკის 40 კვირამდე, ხოლო შემდეგ ხდება პროფილაქტიკური დოზის შემდგომი შემცირება. დოზირების რეჟიმი გაინსაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

 

ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფის ბავშვებსა და მოზრდილებში

1 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 500 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).

 

ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა მალაბსორბციის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში

6-10 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 3000-5000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).

 

რაქიტის მკურნალობა

ახალშობილებში, წლამდე ასაკის და მცირეწლოვან ბავშვებში (0-დან 5 წლამდე) ინიშნება 2-4 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000-2000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).

ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ინიშნება 4-10 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 2000-5000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).

 

ოსტეომალაციის მკურნალობა

მოზრდილებში ინიშნება 2-4 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000-5000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).

 

შემანარჩუნებელი თერაპია ოსტეოპოროზის დროს

2 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).

 

პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის მკურნალობა მოზრდილებში

მოზრდილებში დოზირების რეკომენდირებული დიაპაზონი შეადგენს ყოველდღიურად ვიტამინი D3-ს 20-40 წვეთს ყოველდღიურად (რაც ვიტამინი 10000-20000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია). პრეპარატის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სისხლის შრატში კალციუმის დონეზე. თერაპიის დასაწყისში კალციუმის დონე შრატში უნდა გაკონტროლდეს ყოველ 4-6 კვირაში და შემდგომში ყოველ 3-6 თვეში. აუცილებლობისას დოზა უნდა დაკორექტირდეს შრატში კალციუმის დონის მიხედვით.

 

ბავშვები:

პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში 2 კვირის ასაკიდან.

მკურნალობის ხანგრძლივობა

რაქიტის პროფილაქტიკა

ახალშობილებში და წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სიცოცხლის მე-2 კვირიდან 1 წლის დასრულებამდე. რეკომენდებულია პრეპარატის მიღების გაგრძელება ბავშვის სიცოცხლის მეორე წელს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

რაქიტისა და ოსტეომალაციის მკურნალობა

თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 6 კვირას პროფილაქტიკური დოზების შემდგომი დანიშვნით. რეკომენდებული არ არის პრეპარატის თერაპიული დოზების გამოყენება 1 წლის განმავლობაში დოზის გადაჭარბების რისკის გამო. 

გამოყენების სხვა ჩვენებები

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.

 

გამოყენების წესი

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

პრეპარატის დოზის ზუსტად გასაზომად წვეთების დათვლისას ფლაკონი უნდა გეჭიროთ დახრილი 450 კუთხით. 

ახალშობილები, წლამდე ასაკის და მცირეწლოვანი ბავშვები (0-დან 2 წლამდე).

მიღების წინ რეკომენდებულია პრეპარატის საჭირო რაოდენობის განზავება ჩაის კოვზი რძით ან წყლით. საკვების შემცველ ბოთლში ან კოვზზე დამატებისას აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ საკვების მიღება მოხდა სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატის სრული დოზის მიღება გარანტირებული ვერ იქნება. წვეთები უნდა დაემატოს შეგრილებულ საკვებში უშუალოდ მოხმარების წინ.

ბავშვები 2 წლის ასაკიდან, 18 წლამდე ასაკის მოზარდები და მოზრდილები

პრეპარატი მიიღება ერთ სუფრის კოვზ სითხესთან ერთად.

 

იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ დეტრი-დროპსის ჭარბი რაოდენობა

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის ჭარბი რაოდენობის მიღების შესახებ. შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მომატებული წყურვილის შეგრძნება, 24 სთ-ის განმავლობაში შარდის გამოყოფა ჭარბი რაოდენობით, ყაბზობა, ორგანიზმის გაუწყლოვნება, კალციუმის მომატებული დონე სისხლში და შარდში (ჰიპერკაციემია და ჰიპერკალციურია), რაც ვლინდება ლაბორატორიული კვლევების დროს.

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ დეტრი-დროპსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დეტრი-დროპსის მიღება, მიიღეთ გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება სწრაფად, სანამ არ დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო. თუ დადგა პრეპარატის მომდევნო დოზის მიღების დრო, ნუ მიიღებთ გამოტოვებულ დოზას. დაუშვებელია სამკურნალო საშუალების დოზირების გაორმაგება გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით! შემდგომში პრეპარატი გამოიყენება დოზირების რეკომენდებული რეჟიმის შესაბამისად. 

 

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერ¬დითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლენა: 

• მადის დაქვეითება, სხეულის მასის შემცირება, წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება

• დეპრესია, ფსიქიკური აშლილობები

• ლიბიდოს დაქვეითება

• თავის ტკივილი, ძილიანობა

• გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება

• სურდო, ცხელება

• კალციუმის მომატებული დონე სისხლში, შარდში და ქსოვილებში 

• შარდოვანას და კრეატინინის მომატებული რაოდენობა სისხლში (ურემია)

• კენჭების წარმოქმნა თურკმელებში (ნეფროლითიაზი)

• გახშირებული შარდვა

• ტკივილი კუნთებში და სახსრებში, კუნთოვანი სისუსტე

• ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მატება სისხლში

• გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, მომატებული ოფლიანობა

• სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თვალების ანთება

• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება 

• ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში

• პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცელში ან დიარეა

 

ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების ან იმ გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული პრეპარატის ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

 

5. დეტრი-დროპსის შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. 

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა:

3 წელი

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ დეტრი-დროპსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

არ გამოიყენოთ დეტრი-დროპსი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

სად შევიძინოთ?