შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ქლორიდს - 9 მგ, ქლორწყალბადმჟავას (10 %-იან ხსნარს) – 0,26 მგ, საინექციო წყალს - 993,74 მგ.
აღწერა
გამჭვირვალე წითელი ფერის ხსნარი, თავისუფალი მინარევი ნაწილაკებისგან.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ანტიბიოტიკი.
ათქ კოდი: L01DB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დოქსორუბიცინი არის ანტრაციკლინების რიგის სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი, რომელიც გამოყოფილი იქნა Streptomyces peucetius var. caesius კულტურიდან. ახდენს ანტიმიტოტიკურ და ანტიპროლიფერატიულ მოქმედებას. აღწერილია დოქსორუბიცინის მოქმედების სამი ძირითადი მექანიზმი: ურთიერთქმედება დნმ-თან, ტოპოიზომერაზა I-ის, დნმ-ის და რნმ-ის ინჰიბირება, თავისუფალი რადიკალების წარმოქმნა და პირდაპირი ზემოქმედება უჯრედების მემბრანებზე, რაც იწვევს დნმ-ის რეპლიკაციის და ნუკლეინური მჟავების დათრგუნვას, აგრეთვე, პირდაპირ ციტოტოქსიკურ მოქმედებას. პრეპარატის მიმართ უჯრედები მგრძნობიარენი არიან მიტოზის S- და G2-ფაზებში.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად გამოყენებისას აბსორბცია არ ხდება. ინტრავენუად შეყვანის შემდეგ დოქსორუბიცინი ავლენს მრავალფაზიან განაწილებას: პირველი ხუთი წუთის განმავლობაში ხდება დოქსორუბიცინის შებოჭვა ქსოვილების მიერ და პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაქვეითება; ნახევრად გამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი ქსოვილებიდან დოქსორუბიცინის ნელ ელიმინაციასთან არის დაკავშირებული. მისი კონცენტრირება ხდება ღვიძლში, მიოკარდიუმში, ელენთაში, ფილტვებში. ჰემატოენცეფალურ ბარიერში არ აღწევს. აღწევს პლაცენტარულ ბარიერში; გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. კავშირი პლაზმის ცილებთან 50-85 %-ს შეადგენს. განაწილების მოცულობაა - 800-3500 ლ/მ2.
ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტის დოქსორუბიცინოლის წარმოქმნით, ნაკლები ხარისხით ანგლიკონის წარმოქმნით, უკავშირდება გლუკურონიდებს და სულფატებს. ოქსიდაზების, რედუქტაზების და დეჰიდროგენაზების ზემოქმედებით დოქსორუბიცინის ფერმენტატული აღდგენა თავისუფალი რადიკალების წარმოქნას იწვევს, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს კარდიოტოქსიკური მოქმედების გამოვლენას. ნახევრადგამოყოფის პერიოდი დოქსორუბიცინის და დოქსორუბიცინოლისთვის არის - 20-48 საათი.
პრეპარატის კლირენსი პლაზმიდან ვარირებს 8-დან 20 მლ/წთ/კგ-მდე. დოქსორუბიცინის კლირენსი, ძირითადად, ხორციელდება მეტაბოლიზმის და ნაღველთან ექსკრეციის გზით.
გამოყოფა: ნაღველთან ერთად - 40 % უცვლელი სახით 7 დღის განმავლობაში, თირკმელებით დოქსორუბიცინის და მისი მეტაბოლიტების 5 – 12 % 5 დღის განმავლობაში. დოქსორუბიცინის სისტემური კლირენსი მნიშვნელოვნად ქვეითდება ქალებში სიმსუქნით, რომელთა სხეულის მასა ოპტიმალურის 130 %- ზე მეტს შეადგენს.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ ჯგუფებში
ბავშვები. დოქსორუბიცინის კლირენსი 2 წელზე უფროს ბავშვებში აჭარბებს ამგვარს მოზრდილებში, 2 წელზე უმცროს ბავშვებში უახლოვდება მოზრდილების კლირენსის მნიშვნელობებს.
ხანდაზმული პაციენტები. დოზის კორექტირება ასაკის გათვალისწინებით არ მოითხოვება.
სქესი. დოქსორუბიცინის საშუალო კლირენსი მამაკაცებს ბევრად მაღალი აქვთ, ვიდრე ქალებს. თუმცა დოქსორუბიცინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი მამაკაცებში უფრო ხანგრძლივია ქალებთან შედარებით (54 და 35 სთ შესაბამისად).
რასა. რასის ზეგავლენა დოქსორუბიცინის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ ყოფილა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს უქვეითდებათ დოქსორუბიცინის და დოქსორუბიცინოლის კლირენსი.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა. თირკმელების ფუნქციის დარღვევა დოზის კორექტირებას არ მოითხოვს.
გამოყენების ჩვენებები
სარძევე ჯირკვლის კიბო, ფილტვის კიბო (წვრილუჯრედოვანი), მეზოთელიომა, საყლაპავის კიბო, კუჭის კიბო, პირველადი ჰეპატოცელულარული კიბო, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, ინსულინომა, კარცინოიდი, თავის და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეები, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ავთვისებიანი ტიმომა, საკვეცხეების კიბო, საკვერცხის გერმინოგენური სიმსივნეები, ტროფობლასტური სიმსივნეები, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, შარდის ბუშტის კიბო (მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა ოპერატიული ჩარევის შემდეგ), ენდომეტრიუმის კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, საშვილოსნოს სარკომა, რბილი ქსოვილების სარკომა, იუინგის სარკომა, ოსტეოგენური სარკომა, რაბდომიოსარკომა, ნეირობლასტომა, ვილმსის სიმსივნე, კაპოშის სარკომა, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი, მწვავე მიელობლასტური ლეიკოზი, ქრონიკური ლიმფოლეიკოზი, ხოჯკინის დაავადება და არახოჯკინური ლიმფომები, მრავლობითი მიელომა.
გამოყენების უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა დოქსორუბიცინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების, აგრეთვე, სხვა ანტრაციკლინების და ანტრაცენდიონების მიმართ;
- ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
- ინტრავენურად შეყვანა წინააღმდეგნაჩვენებია: გამოხატული მიელოსუპრესიის (ნეიტროფილების რაოდენობა ნაკლები 1500 უჯრედზე/მმ3), გამოხატული ღვიძლის უკმარისობის, მძიმე გულის უკმარისობის და არითმიების, ახლახან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, ზღვრული ჯამური დოზებით სხვა ანტრაციკლინებით და ანტრაცენდიონებით წინმსწრების თერაპიის, მწვავე ვირუსული ინფექციების (მათ შორის, ჩუთყვავილას, სარტყლისებრი ლიქენის) დროს.
- შარდის ბუშტში შეყვანა წინააღმდეგნაჩვენებია: ინვაზიური სიმსივნეების დროს შარდის ბუშტის კედელში ჩაზრდით, საშარდე გზების ინფექციების, შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებების დროს
სიფრთხილით
სიფრთხილით უნდა გამოიყენონ იმ პაციენტებმა, ვინც ადრე იღებდა ინტენსიურ ქიმიოთერაპიას; გულის დაავადებებით; კარდიოტოქსიკურობის განვითარების რისკის ფაქტორებით; სიმსუქნით, ძვლის ტვინის სიმსივნური ინფილტრაციით, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევით (შეიძლება საჭირო გახდეს სასტარტო დოზების შემცირება ან დოზებს შორის ინტერვალის გაზრდა); ურატული ნეფროლითიაზით (მათ შორის, ანამნეზში); კომბინირებული სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის შემადგენლობაში, აგრეთვე, სხივურ ან სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიასთან შეთავსებით; ბავშვის ასაკის, ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში.
გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში
ორსული ქალების მიერ დოქსორუბიცინის გამოყენების კონტროლირებადი გამოკვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს დოქსორუბიცინის ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენური და მუტაგენური ეფექტები.
ამიტომ დოქსორუბიცინი არ უნდა გამოყენონ ორსულმა ქალებმა.
რადგან დოქსორუბიცინი აღწევს დედის რძეში, ახალშობილზე პრეპარატის ტოქსიკური მოქმედების თავიდან აცილების მიზნით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გამოყენების წესი და დოზები
ინტრავენურად, ბუშტის შიგნით ან ინტრაარტერიულად.
დოქსორუბიცინის გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის, ისე კომბინაციაში სხვა ციტოსტატიკებთან სხვადასხვა დოზებით, თერაპიის სქემაზე დამოკიდებულებით. დოზის ინდივიდუალურად შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ სპეციალური ლიტერატურის მონაცემებით.
ინტრავენურად შეყვანა
• მონოთერაპიის სახით რეკომენდებული დოზა ციკლზე შეადგენს 60-75 მგ/მ2-ს ყოველი სამი კვირა. ჩვეულებრივ პრეპარატის შეყვანა ხდება ერთჯერადად ციკლის განმავლობაში; თუმცა ციკლის დოზა შეიძლება დაიყოს რამდენიმე შეყვანად (მაგალითად, შეყვანილი იქნეს ზედიზედ პირველი სამი დღის განმავლობაში ან ციკლის პირველ და მერვე დღეს). ციკლები მეორდება ყოველ 3-4 კვირაში;
• დოქსორუბიცინის ტოქსიკური მოქმედების შესამცირებლად, განსაკუთრებით გულზე, გამოიყენება პრეპარატის 10-20 მგ/მ2-ის ყოველკვირეული შეყვანა.
• კომბინაციაში სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან დოქსორუბიცინი ინიშნება ციკლური დოზით 30-60 მგ/მ2 ყოველი 3-4.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. პაციენტებს ჰიპერბილირუბინემიით დოქსორუბიცინის დოზა უნდა შეუმცირდეთ სისხლის შრატში ბილირუბინის საერთო კონცენტრაციის შესაბამისად:
• რეკომენდებული დოზის შემცირება 50 %-ით სისხლის შრატში ბილირუბინის საერთო კონცენტრაციის 1,2-3,0 მგ/დლ შემთხვევაში;
• რეკომენდებული დოზის შემცირება 75 %-ით სისხლის შრატში ბილირუბინის 3,0 მგ/დლ-ზე მაღალი საერთო კონცენტრაციის დროს;
დოქსორუბიცინის ჯამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 550 მგ/მ2-ს.
ავადმყოფებისთვის, ვინც ადრე იღებდა სხივურ თერაპიას ფილტვების და შუასაყარის არეზე ან მკურნალობდა სხვა კარდიოტოქსიკური პრეპარატებით, დოქსორუბიცინის ჯამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 400 მგ/მ2-ს.
შარდის ბუშტში შეყვანა.
შარდის ბუშტში შეყვანა გამოიყენება შარდის ბუშტის ზედაპირული სიმსივნეების სამკურნალოდ, აგრეთვე, ტრანსურეთრალური რეზექციის შემდეგი რეციდივების პროფილაქტიკისთვის. შარდის ბუშტში შეყვანა არ გამოიყენება შარდის ბუშტის კუნთის კედელში ჩაზრდილი ინვაზიური სიმსივნეების სამკურნალოდ.
ბუშტის შიგნით შესაყვანად რეკომენდებული დოზაა - 30-50 მგ ინსტილაციაზე (წვეთოვანი შეყვანა), შეყვანებს შორის 1 კვირიდან 1 თვემდე ინტერვალით, თერაპიის მიზნების მიხედვით - მკურნალობა თუ პროფილაქტიკა. ხსნარის რეკომენდებული კონცენტრაცია - 1 მგ/მლ საინექციო წყალი ან 0,9 %-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი. ინსტილაციის დასრულების შემდეგ პრეპარატის თანაბარი ზემოქმედების უზრუნველსაყოფად პაციენტები ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ უნდა გადაბრუნდნენ ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე. როგორც წესი, პრეპარატი უნდა დაყოვნდეს შარდის ბუშტში 1-2 საათი. ინსტილაციის ბოლოს პაციენტმა უნდა დაცალოს შარდის ბუშტი.
რომ არ მოხდეს პრეპარატის მეტისმეტად გაზავება შარდით, პაციენტები უნდა გაფრთხილებულნი იქნენ, რომ სითხის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ინსტილაციის წინ 12 საათის განმავლობაში. შარდის ბუშტში ინსტილაციისას დოქსორუბიცინის სისტემური შეწოვა ძალიან დაბალია.
ადგილობრივი ტოქსიკური მოქმედების გამოვლენისას (ქიმიური ცისტიტი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს დიზურიით, პოლიურიით, ნიქტურიით, მტკივნეული შარდვით, ჰემატურიით, დისკომფორტით შარდის ბუშტის არეში, შარდის ბუშტის კედლის ნეკროზით) ინსტილაციისთვის განკუთვნილი დოზა უნდა გაზავდეს 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კატეტერიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს (მაგალითად, მასიური ბუშტის შიდა სიმსივნეებით განპირობებული შარდის გამომყოფი არხის ობსტრუქციისას).
ინტრაარტერიული შეყვანა
ავადმყოფებისთვის ჰეპატოცელულარული კიბოთი ინტენსიური ადგილობრივი ზემოქმედების უზრუნველსაყოფად და ამავდროულად საერთო ტოქსიკური მოქმედების შესამცირებლად შეიძლება დოქსორუბიცინის შეყვანა ინტრაარტერიულად ღვიძლის მთავარ არტერიაში დოზით 30-150 მგ/მ2 3 კვირიდან 3 თვემდე ინტერვალით. უფრო მაღალი დოზების გამოყენებაა რეკომენდებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ერთდროულად ხორციელდება პრეპარატის ექსრაკორპორალური გამოყოფა. ვინაიდან, ეს მეთოდი პოტენციურად საშიშია და მისი გამოყენებისას შეიძლება მოხდეს საჰაერო ემბოლია და/ან არტერიული თრომბოზი, რომელიც იწვევს ქსოვილის გავრცელებულ ნეკროზს, ინტრაარტერიული შეყვანის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ იმ ექიმებს, ვინც უნაკლოდ ფლობს ამ მეთოდიკას.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე გადმოცემულია შემდეგი გრადაციის შესაბამისად: ძალიან ხშირი -≥10%, ხშირი - ≥1%<10%, არც ისე ხშირი -≥0,1%<1%, იშვიათი -≥0,01% <0,1% ძალიან იშვიათი -<0,01%.
სისხლმბადი სისტემის მხრიდან
ძალიან ხშირი: დოზაზე დამოკიდებული შექცევადი მიელოსუპრესია (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ანემია). ლეიკოპენია მინიმალურ მნიშვნელობას ჩვეულებრივ აღწევს პრეპარატის შეყვანის შემდეგ 10-14 დღეში, სისხლის სურათის აღდგენა ჩვეულებრივ აღინიშნება 21-ე დღეს.
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრიდან
ხშირი: ადრეული (მწვავე) კარდიოტოქსიკურობა: სინუსური ტაქიკარდია, ტაქიარითმიები (პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით), პარკუჭისზედა ან პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, აგრეთვე, ბრადიკარია, ანტრიოვენტრიკულარული ბლოკადა და ჰისის კონის ფეხების ბლოკადა და/ან პათოლოგიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) (ST-T ტალღების არასპეციფიური ცვლილება), არტერიული წნევის შემცირება, გულის ფრიალის შეგრძნება; გვიანი (გადავადებული) კარდიოტოქსიკურობა, რომელიც ვლინდება გულის მარცხენა პარკუჭის ამონატყორცნის ფრაქციის შემცირებით, შეგუბებითი გულის უკმარისობის კლინიკური სიმპტომების გარეშე და/ან სიმპტომებით, როგორიცაა ქოშინი, ფილტვების შეშუპება, პერიფერიული შეშუპებები, კარდიომეგალია და ჰეპატომეგალია, ოლიგურია, ასციტი, ექსუდაციური პლევრიტი, ჭენების რითმი, პერიკარდიტი, მიოკარდიტი.
ძალიან იშვიათი: ფლებიტი, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლიური გართულებები, ფილტვის არტერიის ემბოლიის ჩათვლით (რიგ შემთხვევებში, ლეტალური შედეგით).
საკვების მომნელებელი სისტემის მხრიდან
ძალიან ხშირი: გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსების დაწყლულება (სტომატიტი, ეზოფაგიტი, წყლულოვანი კოლიტი, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებიდან მე-5 მე-10 დღეს და განმეორებითი თერაპიული ციკლების დროს შეიძლება პროგრესირებდეს), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰიპერპიგმენტაცია, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, კოლიტი. სისხლის შრატში საერთო ბილირუბინის კონცენტრაციის და ”ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტიურობის გაზრდა.
შარდსასქესო სისტემის მხრიდან
ხშირი: შარდის შეფერადება წითლად დოქსორუბიცინის შეყვანის შემდეგ 1-2 დღის განმავლობაში, ჰემატურია, პოლიურია, სტრანგურია, მტკივნეული შარდვა, გემორაგიული ცისტიტი, ამენორეა (თერაპიის დასრულების შემდეგ ხდება ოვულაციის აღდგენა, თუმცა შეიძლება დადგეს ნაადრევი მენოპაუზა), ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია (რიგ შემთხვევებში ხდება სპერმატოზოიდების რაოდენობის აღდგენა ნორმალურ დონემდე; ეს შეიძლება მოხდეს თერაპიის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელიწადში);
11784754-02
იშვიათი: შარდმჟავას მომატებულ წარმოქმნასთან დაკავშირებული ნეფროპათია.
გრძნობის ორგანოების მხრიდან
იშვიათი: კონიუქტივიტი, კერატიტი, ცრემლდენა.
კანის და კანქვეშა დანამატების მხრიდან
ძალიან ხშირი: შექცევადი სრული ალოპეცია (თმის ზრდის განახლება ჩვეულებრივ იწყება პრეპარატის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ 2-3 თვეში), კანის და ფრჩხილების ჰიპერპიგმენტაცია, ფოტომგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი.
ზოგიერთ ავადმყოფს, რომელთაც ადრე ჩაუტარდათ სხივური თერაპია დოქსორუბიცინის შეყვანის შემდეგ (ჩვეულებრივ 4-7 დღეში) აღენიშნებოდა გაღიზიანებული კანის ჰიპერმგრძნობელობა, ერითემის გაჩენა ბუშტუკების წარმოქმნით, შეშუპება, ძლიერი ტკივილი შეყვანის ადგილას, დასხივების ველების შესაბამისი სველი ეპიდერმიტი.
სუნთქვის სისტემების მხრიდან:
ძალიან იშვიათი: ტაქიპური დისპნოე, ექსუდაციური პლევრიტი, ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციალური პნევმონია.
ადგილობრივი რეაქციები
არც ისე ხშირი: ერიტემატოზური დახაზულობა ვენის სვლის გასწვრივ, რომელშიც ჩატარდა ინფუზია, ადგილობრივი ფლებიტი ან თრომბოფლებიტი, ფლებოსკლეროზი (თუ განმეორებით დოქსორუბიცინის შეყვანა ხდება მცირე ვენაში). პრეპარატის მოხვედრისას გარშემო არსებულ ქსოვილებში შეიძლება გაჩნდეს მტკივნეულობა, კანქვეშა უჯრედისის მძიმე ანთება და ქსოვილების ნეკროზი.
ინტრაარტერიული შეყვანისას სისტემურ ტოქსიკურობასთან დამატებით შეიძლება აღინიშნოს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები (სავარაუდოდ კუჭის არტერიაში პრეპარატების რეფლუქსის ხარჯზე); ნაღვლის სადინრების შევიწროვება პრეპარატით გამოწვეული მასკლეროზირებელი ქოლანგიტის შედეგად.
ბუშტისშიდა შეყვანისას: ცისტიტი.
სხვა:
იშვიათი: შეუძლოდ ყოფნა, ძილიანობა, ასთენია, ციებ-ცხელება, სისხლის მოქცევა სახესთან, მწვავე ლიმფოციტარული ან მიელოციტარული ლეიკოზის განვითარება, ბავშვებში გვიანი ნეოპლასტიკური დაავადებების განვითარება, კერძოდ, მიელოიდური ლეიკემია.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: მძიმე მიელოსუპრესია (უპირატესად ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტოქსიკური დაზიანებები (გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, ენტერიტი, დიარეა), გულის მწვავე დაზიანებები (არტერიული წნევის შემცირება, აჩქარებული გულისცემა, რითმის დარღვევა, ტკივილი გულის არეში, გულის მწვავე უკმარისობა).
მკურნალობა: ანტიდოტი დოქსორუბიცინის მიმართ ცნობილი არ არის. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომატური თერაპია. გემოდიალიზი არაეფექტურია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დოქსორუბიცინს შეუძლია სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების ტოქსიკურობის, განსაკუთრებით მიელოტოქსიკურობის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ტოქსიკური ზემოქმედების გაძლიერება.
დოქსორუბიცინის და სხვა ციტოტოქსიკური პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას, რომელთაც პოტენციური კარდიოტოქსიკურობა გააჩნიათ (მაგალითად, როგორიცაა დაუნორუბიცინი, დაქტინომიცინი, 5-ფტორურაცილი, მიტომიცინი, ციკლოფოსფამიდი) თერაპიის მთელი კურსის განმავლობაში მოითხოვება გულის ფუნქციის საგულდაგულო კონტროლის ჩატარება. დოქსორუბიცინის რეკომენდებული დოზაა - არაუმეტეს 400 მგ/მ2. დოქსორუბიცინის გამოყენება ავადმყოფების მიერ, რომელნიც იღებდნენ დაუნორუბიცინის და დოქსორუბიცინის სრულ კუმულაციურ დოზებს (ანამნეზში), რეკომენდებული არ არის.
დოქსორუბიცინის ფონზე შესაძლებელია ციკლოფოსფამიდით გამოწვეული გემორაგიული ცისტიტის მოვლენების და 6-მერკაპტოპურინის ჰეპატოტოქსიკურობის გაძლიერება.
სტრეპტოზოტოცინი ზრდის დოქსორუბიცინის ნახევრად გამოყოფის პერიოდს.
დოქსორუბიცინი აძლიერებს დასხივებით გამოწვეულ ტოქსიკურ მოქმედებას მიოკარდიუმზე, ლორწოვან გარსებზე, კანზე და ღვიძლზე.
ურიკოზურიული ნიკრისის ქარის საწინააღმდეგო პრეპარატები ზრდიან ნეფროპათიის განვითარების რისკს.
ციკლოსპორინის და დოქსორუბიცინის ერთობლივად გამოყენებისას იზრდება ორივე პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მიელოტოქსიკურობის და ტოქსიკურობის განვითარების რისკის გაზრდამდე.
ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებს, ღვიძლის ფუნქციის გაუარესებით შეუძლიათ დოქსორუბიცინის ტოქსიკურობის ამაღლება.
ციტოქრომ P450-ის სისტემის ფერმენტების ინჰიბიტორებს (მაგალითად, ციმეტიდინს, რანიტიდინს) შეუძლიათ დოქსორუბიცინის მეტაბოლიზმის დაქვეითება და ამის შედეგად გაზარდონ მისი ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი.
ციტოქრომ P450-ის სისტემის ფერმენტების ინდუქტორებს (მაგალითად, რიფამპიცინს, ბარბიტურატებს) შეუძლიათ დოქსორუბიცინის მეტაბოლიზმის დაჩქარება და ამის შედეგად შეამცირონ მისი ეფექტურობა.
არ შეიძლება დოქსორუბიცინის შერევა სხვა პრეპარატებთან. არ შეიძლება მისი კონტაქტის დაშვება ტუტე ხსნარებთან, რადგანაც ამან შეიძლება დოქსორუბიცინის ჰიდროლიზი გამოიწვიოს.
კალციუმის არხების ”ნელ” ბლოკატორებთან (მაგალითად, ვერაპამილთან) ერთობლივად გამოყენებისას იზრდება დოქსორუბიცინის ციტოტოქსიკურობა.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ჰეპარინთან, დექსამეტაზონთან, ფლუორაცილთან, ჰიდროკორტიზონთან, ნატრიუმის სუქცინატთან, ამინოფილინთან, ცეფალოტინთან, სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან.
იმასთან დაკავშირებით, რომ დოქსორუბიცინით მკურნალობისას შესაძლებელია ბუნებრივი დამცავი მექანიზმების დათრგუნვა, რეკომენდებულია ვაქცინაციის ჩატარება მკურნალობის დამთავრებიდან გარკვეული დროის შემდეგ (3 თვიდან 1 წლამდე).
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობა დოქსორუბიცინი-ებევეთი უნდა ჩატარდეს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
• გულის ტოქსიკური დაზიანების რისკის შესამცირებლად დოქსორუბიცინით თერაპიის დაწყებამდე და მის დროს რეკომენდებულია გულის ფუნქციის რეგულარული კონტროლი დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდებით (ექოკარდიოგრაფია, სცინტიგრაფია, ელექტროკარდიოგრამა). პრეპარატით განპირობებული გულის უკმარისობის ადრეულად გამოვლენა წარმატებული მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარდიოტოქსიკურობის ნიშნების აღმოჩენისას (კლინიკური მნიშვნელობა - არტერიული წნევის შემცირება, გულის რითმის დარღვევა, ტკივილი გულის არეში; ინსტრუმენტული ნიშნები - მარცხენა პარკუჭის ამონატყორცნის ფრაქციის შემცირება 10 %-ზე მეტად ან 50 %-ზე ნაკლებად პაციენტებში გულის შეკუმშვის საწყისი ნორმალური ფუნქციით) მკურნალობას დოქსორუბიცინით დაუყოვნებლივ წყვეტენ.
• მწვავე კარდიოტოქსიკურობის შემთხვევათა უმრავლესობაში შექცევადი ხასიათი აქვს (ეკგ-ზე რეგისტრირებულია ST-სეგმენტის დეპრესია ან არა გამოხატული რითმის დარღვევები), ჩვეულებრივ მას არ იხილავენ, როგორც დოქსორუბიცინით თერაპიის მოხსნის ჩვენება. თუმცა, თუ მოხდა QRS კომპლექსის ამპლიტუდის შემცირება საწყისი მნიშვნელობიდან 30 %-ით, QRS კომპლექსის გაფართოება ეკგ-ზე, ან კარდიოგრამის მონაცემებით მარცხენა პარკუჭის დამოკლების ფრაქციის შემცირება 5 %-ით, რეკომენდებულია დოქსორუბიცინით მკურნალობის შეწყვეტა. გვიანი (გადავადებული) კარდიოტოქსიკურობა (კარდიომიოპათია) დამოკიდებულია ჯამურ დოზაზე. მიოკარდიუმის ფუნქციის დარღვევის განვითარების ალბათობა შეადგენს დაახლოებით 1-2 %-ს 300 მგ/მ2-ის ტოლი ჯამური დოზის დროს; ამის ალბათობა ნელა იზრდება საერთო ჯამური დოზისას 450-550 მგ/მ2. ამ დოზის გადაჭარბებისას შეგუბებითი გულის უკმარისობის განვითარების რისკი მკვეთრად იზრდება, ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია დოქსორუბიცინით მკურნალობის შეწყვეტა საერთო ჯამური დოზის 550 მგ/მ2-ის მიღწევის შემდეგ. თუ პაციენტს გააჩნია კარდიოტოქსიკურობის გაჩენის რაიმე დამატებითი რისკი (მაგალითად, აღნიშვნა ანამნეზში გულის დაავადების შესახებ, წინმსწრები თერაპია ანტრაციკლინებით და ანტრაცენდიონებით, წინმსწრები სხივური თერაპია შუასაყარის არეში, სხვა პოტენციურად კარდიოტოქსიკური პრეპარატების ერთდროულად გამოყენება, როგორიცაა ციკლოფოსფამიდი და 5-ფტორურაცილი, 15 წელზე უმცროსი და 70 წელზე უფროსი ასაკი), მაშინ ტოქსიკური მოქმედება შეიძლება გამოვლინდეს უფრო დაბალი კუმულაციური დოზების დროსაც და გულის ფუნქციის კონტროლი უნდა განსაკუთრებით საგულდაგულო იქნეს. დოქსორუბიცინით გამოწვეული კარდიოტოქსიკურობა უპირატესად ვითარდება თერაპიის კურსის მსვლელობისას ან მისი დასრულებიდან ორი თვის განმავლობაში, თუმცა შეიძლება წარმოიქმნეს გადავადებული გვერდითი ეფექტები (თერაპიის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში ან წელიწადშიც კი).
• დოქსორუბიცინით მკურნალობის პროცესში აუცილებელია ჰემატოლოგიური მაჩვენებლების შეფასება თერაპიის თითოეული კურსის წინ და მის დროს, ლეიკოციტების, თრომბოციტების, ჰემოგლობინის, სისხლის ფორმული ელემენტების რაოდენობის და ღვიძლის ფუნქციონალური ტესტების განსაზღვრა.
• საჭიროა საგულდაგულო მეთვალყურეობა პაციენტებზე განვითარებული ნეიტროპენიით/ლეიკოპენიით სუპერინფექციის წარმოქმნის ნიშნების გამოსავლენად.
• დოქსორუბიცინის ექსტრავაზაციის პირველი ნიშნების (წვა ან მტკივნეულობა ინექციის ადგილას) გამოვლენისას ინფუზია უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს, ხოლო შემდეგ განახლდეს ინფუზია სხვა ვენაში სრული დოზის შეყვანამდე. ადგილობრივად უნდა ჩატარდეს ექსტრავაზაციის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებები. მიზანშეწონილია ყინულიანი პაკეტების გამოყენება.
• შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოთ შეყვანას ვენებში სახსრების ზემოთ ან კიდურების ვენებში, დარღვეული ვენოზური ან ლიმფური დრენირებით.
• დოქსორუბიცინის გამოყენების დროს სიმსივნური უჯრედების სწრაფი ლიზისის შედეგად შეიძლება აღინიშნოს ჰიპერურიკემია, ამასთან დაკავშირებით თერაპიის მსველობისას პაციენტებისთვის რეკომენდებულია სისხლის შრატში შარდმჟავას, კალიუმის, კალციუმის და კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა. ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა მომატებული ჰიდრატაცია, შარდის შეტუტვა და ჰიპერურიკემიის თავიდან ასაცილებლად ალოპურინოლის პროფილაქტიკური დანიშვნა, სიმსივნის ლიზისის სინდრომთან დაკავშირებული გართულებების რისკის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას იძლევა. ჰიპერურიკემიის და ნიკრისის ქარის მკურნალობისას შარდმჟავას კონცენტრაციის გაზრდის გამო შეიძლება საჭირო გახდეს ნიკრისის ქარის საწინააღმდეგო საშუალებების დოზების კორექტირება.
• არ არის რეკომენდებული იმუნიზაცია, თუ ის არ იქნება მოწონებული ექიმის მიერ, პრეპარატის მიღებიდან 3 თვიდან 1 წლამდე ინტერვალში; ავადმყოფთან მცხოვრები სხვა ოჯახის წევრებიც უნდა მოერიდონ იმუნიზაციას პოლიემიელიტის საწინააღმდეგო პერორალური ვაქცინით; საჭიროა ისეთ ადამიანებთან კონტაქტისგან თავის არიდება, ვინც მიიღო პოლიემიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, ან ცხვირის და პირის დამცავი ნიღბის ტარება.
• შვილოსნობის ასაკის მამაკაცებმა და ქალებმა დოქსორუბიცინით მკურნალობისას და როგორც მინიმუმ ამის შემდეგ 3 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდები.
• დოქსორუბიცინთან მუშაობისას აუცილებელია ციტოტოქსიკურ ნივთიერებებთან მოპყრობის წესების დაცვა. რეკომენდებულია პრეპარატით დაბინძურებული ზედაპირის დამუშავება ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით (1 % ქლორის შემცველობით). პრეპარატის კანზე მოხვედრისას - დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს კანის ამორეცხვა საპნიანი წყლით აბ ნატრიუმის ჰიდროკარბონატით; თვალებში მოხვედრისას - გადაიწიოს ქუთუთოები და ჩატარდეს თვალის (თვალების) ამორეცხვა წყლის დიდი რაოდენობით 15 წუთის განმავლობაში.
• დოქსორუბიცინის ინტრავენურად შეყვანა უნდა ჩატარდეს სიფრთხილით. თრომბოზების და ექსტრავაზაციის განვითარების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია დოქსორუბიცინის შეყვანა ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი მილით, ინფუზიის დროს 0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან დექსტროზის 5%-იანი ხსნარით 3-5 წუთის განმავლობაში.
• დოქსორუბიცინმა შეიძლება შარდის წითლად შეფერადება გამოიწვიოს.
• პრეპარატის ნარჩენები და ყველა ინსტრუმენტი, მასალა, რომელიც გამოყენებული იყო სისხლძარღვის შიგნით და ბუშტის შიგნით შესაყვანი დოქსორუბიცინი-ებევეს ხსნარების მოსამზადებლად უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური ნივთიერებების უტილიზაციის საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურის შესაბამისად, საშიში ნარჩენების განადგურების მოქმედი ნორმატიული აქტების გათვალისწინებით.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და საქმიანობის ისეთ სახეობებზე, რომელნიც ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვენ.
ისეთი გვერდითი ეფექტების გაჩენის ალბათობის გამო, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა, როდესაც დაკავებული ხართ პოტენციურად საშიში საქმიანობის სახეობებით, რომელნიც მომატებულ ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვენ.
გამოშვების ფორმა
კონცენტრატი სისხლძარღვის და ბუშტის შიგნით შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად 2 მგ/მლ (10 მგ/5 მლ, 20 მგ/10 მლ, 50 მგ/25 მლ, 100 მგ/50 მლ და 200 მლ/100 მლ).
5 მლ, 10 მლ, 25 მლ, 50 მლ და 100 მლ ყავისფერი ფერის ფლაკონში (მინა ტიპი 1, ევრ. ფარმ.), დახურული რეზინის საცობით ალუმინის შემოხუფვის ქვეშ და დაფარული დამცავი პლასტმასის თავსახურით.
პრეპარატის თითო ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
სინათლისგან დაცულ ადგილას, 2-დან 8°С-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის მიხედვით.