შემადგენლობა
პერუფენის ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა (200 მგ) შეიცავს აქტიური ნივთიერების - იბუპროფენის 200 მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი, სორბიტოლი, სორბიტანის მონოოლეატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
პერუფენის ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა (400 მგ) შეიცავს აქტიური ნივთიერების - იბუპროფენის 400 მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი, სორბიტანის მონოოლეატი, პოვიდონი K-30, კალიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასას).
წარმოადგენს ფენილპროპიონის მჟავას წარმოებულს. ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის ეფექტურობა განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან, რაც თავის მხრივ ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირებით მიიღწევა.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ იბუპროფენი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმის ცილებს უკავშირდება 90%. ნელა აღწევს სახსრების ღრუში, ყოვნდება სინოვიალურ ქსოვილში, და ამავე დროს ქმნის უფრო მეტ კონცენტრაციას ვიდრე პლაზმაში.
ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში. ფარმაკოლოგიურად არააქტიური ღ-ფორმიდან 60%-ის აბსორბციის შემდეგ ნელა ტრანსფორმირდება აქტიურ შ-ფორმაში.
იბუპროფენი გამოიყოფა შეუცვლელი (არა უმეტეს 1%) და კონიუგატების სახით შარდის გზით, უმნიშვნელო რაოდენობა - ნაღველთან ერთად. თ1/2 დაახლოებით 2 საათია.
ჩვენება
- თავის ტკივილი;
- შაკიკი;
- კბილის ტკივილი;
- ნევრალგია;
- მიალგია;
- ზურგის ტკივილი;
- რევმატიული ტკივილი;
- ალგოდისმენორეა;
- ცხელება გრიპის ან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს.
უკუჩვენება
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში, მათ შორის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, პეპტიკური წყლული, კრონის დაავადება;
- გამოხატული გულის უკმარისობა;
- არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე მიმდინარეობა;
- “ასპირინული” ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, რინიტი, რომელიც პროვოცირებულია აცეტილსალიცილის მჟავას (სალიცილატების) ან სხვა ასას-ის მიღებით;
- მხედველობის ნერვის დაავადებები, ფერების აღქმის(ფერადი მხედველობის) დარღვევები, ამბლიოპია, სკოტომა;
- გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
- ჰემოფილია, ჰიპოკოაგულაციური მდგომარეობები;
- ლეიკოპენია;
- ჰემორაგიული დიათეზი;
- ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
- სმენის დაქვეითება, ვესტიბულური აპარატის პათოლოგია;
- ორსულობის III ტრიმესტრი;
- ლაქტაციის პერიოდი;
- 6 წლამდე ასაკის ბავშვები;
- იბუპროფენის ან პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, თუ ანამნეზში აღენიშნებათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, ღვიძლის და/ან თირკმლის თანმდევი დაავადებები (მათ შორის ღვიძლის ციროზი პორტალური ჰიპერტენზიით, ნეფროზული სინდრომი), გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, დაუდგენელი ეტიოლოგიის სისხლის დაავადებები, ბრონქული ასთმა, აუტოიმუნური დაავადებები (მათ შორის სისტემური წითელი მგლურა), ჰიპერბილირუბინემია, ასევე სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში (I და II ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უსაფრთხოების ზომები
გვერდითი ეფექტების გამოვლინებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
თუ პრეპარატის 2-3 დღის მანძილზე მიღებისას სიმპტომები კვლავ რჩება, პრეპარატი უნდა მოიხსნას და დაზუსტდეს დიაგნოზი.
17-კეტოსტეროიდების განსაზღვრის აუცილებლობისას, იბუპროფენი უნდა მოიხსნას გამოკვლევის ჩატარებამდე 48 საათით ადრე.
მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ეთანოლის მიღება.
პრეპარატის ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი. გასტროპათიის სიმპტომების გამოვლინებისას აუცილებელია ეზოფაგოგასტროდუედენოსკოპიური კვლევის ჩატარება, სისხლის საერთო ანალიზი (ჰემოგლობინის განსაზღვრა), ფეკალური მასის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვენ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პერუფენი უკუნაჩვენებია ორსულობის III ტრიმესტრში.
ორსულობის I და II ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე გავლენის პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, აქტივობის შეზღუდვა, ძილიანობა, დეპრესია, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, მეტაბოლური აციდოზი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, სუნთქვის გაჩერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მხოლოდ მიღებიდან 1 საათის განმავლობაში), აქტივირებული ნახშირის მიღება, ტუტოვანი სითხეების მიღება, ფორსირებული დიურეზი, სიმპტომური მკურნალობა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
არ არის რეკომენდებული პერუფენის დანიშვნა აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-თან ერთად.
იბუპროფენი ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავას ანთების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტულ მოქმედებას (პაციენტებში, რომლებიც ანტიაგრეგანტის სახით იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზებს, იბუპროფენის დანიშვნის შემდეგ შესაძლებელია მწვავე კორონარული უკმარისობის გამოვლინების სიხშირის მატება).
იბუპროფენის ანტიკოაგულანტებთან და თრომბოლიზურ სამკურნალო საშუალებებთან (ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, უროკინაზა) ერთდროულად დანიშვნისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
იბუპროფენთან ერთად ცეფამანდოლის, ცეფოპერაზონის, ცეფოტეტანის, ვალპროის მჟავას, პლიკამიცინის გამოყენებისას იზრდება ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების რისკი.
იბუპროფენთან ერთად დანიშვნისას ციკლოსპორინი და ოქროს პრეპარატები აძლიერებენ თირკმლებში პროსტაგლანდინების სინთეზს, რაც ნეფროტოქსიკური ეფექტის გაძლიერებას იწვევს.
იბუპროფენი ზრდის ციკლოსპორინის პლაზმურ კონცენტრაციას და მის ჰეპატოტოქსიკურ ეფექტს.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აბლოკირებენ მილაკოვან სეკრეციას, ამცირებენ იბუპროფენის გამოყოფას და ზრდიან მის პლაზმურ კონცენტრაციას.
იბუპროფენთან კომბინაციაში მიკროსომალური დაჟანგვის ინდუქტორები (მათ შორის ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების პროდუქციას, რაც ზრდის მძიმე ჰეპატოტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკს.
მიკროსომალური დაჟანგვის ინდუქტორების ინჰიბიტორები ამცირებენ იბუპროფენის ჰეპატოტოქსიკურ მოქმედებას.
ერთდროულად გამოყენებისას იბუპროფენი ამცირებს ვაზოდილატატორების ჰიპოტენზიურ ეფექტს, ფუროსემიდის და ჰიდროქლოროთიაზიდის ნატრიურეზულ ეფექტს.
იბუპროფენი ამცირებს ურიკოზული პრეპარატების ეფექტურობას და ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების და ფიბრინოლიზური საშუალებების ეფექტურობას.
იბუპროფენი აძლიერებს მინერალოკორტიკოსტეროიდების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ესტროგენების, ეთანოლის გვერდით მოვლენებს.
იბუპროფენი ზრდის პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების (სულფონილშარდოვანას წარმოებულების) და ინსულინის ჰიპოგლიკემიურ ეფექტს.
ანტაციდები და კოლესტირამინი ამცირებენ იბუპროფენის აბსორბციას.
იბუპროფენი სისხლში ზრდის დიგოქსინის, ლითიუმის პრეპარატების, მეტოტრექსატის კონცენტრაციას.
კოფეინი აძლიერებს იბუპროფენის ანალგეზიურ ეფექტს.
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში პერუფენის საწყისი დოზა შეადგენს - 200 მგ 3-4-ჯერ დღე-ღამეში.
სწრაფი კლინიკური ეფექტის მისაღწევად დასაშვებია საწყისი დოზის გაზრდა - 400 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური დღიური დოზა - 1200 მგ.
6-12 წლის ასაკის ბავშვებში - პერუფენის 200 მგ არა უმეტეს 4-ჯერ დღე-ღამეში. გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი უნდა დაინიშნოს ბავშვებში, რომელთა წონა აღემატება 20 კგ-ს. კაფსულებს შორის მიღების ინტერვალმა უნდა შეადგინოს არანაკლებ 6 სთ. დღე-ღამეში დასაშვებია არა უმეტეს 600-800 მგ.
კაფსულები ინიშნება საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
გვერდითი მოვლენები
იბუპროფენის 2-3 დღის მანძილზე მიღებისას გვერდითი ეფექტები პრაქტიკულად არ ვლინდება. ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლინება:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, შეკრულობა, მჟავიანობა, ანორექსია, ეპიგასტრიუმში დისკომფორტის შეგრძნება, დიარეა, მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (ერთეულ შემთხვევაში გართულებული პერფორაციით და სისხლდენით), მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება, სიმშრალე და ტკივილი, ღრძილების დაწყლულება, აფტოზური სტომატიტი, პანკრეატიტი, შეკრულობა, ჰეპატიტი.
ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნებადობა, ძილიანობა, დეპრესია, გონების არევა, ჰალუცინაციები; იშვიათად - ასეპტიკური მენინგიტი (ხშირად პაციენტებში აუტოიმუნური დაავადებებით);
გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის ნერვის შექცევადი ტოქსიკური ნევრიტი, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, დიპლოპია, თვალის სიმშრალე და გაღიზიანება, კონიუნქტივის და ქუთუთოების შეშუპება (ალერგიული გენეზის, სკოტომა); სმენის დაქვეითება, შუილი და ხმაური ყურებში;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის უკმარისობა, არტერიული წნევის მატება, ტაქიკარდია;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროზული სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ნეფრიტი, პოლიურია, ცისტიტი;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია (მათ შორის ჰემოლიზური, აპლასტიური), თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ციებ-ცხელება, მულტიფორმული ექსუდაციერი ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ეოზინოფილია, ალერგიული რინიტი;
სხვადასხვა: ოფლდენის გაძლიერება.
დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაწყლულება, სისხლდენა (მათ შორის კუჭ-ნაწლავიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, ჰემოროიდული სისხლდენა), მხედველობის დარღვევა (ფერების აღქმის დარღვევა, სკოტომა, ამბლიოპია).
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250ჩ-მდე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
რბილი ჟელატინის კაფსულა 200 მგ; 10 ან 20 კაფსულა ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
რბილი ჟელატინის კაფსულა 400 მგ; 10 ან 20 კაფსულა ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.