Plasmon
აქტუალური შეკითხვები ცოფის შესახებ

თარიღი: 13 თებერვალი, 2024

ცოფი არ იკურნება, გადარჩენის ერთადერთი გზა იმუნიზაციაა, – არ მეგულება ადამიანი, ეს რომ არ იცოდეს. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ცოფიან ცხოველთან შეხვედრა გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. ამიტომ იყო, რომ მხსნელი ვაქცინის შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის სენსაციად იქცა.

 

დღეს, როდესაც ვაქცინა უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ცივილიზებულ სამყაროში ცოფით აღარავინ უნდა კვდებოდეს.

 

1996 წელს საქართველოში ცოფით 21 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ექვსი – ბავშვი. ცოფის ასეთი გავრცელება გახდა მიზეზი ანტირაბიული სამედიცინო დახმარების ცენტრის ჩამოყალიბებისა. ის 1996 წლის 18 ნოემბერს თბილისის ბავშვთა მეორე მრავალპროფილური საავადმყოფოს (ახლანდელი თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა) ბაზაზე დაარსდა. ცენტრს სათავეში ჩაუდგა თბილისის მთავარი რაბიოლოგი, ბავშვთა ქირურგი თეიმურაზ გოგიძე.

 

მართალია, ანტირაბიულ ცენტრს დღეს ოფიციალური სტატუსი არ აქვს, მაგრამ ბატონი თემურის თაოსნობით იქ ცოფთან საბრძოლველად და ექიმების კვალფიკაციის ასამაღლებლად არაერთი პროექტი განხორციელდა და დღესაც ხორციელდება. მისი საქმიანობის წყალობით ბევრი გადაურჩა ცოფით სიკვდილს. ყოფილა პერიოდები, როდესაც ანტირაბიულ ცენტრში დღეში სამოცი ადამიანის ვაქცინაციაც კი ჩატარებულა.

 

ვულოცავთ ანტირაბიულ ცენტრს დაარსების 25-ე წლისთავს და კიდევ მრავალი სასიკეთო საქმის გაკეთებას ვუსურვებთ, ცოფსა და ცოფის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე კი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, რაბიოლოგიის ექსპერტი, თსსუ რაბიოლოგიის კვალიფიკაციის კურსის ხელმძღვანელი თეიმურაზ გოგიძე.

 

ბატონო თემურ, ვიდრე უშუალოდ ცოფზე ვისაუბრებდეთ, რამდენიმე სიტყვით თქვენი ცენტრის საქმიანობაზე მოგვიყევით.
თავდაპირველად ანტირაბიული აცრები მხოლოდ ე.წ. პასტერის სადგურებში ტარდებოდა, თუმცა ნაკბენ ჭრილობებს ამ სადგურებში ვერ მკურნალობდნენ, რის გამოც 1975 წლიდან ეს საქმე ქირურგებს დაევალათ. საქართველოში პირველი ანტირაბიული ქირურგიული სამსახური 1982 წელს თბილისის ბავშვთა პირველი კლინიკური საავდმყოფოს ბაზაზე შეიქმნა და რამდენიმე წლის შემდეგ ბავშვთა მეორე საავადმყოფოს ბაზაზე გადავიდა. მის შექმნამდე პატარა ნაკაწრის მქონე პაციენტებსაც კი მოსკოვში გზავნიდნენ. 1993 წელს ამ სამსახურმა გამოაქვეყნა ჩემი ავტორობით შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელო "ნაკბენ ჭრილობათა მკურნალობა ბავშვებში”. ასე რომ, ცენტრის დაარსებამდე უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გვქონდა.

 

1997 წელს მუცელში გასაკეთებელი 48 ნემსის ნაცვლად დავნერგეთ ექვსინექციიანი ინტრამუსკულარული (კუნთშიგა) ვაქცინა. საპროფილაქტიკო ვაქცინაციასთან ერთად ჩვენთან თავს იყრიდა ბევრი გართულებული და დაგვიანებული შემთხვევაც. 1998 წელს გამოვეცით სამახსოვრო “ცოფი”, 2003 წელს – მეთოდური სახელმძღვანელო “ცოფით დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობა”, 2010 წელს – მონოგრაფია “ცოფი, მისი პრევენცია და ნაკბენი ჭრილობების ქირურგიული მკურნალობა”. ვაქვეყნებდით სტატიებს ჟურნალ-გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით ვსაუბრობდით ნაკბენი ჭრილობების სასიკვდილო გართულებებზე, ცოფზე, ტეტანუსსა და მათ პროფილაქტიკაზე.

 

ჩვენმა საქმიანობამ განაპირობა ქართულ სივრცეში ახალი ტერმინების გაჩენა: ქირურგი-რაბიოლოგი, ანტირაბიული ქირურგიული დახმარება... შეიქმნა პაციენტის ანტირაბიული ვაქცინაციის ბარათი, რომელშიც შეტანილია სამახსოვრო რეკომენდაციები. ეს ბარათი რამდენიმე ენაზე გვაქვს თარგმნილი, რაც ძალიან მოსწონთ ჩვენს უცხოელ პაციენტებს, რომლებიც აქ დაწყებულ ვაქცინაციას თავიანთ ქვეყანაში აგრძელებენ.

 

როდის ტარდება
სამწუხაროდ, ცოფის წინაშე მედიცინა უძლურია, საქართველო კი მაღალი რისკის ქვეყანაა, ამიტომ უკიდურესი სიფრთხილე გვმართებს, უფრო მეტი, ვიდრე იმ ქვეყნებს, სადაც ცოფი თითქმის აღმოფხვრილია. ცოფის აცრა უნდა ჩატარდეს ყველა შემთხვევაში, თუ დაავადების განვითარების თუნდაც სულ მცირე თეორიული შანსი არსებობს.

 

როგორც იცით, ცოფის ვირუსი ადამიანის სხეულში ხვდება, თუ ის დაკბინა, დაკაწრა ან დადორბლა დაავადებულმა ცხოველმა. თუ დარწმუნებული არ ვართ, რომ ცხოველი ჯანმრთელია, ასეთი კონტაქტის შემდეგ თავის დაზღვევით მიზნით უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია. ცხოველზე ათდღიანი დაკვირვების ტაქტიკა მცდარია. აცრები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იქნეს დაწყებული და თუ ცხოველს ამ ათი დღის განმავლობაში დაავადების ნიშნები არ გამოაჩნდა, შეწყდეს. თუ ათდღიანი დაკვირვების პერიოდში ცხოველს ცოფი გამოუვლინდა, აცრების დაწყება შესაძლოა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდეს.

 

ეს ყველა ცხოველს ეხება?
ათდღიანი კარანტინი ეხება მხოლოდ ძაღლსა და კატას. სხვა ცხოველები (კურდღელი, ზაზუნა) ცოფის გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე არიან გადამდებნი. მათთან კონტაქტის შემდეგ სრული კურსია ჩასატარებელი.

თუ ცხოველი ათი დღის შემდეგ ჯანმრთელი აღმოჩნდა და, შესაბამისად, ადამიანმა ჩაიტარა არასრული ვაქცინაცია (სამი აცრა), ხოლო რამდენიმე თვეში სხვა ცხოველთან ჰქონდა საეჭვო კონტაქტი, ამ შემთხვევაში როგორია აცრების ტაქტიკა?
თუ მანამდე არასრული ვაქცინაცია ჩატარდა, ცხოველთან საეჭვო კონტაქტის შემთხვევაში ხუთივე აცრა თავიდან კეთდება, სრული ვაქცინაციის შემდეგ კი ადამიანი ერთი წელი დაცულია. საქართველოში ბევრს რამდენჯერმე უწევს ამ კურსის ჩატარება, რაც ჯანმრთელობისთვის არცთუ ისე სასურველია. ამაზე ფიქრიც არ ღირს, როდესაც სასწორის მეორე თეფშზე ცოფით გამოწვეული გარდაუვალი სიკვდილის პერსპექტივაა, მაგრამ ვისურვებდი, საქართველოში ყოფილიყო ლაბორატორია, სადაც ხელმისაწვდომ ფასად ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განისაზღვრებოდა ადამიანის სისხლში ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონე. მათი სათანადო მაჩვენებლის დადასტურება ბევრს იხსნიდა განმეორებითი აცრებისგან.

 

აცრის გრაფიკი
მნიშვნელოვანია აცრის გრაფიკის ზუსტი დაცვა. პირველი ვაქცინაცია ტარდება დაუყოვნებლივ, როგორც კი ამის შესაძლებლობა ჩნდება, მომდევნო – მესამე, მეშვიდე, მეთოთხმეტე და ოცდამერვე დღეს. აცრის გამოტოვება არ შეიძლება – ეს ვაქცინის მოქმედებას ასუსტებს.

 

სხეულის რა ადგილას კეთდება ინექცია?
ორი წლიდან – დელტისებურ კუნთში (მხრის მიდამოში), ორ წლამდე – ბარძაყზე. დაუშვებელია ცოფის ვაქცინის შეყვანა დუნდულა კუნთში.

 

აცრის შემდეგ
თანამედროვე რეკომენდაციებით, ცოფის აცრის შემდეგ არც ანტიალერგიული დიეტის დაცვა მოითხოვება, არც ალკოჰოლის შეზღუდვა. ეთანხმებით ამ მიდგომას?
ცოფის ვაქცინა საკმაოდ სერიოზული პრეპარატია და ადვილად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ვისაც მეტი გამოცდილება აქვს, ის მეტადაც ფრთხილობს. ჩემი ოცდაცხრამეტწლიანი გამოცდილებით, აცრა გაცილებით მსუბუქი გადასატანია, თუ პაციენტი განსაზღვრულ რეკომენდაციებს დაიცავს, კერძოდ, 10-14 დღე მოერიდება მზეს, ფიზიკურ დატვირთვას, სტრესს, რძეს და მის ნაწარმს, შოკოლადს და კაკაოს სხვა ნაწარმს, ციტრუსებს (ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გრეიპფრუტი), ქათმის კვერცხს, სოიას, არაქისს, თხილს, კაკალს, თევზს, ზღვის პროდუქტებს, ღორისა და ცხვრის ხორცს, ძეხვეულს, ძმარს, მაიონეზს, ცხარე სანელებლებს (მდოგვი, აჯიკა, ტყემალი), პომიდორს, პირშუშხას, თალგამს, ბოლოკს, ბადრიჯანს, სოკოს, მარწყვს, ნესვს, ყურძენს, ანანასს, საფუარიანი ცომის პროდუქტებს, თაფლს, გაზიან სასმელებს, ყავას...

 

ალკოჰოლის აკრძალვის ხანგრძლივობას ექიმი აცრის კურსისა და ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით ადგენს. ალკოჰოლი ასუსტებს იმუნიტეტს და შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვაქცინაზე რეაქციის განვითარებას.

 

იმუნოგლობულინი
რა შემთხვევაში კეთდება იმუნოგლობულინი? რა განსხვავებაა მასა და ვაქცინას შორის?
ვაქცინა შეიცავს ცოფის ინაქტივირებულ ვირუსს, რომელიც ორგანიზმს აიძულებს, ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოიმუშაოს. ვიდრე ცოფის ვირუსი ნერვების გავლით თავის ტვინს მიაღწევს, რათა იქ გამრავლდეს და მთელ სხეულს მოედოს, ორგანიზმი ასწრებს მის დასახვედრად მომზადებას. იმუნოგლობულინი ცოფის საწინააღმდეგო მზა ანტისხეულებია. მას ერთჯერადად ვიყენებთ მძიმე კატეგორიის დაზიანების შემთხვევაში ანუ მაშინ, როდესაც კანის მთლიანობაა დარღვეული, განსაკუთრებით – თავის, სახის, კისრის, ხელის თითების, ფეხის თითების არეში. თუ ჭრილობა დიდია, იმუნოგლობულინს ვაკეთებთ ჭრილობის ირგვლივაც და მის სიღრმეშიც. იქ, სადაც ანატომიური მდებარეობა პრეპარატის სიღრმეში შეყვანის საშუალებას არ გვაძლევს (მაგალითად თითის დაზიანებისას), ის დუნდულა კუნთში კეთდება.

 

დაგვიანებული აცრა
აქვს თუ არა აზრი აცრას დაგვიანებული მიმართვისას?
აცრას ყოველთვის აქვს აზრი. ცოფის საინკუბაციო პერიოდი, წესისამებრ, ერთიდან სამ თვემდეა, მაგრამ შესაძლოა, უფრო ხანმოკლე – ერთ კვირამდე – ან ხანგრძლივი – ერთ წლამდე აღმოჩნდეს, ამიტომ, თუნდაც კონტაქტიდან რამდენიმე კვირა იყოს გასული, რჩება შანსი, დაავადების განვითარებამდე ორგანიზმმა ანტისხეულების გამომუშავება მოასწროს. გვქონდა ასეთი შემთხვევა: მოგვმართა ახალგაზრდა კაცმა – ის ორი თვის წინ დაეკბინა ძაღლს, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ მკვდარი ნახეს. ცოფზე გამოკვლევისას პირველი, მიკროსკოპული პასუხი უარყოფითი იყო, მაგრამ მეორე დადებითი აღმოჩნდა – საცდელ თაგვებში შეყვანილმა მასალამ რამდენიმე თაგვის ცოფით დაავადება და სიკვდილი გამოიწვია. აღარავინ ჰკიდებდა ხელს ამ შემთხვევას, ჩვენმა ცენტრმა კი ვაქცინაცია ჩაატარა და ეს ადამიანი გადარჩა.

 

ორსულობა
ორსულებიც, მეძუძური დედებიც, ახალშობილებიც რისკის შემთხვევაში ჩვეულებრივ იცრებიან. ორსულთა აცრისთვის დიდი ბრძოლა დაგვჭირდა. პირველად რვათვენახევრის ორსული ავცერით. ძაღლი, რომელმაც ის დაკბინა, დაიკარგა, მაგრამ ნახეს, რომ დორბლი სდიოდა და ხმა ჩახრინწული ჰქონდა, რაც ცოფის სიმპტომებია. ქალის ქმარი, ოჯახის წევრები, გინეკოლოგი – ყველა აცრის წინააღმდეგი იყო, ნაყოფზე არ იმოქმედოსო, სანამ რეალური საფრთხე არ დაინახეს. დავიწყეთ ვაქცინაცია. ორ კვირაში ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა, ქალიც გადარჩა.

 

ტეტანუსი
რა შემთხვევაში ტარდება ცოფის პარალელურად ტეტანუსის აცრა და როგორი შუალედით?
ნაკბენი ჭრილობის მქონე პაციენტს ცოფთან ერთად, როგორც წესი, ტეტანუსის აცრაც უტარდება, თუმცა, თუ ბავშვს სრულად აქვს ჩატარებული ასაკობრივი აცრები, ის არ სჭირდება. რაც შეეხება ზრდასრულს, მიჩნეულია, რომ ტეტანუსის აქტიურ-პასიური  (ანუ ანატოქსინით და შრატით) იმუნიზაციის ეფექტი ხუთი წელი გასტანს. თუ აცრიდან ხუთ წელზე მეტია გასული, ტარდება მხოლოდ აქტიური იმუნიზაცია ანტიტეტანური ანატოქსინით.

 

ცხოველები
წინათ სახელმწიფო ვეტერინარიული სამსახური ისე იყო აწყობილი, დამკბენი ცხოველის სანახავად ვეტექიმი ათი დღის განმავლობაში სამჯერ მიდიოდა კერაზე, მეოთხე მისვლაზე კი უკვე ცნობას იძლეოდა, რომ ცხოველს ცოფი არ ჰქონდა. დღეს ცხოველის ჯანმრთელობის კონტროლი დაზარალებულებს უწევთ. კარგი იქნებოდა, სპეციალისტების მხრიდან კონტროლი უფრო მეტი იყოს.

 

რამდენად უსაფრთხოა აცრილი ცხოველი?
წესითა და რიგით, აცრილი ცხოველი უსაფრთხოა, თუ მისი აცრისას ყველა პირობა დაცულ იქნა. ცოფის ვაქცინა განსაზღვრულ ტემპერატურაზე (ორიდან რვა გრადუსამდე) უნდა ინახებოდეს, სიცხეში ფუჭდება. ჩემს პრაქტიკაში იყო სამი-ოთხი შემთხვევა, როდესაც ცოფი აცრილ ცხოველსაც დაემართა, ამიტომ მიმაჩნია, რომ გარისკვა არ ღირს. 

 

ძაღლები და ჩვენ
ცივილიზებულ ქვეყნებში ცხოველთა უფლებები გაცილებით უკეთაა დაცული, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ უფრო მეტადაც ზრუნავენ იმისთვის, რომ მათ გვერდით ადამიანის უფლებები არ დაირღვეს. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში ამ კუთხით ყოველწლიურად ამკაცრებენ კანონებს. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, ძაღლის მიერ საზოგადოებრივი ადგილის დანაგვიანებისა და პატრონის მიერ ნაგვის მიტოვებისთვის ჯარიმა 25-დან 1000 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა (საზოგადოებრივ ადგილებად ითვლება ეზოები, პარკები, სათამაშო მოედნები, გზები, ტრასები, სასაფლაოები). აკრძალულია ძაღლის ყოლა ლიცენზიის გარეშე. თუ ძაღლის გაუთავებელი ყეფა მოსახლეობას სიმშვიდეს ურღვევს, სასამართლოს აქვს უფლება, ცხოველი თავშესაფარს გადასცეს ან მისი იზოლაცია მოახდინოს.

 

საქართველოში დღესაც უაღრესად მწვავე პრობლემაა მაწანწალა ძაღლები. ყოველწლიურად აღირიცხება დაკბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის ათასობით შემთხვევა, უმეტესად – თბილისში. ეს პრობლემა მოსაგვარებელია. მაწანწალა ძაღლი არა მარტო ცოფის, არამედ ლეიშმანიოზის, ექინოკოკის და სხვა დაავადებათა გავრცელების წყაროცაა.

 

დაუშვებელია ძაღლების ქუჩაში გამოყვანა მოკლე საბლისა და ალიკაპის გარეშე, რასაც ხშირად ვხედავთ გარშემო. ძაღლის ოთხასამდე ჯიში არსებობს, მაგრამ ყველა მათგანის წინაპარი მგელია. ეს პატრონსაც უნდა ახსოვდეს – უამრავი ადამიანი მინახავს საკუთარი ძაღლის დაკბენილი.

 

ასეთი რეალობაა დღეს, ამიტომ ჯობია, ზედმეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ, ვიდრე ადამიანი დავკარგოთ. სამწუხაროდ, ხანმოკლე (2015-2017 წ.წ.) შუალედის შემდეგ საქართველოში ადამიანის ცოფის შემთხვევები ისევ აღირიცხება. ქვეყანაში ხუთი წლის განმავლობაში არცერთი შემთხვევა არ უნდა დაფიქსირდეს, რომ ის არაკეთილსაიმედოდ აღარ მიიჩნიონ. გისურვებთ, ეს დრო მალე დამდგარიყოს.

წყარო: ჟურნალი "ავერსი"