Plasmon
აუტიზმი - ნევრული სისტემის განვითარების დარღთვევით მიმდინარე ქრონიკული დაავადება

თარიღი: 29 მაისი, 2018

1988 წელს კინოეკრანებზე ბარი ლევინსონის ფილმი - “წვიმის კაცი” გამოვიდა, სადაც დასტინ ჰოფმანი ასრულებდა აუტისტისტური ახალგაზრდა კაცის როლს. მაშინ ამ დაავადების შესახებ, ძირითადად, მხოლოდ დარგის სპეციალისტებმა თუ იცოდნენ.

დღეისათვის აუტიზმის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის ბევრი რამ გახდა ცნობილი:

  • დაავადება ვლინდება დაახლოებით 15 თვის ასაკში და სრული კლინიკური სურათით წარმოდგენილია 3 წლის ასაკისათვის;
  • აუტიზმი არ არის ძალიან იშვიათი დაავადება და ეს პათოლოგია 1000-დან 6 ბავშვს აღენიშნება;
  • აუტიზმი 5-ჯერ უფრო ხშირად ფიქსირდება ვაჟებში, ვიდრე გოგონებში;
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში აუტიზმის სიხშირემ იმატა.

აუტიზმი ნევრული სისტემის განვითარების დარღვევით მიმდინარე ქრონიკული დაავადებაა. ამ პათოლოგიის მქონე ადამიანებისათვის დამახასიათებელია 3 სახის პრობლემა:

  • მეტყველების პრობლემები - საუბრის გვიან დაწყება, არასწორი მეტყველება, სხვისი ნათქვამის არაადეკვატურად აღქმა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა - ბავშვებს უჭირთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა და გაურბიან მათ;
  • ინტერესთა სფეროს მნიშვნელოვანი შეზღუდვა - შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში ერთ საგანზე ან ამ საგნის დეტალზე იყვნენ კონცენტრირებულები, ხანგრძლივად იმეორებდნენ ერთსა და იგივე მოძრაობებს და ა.შ.

აუცილებლად უნდა მიმართოთ პედიატრს, აუხსნათ თქვენი ბავშვის სიმპტომები და მოითხოვოთ ფსიქოლოგის კონსულტაცია, თუ ხედავთ, რომ

  • 3 წლის ბავშვი ჯერ არ საუბრობს, თქვენს შეკითხვაზე პასუხობს არაადეკვატურად და ხშირად, პასუხის მაგივრად, იმეორებს თქვენსავე ნათქვამს;
  • უარს ამბობს თქვენთან (და საერთოდ გარშემომყოფებთან) კონტაქტზე, არ სიამოვნებს მოფერება და არც თავად გამოხატავს სითბოს;
  • არ ამყარებს თვალებით კონტაქტს და არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე;
  • ურჩევნია მარტო თამაში და ამ დროს, შეუძლია კონცენტრირებული იყოს მხოლოდ ერთ საგანზე ან ამ საგნის ერთ დეტალზე;
  • ერიდება სიახლეებს და შეიძლება აგრესიულადაც შეხვდეს მათ.

აუტიზმი ქრონიკული პათოლოგიაა და მისი განკურნება შეუძლებელია. თუმცა, არსებობს აუტიზმის სხვადასხვა ფორმა და, ზოგ შემთხვევაში, აუტიზმით დაავადებული პირი მეტ-ნაკლებად ახერხებს გარემოსთან ადაპტაციასა და საზოგადოებაში თავისი ადგილის პოვნას. მაშინაც კი, თუ ეს ვერ ხერხდება, მუდმივი დახმარებით მაინც შესაძლებელია გარკვეულ შედეგებზე გასვლა. მეტიც, ზოგ შემთხვევაში აუტიზმით დაავადებულ პირს, შეიძლება რაიმე ერთი საგნის, ერთი მიმართულებისადმი, განსაკუთრებული მიდრეკილება და ნიჭიც აღმოაჩნდეს.

გაითვალისწინეთ:

ის, თუ როგორ მოახერხებს აუტისტიზმის მქონე პიროვნება გარემოსთან ადაპტაციას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დროულ დიაგნოსტიკასა და შესაბამის ჩარევაზე. 

წყარო: http://medicalhouse.ge