თარიღი: 22 მაისი, 2020
მოტეხილობა, რა თქმა უნდა, არც ერთ ასაკში არ არის სასურველი, მაგრამ მოხუცებსა და ხანდაზმულებს განსაკუთრებით დიდ პრობლემას უქმნის. ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე ხშირად ბარძაყის მოტეხილობა გვხვდება. მისი ერთ-ერთი ფორმა, ყელის მოტეხილობა, პრაქტიკულად არ ხორცდება და სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა რიცხვს მიეკუთვნება.
ბარძაყის ყელის მოტეხილობის შესახებ კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგია-ორთოპედიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ორაგველიძე გვესაუბრება:
– ბარძაყის ყელი სხვა ძვლებსა და ბარძაყის სხვა ნაწილებზე სუსტია. ის განსაკუთრებულ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ პირობებში იმყოფება: ა) არ გააჩნია ძვალსაზრდელა; ბ) მწირია მისი სისხლით მომარაგება. ბარძაყის ყელის მოტეხილობა ყველაზე ხშირად 60 წელს გადაცილებულ ქალებთან გვხვდება, რადგან ქალები მეტად არიან მიდრეკილნი ოსტეოპოროზისკენ, განსაკუთრებით – მენოპაუზის შემდეგ: ამ პერიოდში მცირდება ძვლოვანი მასა, რის გამოც მოტეხილობის რისკი იმატებს.
– რა ტიპის ტრავმა იწვევს ბარძაყის ყელის მოტეხილობას?
– ბარძაყის ყელი დუნდულაზე ან გვერდზე დაცემისას ტყდება. როდესაც ოსტეოპოროზი ძლიერ არის გამოხატული, შესაძლოა, მოძრაობისა და სიარულის დროსაც კი მოტყდეს.
შესაძლოა, პაციენტს ძვალში პათოლოგიური კერა ჰქონდეს, რომლის შესახებაც არც კი იცის. ამ შემთხვევაში ბარძაყის ყელის მოტეხა არაადეკვატური ტრავმის დროსაც არის მოსალოდნელი (პათოლოგიური მოტეხილობა).
რა მიგვანიშნებს
– როგორია ბარძაყის ყელის მოტეხილობის ნიშნები?
– ბარძაყის ყელის მოტეხილობის დროს შეინიშნება ტერფის გარეთა როტაცია (გარეთ გადაბრუნება), კიდურის დამოკლება, ტკივილი საზარდულის მიდამოში, რომელიც ძლიერდება ფეხის აქტიური თუ პასიური მოძრაობის მცდელობის დროს. დაშავებული ვერ ახერხებს მოტეხილი კიდურის აწევას, წოლისას ქუსლს დამოუკიდებლად ვერ აშორებს საწოლის ზედაპირს (ამას მიწებებული ქუსლის სიმპტომს ვუწოდებთ). საბოლოო დიაგნოზის დასასმელად საჭიროა რენტგენოგრაფია.
ჩაჭედილი მოტეხილობა
– რა სახისა შეიძლება იყოს ბარძაყის ყელის მოტეხილობა?
– ბარძაყის ყელის მოტეხილობა შეიძლება იყოს შეცილებული, შეუცილებელი და ჩაჭედილი. ეს უკანასკნელი სპეციფიკურია: ბარძაყის თავი ყელზე ჩამოეცმება და მასში იჭედება, რის ხარჯზეც სახსარი ფუნქციას ინარჩუნებს. ასეთი მოტეხილობის დროს სიმპტომები სუსტია, ფაქტობრივად შეუმჩნეველი – არც ტკივილია ძლიერი, არც ტერფის როტაცია შეინიშნება და არც კიდურის დამოკლება. ამ დროს დაშავებული შესაძლოა დადიოდეს კიდეც და ექიმთან მაშინღა მივიდეს, როდესაც მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები ერთმანეთს შესცილდება და კიდური საყრდენ ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.
თუ პაციენტმა დროულად მიმართა ექიმს, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს კონსერვატიული მკურნალობა ან მცირეინვაზიური ოპერაცია. ეს უკანასკნელი მცირე განაკვეთით ტარდება და სამი კომპრესიული ჭანჭიკით ოსტეოსინთეზს (ძვლების შეერთებას) გულისხმობს, რის შედეგადაც შემთხვევათა 70-80%-ში მიიღწევა მოტეხილობის სრული კონსოლიდაცია.
დაგვიანებულ შემთხვევებში ჩაჭედილი ძვლის ფრაგმენტები შესცილდება და აუცილებელი ხდება ოპერაციული ჩარევა.
ტაქტიკა – ოპერაცია
– ბარძაყის ყელის შეცილებული მოტეხილობა ოპერაციის პირდაპირი ჩვენებაა. ბარძაყის ციბრუტებზე გამავალი მოტეხილობების დროსაც ოპერაციული მკურნალობა – ოსტეოსინთეზია ნაჩვენები. ამ ტიპის მოტეხილობის დროს, ბარძაყის ყელის მოტეხილობასთან შედარებით, შეხორცების ალბათობა მეტია.
ბარძაყის ყელის მოტეხილობისას ქირურგიული ჩარევა მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირებას – ბუნებრივი სახსრის ხელოვნურით ჩანაცვლებას – გულისხმობს. ასაკოვან პაციენტებთან უმეტესად ვიყენებთ ბიპოლარულ პროთეზს, რომლის თავს ორმაგი მოძრაობის უნარი აქვს. ბიპოლარული ენდოპროთეზირება ტოტალურ ენდოპროთეზირებაზე გაცილებით დამზოგველი ოპერაციაა. ამ დროს ბარძაყის ფოსოდან ვიღებთ მოტეხილ თავს, ტაბუხის ფოსოს არ ვამუშავებთ და ზომის შესაბამისად ვათავსებთ მის ხელოვნურ კომპონენტს. ბიპოლარული პროთეზის ერთი ნაწილი ფოსოში მოძრაობს, მეორე კი – ბარძაყის ხელოვნურ თავში. ეს ხრტილის ცვეთას ამცირებს და პროთეზი საშუალოდ 8-10 წელს ემსახურება ადამიანს.
ბიპოლარულ პროთეზს სპეციალური დამცავი რგოლი აქვს, რის გამოც მისი ამოვარდნის საფრთხე ნაკლებია, ვიდრე ტოტალური პროთეზისა.
ახალგაზრდებთან უმეტესად ტოტალურ პროთეზირებას მივმართავთ. ამ დროს ვცვლით როგორც ბარძაყის, ისე ტაბუხის ფოსოს კომპონენტს – მასში ხელოვნურ ფოსოს ვამაგრებთ.
– სარისკოა თუ არა ოპერაცია?
– რა თქმა უნდა, ოპერაციას განსაზღვრული რისკიც ახლავს თან. არსებობს საშიშროება, ორგანიზმის მიერ უცხო სხეულად აღქმული პროთეზი დაჩირქდეს, მით უმეტეს, მოტეხილობის დროს ოპერაცია რაც შეიძლება სწრაფად ტარდება და ქრონიკული, მთვლემარე ინფექციების აღმოჩენას ვერ ვასწრებთ.
გარდა ამისა, ბარძაყის ყელის მოტეხილობისას იმატებს თრომბოემბოლიის განვითარების რისკი, რის გამოც პაციენტს პირველივე საათებიდან უკეთება დაბალმოლეკულური ანტიკოაგულანტები. პოსტოპერაციულ პერიოდში რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში გამორიცხული არ არის პროთეზის თავის ამოვარდნა.
ფეხზე სულ მალე
– რა რეკომენდაციების დაცვა უწევს პაციენტს ოპერაციის შემდეგ და ოპერაციიდან რამდენ ხანში აქტიურდება?
– ენდოპროთეზირების ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ პაციენტი მალე აქტიურდება, ფატობრივად, ოპერაციის მესამე დღესვე დგება ფეხზე. მეორე დღეს მას უტარდება სუნთქვითი ვარჯიშები და სამკურნალო ფიზკულტურის დოზირებული პროცედურები, მესამე დღეს კი უკვე სიარულს იწყებს ჭოჭინით ან სპეციალური ოთხფეხათი, ნაოპერაციებ კიდურზე სრული დაყრდნობით.
პაციენტის ადრეული მობილიზება – ყავარჯნებზე ადრე დაყენება – ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფსიქოლოგიური ტრავმის შესამსუბუქებლად, ისე შეგუბებითი პნევმონიისა და ნაწოლების პროფილაქტიკისთვისაც. ოპერაციიდან 2-3 თვეში პაციენტი ერთ ხელჯოხზე გადადის, კიდევ 2-3 თვის შემდეგ კი უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება. სრულ გააქტიურებამდე მან უნდა ატაროს ელასტიური ბანდი ან მაღალი ანტიემბოლიური წინდები, პერიოდულად აკონტროლოს კოაგულოგრამა (სისხლის შედედების ტესტი), საჭიროების შემთხვევაში ჩაიტაროს მკურნალობა დაბალმოლეკულური ანტიკოაგულანტებით, 1.5 თვის, 3 თვის, 6 თვისა და 1 წლის შემდეგ გადაიღოს რენტგენოგრამა.
ენდოპროთეზირების შემთხვევაში, უმჯობესია, სახსრის ძლიერ გადატვირთვას ვერიდოთ, რადგან ხელოვნური სახსარი ბუნებრივის იდენტური არ არის, თუმცა ნაოპერაციებ პაციენტს უნარი შესწევს, მოემსახუროს საკუთარ თავს, იაროს ფეხით, მართოს ავტოსატრანსპორტო საშუალება და სხვა.
პაციენტმა უნდა დაიცვას განსაზღვრული წესებიც. მაგალითად, ტოტალური პროთეზი შესაძლოა ამოვარდეს კიდურის შეზიდვისას ფეხის ფეხზე გადადების დროს, არასწორი მოძრაობისას. საზოგადოდ, კიდური არ უნდა მოიხაროს ტანის მიმართ 90 გრადუსზე მეტი კუთხით. არ შეიძლება დაბალ საკამზე ჯდომა. ტუალეტისთვის სასურველია საჯდომის სპეციალური, 10-15 სმ-იანი ასამაღლებლია გამოყენება. ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ სქესობრივ ცხოვრებასა და მშობიარობასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიც.
– რა გამოსავალი არსებობს ამოვარდნილობისას?
– ენდოპროთეზის ამოვარდნილობა ამ ოპერაციის ერთ-ერთი არასასურველი გართულებაა. ამ დროს პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ამ შემთხვევაში მცირე ნარკოზით შესაძლებელი იქნება ამოვარდნილი ენდოპროთეზის დახურული წესით ჩასწორება, დაგვიანებისას კი პროთეზს შესაძლოა ღია წესით ჩასწორება დასჭირდეს. ჩასწორების შემდეგ პაციენტს დაახლოებით თვენახევრით დეროტაციულ ნახვევს ვადებთ.
უკუჩვენება
– როდის არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება?
– ოპერაციის აბსოლუტური უკუჩვენებაა მოხუცებულთა ჭკუასუსტობა. ასეთი პაციენტები ვერ იცავენ ექიმის რეკომენდაციებს, შესაძლოა, პროთეზი ამოუვარდეთ ან უნებლიე მოძრაობის გამო დააინფიცირონ ჭრილობა, ეს კი მდგომარეობას ძალიან გაართულებს. ჭკუასუსტობის დროს ოპერაციას მხოლოდ დაშავებულის ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით ვაკეთებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, პაციენტი ფეხზე მალე წამოვაყენოთ.
იმ პაციენტებთან, ვინც ოპერაციას ვერ იკეთებს, იშვიათად მიმართავენ ცრუ სახსრის ხელოვნურ ფორმირებას. ტკივილის გადალახვით პაციენტს წამოვსვამთ, გავააქტიურებთ, ვუტარებთ სუნთქვით და ზოგადგამაჯანსაღებელ ვარჯიშებს. 2-3 თვეში მოტეხილობის ადგილას დრეკადი ხრტილოვანი წარმონაქმნი ყალიბდება, რომელსაც ცრუ სახსარი ეწოდება. ტკივილი მცირდება. კიდური საყრდენ ფუნქციას ვეღარ ასრულებს, მაგრამ პაციენტს შეუძლია ყავარჯნით გადაადგილება. ამგვარად, ის დაზღვეულია პნევმონიისა და ნაწოლების განვითარებისგან.
ოპერაცია უკუნაჩვენებია პალიატიურ პაციენტებთანაც.
პროგნოზი
– რას ველოდეთ მოტეხილობის შემდეგ?
– თუ პაციენტმა ოპერაციის შემდეგ ყველა რეკომენდაცია დაიცვა, ფაქტობრივად, ისევე იცხოვრებს, როგორც მოტეხილობამდე – გადაადგილებას და საკუთარი თავის მომსახურებას თავისუფლად მოახერხებს, თუმცა დიდ სპორტულ დატვირთვაზე, სამწუხაროდ, უარის თქმა მოუწევს.
წყარო: ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)
https://www.aversi.ge/