Plasmon
„დამამშვიდებელი წამალი არცერთ ბავშვს არ სჭირდება“ - მედეა ზირაქაშვილი

თარიღი: 02 მარტი, 2020

როდის და რა სიტუაციაში შეიძლება დამამშვიდებელი პრეპარატების გამოყენება, როგორც მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი გამუდმებით ტირის, მიზანშეწონილია თუ არა მცენარეული დამამშვიდებლების გამოყენება რთული ქცევის მქონე ბავშვებთან, რას ნიშნავს „ტვინის მკვებავი წამალი“ და შეიძლება თუ არა პრეპარატმა მეტყველების სტიმულაცია გამოიწვიოს – „მტირალა“ ბავშვებზე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ბავშვთა ფსიქიატრმა, ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა.

– თავდაპირველად ვისაუბროთ ადრეული ასაკის ბავშვებზე, 2, 3, 4 თვის ბავშვებზე. მშობლების უმეტესობის თქმით, ზოგიერთ ბავშვს 6 თვის ასაკამდე განუწყვეტელი ტირილი ახასიათებს. მიუხედავად იმისა, თუ რა არის ამის მიზეზი, ყველაზე ხშირად საზოგადოება და გარშემომყოფები მათ ნევროლოგისათვის მიმართვას ურჩევენ. რამდენად სწორია 6 თვემდე ასაკში მცირე დოზით დამამშვიდებლების გამოყენება და თუ საჭიროა, როდის?

მედეა ზირაქაშვილი: ჩვილობის და ახალშობილობის ასაკში ბავშვებისათვის მედიკამენტების მიცემისაგან თავი უნდა შევიკავოთ. ამ ყველაფერს რამოდენიმე წინაპირობა აქვს. დავიწყოთ ცოტა შორიდან: ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რას ნიშნავს ამ ასაკის ბავშვებისათვის ტირილი. თუ მოსახლეობას ეცოდინება რამხელა ინფორმაცია და შესაძლებლობებია ჩადებული ტირილში, როდესაც ბავშვი თავის სხვადასხვა საჭიროებებზე მიგვანიშნებს, ვფიქრობ მშობლები ასეთი დოზით და ასე აქტიურად აღარ მოითხოვენ ბავშვებისათვის ტირილის უნარის წართმევას, რასაც მედიკამენტების დანიშვნა განაპირობებს.

ახალშობილისა და ჩვილისთვის ტირილი, ეს არის საკუთარი საჭიროებების შესახებ მშობლებისათვის ინფორმაციის მიწოდების ერთადერთი გზა. ამ ასაკში სხვა საშუალება ბავშვს, პრაქტიკულად არ აქვს, რადგან მას საუბარი არ შეუძლია. შესაძლებელია ახალბედა დედას ეგონოს, რომ ტირილი ყველა შემთხვევაში ერთნაირია და ერთნაირი ინტენსივობისაა, თუმცა რაც უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებს საკუთარ შვილთან ურთიერთობაში, დაინახავს, რომ ტირილს აქვს აბსოლუტურად სხვადასხვა სახე, ხმის სიმაღლე, ინტენსივობა, ხანგრძლივობა და აბსოლუტურად სხვადასხვა საჭიროებაზე მინიშნებას ემსახურება.(მაგ.სველ საფენზე, შიმშილზე, ტკივილზე, გადაღლაზე, საფრთხეზე და ა.შ)

ითვლება, რომ ტირილის მაქსიმალური პერიოდი გრძელდება დაახლოებით გესტაციის 46 კვირამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბავშვი დაიბადა დროული, მაგ. 40 კვირის გესტაციით, 6 კვირა უნდა მოველოდეთ, რომ ბავშვს შეიძლება ქონდეს ტირილის ძალიან აქტიური პერიოდები. ასევე თუ მშობელს ეცოდინება, რომ ეს პერიოდი უნდა გაუძლოს და შემდეგ იქნება შვება, რომ დღის განმავლობაში 2-3 საათი ტირილი 3 თვემდე აბსოლუტურად ნორმალურია და ტიპური განვითარების ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი, ეჭვიც არ მეპარება, რომ მშობელი ასე აღარ იღელვებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია მშობელი თავად იყოს მშვიდად, და  მშვიდად შეხვდეს ბავშვის ტირილს. მას ქონდეს ბავშვის ტირილთან გამკლავების ადეკვატური ქმედებები,  იცოდეს საკუთარი ემოციური მდგომარეობის პიკი,მშობელი შეიძლება გამოიფიტოს, ბევრი უძილობისაგან მას შეიძლება აღარ ჰქონდეს შესაბამისი ემოციური მდგომარეობა, რომ ბავშვს მოუაროს. ძალიან ხშირად  მშობელი იმიტომ ითხოვს დამამშვიდებელს ბავშვისთვის, რომ მან არ იცის ის მექანიზმები, როგორ დაამშვიდოს საკუთარი შვილი, არ იცის როგორ ითხოვოს დახმარება გარშემომყოფებისგან, ბავშვის მოვლის პროცესში. თუ ბავშვს რამოდენიმე აღმზრდელი ეყოლება, რომლებიც  გადაინაწილებენ ბავშვზე ზრუნვის დროს, მშობელს მედიკამენტის გამოყენების მოთხოვნილებაც არ ექნება.

ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რატომ არ შეიძლება მედიკამენტების გამოყენება. პირველი, ეს არის ის, რომ განვითარებადი თავის ტვინი ძალიან მოწყვლადია ინტოქსიკაციისადმი და ერთი შეხედვით მარტივი და მსუბუქი, თუნდაც მცენარეული დამამშვიდებელი შესაძლოა ლეტალური შედეგის გამომწვევადაც იქცეს. ასევე ითვლება, რომ ადრეულ ასაკში საძილე და დამამშვიდებელი მედიკამენტების გამოყენება არაერფექტურია, ამის გამო მშობელი ზრდის დოზას, რომ მიაღწიოს ეფექტს და ერთვება მანკიერ წრეში. შესაძლოა ამან ჰიპერდოზირება გამოიწვიოს და ასევე სავალალო შედეგამდე მივიდეთ.

აქედან გამომდინარე, თუ მშობელმა იცის საკუთარი ემოციური გამოფიტვის პიკი, იცის საკუთარი შვილის დამშვიდების ტექნიკები, აქვს აქტიური კომუნიკაცია ახალშობილთან, ჩვილთან ე.ი აქვს წინაპირობები წარმატებული მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის. თუ მშობელს ექნება ინფორმაცია ტირილის მნიშვნელობის და ყველა იმ ფუნქციის შესახებ, რასაც ტირილი ჩვილობის და ახალშობილობის ასაკში ემსახურება, გააცნობიერებს საფრთხეებს, რაც შეიძლება მოყვეს, ბავშვისთვის გარემოსათან კომუნიკაციის ერთადერთი შესაძლებლობის დათრგუნვას (რასაც მედიკამენტი აკეთებს), მარტივად,  უარს იტყვის ამ სტრატეგიაზე.

-თქვენ ახსენეთ მსუბუქი, საშუალოდ ძლიერი და ძლიერი დამამშვიდებელი მედიკამენტები. ხშირად დედები მიიჩნევენ, რომ თუნდაც ისეთი გავრცელებული მცენარეული პრეპარატის მცირე დოზით გამოყენება, როგორიც ვალერიანია, ზიანის მომტანი არ იქნება, მით უმეტეს თუ ეს გარკვეულწილად მოაწესიგებს ბავშვის ძილს. რას გვეტყვით ამაზე?

მედეა ზირაქაშვილი: ყველას მოგვეხსენება, რომ ნებისმიერ წამალს აქვს გვერდითი ეფექტები. ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც რაღაცაზე ეფექტურად მოქმედებს,  არის გარკვეული ზიანის მომტანიც. მცენარეულ პრეპარატებზე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ხშირად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, რაც აუცილებლად მხედველობაში მისაღებია. ვალერიანის სიროფი, სხვა საშუალებებთან შედარებით, კიდევ ყველაზე უსაფრთხოა, მაგრამ მისი გამოყენებაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მცირე დოზებით არის დაშვებული.

მეორე მიზეზი- ადრეულ ასაკში მსგავსი მედიკამენტები უბრალოდ არაეფექტურია და ამას ადასტურებს მეცნიერთა მიერ ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევები.

-მინდა გკითხოთ ნევროლოგის კონსულტაციის შესახებ. ძალიან ხშირად ისეთ დროს, როდესაც ბავშვი გამუდმებით ტირის და მშობელი ვერ ახერხებს მის დამშვიდებას, მას უჩნდება სურვილი, წაიყვანოს ის ნევროლოგთან კონსულტაციაზე. ყველა ბავშვს სჭირდება თუ არა ნევროლოგის კონსულტაცია და საერთოდ როგორ მივხვდეთ, სჭირდება თუ არა?

მედეა ზირაქაშვილი: ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა. ზოგადად, ნევროლოგთან კონსულტაცია აუცილებელი არ არის, თუ ბავშვი ვითარდება ასაკის შესაბამისად, აბსოლუტურად დროულად აღწევს განვითარების ნიშან-სვეტებს, იღებს საკვებს, იმატებს წონაში, აქვს ცნობიერების ადეკვატური დონე, კუნთების ნორმალური ტონუსი, თუ სახეზე არ არის გულყრები ან ტრემორი (ტანის, ან მისი გარკვეული ნაწილების კანკალი), თავის ზომაში ზრდა ნორმის ფარგლებშია,თუ ბავშვის დამოკიდებულება გარშემომყოფებისადმი ადეკვატურია და პირიქით, თუ ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე პრობლემურია და მშობელი შენიშნავს, რომ რაიმე ისე არ არის, უნდა მიმართოს ნევროლოგს. 

ჩვენთან გარკვეულწილად სტერეოტიპია, რომ ბავშვი დაბადებისთანავე აჩვენონ ნევროლოგს და რასაკვირველია, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ თუ დავსვამთ შეკითხვას, აუცილებელია ეს, თუ არა, გეტყვით, რომ არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მიჰყვება თავისი ასაკისათვის შესაბამის განვითარების ნიშან-სვეტებს.

 

-მინდა გკითხოთ ცოტა მოზრდილ ბავშვებზეც, დაახლოებით 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ასაკის ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ხასიათით და განვითარებით. ერთის მხრივ, არიან ძალიან მშვიდი ბავშვები, რომლებიც მარტივად თამაშობენ საკუთარ თავთანაც და თანატოლებთანაც, და მეორეს მხრივ არიან განსხვავებული ბავშვებიც, უფრო მტირალა,უხასიათო ბავშვები. რას ფიქრობთ ამ ასაკში მედიკამენტების გამოყენებაზე, როდესაც პრინციპში, ბავშვი უკვე მოზრდილია?

მედეა ზირაქაშვილი: ამ კითხვის დასმისას აუცილებელია გამოვყოთ ასაკობრივი პერიოდები იმიტომ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ასაკი და რამდენად იქნება ეს აგრესიული, აჟიტირებული თუ ჰიპერაქტიური ქცევა თანხვედრაში მის ასაკთან. პირველი, ყველაზე რთული პერიოდი ოჯახისთვის, სწორედაც,რომ არის ბავშვის განვითარების პერიოდი 2 წლის ასაკიდან დაახლოებით  3 წლამდე. თუ გადახედავთ ონლაინ სივრცეს და ფორუმებს ნახავთ, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც მშობელი აღმოაჩენს, რომ ბავშვის ქცევის მართვის ბერკეტები ხელიდან ეცლება და ბავშვი ნელ-ნელა იწყებს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას, რაც იწვევს მთელ რიგ სირთულეებს. აქ მნიშვნელოვანია ვახსენოთ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები, კერძოდ კი მეორე სტადია: ავტონომია VS სირცხვილი/დანაშაულის განცდა.

ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი აღმოაჩენს, რომ მას სჭირდება დამოუკიდებლობა და ცდილობს, საკუთარი მე დაამკვიდროს, ის იძენს დამოუკიდებელ უნარ-ჩვევებს,იქნება ეს დამოუკიდებლად ჭამა თუ ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბება. ამ ასაკში მას უკვე აქვს საკუთარი ორგანიზმის კონტროლის გარკვეული ბერკეტები და უჩნდება კითხვა: „თუ შემიძლია ვაკონტროლო ჩემი ორგანიზმი, რატომ არ შემიძლია ვაკონტროლო გარემოც?“ ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი ძალიან აქტიურად იყენებს სიტყვა „არას“ და ძალიან ოპოზიციურია,მაქსიმალურად ცდილობს რომ გარემო დაუქვემდებაროს საკუთარ მოთხოვნილებებს.

მაგრამ აქ ჩნდება მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაც: როდესაც ბავშვი სვამს კითხვას, შეუძლია თუ არა მას დამოუკიდებლად რაღაცეების კეთება? – და აქ, მშობელმა უნდა იპოვოს ოქროს შუალედი და დაიცვას ზომიერება აკრძალვებში, რადგან თუ ბავშვს კატეგორიულად ავუკრძალავთ ყველაფერს და დიდი წნეხის ქვეშ მოვაქცევთ მის „მეს“, ამან მომავალში შესაძლოა მას ძალიან სერიოზული თვითშეფასების პრობლემები ჩამოუყალიბოს. ამ პერიოდის შემადგენელ ნაწილად მოიაზრება „ტემპერ-ტანტრუმები“ – ე.წ „მრისხანების შეტევები“, ქცევითი დარღვევები და დაუმორჩილებლობა ბავშვის მხრიდან, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ დამოუკიდებლობის სურვილთან ერთად თავს იჩენს გამოუცდელობაც. ბავშვმა არ იცის, როგორ მოიპოვოს ეს დამოუკიდებლობა, მას ელემენტარული კომუნიკაციის გამოცდილებაც არა აქვს გარემოსთან, მეტყველება არ არის ჩამოყალიბებული სრულფასოვნად. ძალიან ხშირად „არას“ თქმის შემდეგ ბავშვმა არ იცის, როგორ გააგრძელოს მშობელთან ურთიერთობა. ამას მოჰყვება ემოციების მოზღვავება,რომლის მართვა, ასევე უმწიფარია მასში და სახეზეა ზ.ა მანიპულაციური ქცევები, რომლითაც ცდილობს  მიიღოს სასურველი. ალბათ ყველას გინახავთ ამის მაგალითები: მაღაზიებში, გასართობ ცენტრებში და ა.შ, ბავშვები, რომლებიც ყვირიან, ტირიან, იატაკზე გორავენ და ცდილობენ ასე მიიღონ სასურველი. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ქცევა. მან თავისი ქცევით უნდა გააგებინოს ბავშვს, რომ ეს არ არის ის ქმედება, რითაც ის იღებს სასურველს და ამავდროულად, მშობელმა, შვილს უნდა შესთავაზოს ალტერნატივა,სოციუმისთვის მისაღები ქცევის ფორმა,რომ სურვილი აისრულოს. ჩვენ ვასწავლით მშობელს აღნიშნული ქცევის იგნორირებას, მაგრამ ამავდროულად ვასწავლით ალტერნატიული გზის შეთავაზებასაც. ამიტომ შესაბამისად ვერ იმუშავებს მედიკამენტი. მედიკამენტის გამოყენების შედეგად ბავშვი დაკარგავს წინააღმდეგობის გაწევის ძალას ფიზიკურად, მაგრამ როგორც კი მედიკამენტი მოიხსნება, არასასურველი ქცევა ისევ იჩენს თავს და ზოგადად, დარჩება უცვლელად. ამიტომ სჯობს, მშობელმა გაიჭირვოს რამოდენიმე კვირა, ისწავლოს ქცევითი ტექნიკები და ასე მართოს ბავშვის ქცევა, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში იყოს მშვიდად. 

როდესაც ვსაუბრობთ ბავშვთა პრობლემურ ქცევაზე და ქცევით დარღვევებზე, თქვენ ისაუბრეთ მაგალითად ბავშვებზე, რომლებიც იატაკზე წვებიან და ემართებათ ერთგვარი ისტერიკა, ბავშვებზე, რომლებსაც ვერ ვაგებინებთ, რომ ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, ასეთი ბავშვების მშობლები ხშირად ვარდებიან უხერხულ სიტუაციაში. თქვენ ბრძანეთ, რომ მედიკამენტები ამ დროს უეფექტოა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ მან გამოიყენა თქვენს მიერ ნახსენები ტექნიკები ბავშვთან ურთიერთობაში, მაგრამ შესაბამისი შედეგი ვერ მიიღო? ამის შემდეგ გადავდივართ უკვე სპეციალისტთან. ვიცით, რომ ბავშვის ქცევებზე მუშაობას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ მაინც რამდენი დრო სჭირდება ე.წ. „რთული“ ბავშვების, რთულად სამართავი, მტირალა ბავშვების ხასიათის ფორმირებას?

მედეა ზირაქაშვილი: აუცილებლად მინდა განვასხვაოთ, ტიპური ბავშვის ქცევის დარღვევა და ქცევის რადიკალური დარღვევა, ბავშვის,რომელსაც აქვს გარკვეული განვითარების დარღვევები.თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ქცევის მოგვარების პირველი ეტაპი გახლავთ ყველა სხვა ტექნიკა, მედიკამენტის გარდა. არის შემთხვევები,როდესაც გარკვეული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის დროს ჩვენ გვიხდება ანტიფსიქოზური მედიკამენტების დანიშვნა, თუმცა ხაზს ვუსვამ: ზოგიერთ შემთხვევაში.

რაც შეეხება არაეფექტურ ქცევით ტექნიკებს, ასეთი ფორმულირება , ჩემთვის არ არსებობს, რადგან არსებობს მხოლოდ არაეფექტურად ჩატარებული ქცევითი ტექნიკები.ამ ტექნიკების ეფექტურად გამოყენება არ არის ადვილი, მით უმეტეს,რომ აბსოლუტურად დამოკიდებულია ოჯახის წევრების და აღზრდაში ჩართული სოციალური გარემოს ურთიერთშეთანხმებულ ქმედებებზე.თუ ოჯახის ყველა წევრი, წინასწარგანსაზღვრულად, შეთანხმებულად იმოქმედებს, შედარებით ადვილად და მოკლე დროში მივიღებთ სასურველი ქცევის ჩამოყალიბებას. გაცილებით პრობლემურია მრავალთაობიანი ოჯახი, იმიტომ რომ ბავშვი არაჩვეულებრივად ხვდება,  როგორ იმანიპულიროს სხვადასხვა ადამიანთან. როგორც წესი, ხშირად ბავშვის მშობლებს აქვთ ურთიერთშეთანხმებული ქმედებები, რომელსაც იყენებენ ბავშვთან ურთიერთობაში, მაგრამ ამ ყველაფერს საერთოდ არ ითვალისწინებს ბებია-ბაბუა, ან არსებობს სხვადასხვა ვარიაციები. ასეთ შემთხვევაში ადეკვატური ქცევის ჩამოსაყალიბებლად ოჯახს დასჭირდება გაცილებით დიდი დრო, ან ეს უბრალოდ არ იმუშავებს.

თუ ბავშვი ოჯახის გარდა არის საბავშვო ბაღშიც, სადაც ქცევა ასევე დარღვეულია და ბაღის პედაგოგი არ არის ინფორმირებული, რა საშუალებებით ებრძოლოს დარღვეულ და აგრესიულ ქცვევას, ასეთ შემთხვევაშიც ადეკვატური ქცევის ჩამოყალიბება, ასევე გადავადებული იქნება.

კონკრეტული ეფექტური დროს დასახელება, შედეგის მისაღწევად, გამიჭირდება, რადგან ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ საერთო ჯამში ეს ტექნიკები რომ ეფექტურია და აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე, ეს შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ. ურთიერთშეთანხმებული მოქმედება ოჯახის წევრების მხრიდან, მოთმინება და ნდობა (რომ გამოყენებადი მეთოდი მუშაობს) ის ჩამონათვალია,რაც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.

-ისევ მედიკამენტებზე გკითხავთ. ჩვენ რეალურად ბაზარზე სხვადასხვა სიძლიერის დამამშვიდებელ საშუალებებს ვხვდებით, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა რეკომენდირებული, ისინი ლიცენზირებულია და ჩვეულებრივ იყიდება. რისთვის იქმნება ეს მედიკამენტები? აქვე გკითხავთ ე.წ. „ტვინის მკვებავი“ მედიკამენტების შესახებაც, რომლებსაც ხშირად ნიშნავენ მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებში, რადგან ითვლება, რომ ეს წამლები ახდენს ტვინის იმ უჯრედების სტიმულირებას, რომლებიც პასუხს აგებს მეტყველებაზე.

მედეა ზირაქაშვილი:  თქვენ ახსენეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საუბარს აქედან დავიწყებ. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც გვაძლევენ მითითებებს, რა შემთხვევაში გამოვიყენოთ მედიკამენტები და როდისაა მათი გამოყენება უსაფრთხო. ზუსტად აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ უარს მედიკამენტზე იქ, სადაც ის არ არის გამოსაყენებელი.

თუ გადავხედავთ იმ მედიკამენტების სიას, რომელსაც დღეს ბევრი ექიმი იყენებს, გადავხედავთ მათ დანიშნულებებს და რეკომენდაციებს, აღმოვაჩენთ,რომ ბევრი მათგანის  გამოყენება ბავშვთა პოპულაციაში კონკრეტული ქცევითი დარღვევების სამართავად არ არის რეკომენდირებული. ამისი თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ნებისმიერი მდგომარეობის სამართავად ექიმები ვიყენებთ გაიდლაინებს და პროტოკოლებს, ეს არის კვლევით მტკიცებულებებზე დაფუძნებული სპეციალური „ჩარჩოები“, რომლებსაც იყენებს მსოფლიო და ისინი მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე პრობლემა და მდგომარეობა იმართოს აბსოლუტურად ერთნაირად. ბავშვი ინგლისში დაიბადა თუ საქართველოში, მისი პრობლემის მართვა უნდა ხდებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებით. შესაბამისად, რამდენი მედიკამენტიც არ უნდა  იყოს, თუ მას არა აქვს გაიდლაინით ნებადართული გამოყენება, თუ FDA-ის( Food and Drug Administration-ორგანიზაცია აშშ-ში,რომელიც იძლევა მითითებებს რა მედიკამენტის და საკვების გამოყენებაა უსაფრთხო, რა ასაკში და რა ხანგრძლივობით) მიერ არ არის დამტკიცებული, რომ ამ მედიკამენტის გამოყენება უსაფრთხოა, ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ამ მედიკამენტებს ხელაღებით.

რაც შეეხება „ტვინის მკვებავებს“, ამ მედიკამენტებზე ინფორმაციას თანამედროვე ევროპულ და ამერიკულ სამედიცინო ლიტერატურაში ძალიან იშვიათად შევხვდებით.აღნიშნული მედიკამენტები ძირითადად გავრცელებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ვერ ნახავთ იგივე მედიკამენტს დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, სკანდინავიის ქვეყნებში და ა.შ. თუ მივმართავთ მარტივ ლოგიკას, ცხადი გახდება, რომ განვითარებული ქვეყნები არ არიან დარწმუნებული ამ მედიკამენტების ეფექტურობაში და ამიტომ არ იყენებენ მათ. საუბარია ქვეყნებზე, სადაც ათასობით კვლევა ტარდება ამ მიმართულებით.

რაც შეეხება ამ მედიკამენტების გამოყენებას „ასამეტყველებლად“… მეტყველების დაწყება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი კომუნიკაცია აქვს აღმზრდელს აღსაზრდელთან. თუ ლიტერატურას ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ თურმე,მშობლები ბავშვებს ეკონტაქტებიან დაახლოებით 50-60%-იანი სიხშირით და ინტენსივობით, რაც ზოგიერთ შემთხვევაში მსუბუქი პრობლემების დროსაც კი შეიძლება სერიოზული წინაღობა გახდეს ბავშვის ამეტყველებისთვის. კომუნიკაციის ინტენსივობა უნდა იყოს 80% მაინც, იმისათვის, რომ ბავშვს არ გაუჭირდეს მეტყველების დროული დაწყება. 

ბავშვი, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ყველაფერს ყოფს ორ ძირითად ნაწილად: გარემო,საგნები, ადამიანები რომლებიც პასუხობენ, ეკონტაქტებიან ან/და რომლებიც არ ეკონტაქტებიან. შესაბამისად, მეტყველების განვითარება იმ წყაროდან, რომელიც ბავშვს არ ეკონტაქტება, პრაქტიკულად შეუძლებელია. მეტყველების სტიმულირების მოხდენა შეუძლია მხოლოდ პირისპირ კონტაქტს. რაც უფრო მეტია პირისპირ კონტაქტი აღმზრდელსა და აღსაზრდელს შორის, გაცილებით დროულად ამეტყველდება ბავშვი. როდესაც აქტიური კომუნიკაციის ინტენსივობა კლებულობს, როგორც წესი, ვიღებთ მდგომარეობას, რომელსაც ენის/მეტყველების შეფერხება ჰქვია, ამიტომ მედიკამენტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ბავშვის ალაპარაკების მასტიმულირებელი.

-გკითხავთ ისეთი პრობლემის შესახებ, როგორიც არის უძილობა ბავშვებში. გარდა ამისა, გკითხავთ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სახეზეა აღგზნებული ბავშვი, რომელიც ყველაფერს გამოხატავს აგრესიით, რომელიც ნებისმიერ პატარა დეტალზე შეიძლება გაღიზიანდეს და დაიწყოს ჩხუბი, ყვირილი და ა.შ. რა აზრის ხართ ასეთ დროს თუნდაც მცირე დოზით მსუბუქი მედიკამენტების ჩართვაზე.

მედეა ზირაქაშვილი: საუბარს დავიწყებ ე.წ. „აჟიტირებული ბავშვების“ შესახებ. ეს მედიცინაში კონკრეტული სახელწოდებაა. აჟიტირებული ბავშვებით მშობლები ხშირად მიმართავენ გადაუდებელი დახმარების მიმღებს. აჟიტირებული ბავშვი სხვადასხვა ნიშნების ერთობლიობით ხასიათდება, ეს არის ზღვარგადასული მოტორული და ფსიქიკური აღგზნების მქონე ბავშვი, რომელიც გამოირჩევა აგრესიული და საფრთხის შემცველი ქმედებებით როგორც გარშემომყოფების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. მაგალითად ითვლება, რომ ასეთ მდგომარეობაში ხშირად ვარდებიან ბავშვები, ვისაც აქვთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, სადაც ემოციური დისრეგულაცია მთავარი პრობლემაა, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები გონებრივი ჩამორჩენილობით, როდესაც მათ თვითგამოხატვის სხვა გზა არა აქვთ და ა.შ. ასევე უნდა ვახსენოთ სხვადასხვა ნივთიერებებით ინტოქსიკაცია და სხვადასხვა ნივთიერებების მომხმარებელი თინეიჯერები, რომლებიც მსგავსი სიმპტომებით ხშირად მოხვედრილან გადაუდებელი დახმარების მიმღებში, ასევე სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევის მქონე ბავშვები, უფრო მოზარდები.მინდა გითხრათ, რომ ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ, მედიკამენტებით ხდება მდგომარეობის მართვა, თუმცა აქაც არსებობს მდგომარეობის და ხარისხის შემფასებელი სხვადასხვა შკალები.  დარღვევის სხვადასხვა ხარისხის დროს მდგომარეობის მართვა მაინც ქცევითი ტექნიკების გამოყენებით იწყება, შემდეგ გადავდივართ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა აჟიტირებული ბავშვი ყველა საშუალებით უნდა დავამშვიდოთ.

რაც შეეხება უძილობას ბავშვებში, ძალიან გავრცელებულია ეს პრობლემა. 25%-იც კი შეიძლება იყოს ძილის დარღვევები პოპულაციაში. სხვადასხვა ასაკში ძილის სხვადასხვა დარღვევა გვხვდება. ადრეული ასაკის ბავშვებში, ძილი მოუწესრიგებელი და ზედაპირულია.ახალშობილს 16-20 საათი სძინავს. დღე-ღამის უმეტეს ნაწილს ის ატარებს ძილში, მისი ძილის მართვა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ძილის ფაზები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ღრმა და განგრძობითი ძილი შორეული პერსპექტივაა, იმიტომ, რომ ახალშობილებს 2-4 საათიანი ფაზებით სძინავთ საერთო ჯამში 20 საათამდე დღე-ღამეში.ამ ასაკში, ჩვენ გაგვიჭირდება სტრუქტურის ჩამოყალიბება, ყველაფერს აქვს თავისი დრო. სადღაც 3 თვის ასაკიდან ნელნელა რეგულირდება ეს პროცესი და 6 თვისთვის ხდება ფაზების ჩამოყალიბება. შედარებით გვიანდელ პერიოდში  ითვლება, რომ ძილის დარღვევების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში არის მშობლების მხრიდან არასწორი და არაადეკვატური მიდგომა ძილის სტრუქტურასთან დაკავშირებით.

მაგალითად, ადრეულ ასაკში, როდესაც საუბარია ბავშვზე, რომელმაც არ იცის საათის ცნობა, მისთვის თქმა, რომ „ძილის დროა“, ფუჭია. ბავშვისთვის ყველა დრო ერთია, იმიტომ რომ  მან არ იცის საათის ცნობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს რუტინული, მკვეთრად გაწერილი და მყარ სტრუქტურაში ჩასმული ძილისწინა პროცედურები, რითიც ბავშვს ვუყალიბებთ ერთგვარ მზაობას იმისას, რომ მან უნდა დაიძინოს. მაგ: თბილი აბაზანა, დედის მიერ წაკითხული ძილისწინა მოთხრობა და შემდეგ ძილის პროცესი. ძილისწინა პერიოდის მართვასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ისევე როგორც ოჯახის ცხოვრების სტილს. თუ მშობელი სახლში მოდის გვიან,სხვადასხვა დროს და ბავშვი ელოდება მის მოსვლას, ეს იწვევს სერიოზულ ქაოსს, იმიტომ რომ ის მნიშვნელოვანი წინაპირობა, როგორიცაა ერთი და იგივე დროს დაძინება, რომელიც აწესრიგებს ძილს და ძილის სიღრმეს უწყობს ხელს, ასეთ მდგომარეობაში ირღვევა.

პროცესი  შეიძლება დაარღვიოს ასევე ლოგინში დიდხანს გატარებულმა დრომ, იმიტომ, რომ ხშირად საწოლი ხდება ძილის გარდა სხვადასხვა აქტივობების და გართობის ადგილი და ბავშვი საწოლში ჩაწვენისას თავს არიდებს დაძინებას. თუ ბავშვს ჩავაწვენთ ძალიან ადრე, ვიდრე მას ეძინება, ის მოითხოვს გართობას და შესაბამისად ძილიც გადავადდება. ყურადღება, რასაკვირველია ექცევა გარემოში-ხმაურს, განათებას, ტემპერატურას, ტენიანობას.ბავშვის მხრიდან, კი  შიმშილს, სიმაძღრეს, სხვადასხვა ნივთიერებების მიღებას, მაგ: კოფეინის, რომელიც სერიოზულად არღვევს ძილის პროცესს  და ა.შ.

მედიკამენტები არ უნდა გამოვიყენოთ,რადგან მცირე ასაკში მედიკამენტების გამოყენება – უეფექტოა. არსებობს გამონაკლისი მედიკამენტი, რომელიც ბუნებრივი კომპონენტია, საუბარია ჰორმონზე-მელატონინი, რომელიც ორგანიზმში გამომუშავდება და ამზადებს ორგანიზმს ძილ-ღვიძილის ადეკვატური რიტმისთვის. ისეთ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს უჭირს ჩაძინება და სახეზე გვაქვს გარკვეული ტიპის დარღვევები, მაგ: აუტიზმის სპექტრის აშლილობა (ამ დროს ბავშვებს აქვთ მკვეთრად გამოხატული ჩაძინების პრობლემა) ჩვენ ვირჩევთ გარკვეულ მედიკამენტებს და ვიყენებთ მათ.

სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ ძილის რუტინის მოწესრიგება, თანმიმდევრულობა, სტრუქტურა, ეს არის წინაპირობა ადეკვატური და ღრმა ძილის ჩამოსაყალიბებლად. ამაზე ეფექტური საშუალება ჯერჯერობით გამოგონებული არ არის.

-აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად ბავშვებს დამამშვიდებელი პრეპარატები არ სჭირდებათ?

 

მედეა ზირაქაშვილი: რაც უფრო ნაკლებად მოსთხოვენ მშობლები ექიმებს მედიკამენტების დანიშვნას, გაცილებით მეტად დაეხმარებიან საკუთარ შვილებს, იმიტომ, რომ არსებობს ძალიან ბევრი სტრატეგია, სანამ მივალთ მედიკამენტამდე. უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საჭიროა მშობელმა იცოდეს საკუთარი ემოციური შესაძლებლობების ზღვარი, ის ტექნიკები და მექანიზმები, რომლებიც გვეხმარება ასეთი პრობლემური სიტუაციების მართვაში. გარდა ამისა საჭიროა მშობელს ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია შვილთან და ყველა ოჯახის წევრი ჩართული და ურთიერთშთანხმებული იყოს აღზრდის პროცესში, დამერწმუნეთ, მედიკამენტების გამოყენების საჭიროება ნამდვილად არ იქნება.

წყარო: https://fortuna.ge/