თარიღი: 13 თებერვალი, 2018
ბავშვის სწორი კვება ჯანმრთელობის, ადეკვატური ზრდისა და განვითარების და დაავადებათა პროფილაქტიკის აუცილებელი პირობაა. დადგენილია, რომ სწორი კვება სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში ამცირებს მრავალი დაავადების განვითარების რისკს არამარტო ბავშვთა, არამედ მოზრდილთა ასაკშიც. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება: სიმაღლეში ჩამორჩენა, ზრდის შეფერხება, სიმსუქნე, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ოსტეოპორიზი და სხვა.
6 თვემდე ასაკის ბავშვის იდეალურ საკვებს ქალის რძე წარმოადგენს. ქალის რძე ცოცხალი ბიოლოგიური სუბსტანციაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად და 6 თვემდე ასაკში მთლიანად აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებას საკვებ ნივთიერებებსა და სითხეზე. თუმცა 6 თვის ასაკის შემდეგ აუცილებელია ბავშვის კვების რაციონში დამატებითი კვების დაწყება, ვინაიდან ამ ასაკიდან ჩვილს ზრდა-განვითარებისთვის აღარ ჰყოფნის დედის რძით მიღებული ვიტამინები და მიკროელემენტები. იშვიათ შემთხვევაში ექიმის გადაწყვეტილებით დამატებითი კვება ინიშნება 4 თვის ასაკიდან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით დაუშვებელია დამატებითი კვების დაწყება 4 თვემდე, ამ პერიოდში ბავშვს არ აქვს ჩამოყალიბებული ღეჭვის ჩვევა, არ არის მომწიფებული კუჭ-ნაწლავის სიტემა და გამომყოფი ორგანოები და შესაბამისად მაღალია სხვადსხვა პრობლემის განვითარების რისკი. სწორად წარმართული დამატებითი კვება ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას არა მარტო ჩვილობის ასაკში, არამედ მისი ცხოვრების მთელი პერიოდის მანძილზე.
გახსოვდეთ 2 წლამდე ასაკში დედის რძე მაინც რჩება ჩვილი ბავშვისათვის ენერგიის, ცილების, მიკროელემენტების და სხვა აუცილებელი ნივთიერებების შეუცვლელ წყაროდ. ამიტომაც განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი საკვები კი არ ენაცვლება დედის რძეს, არამედ ემატება მას.. დამატებითი საკვები თავისი კონსისტენციით უფრო სქელი უნდა იყოს, ვიდრე დედის რძე, რაც მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტიმულაციისა და საღეჭი აპარატის ჩამოყელიბებისთვის
დამატებითი კვების დროს მიზანშეწონილია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:
კონსისტენციის მიხედვით საკვები უნდა იყოს რბილი პირველ ხანებში - ნახევრად თხიერი, (პიურეს და თხელი ფაფის კონსისტენციის), ერთგვაროვანი, ასაკის მატებასთან ერთად შედარებით უფრო სქელი, მოგვიანებით კი მკვრივი.
ყოველი ახალი საკვები უნდა მივცეთ ბავშვს თანდათან მზარდი დოზით, მას შემდეგ, როდესაც ბავშვი მიეჩვევა პირველ დამატებით საკვებს. შესთავაზეთ ბავშვს დამატებითი საკვების მცირე ულუფა (1-2 კოვზი) ძუძუთი კვების შემდეგ და ყოველდღიურად გაზარდეთ დამატებითი საკვების რაოდენობა. თუ ბავშვი ძუძუს შემდეგ არ იღებს საკვებს, შესაძლებელია დამატებითი კვებით დაწყება და შემდეგ ძუძუს მიწოდება
არ შეიძლება ერთდროულად ორი ახალი საკვების დანიშვნა, ერთ დღეს ჩვილს მხოლოდ ერთი ახალი პროდუქტი უნდა გაასინჯოთ, ისიც - მხოლოდ ერთ კვებაზე. დამატებითი საკვები უმჯობესია შესთავაზოთ ბავშვს დღის პირველ ნახევარში
საკვების მომზადება საჭიროა ყოველი კვების წინ, სისუფთავის ყველა წესების დაცვით.
დამატებითი საკვების მიცემა ხდება კოვზით და არა საწოვრით
დამატებითი საკვებად მიზანშეწონილია გამოყენებული იყოს ის ხილი და ბოსტნეული, რომელიც ჩვენს გეოგრაფიულ არეალში მოჰყავთ
არ არის მიზანშეწონილი კვების დამატება ბავშვის ავადმყოფობის პერიოდში, ბავშვის ჩვეული რუტინის ცვლილების დროს.
დამატებითი კვების დროს გასათვალისწინებელია, რომ ბავშვმა მიიღოს საკვები 4 ძირითადი ჯგუფიდან:
I ჯგუფი - ხილი და ბოსტნეული წარმოადგენს ნახშირწყლების, უჯრედისის, ვიტამინების და მინერალების წყაროს. დადგენილია, რომ ხილის და ბოსტნეულის საკმარისი რაოდენობით მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების, დიაბეტის გაnვითარების რისკს.
II ჯგუფი - პურეული და მარცვლეული – ენერგიის, უჯრედისის და B ჯგუფის ვიტამინების წყაროა. უპირატესობა ენიჭება დაუცეხავი მარცვლეულის გამოყენებას
III ჯგუფი - რძე და რძის პროდუქტები - ცილების, ცხიმების, ვიტამინების და მინერალების წყაროა. განსაკუთრებით მდიდარია კალციუმით, რომელიც აუცილებელია ძვლის მინერალიზაციისთვის.
IV ჯგუფი – ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, ნიგოზი, თხილი –ცილების, ცხიმების, ენერგიის, ნახშირწყლების, ვიტამინების და მინერალების წყაროა რკინის მაღალი შემცველობით.
შეზღუდეთ ბავშვთან ტკბილეულის, მარილიანი და ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე საკვების მიღება.
2 წლამდე არ არის რეკომენდებული ტკბილი და გაზიანი სითხეები, დიდი რაოდენობით განუზავებელი ხილის წვენი, ჩაი და 2 ჭიქაზე მეტი ძროხის რძის გამოყენება.
მცირე ასაკში მაღალია საკვების გადაცდენის რისკი, ამიტომ არ გამოიყენოთ ბავშვის რაციონში მრგვალი, ძნელად დასაღჭი, უხეში, საკვები, რომელიც ადვილად შეიძლება გადაცდეს, როგორიცაა ყურძენი, მუხუდო თხილი, და სხვ. დაამუშავეთ საკვები ისე, რომ იგი ადვილად მისაღები იყოს პატარასთვის.
გაითვალისწინეთ, რომ 1 წლის შემდეგ ბავშვი სიფრთხილით იღებს ყოველ ახალ საკვებს, ამიტომ საჭიროა პერიოდულად შესთავაზოთ ერთი და იგივე ახალი საკვები. ამავე დროს არასოდეს არ დააძალოთ საკვები და არ გადააქციოთ კვება “ბრძოლის ველად”. თუ ბავშვი არ იმატებს წონაში, მუდმივად უარს ამბობს ახალი საკვების გასინჯვაზე, იღებს მხოლოდ ერთფეროვან პროდუქტებს მიმართეთ ექიმს.
წყარო: https://evex.ge