Plasmon
ძილის დარღვეევები აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს

თარიღი: 09 ნოემბერი, 2017

ძილის დარღვეევები აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს

ვაგრძელებთ რუბრიკას “სპეციალისტის პასუხი თქვენ შეკითხვაზე” – გიპასუხებთ ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი.

 

ძილის დარღვევები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კომორბიდული (თანარსებული) დიაგნოზია აუტიზმის სპექტრის აშლილობების დროს (ის გვხვდება შემთხვევათა 50-80 %-ში). კვლევებით დადგინდა, რომ სხვადასხვა სიმპტომებს შორის ძილის დარღვევები ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი ჩივილია მშობლებისთვის, რადგან იგი არღვევს არა მხოლოდ ბავშვის, არამედ მთელი ოჯახის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ყოველდღიურად ბავშვს უნდა ეძინოს მისი ასაკისთვის დადგენილი დროის მანძილზე. ძილის ხანგრძლივობა ნელ-ნელა, ეტაპობრივად მცირდება ჩვილობიდან მოზარდობამდე პერიოდში: ჩვილები საჭიროებენ 12-14 საათიან ძილს დღე-ღამის განმავლობაში, სკოლამდელი ასაკის (3-5 წ) ბავშვები კი – 11-12 საათს. 10-11 სთ უნდა ეძინოთ სასკოლო ასაკის ბავშვებს, ხოლო  – თინეიჯერებს – 9-10 საათი.

ზემოთ ჩამოთვლილი საათები  მხოლოდ ზოგადი ნორმის ამსახველი ციფრებია. თითოეულ ინდივიდს აქვს საკუთარი ძილის საკმარისი, ინდივიდუალური ხანგრძლივობა. ძალიან მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ბავშვის ქცევას მისი სიფხიზლის პერიოდში, რაც ყველაზე ობიექტური მაჩვენებელი იქნება, რამდენად ყოფნის ბავშვს ძილის ის ხანგრძლივობა, რაც მისთვის ჩვეულია დღე-ღამის განმავლობაში.

ნებისმიერი მიზეზი, რომელიც გამოიწვევს ძილის ნორმალური ხანგრძლივობის შემცირებას, მოითხოვს განსაკუთრებულ დაკვირვებას და კვლევას.

 

რაზე ახდენს ზეგავლენას ძილის დარღვევები?

 

სტრესულია და შემაწუხებელი ოჯახისთვის,

აუარესებს ქცევას დღის განმავლობაში: ჰიპერაქტიულობა და უყურადღებობა მძაფრდება,

ხშირდება სტერეოტიპული მოძრაობები და განსაკუთრებით უარესდება სოციალური უნარები.

ალბათ იბადება კითხვა, ძილის დარღვევების რა ფორმაა ყველაზე ხშირი აუტიზმის სპექტრის აშლილობების (ასა-ს) დროს?

ძილის დარღვევის იმ ფორმას, როდესაც არის ჩაძინებისა და ძილის შენარჩუნების სირთულე, ინსომნია  ეწოდება და სწორედ ის გვხვდება ასა-ს დროს ყველაზე ხშირად. მისი მიზეზი, როგორც წესი, მულტიფაქტორულია ხოლმე.

მათ შორის აღსანიშნავია:

ნეირობიოლოგიური ფაქტორები (ნეიროტრანსმიტერების (გაბასა და მელატონინის) დეფიციტი;

სამედიცინო მდგომარეობები:

ეპილეფსია,

გასტროეზოფაგური რეფლუქსი,

ყაბზობა,

კბილების პრობლემები,

ეგზემა,

შფოთვითი აშლილობები,

დეპრესია,

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი,

ობსესურ- კომპულსიური აშლილობა.

გარემოს დისკომფორტით (საფენით, საღამურით) გამოწვეული.

 

ინსომნია ყველაზე ხშირად ვლინდება:

ჩაძინების დროის გახანგრძლივებით,

წინააღმდეგობით დასაძინებლად წასვლის მოწოდებაზე,

ხანმოკლე ძილით და ხშირი გამოღვიძებებით,

ლოგინში გატარებული გადაჭარბებული დროით(ძილის ხანგრძლივობასთან შედარებით).

რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ექიმს და როგორ უნდა მართოთ ძილის დარღვევები?

 

აუცილებელია ექიმს მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია:

დაძინების დროის,

გაღვიძების დროის,

დღის განმავლობაში ჩაძინებების,

ღამის განმავლობაში გამოღვიძებების, ღვიძილის ხანგრძლივობის და თანარსებული ქცევის შესახებ.

ასევე , მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, თუ როგორია ბავშვის ფუნქციონირების დონე დღის მანძილზე, კერძოდ: დღის მანძილზე ბავშვი ჰიპერაქტიულია თუ ძილიანი.

 

ასევე, მშობელმა უნდა აწარმოოს ძილის დღიური, სადაც ჩაიწერება:

ჩაძინების ხანგრძლივობა,

სრული ძილის ხანგრძლივობა,

ღამით გამოღვიძებები,

მკურნალობის ეფექტურობა.

 

ძილის დარღვევების ეფექტურად სამართავად, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს:

გარემოზე, სადაც ბავშვს ძინავს,

კარგი ძილის ჰიგიენის შერჩევაზე,

ძილის წინა რუტინის შემოღებაზე,

საგანმანათლებლო და ქცევითი ინტერვენციებზე.

განვიხილოთ თვითოული მათგანი:

 

გარემო, სადაც ბავშვს ძინავს:

ოთახი უნდა იყოს შედარებით ბნელი, ნაკლები განათებით და ხმაურით,

საწოლი უნდა იყოს მოსახერხებელი ბავშვის ასაკისთვის,

დაცული უნდა იყოს უსაფრთხოობის ნორმები (გადმოვარდნის და ფიზიკური დაზიანების რისკის შემცირება),

სენსორული დეზინტეგრაციის ნიშნების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია: საღამურის, ლოგინის თეთრეულის და საფენის ფაქტურაზე ყურადღების გამახვილება.

ძილის ჰიგიენის დაცვისას გათვალისწინებული უნდა იყოს:

დღის ჩვევები,

საღამოს ჩვევები,

მარტო ჩაძინების სწავლება,

დაძინებასთან დაკავშირებული რუტინა.

 

დღის ჩვევები:

ფიზიკური დატვირთვა დღის მანძილზე: ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიში დღის განმავლობაში. იგი ხელს უწყობს ადვილად დაძინებას და შედარებით ღრმა ძილის ფორმირებას. მაშინ, როდესაც პირიქით, ღამის ძილის პერიოდთან ახლოს ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა გააუარესოს ბავშვის ჩაძინება.

კოფეინის მიღება: ერიდეთ კოფეინის შემცველ პროდუქტებს ძილის წინა პერიოდში: ჩაი, ყავა, შოკოლადი, და გაზიანი სასმელები შეიცავს კოფეინს და ხელს უშლის ჩაძინებას.

ჩაძინებების (წათვლემის) შეზღუდვა: წათვლემა ძალიან ეხმარება სასკოლო ასაკის ბავშვებს ენერგის აღდგენაში, თუმცა არ უნდა იყოს გვიან საღამოს, რომ ჩაძინების პროცესს არ შეუშალოს ხელი.

საღამოს ჩვევები:

გარე გამღიზიანებელი სტიმულების შემცირება: საძინებელი უნდა იყოს ბნელი, წყნარი და მოსაწონი ბავშვისთვის. გასათვალისწინებელია სენსორული დეზინტეგრაციის არსებობის დროს მნიშვნელოვანი გარემო ფაქტორები: ხმაური, განათება, საღამურის ფაქტურა, საფენის ზედაპირი.

დამოუკიდებლად ჩაძინების სწავლება: ასწავლეთ თქვენს შვილს დამოუკიდებლად, მშობლის დახმარების გარეშე ჩაძინება. თვითოული ჩვენთაგანი ვიღვიძებთ ღამის განმავლობაში, თუმცა ადვილად შევიბრუნებთ ხოლმე ძილს, შესაბამისად, თუ ბავშვს დაძინებისას სჭირდება დედის გვერდში ყოფნა, გამოღვიძებისას დამოუკიდებლად ვერ ჩაიძინებს და დედის დახმარება დასჭირდება. მან გამოღვიძების შემთხვევაში თავისით უნდა ჩაიძინოს.

ძილისწინა რუტინის ჩამოყალიბება:

ძილისწინა რიტუალები არის პროცედურები, რომელიც ძილამდე 20-30 წუთით ადრე უნდა დაიწყოს და აუცილებლად უნდა გამეორდეს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს განსაზღვრული თანმიმდევრობით, რაც ბავშვს ჩამოუყალიბებს სწორი ძილის რეჟიმს. ძილისწინა რუტინა უნდა იყოს განმეორებითი, ხანმოკლე და ადვილად შესასრულებელი (20-30 წუთი). მისი მთავარი ფუნქციაა, რომ ორგანიზმი განაწყოს ძილისთვის. შესაძლოა ასევე რელაქსაციური აქტივობები: კითხვა, მოყოლა ან წყნარი მუსიკის მოსმენა. მოერიდეთ ტელევიზორით, კომპიუტერით და ვიდეოთამაშებით ბავშვის დაკავებას.

 

ბიჰევიორული ტექნიკების გამოყენება ძილის დარღვევების სამართავად:

ქცევითი თერაპია ამცირებს მშობლების სტრესს,

აწესრიგებს მშობლების ძილს ბავშვის ძილთან ერთად,

ზრდის თვითშეფასებას, რომ მშობელს შეუძლია გაუმკლავდეს წინააღმდეგობებს, ბავშვთან წარმოქმნილი პრობლემებთან დაკავშირებით.

 

შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მეთოდები:

ვიზუალური გამამტკიცებლები – პატარა სურათები, თუ რის შემდეგ რა ქმედებას უნდა მიმართოს ბავშვმა,

სხვა ბავშვების ისტორიები ძილის გამოწვევებთან დაკავშირებით (მაღალფუნქციური ასა-ს შემთხვევაში),

საწოლში წოლის ხანგრძლივობის შემცირება. არ დააწვინოთ ლოგინში, თუ იცით, რომ მას ჯერ არ ეძინება.

დამოუკიდებლად ჩაძინების სწავლება.

მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, უფრო მძიმე დარღვევის და ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს მედიკამენტის გამოყენება.

 

ინტერესის შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ კონკრეტულ შეკითხვებზე.

 

 პატივისცემით,

 

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი.