თარიღი: 25 აპრილი, 2018
ენაბორძიკობა – აღზრდის შედეგი?
“ბუ-ბუ-ბუ-ბურთი მინდა!” – სამიოდე წლის ბუთხუზა ბიჭუნა მაღაზიაში მუდარით შეჰყურებდა დედას. ისეთი საყვარელი იყო, ენაბორძიკობა თითქოს უხდებოდა კიდეც. რედაქციაში შემოსული წერილი გამახსენდა, სადაც დედა ჩიოდა, ვისთან აღარ მყავდა ბავშვი – ლოგოპედთან, ნევროლოგთან, ფსიქოლოგთან, მაგრამ არაფერი გვეშველა, ბიჭი უკვე მესამე კლასშია და ენა მაინც ებმისო. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა, თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმმა ნევროლოგმა, თსსუ ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ხაჭაპურიძემ ბრძანა, ენაბორძიკობა მეტყველების ყველაზე ხშირი დარღვევაა. ჩვენი საუბარიც სწორედ ამ პრობლემას შეეხო:
– ქალბატონო ნანა, რა ასაკიდან იწყება მეტყველების განვითარება და რა ეტაპებს გაივლის ის?
– მართალია, ბავშვი ლაპარაკს ერთიდან ორ წლამდე ასაკში იწყებს, მაგრამ მისი მეტყველება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ვითარდება. სამ თვემდე ბავშვი სასიამოვნო ბგერებს გამოსცემს, ღუღუნებს. ოთხიდან ექვს თვემდე უკვე ცალკეულ ბგერებს წარმოთქვამს, წლამდე – მარცვლებს, ერთი-ორი წლისა – უკვე სიტყვებსაც, ორსიტყვიან კითხვებს სვამს, ბევრი თანხმოვნის შემცველ სიტყვებს იყენებს. 2-3 წლის ბავშვი ადგენს ორ-ოთხსიტყვიან წინადადებებს, გამოთქვამს რთულ ბგერებს (ფ, ჯ, ყ). 3-4 წლის ბავშვი მეტყველებს არა მარტო შინ, არამედ უცხო გარემოშიც. 4-5 წლის ასაკში შეუძლია პატარა ამბის მოთხრობა, ფაქტობრივად, გამართულად ლაპარაკობს. ასეთია მეტყველების განვითარების ეტაპები. თუმცა ზოგჯერ ეს პროცესი ირღვევა.
– რა განაპირობებს ენაბორძიკობას და როგორია მისი სტატისტიკა?
– ენაბორძიკობის განვითარებას საფუძვლად უდევს მეტყველების, სასუნთქი და ბგერითი აპარატის კუნთთა კრუნჩხვები, რაც კლინიკურად ვლინდება მეტყველების რიტმის, ტემპისა და დინამიკურობის დარღვევით. ენაბორძიკობა უმეტესად 2-4 წლის ასაკში იწყება, ხშირად – ძლიერი შთაბეჭდილების ან შიშის ფონზე, რაც ამ ასაკისთვის დამახასიათებელ აზროვნებისა და მეტყველების ინტენსიურ განვითარებას უკავშირდება. 5-6 წლის ასაკში ეს პრობლემა ბავშვთა 1.4%-ს აღნიშნება, 6-14 წლის ასაკში – 0.7%-ს. ენაბორძიკობა ყველა რასასა და კულტურაშია გარცელებული. მისი სიხშირე დამოკიდებულია არა მარტო ასაკზე, არამედ ენის ეთნიკურ თავისებურებებზე, მეტყველების ტემპის, რიტმის, პაუზების სიხშირეზე, ინტონაციაზე. ამით აიხსნება ევროპის მოსახლეობაში ენაბორძიკობის სიხშირის კლება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ (საფრანგეთში – 5.7%, გერმანიაში – 2%, რუსეთში – 1.2%). საინტერესოა, რომ ენაბორძიკობა შავკანიან მოსახლეობაში უფრო ხშირია, ვიდრე თეთრკანიანებში. სამწუხაროდ, საქართველოში ანალოგიური სტატისტიკა არ მოგვეპოვება.
– როგორ ვლინდება ეს დარღვევა?
– ენაბორძიკობას თავდაპირველად ახასიათებს ბგერის გაგრძელება, მარცვლების გამეორება, მოგვიანებით – ცალკეულ მარცვლებზე დიდხანს შეჩერება, მისი დაბლოკვა, რაც კუნთების დაჭიმვას უკავშირდება. ენაბორძიკობა სხვადასხვა ხარისხით ვლინდება. მსუბუქ შემთხვევაში მეტყველების დეფექტი მხოლოდ კოსმეტიკურია, მძიმე ფორმის დროს კი პაციენტს აღენიშნება მეტყველების დაბლოკვა და ორალური კონტაქტი თითქმის შეუძლებელია.
არსებობს ენაბორძიკობის სამი ტიპი: ევოლუციური, რომელიც ვლინდება ადრეულ ასაკში, მეტყველების ფორმირების პროცესში; რეაქტიული, რომელიც უფრო მოზრდილ ასაკში, უკვე ფორმირებული მეტყველების ფონზე აღმოცენდება ძლიერი ფსიქოგენური ფაქტორის გავლენით და სიმპტომური ანუ მეორეული, როდესაც ენაბორძიკობა სხვა დაავადების (თავის ტვინის ტრავმული, სისხლძარღვოვანი, ინფექციური ან სხვა სახის დაზიანების) ფონზე იჩენს თავს.
ბავშვთა ასაკში ენაბორძიკობა ორი მექანიზმით ვითარდება. პირველ შემთხვევაში – მეტყველების ნორმალური ან სწრაფი განვითარების ფონზე. თავდაპირველად ბავშვი ეპიზოდურად იმეორებს სიტყვებს, მარცვლებს. შესაძლოა, დარღვევამ მწვავე ან ქრონიკული ფსიქოტრავმის ფონზე იჩინოს თავი. მას ახასიათებს ტალღისებრი მიმდინარეობა პერიოდული გაუარესებით და თანმხლები ნევროზული გამოვლინებით. ამ ეტაპზე ნორმალური მეტყველება ადვილად აღდგება.
მეორე შეძენილი ენაბორძიკობაა, რომელიც თავის ტვინის ან სხვა ორგანოთა თუ სისტემათა დაავადების ფონზე ვითარდება. ამ შემთხვევაში ენაბორძიკობის გახანგრძლივებისა და გაუარესების ტენდენცია შეინიშნება. დარღვევა ყველაზე ხშირად ვლინდება ცალკეული ბგერების ან მარცვლების გამეორებით (კლონური კრუნჩხვები) ან ცალკეულ ბგერებზე ხანგრძლივი შეჩერებით (ტონური კრუნჩხვები).
ზოგჯერ ენაბორძიკობას ორივე მექანიზმი განაპირობებს (შერეული ფორმა).
– რა იწვევს ენის ბორძიკს?
– ენის ბორძიკს მრავალი ფაქტორი იწვევს. ადრეული ბავშვობის ასაკში ენაბორძიკობის მაღალი სიხშირე თავის ტვინის ფუნქციური თავისებურებებით აიხსნება. თავის ტვინის ჰემისფეროების ფორმირება დაახლოებით 5 წლისთვის სრულდება და ყალიბდება ჰემისფეროთაშორისი ფუნქციური ასიმეტრია, რაც მეტყველებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ 2-4 წლის ასაკში, მეტყველების ფორმირების პროცესში, ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა გარეგანი მავნე ფაქტორების მიმართ. მეტყველება უფრო გვიან და ნელა ფორმირდება ვაჟებთან, რითაც შეიძლება აიხსნას ის გარემოებაც, რომ მათთან ენაბორძიკობა 2-10-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებთან.
ნეიროვიზუალური კვლევებით (თავის ტვინის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანასული გამოკვლევა და სხვა) დადგენილია, რომ ენაბორძიკობა გამოწვეულია მარცხენა ჰემისფეროს დომინანტური ფუნქციის დაკარგვით. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ნაძალადევი მემერჯვენეების 33%-ს ენაბორძიკობა აღენიშნება.
ადრეულ ასაკში ენაბორძიკობის განვითარებას ხელს უწყობს თავის ტვინის სხვადასხვა დაზიანება (ტრავმული, ინფექციური, მეტაბოლური და სხვა). მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი განწყობაც, რომლის დროსაც გარეგანი ფაქტორი ენაბორძიკობის მხოლოდ გამშვებ მექანიზმად გვევლინება. ენაბორძიკობის სამჯერ მაღალი რისკი აქვთ ბავშვებს, რომელთაც ჰყავთ ამავე დარღვევის მქონე პირველი რიგის ნათესავები. თუმცა მის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის გარემო ფაქტორებს. ენაბორძიკობის მქონე ბავშვთა 40-71%-ს ამ დარღვევის ოჯახური ისტორია არ გააჩნია.
– გარეგანი ფაქტორებიდან რა არის გასათვალისწინებელი?
– მნიშვნელოვანი როლი ენიჭება აღზრდის თავისებურებებს. ენაბორძიკობის მიზეზად ხშირად გვევლინება იმპერატიული აღზრდა – სიმკაცრე, ძალდატანება, სრული მორჩილების მოთხოვნა, რაც მშობლების მიმართ აგრესიას იწვევს, ასევე – “სამაგალითო” ბავშვის აღზრდა, ბავშვისთვის მაღალი მოთხოვნების წაყენება, უზომო რაოდენობის ლექსების სწავლება. ასეთ ბავშვს გარკვეული მარცხის პირობებში შესაძლოა ფობიური და დეპრესიული რეაქციები განუვითარდეს.
ცალკე საკითხია განებივრებული ბავშვი. როდესაც მშობლები ზედმეტად ლმობიერნი არიან, უპირობოდ უსრულებენ შვილს ყველა სურვილს, ბავშვი ჯიუტი და აგრესიული ხდება. ეს არღვევს ასაკისთვის შესაბამის ქცევის ფორმებს, სოციალურ კონტაქტებს, იწვევს შიშს, შებოჭილობას აღმზრდელებსა და თანატოლებთან, ამას კი ნევროზულ გამოვლინებებთან მივყავართ, რაც მეტად ხელსაყრელ ფონს ქმნის ენაბორძიკობის განვითარებისთვის.
ენაბორძიკობის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ფსიქიკური ტრავმაც. მოქმედების დროის მიხედვით ის შეიძლება იყოს მწვავე, ანუ ერთჯერადი (ძლიერი შიში, დიდი მწუხარება, დიდი სიხარული) და ქრონიკული, რომელიც მოიცავს კონფლიქტურ სიტუაციას ოჯახში, ბაღში, სკოლაში.
ენაბორძიკობის ხელშემწყობი ფაქტორებია აგრეთვე ქრონიკული და მწვავე სომატური დაავადებები, ბავშვთა ინფექციები, ქალა-ტვინის ტრავმები და სხვა პათოლოგიები. მნიშვნელოვანი მიზეზია სმენის აღქმის დარღვევაც. ასეთ ბავშვებთან სმენის ქერქულ ანალიზატორს განსხვავებული სტრუქტურა აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, სმენაჩლუნგ და სმენადაქვეითებულ ბავშვებთან ენაბორძიკობა ნაკლებად გავრცელებულია.
– ხომ არ აფერხებს ენაბორძიკობა ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას?
– სკოლამდელი ასაკის ენაბორძიკ ბავშვთა ინტელექტუალური განვითარების შესწავლამ აჩვენა, რომ მათი ინტელექტუალური კოეფიციენტი ნორმას შეესაბამება, თუმცა, მეტყველების დეფექტი ხელს უშლით კომუნიკაციასა და საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენაში. ამის გამო შესაძლოა განვითარდეს მეტყველების შიში (ლოგოფობია), სოციალური იზოლაცია და სხვა ქცევითი დარღვევები.
– როგორ მკურნალობენ ენაბორძიკობას?
– ენაბორძიკობის სამკურნალოდ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. პროცესში უნდა ჩაერთონ ნევროლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ლოგოპედი. მკურნალობის მეთოდიკა ენაბორძიკობის ფორმისა და მიმდინარეობის მიხედვით განისაზღვრება.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას. კონფლიქტური სიტუაციის აღმოფხვრას ოჯახში, ბაღში, სკოლაში.
მშობელს ეძლევა რეკომენდაცია მეტყველების სწორი რეჟიმის დაცვის თაობაზე, რაც გულისხმობს მეტყველებითი დატვირთვის შემცირებას, მეტყველების დეფექტის გამო შენიშვნებისა და უარყოფითი ემოციური დამოკიდებულებისგან თავის შეკავებას.
ზოგჯერ საჭიროა მედიკამენტური მკურნალობაც, რომლის ინტენსივობასა და ხანგრძლივობას ნევროლოგი ადგენს. მკურნალობის განსაზღვრულ ეტაპზე პროცესში უნდა ჩაერთოს ლოგოპედიც, რომელიც უმთავრესად სისხარტის აღდგენის თერაპიას იყენებს. ამ დროს ბავშვებს სხარტად საუბარს სუნთქვის, ფონაციისა და არტკულაციის კონტროლის ხარჯზე ასწავლიან. მნიშვნელოვანია მოდიფიკაციის თერაპიაც. იგი გულისხმობს იმ მეორეული ქცევითი დარღვევების კორექციას, რომლებიც თან ახლავს ენაბორძიკობას, ანუ შფოთვის, შიშის შემცირებას. პაციენტს აძლევენ იმ ბგერების შემცვლელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმაც მას განსაკუთრებით უჭირს.
დიდი როლი ეკისრება ფსიქოთერაპიას, რომელიც ყოველთვის ინდივიდუალურია. შეძენილი ენაბორძიკობის დროს ამ ყველაფერთან ერთად წამყვანი მნიშვნელობა აქვს ნარჩენი ნევროლოგიური დარღვევების თერიპიას.
მნიშვნელოვან მეთოდად მიიჩნევა ბიოუკუკავშირის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს ფსიქოფიზიოლოგიური ჩარევის მეთოდს. ამ დროს პაციენტს აძლევენ გარკვეულ კოგნიტურ დავალებას და ამ პროცესში ხდება თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის რეგულირება. აღნიშნული მეთოდი წარმატებით გამოიყენება ენაბორძიკობის დროს ევროპასა და ამერიკაში.
– როგორია ენაბორძიკობის პროგნოზი?
– პროგნოზი სკოლამდელ ბავშვებთან უკეთესია. ამ ბავშვთა 65%-თან ენაბორძიკობა უკუვითარდება. აღდგენას მეტად ექვემდებარებიან გოგონები.
მეორეული დარღვევების ფონზე განვითარებული ენაბორძიკობის პროგნოზი შედარებით უარესია. პირველი ხუთი წლის განმავლობაში სპონტანური უკუგანვითარება ბავშვთა მხოლოდ 18%-ს აღენიშნება, შემდეგ – უფრო ნაკლებს.