Nuk
ჰიპერმზრუნველობა ანუ როდის ხდება ბავშვზე ზრუნვა მისთვის საზიანო

თარიღი: 30 მარტი, 2023

რას გულისხმობს მშობლების, ახლობლების მხრიდან ჰიპერმზრუნველობა? რა განაპირობებს მშობლების მხრიდან ჭარბ მზრუნველობას და რატომ არის ის ბავშვისთვის საზიანო? როგორ არის შესაძლებელი ჰიპერმზრუნველობის უარყოფითი გავლენისაგან თავის დაღწევა? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა საფრთხე და რა ნაბიჯები გადადგას მისი აღმოფხვრისათვის?

ბუნებრივია, მშობლების მთავარ საზრუნავს შვილები წარმოადგნენ. აღელვებთ ბავშვების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, წარმატება, ღირებულებები, სანაცნობო წრე, პროფესიული არჩევანი თუ ა.შ. ბავშვების კარგად ყოფნა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მშოლების ძალისხმევასა და პასუხისმგებლობაზე, თუმცა არსებობს ზღვარი, რომლის შემდგომაც ზრუნვასა და ყურადღებას უფრო მეტი ნეგატიური ეფექტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.>ჰიპერმზრუნველობასთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც მშობელი იმდენად ჩართულია ბავშვის უსაფრთხოების, განათლების, ინტერესების, ურთიერთობის სფეროებში, რომ არ აძლევს მას დამოუკიდებლობის საშუალებას და უნებურად ხელს უშლის სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. არსებობს ძალიან მცირე ნაბიჯი მხარდამჭერი მშობლობიდან ჰიპერმზრუნველ მშობლობამდე. თანამედროვე სამყარო, სადაც ყოველდღიურად უამრავ ნეგატიურ სიახლესთან გვიწევს შეხება მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მშობლებზეც და კიდევ უფრო უმძაფრებს ინსტიქტს, რომ მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი შვილი ყველა შესაძლო მოსალოდნელი საფრთხისგან. ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთია, თუმცა მეორეა მოახერხო ეს ისე, რომ არ დააზიანო ბავშვის თვითშეფასება, ემოციური სფერო და დამოუკიდებლობა. შესაბამისად, მშობლების ამოცანაა ერთის მხრივ, იყვნენ მხარდამჭერნი, უზრუნველყონ ბავშვის უსაფრთხოება და მეორეს მხრივ, იყვნენ თვითკრიტიკულნი და დროულად ამოიცნონ ჰიპერმზრუნველობის ნიშნები. ეს კი საკმაოდ რთული ამოცანაა.

როგორ მიხვდეს მშობელი, რომ ჰიპერმზრუნველობის წითელი ხაზი გადაკვეთა?
მოზარდზე ზრუნვის ინტენსივობა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მის ასაკზე. ჩვილობის პერიოდში მშობლის მხრიდან ყურადღება, სიყვარულის გამოხატვა, საჭიროებების დაკმაყოფილება არსებითი მნიშვნელობისაა ბავშვის განვითარებისთვის და ემოციური სიმწიფისთვის. ასაკის მატებასთან ერთად კი, მშობელი ზრდის მოზარდის დამოუკიდებლობის ხარისხს და თავად მხარდამჭერის როლში რჩება. მაგალითად: მშობელი ბავშვის 2-3 წლის ასაკიდან უკვე იწყებს ზრუნვას გამოუმუშავოს მას დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდის, კვების, ტუალეტის მოხმარების, საკუთარი ნივთების მოწესრიგების, სახლის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების, შინაურ ცხოველებზე ზრუნვის და ა.შ. უნარ-ჩვევები. უფროს სასკოლო ასაკსა და თინეიჯერობის პერიოდში მოზარდს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის მოვლა, სხვებზე ზრუნვა, პრობლემურ სიტუაციებთან გამკლავება, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიუთითებს ჭარბი და ბავშვისთვის სახიფათო მზრუნველობის შესაძლო არსებობაზე:

1.მშობელი ჩართულია ნებისმიერი, თუნდაც ბავშვისთვის ძალიან მარტივი სირთულის გადაჭრის პროცესში

მაგალითად: ბავშვს უჭირს ქურთუკზე ელვის შეკვრა, საწოლის გასწორება, საკუთარი ჩანთის ჩალაგება - ამ დროს მშობელი ავტომატურად იწყებს აღნიშნული დავალებების მის ნაცვლად განხორციელებას; ეს თითქოსდა უმნიშვნელო ყოველდღიური მოვლენები უდიდეს როლს თამაშობს ბავშვის თვითრწმენის, თვითშეფასების, თვითკომპეტენტურობის ჩამოყალიბებაში. ყოველდღიური მცდელობის, მონდომების შემდგომ დავალების დამოუკიდებლად შესრულება, სირთულესთან გამკლავება უდიდესი სიამოვნებაა და სამომავლოდ უმნიშვნელოვანესი ეფექტის მატარებელია. შესაბამისად, იყავით მხარდამჭერნი, მიეცით დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა და არ წაართვათ ბავშვებს წარმატების მიღწევით განცდილი სიამოვნების მიღების საშუალება; არასწორია, როდესაც მშობელი ყველა სიტუაციაში ბავშვის ნაცვლად საუბრობს. სწორია, როდესაც მშობელი უსმენს და საშუალებას აძლევს მას გამოხატოს საკუთარი აზრი. 

2. მშობელი ერთვება ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის, კონფლიქტის პროცესში და მის მაგივრად ცდილობს პრობლემების გადაწყვეტას - სიტუაციებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩაგვრასთან (ე.წ ბულინგთან), რაც ბავშვისთვის სერიოზული პრობლემების წყარო შეიძლება გახდეს, რა თქმა უნდა, მშობლის, მასწავლების და სხვა უფროსების ჩართულობას აუცილებელად მოითხოვს. თუმცა, სიტუაციები რომლებიც შედარებით მარტივია, მაგალითად: თანატოლებს შორის უთანხმოება იმაზე, თუ რა თამაში ითამაშონ, ნივთები როგორ გაინაწილონ და ა.შ მხოლოდ მათი მოსაგვარებელია. 

3. მშობლი გამუდმებით ცდილობს, რომ ბავშვს არ მისცეს მოწყენის, რაიმეზე დარდის საშუალება - სხვადასხვა მოვლენების განცდა არსებითია ემოციური სიმწიფისთვის და მნიშვნელოვანი პიროვნული ნიშნების ჩამოყალიბებისთვის. ბავშვმა უნდა გამოსცადოს იმედგაცრუება, წუხილი, გაბრაზება და სხვა. არ ეცადოთ მისი უარყოფითი ემოციების უგულებელყოფას, ისე თითქოს ეს ემოციები საერთოდ არ არსებობს. თუ ბავშვი დამწუხრებულია იყავით მისდამი მხარდამჭერი. უთხარით, რომ მისი გესმით, რომ ეს ემოციები გასაგებია და რომ სამყაროში ცუდი მოვლენებიც ხდება. არ ეცადოთ ბავშვის მუდმივად ე.წ „ვარდისფერი სათვალით“ ტარებას.

4.მშობელი ბავშვის ნაცვლად ასრულებს საშინაო დავალებას, სასკოლო პროექტებს - თუ ბავშვი დაღლილობის, დროის არასწორი გადანაწილების ან სიზარმაცის გამო ვერ ახერხებს სასკოლო დავალების შესრულებას, არ გააკეთოთ ეს მის ნაცვლად. მოზარდმა აუცილებლად უნდა გამოსცადოს მისი ქცევის შედეგი. მონდომების სანაცვლოდ ჯილდო, ან არა საკმარისი მცდელობის შედეგად მიღებული საყვედური. ამასთან, უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა დავალებას იდეალურად ვერ შეასრულებს და დაშვებული შეცდომა ან მიღებული დაბალი ქულა ქვეყნის აღსასრული არ არის. 

5. მშობელი ირგებს „მწვრთნელის“ როლს ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში - თუ ხშირად მოგდით კონფლიქტი მასწავლებლებთან, რომ ისინი საკმარისად არ ტვირთავენ ბავშვს, ან არ რთავენ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს პროცესში, თუ სხვადასხვა სპორტულ, შემოქმედებით წრეზე სიარულისას ცდილობთ მაქსიმალურად აკონტროლოთ მთლიანი პროცესი, მასწავლებლების რეკომენდაციებს არ ჯერდებით და თავადაც აძლევთ შენიშვნას მოზარდს, მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ ხომ არ გვაქვს საქმე ჰიპერმზრუნველობასთან? რა ეფექტი აქვს ამ ყველაფერს ბავშვზე? როგორ აღიქვამს და განიცდის მოზარდი ამდენი მოსაზრების მოსმენასა და კრიტიკას? 

6. მშობელი იბრძვის ბავშვის წინაშე მდგარი ნებისმიერი წინააღმდეგობის მის ნაცვლად გადასალახად- თუ მშობელი ეკამათება მასწავლებელს ბავშვის ცუდი ნიშნისთვის, სასკოლო წარმოადგენაში ნაკლებად პირველხარისხოვანი როლისთვის მაშინ, შესაძლოა საქმე გვქონდეს ჰიპერმზრუნველობასთან. სწორია, როდესაც მშობელი ესწრება ბავშვის ყველა მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას. არასწორია, თუ ბავშვის იმ კონკრეტულ მატჩში ცუდად თამაშისთვის ეკამათება მასწავლებელს. სწორია, როდესაც მხარს უჭერს სასწავლო პროექტის შესრულებაში. არასწორია, როდესაც ღამეს ათენებს, რათა ბავშვის პროექტი უშეცდომოდ იყოს მასწავლებლის წინაშე წარდგენილი.

7.მშობელი მუდმივად დაჰყვება მოზარდს სხვადასხვა წვეულებაზე - თუ მშობელი მიაცილებს ბავშვს მეზობელ სახლამდე (რომელიც უსაფრთხო მანძილზეა), ელოდება მეგობართან წვეულების დროს გარეთ მანქანაში, მუდმივად ურეკავს თანატოლებთან ყოფნის დროს, არ უშვებს უსაფრთხო ექსკურსიებზე, ამ შემთხვევაშიც შესაძლოა საქმე გვქონდეს ჰიპერმზრუნველობასთან. არასწორია, როდესაც მშობელი ბავშვს დამოუკიდებლად სადმე წასვლის ნებას არ აძლევს. სწორია, როდესაც უსაფრთხოების ყველა ზომის გათვალისწინებით, მოზარდს შეუძლია დამოუკიდებლად შეისწავლოს სამყარო და გამოსცადოს საკუთარი თავი.

8.მშობელი მოზარდის ნაცვლად ასუფთავებს და აწესრიგებს მის ნივთებს - თუ მისი დახმარების გარეშე შლით და ალაგებთ სუფრას, ახარისხებთ მის სუფთა და ჭუჭყიან ტანისამოსს, ასწორებთ საწოლს, ულაგებთ ჩანთას ამ სიტუაციაშიც შესაძლოა საქმე გვქონდეს ჰიპერმზრუნველობასთან. მოზარდი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული საოჯახო საქმიანობებში, ჰქონდეს თავის წილი პასუხისმგებლობა.

9.მშობელი ბავშვს არ აძლევს წაგების, წარუმატებლობის საშუალებას - თუ ხედავთ, რომ ბავშვს რაიმე არ გამოდის და მის ნაცვლად აკეთებთ, თუ ცდილობთ თავიდან აარიდოთ ყველა ის შემთხვევა, როდესაც შესაძლოა შეცდომა დაუშვას, ამ სიტუაციაში საქმე გვაქვს ჰიპერმზრუნველობასთან. წარუმატებლობა, შეცდომის დაშვება ის უმნიშვნელოვანესი მოვლენებია, რომელზედაც შენდება შემდგომი წარმატება. შესაბამისად, ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შეცდომის დაშვების და მისი გამოსწორებისთვის მცდელობის არ დაკლების შესაძლებლობა. ბავშვები სწავლობენ მარცხის და უფროსისგან მცდელობის გაგრძელების მხარდაჭერის გზით. არასწორია, როდესაც მშობელს უთანხმოება მოსდის მასწავლებელთან გამოცდაზე ბავშვის ცუდი ქულის გამო. სწორია, როდესაც მშობელი მხარს უჭერს ბავშვს, უქმნის შესაბამის პირობებს, რომ შემდგომი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს.

10. მშობელი ფიქრობს, რომ სამყარო უამრავი საფრთხის შემცველია და მოზარდის სახლში გამოკეტვის, გვერდიდან არ მოცილების გზით ცდილობს მის დაცვას - აღნიშნული ყოვლისმომცველი შფოთვის არსებობა ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომ ჰიპერმზრუნველობით გამოწვეული უარყოფითი შედეგები შესაძლოა დადგეს. ამ შფოთვის მიზეზი კი მშობელსა და შვილს შორის არსებული არაჯანსაღი მიჯაჭვულობაა, რაც გამორიცხავს მათ, როგორც ორი დამოუკიდებელი ადამიანის გაგებას. გარემოში მართლაც არსებობს უამრავი საფრთხე. ბავშვს თავიდან ვერ ავაცილებთ ფიზიკურ ტრამვებს. მნიშვნელოვანია, რომ დაეცეს, რაიმეს დაეჯახოს, რათა უკეთესად შეძლოს საკუთარი ფიზიკური მონაცემების გარკვევა და გავარჯიშება. მოზარდმა უნდა გამოსცადოს სოციალური წარუმატებლობა, რათა ისწავლოს როგორ მოახერხოს თანატოლებთან სწორი კომუნიკაცია, მათი დამეგობრება და ურთიერთობის შენარჩუნება. შესაბამისად, არასწორია, როდესაც მშობელი ცდილობს ყველა სავარაუდო საფრთხის წინაშე ბავშვს არასდროს მოუწიოს დადგომა. სწორია, როდესაც ცდილობს ბავშვს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული საფრთხეების არსებობის და მათ თავიდან აცილებისთვის საჭიროს გზების შესახებ. მაგალითად: „ველოსიპედით კატაობა ნაკლებ სახიფათოა, თუ იყენებ ჩაფხუტს“; „გზის გადაკვეთა ნაკლები საფრთხის შემცველია, თუ იცი მოძრაობის წესები და მოქმედებ ფრთხილად“; „ინტერენეტის გამოყენება ნაკლებად სახიფათოა, როცა იცი მისი ნეგატიური ეფექტი და მისგან თავის დაღწევის გზები“;

ჰიპერმზრუნველობას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა აცნობიერებდეს მშობელი, თუმცა ეს აუცილებელი არ არის. არსებობს ოთხი ძირითადი მიზეზი, რაც იწვევს ბავშვზე გადაჭარბებულ მზრუნველობას:

1. საშინელი, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის შიში - მშობელი წუხს იმ საფრთხეების შესახებ, რის წინაშეც შესაძლოა ბავშვი აღმოჩნდეს, ჭარბად განიცდის იმ შესაძლოა წარუმატებლობას, რაც ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფიქრობს, რომ მისი ჩარევით შესაძლებელი იქნება ცხოვრების აღნიშნული ნეგატიური ეფექტების თავიდან არიდება. ამ დროს კი უჭირს ჩარევის ინტენსივობის განსაზღვრა და ჰიპერმზრუნველობისგან გამოწვეული ცუდი გავლენების გაცნობიერება;

2.გადაჭარბებული შფოთვა - მშობელი წინასწარ განიცდის ბავშვის შესაძლო პროფესიულ და ეკონომიკურ წარუმატებლობას. თავისი აქტიურობით კი ფიქრობს, რომ მას დაიცავს ყველა შესაძლო მარცხისგან და იმედგაცრუებისგან;

3.კომპენსაცია - მშობლები, რომლებიც თავად იყვნენ სიყვარულს, მზრუნველობას მოკლებულნი ბავშვობისას, ცდილობენ ამის კომპენსირებას საკუთარ შვილებზე მოახდინონ, რათა მათ არ ჰქონდეთ მსგავსი უარყოფითი გამოცდილება. ისინი აკონტროლებენ ბავშვის პირად სივრცეს, გამოხატავენ ჭარბ ყურადღებასა და სიყვარულს;

4.სხვა მშობლების ზეგავლენა - თუ მშობელს ურთიერთობა უწევს სხვა ჰიპერმზრუნველ მშობლებთან, მაშინ შესაძლოა მიბაძოს მათ ქცევას, რადგან ჩათვლის, რომ თვითონ ნაკლებ ყურადღებიანია და ეს კი „ცუდი მშობლობის“ ნიშანია.

რა უარყოფით შედეგებამდე მივყავართ ჰიპერმზრუნველობას?
- ბავშვის დაბალი თვითშეფასება და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა - ჰიპერმზრუნველობა ბავშვს ემოციურად აზიანებს, ის იჯერებს, რომ დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება შეუძლია, წარმატებას ვერასდროს მიაღწევს მარტო, პრობლემას ვერ გაუმკლავდება სხვების დახმარების გარეშე.

- პრობლემასთან გამკლავების უნარ-ჩვევების მომწიფების სირთულე - ჰიპერმზრუნველობის შედეგად ბავშვს არ განუცდია მარცხი, მშობელი ყოველთვის მის მაგივრად აგვარებდა პრობლემებს. შესაბამისად, მოზრდილობისას ნებისმიერი, თუნდაც უმარტივესი სირთულის წინაშე დგომისას, აღარ იცის როგორ მოიქცეს.

- ზედმეტი შფოთვა - ჰიპერმზრუნველი მშობლების ფრთის ქვეშ შენარჩუნებული სიმშვიდე აუცილებლად ხდება მარტო დარჩენის შემთხვევში გადაჭარბებული შფოთვის მიზეზი. უკვე მოზრდილმა არ იცის, როგორ იმგზავროს დამოუკიდებლად, გაიცნოს ადამიანები, ითანამშრომლოს სხვებთან, სამსახურის ძიებისას წარადგინოს საკუთარი თავი და ა.შ.

- ყველა სურვილის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების მოთხოვნილება - ჰიპერმზრუნველობის შედეგად ბავშვის ყველა სურვილი, მოთხოვნილება კმაყოფილდებოდა, ის არასდროს განიცდიდა მარცხს და სევდას. დამოუკიდებლად ცხოვრებისას კი მარტივი სირთულის, წინააღმდეგობის, იმედგაცრუების არსებობა მისთვის დამანგრეველია; 

- დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზაობის არ არსებობა - მშობლების ამოცანა უნდა იყოს ძალიან ადრეული ასაკიდანვე დაეხმაროს ბავშვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ჰიპერმზრუნველობის შემთხვევაში კი სრულიად საწინააღმდეგო მოვლენასთან გვაქვს საქმე. შედეგად, მარტო დარჩენისას უკვე მოზრდილი ვერ ახერხებს საკუთარი თავის დამკვიდრებას და ბედნიერად ცხოვრებას.

როგორ არის შესაძლებელი მშობლობის პოზიტიური სტილის არჩევა და ჰიპერმზრუნველობის თავიდან აცილება?
მიეცით ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა - ადრეული ასაკიდანვე წაახალისეთ ბავშვის მცდელობა დამოუკიდებლად ჩაიცვას, შეიკრას თასმები, დაალაგოს საკუთარი ნივთები, ჩაალაგოს სასკოლო ჩანთა, მოიმზადოს საჭმელი და ა.შ. მიეცით საშუალება გამოსცადოს დისკომფორტი და უარყოფითი ემოციები: არ შეუსრულოთ ყველა სურვილი; ასწავლეთ დალოდება; სურვილის გადავადება - „სასეირნოდ ახლა ვერ წავალთ, დაველოდოთ მამიკოს სამსახურიდან დაბრუნებას“;

- არ მოახვიოთ თავს თქვენი განცდები და შეფასებები - მისი თანდასწრებით არ გამოიყენოთ შემდეგი ფრაზები: „ნეტა როგორ გაუმკლავდება სკოლას, შეძლებს სწავლას?“, „მოახერხებს კი სწორი მეგობრების არჩევას?“, „ნეტავ რა ეშველება ასეთი მორცხვი რომ არის?“. რაიმე სირთულის წინაშე დგომისას, ასევე არ გამოიყენოთ შემდეგი ფრაზები: „ჩაიცმევ კი მარტო ამ ქურთუკს?“; „გააკეთებ კი კარგად მათემატიკის ამოცანას“; „როგორ დაეცი?, რა გტკივა?, მაჩვენე, ვაიმეე“.

- არ წაუყენოთ ზედმეტი მოთხოვნები და ვალდებილებები - ბავშვს მისი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობები, თუმცა როდესაც ეს ცდება მისი შესაძლებლობების ფარგლებს მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგის მატარებელი ხდება. მაგალითად: ბავშვის ასაკისა და თავისუფალი დროის ოდენობის მიხედვით განსაზღვრეთ იმ წრეების ოდენობა, სადაც ბავშვმა უნდა იაროს. არასწორია, როდესაც მას თავისუფალი თამაშისა და თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება არ აქვს.

- არ მიაწებოთ იარლიყები თქვენს შვილს - მიუხედავად მისი შინაარსისა არ მიაწეროთ ბავშვს იარლიყი: „შენ ხომ ულამაზესი ხარ“, „შენ ხომ უჭკვიანესი ხარ“, „შენ ხომ სასაცილო ხარ“, „შენ ხომ მორცხვი ხარ“, „შენ ხომ გაუბედავი ხარ“, „შენ ხომ ზარმაცი ხარ“, და ა.შ. ასევე არ გამოიყენოთ ფრაზები: „შენ ყოველთვის ...“; „შენ არასდროს...“;

- არ გაბრაზდეთ თუ ბავშვი ცხოვრების სხვა გზას აირჩევს - ბავშვი დამოუკიდებელი არსებაა, თავისი განსხვავებული აზრებითა და ინტერესებით. ბუნებრივია, თუ ის თქვენგან განსხვავებულად ფიქრობს და იღებს გადაწყვეტილებებს. თუ სხვა ინტერესები აქვს, განსხვავებული გემოვნება. არ მიიღოთ ეს პიროვნულ შეურაცხყოფად და აღიარეთ მისი ინდივიდუალობა, დამოუკიდებლობა.

- არ ფოკუსირდეთ მხოლოდ ბავშვის ცხოვრებაზე და არ დაივიწყოთ საკუთარი თავი - იფიქრეთ საკუთარ მეგობრებზე, სამსახურზე, ინტერესებზე. არ ააწყოთ თქვენი ცხოვრება ბავშვის გარშემო. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს მის უყურადღებოდ დატოვებას. გქონდეთ ერთმანეთისგან თავისუფალი სივრცე თქვენც და ბავშვსაც.

საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს - ფსიქოთერაპევტს;

საინტერესო ფაქტები:

- ერთ-ერთი კვლევის შედეგების მიხედვით ჰიპერმზრუნველობის მსხვერპლი 100 000 მოზარდიდან 84% ამბობდა, რომ მისგან ყოველთვის ბევრს ითხოვდნენ; 60% აღნიშნავდა, რომ უბედურია; 57% ამბობდა, რომ მარტოსულია; 51% ჰონდა შფოთვითი აშლილობა და 4% თვითმკვლელობის მცდელობა;

- გოგონები (13%) უფრო ხშირად ხდებიან ჰიპერმზრუნველობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები (5%); 

- ჰიპერმზრუნველობა პირდაპირ კავშირში ისეთი სახიფათო ქცევები აღმოცენებასთან, როგორიცაა თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების ავად მოხმარება;