Plasmon
ინტერვიუ გასტროენტეროლოგ ლელა ჭანკვეტაძესთან

თარიღი: 20 დეკემბერი, 2023

რა სახის გასტროენტეროლოგიური კვლევები ტარდება ცენტრში?
მოგეხსენებათ, რომ "ჩაფიძის გულის ცენტრი" მაღალი კლასის სრული კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისის გარდა, პაციენტებს სთავაზობს უმაღლესი დონის მულტიპროფილური მომსახურების სერვისს, რომელიც მოიცავს, როგორც პულმონოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და ნევროლოგიური, ასევე გასტროენტეროლოგიური პაციენტების მართვას მაღალკვალიფიციური მედიკოსების მიერ.


კლინიკა გამოცდილი გასტროენტეროლოგისა და გამოცდილ რადიოლოგთა გუნდთან ერთად, თანამედროვე ლაბორატორიული კვლევებისა და უახლესი სამედიცინო აპარატურის მეშვეობით სრულიად უზრუნველყოფს გასტროენტეროლოგიურ დაავადებათა დროულსა და სწორ დიაგნოსტიკას, პაციენტებისათვის მაღალი დონის, ეფექტური და თანამედროვე მკურნალობის შეთავაზებას.

"ჩაფიძის გულის ცენტრში" უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს ენდოსკოპიური კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია "OLYMUSI-ის" ფირმის თანამედროვე აპარატურით. კაბინეტში ტარდება აბსოლუტურად ყველა, როგორც გასტროენტეროლოგიური , ასევე სასუნთქი გზების ენდოსკოპიური კვლევები.


ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენ პაციენტები?
პაციენტები ყველაზე ხშირად მოგვმართავენ შემდეგი ჩივილებით: ტკივილი მუცლის ზედა ან ქვედა ნახევარში, გულძმარვა, მუცლის შებრვა, სიმძიმის შეგრძნება, მუცელში დეფეკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ფაღარათი, გართულებული და დაუსრულეველი დეფეკაცია, ყაბზობა. შედარებით შვიათად ბოყინი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი დისპეპსია და ანემია.

გულმკერდის არეში წვის შეგრძნება- გულძმარვა თუ გულის პრობლემა? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ პრობლემა მოდის კუჭიდან და არა გულიდან?
პრობლემა  საკმაოდ აქტუალურია. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, მაგრამ არცთუ იშვიათად საკმაოდ რთული. სტანდარტულად  გულიდან წამოსული დისკომფორტი, იქნება ეს წვა თუ ტკივილი გულმკერდის არეში არის ხანმოკლე, გრძელდება 2-3 წუთიდან, 15-30 წუთამდე.ის ხშირდ  დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან და ემოციურ სტრესთან. იშვიათი გამონაკლისის გარდა (როდესაც კვება ორგანიზმისგან აღიქმება, როგორც დატვირთვა), არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. ტკივილი ლოკალიზებულია  ძირითადად მკერდის ძვლის უკან, აქვს მოჭერითი ხასიათი და ირადირებს  ქვედა ყბაში, ხელში, ბეჭში ან ვრცელდება  გულ-მკერდის წინა ზედაპირზე. ტკივილი და დისკომფორტი არ არის დაკავშირებული სხეულის პოზის შეცვლასთან, არ იცვლება ხელის დაჭერის, ხველის, ღრმა სუნთქვის დროს. ტკივილი  ძირითადად იხსნება თავისით, ფიზიკური დატვირთვის მოხსნის შემდეგ, შეიძლება  გამოიხატოს ხანმოკლე ეპიზოდების სახით და ხშირად იხსნება ნიტროგლიცერინის სუბლინგვალური მიღებით.

კუჭისმიერი ტკივილი კი ძირითადად  ხანგრძლივია, ჭვალისებური, ჩხვლეტითი ან გამჭოლი ხასიათის. ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი და დღეც.იგი დაკავშირებულია კვებასთან, ხშირად იწყება  თავისუფალ კუჭზე და იხსნება ან მცირდება კვების შემდეგ. ან პირიქით, იწყება საკვების მიღებისთანავე, ან ჭამიდან გარკვეული დროის შემდეგ. მისი ინტენსივობა  მატულობს ხელის დაჭერით, ძლიერი ხველის და ზოგჯერ ღრმა სუნთქვის დროსაც კი. ლოკალიზებულია ეპიგასტრიუმის მიდამოში, ნაკლებად იძლევა ირადიაციას, იშვიათად არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან.

თუმცა, არასტანდარტულ შემთხვევებში ძალიან ხშირად  გვხვდება  გულის ტკიცილის არატიპიური ლოკალიზაცია(მუცელში, ქვედა ყბაში, კიდურში და პირიქით) ამასთან, კუჭიდან წამოსული დისკომფორტი/ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია გულმკერდის არეში ხშირად ასოცირებულია გულის არითმიასთან. ასეთ შემთხვევებში  ტკივილის ან დისკომფორტის გენეზის ვერიფიცირება ხშირად დაკავშირებულია სირთულეებთან და საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას.

თუ არსებობს რაიმე სახის კავშირი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და გასტროენტეროლოგიურ დაავადებებს შორის?
რა თქმა უნდა, თანაც ძალიან საყურადღებო კავშირები. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ორგანიზმი არის  ერთიანი და მთლიანი სისტემა ,სადაც  ყველაფერი ერთმანეთთან კორელაციაში ფუნქციონირებს  და ერთი რომელიმე რგოლის  დაავადება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ცვლილებებს სხვა რგოლებშიც. შესაბამისად, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები, რომელთა დროს ხშირად ირღვევა მთელი ორგანიზმის  და ცალკეული ორგანოების სისხლით მომარაგება ან  პოპულარული ენით რომ ვთქვათ, "კვება" , მნიშვნელოვნად არღვევს  თითოეული ორგანოს  ფუნქციონირებას. ვითარდება შესაბამისი ორგანოების იშემია ანუ შიმშილი , რაც საუკეთესო წინაპირობაა  სხვადასხვა პათოლოგიის ჩამოყალიბებისათვის . მაგალითად, კუჭის ლორწოვანის იშემია და შემდგომში კვების ქრონიკული მოშლა ანუ ატროფია მოცემული ორგანოს დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია  სეკრეტორული ,მოტორული და სხვა ფუნქციების დათრგუნვასთან და მეორეს მხრივ, ატროფიული ლორწოვანი არჩვეულებრივი გარემოა ჰელიკობაქტერიების გავრცელებისთვის. ჰელიკობაქტერიებმა კი შეიძლება გამოიწვიოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე წყლულებისა და ეროზიების გაჩენა, ასევე ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაც კი.    

ისეთი პათოლოგია კი , როგორიცაა  საყლაპავი მილის დიაფრაგმული თიაქარი ,  ნაღველკენჭოვანი დაავადება და სხვა, იწვევს რეფლექსური არითმიების  განვითარებას, რომელთა სტანდარტული მეთოდებით მკურნალობა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამასთან უეფექტოც კია და საჭიროებს  ადეკვატური გასტროენტეროლოგიური ღონისძიებების ჩატარებას.

და რაც ძალიან აქტუალურია, ბევრი კარდიოლოგიური დაავადების მკურნალობა  ხშირად საჭიროებს რა გარკვეული ე.წ გასტრო და ჰეპატოტოქსიური  მედიკამენტების დანიშვნას,რაც გამოიწვევს გასტროენტეროლოგიური პრობლემების წარმოშობას, გამწვავებას და სერიოზულ გართულებებსაც კი( წყლულებისა და ეროზიების გაჩენა, გასტროდუოდენური სისხლდენა ,  ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, რაც თავის მხრივ  იწვევს ლიპიდური სპექტრის  არევას. ეს კი ძალიან ხშირად  სერიოზულ საფუძველს ქმნის გულის კორონარული და სხვა  სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაავადების განვითარებისათვის.) ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არასრულია და ყველაფერს ვერ განვიხილავთ, მაგრამ დამეთანხმებით, რომ სრულად საკმარისია გასტროენტეროლოგიური და კარდიოლოგიური პრობლემების ურთიერთკავშუირის შეფასებისთვის.
 
რატომ არის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროული მკურნალობა საჭირო? და რა საშიში გართულებები შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანებულმა მკურნალობამ?
არამხოლოდ გასტროენტეროლოგიური, არამედ ნებისმიერი სისტემის დაავადების  დროული გამოვლენა და ადეკვატური მკურნალობა არის აუცილებელი, რადგან უყურადღებობამ შეიძლება გამოიწვიოს მოცემული ორგანოთა სისტემის შეუქცევადი დარღვევები. შესაბამისად, ადამიანის არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხის დარღვევა, არამედ ლეტალური გამოსავალიც კი.

რაც შეეხება  გასტროენტეროლოგიურ დაავადებებს, ამ ტიპის პათოლოგიები წლების განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს სრულიად უსიმპტომოდ და სიმპტომების გამოვლენისასა უკვე უმართავი გახდეს. სხვა დაავადებებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ მხრივ საყურადღებოა ონკოლოგიური დაავადებები.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ,რომ კუჭისა და ნაწლავების სიმსივნური წარმონაქმნი სიმპტომების გამოვლენამდე ძალიან ნელა იზრდება, იგი ყოველ 5 წელიწადში დაახლოებით ნახევარ სანტიმეტრით მატულობს და მომაკვდინებელი ხდება მინიმუმ 3 ,0 ან 4,0 და მეტი სმ-დე ზომის მიღწევისას.

ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ დაავადებულ ორგანოში უჯრედულ დონეზე მიმდინარეობს სხვადასხვაგვარი მორფოლოგიური ცვლილება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს კიბოსწინარე დაავადებად. მან სიმსივნური ზრდა შეიძლება დაიწყოს და ონკოლოგიურ დაავადებად ტრანსფორმირდეს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ.

თანამედროვე მედიცინა სრულიად ფლობს დიაგნოსტიკურ მეთოდებს, რომელთაც ადრეულ სტადიაზე შეიძლება გამოავლინონ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის  ნებისმიერი სირთულის პათოლოგია, ონკოლოგიური დაავადებების ჩათვლით, რომელთა დროული ამოცნობა ხშირად სრულიად განკურნების ტოლფასია. დაგვიანებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა კი მძიმე ქრონიკული დაავადებების განვითარებას, ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებას და არასასურველ გამოსავალს გამოიწვევს.

თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურა საშუალებას იძლევა სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, თუნდაც ონკოლოგიური პათოლოგიის დაწყება დააფიქსიროს   დაავადების გამოვლენამდე 8-10 წლით ადრე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უდავოა, რამდენად მნიშვნელოვანია  დროულად კვლევების ჩატარება  უმნიშვნელო სიმპტომების არსებობისას და უსიმპტომოდაც პროფილაქტიკური გასინჯვების სახით.

დღეისათვის მიღებულია რომ  40 წლის  ასაკიდან ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს  კუჭ- ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა. პათოლოგიის გამოვლენისას  ბიოფსია და მორფოლოგიური კვლევის ჩატარება გარანტიას იძლევა გამოვლინდეს  და  ადეკვატური მკურნალობით სრულიად გაქრეს  ნებისმიერი უჯრედული ცვლილება ,რომელიც წლების შემდეგ  საფრთხის შემცველი შეიძლება გამხდარიყო. ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში 2 წელიწადში ერთხელ და  სრული ნორმის დაფიქსირებისას 5 წელიწადში ერთხელ დიაგნოსტიკური ან პროფილაქტიკური მიზნით  ჩატარებული   ენდოსკოპიური კვლევები  წარმაოადგენს ყველა საშიშ დაავადებათა თავიდან აცილების სრულ გარანტიას.