Plasmon
კენჭები თირკმელებში

თარიღი: 30 იანვარი, 2025

საშარდე სისტემაში კენჭების არსებობას ნეფროლითიაზს ან უროლითიაზს უწოდებენ. კენჭები შესაძლოა იყოს თირკმელებში, შარდსაწვეთში, შარდის ბუშტში. მაგრამ საგანგაშო არაფერია – თუ ჯანმრთელობას დროულად მივხედეთ, ეს წარმონაქმნები სერიოზულ გართულებას არ გამოიწვევს.

თირკმელებში კენჭები უამრავ ადამიანს უჩნდება. მაგალითად, აშშ–ში ასიდან თერთმეტ მამაკაცს და ექვს ქალს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია კენჭოვანი დაავადება. კენჭები ერთ ან ორივე თირკმელში ჩნდება და ზომითა და ფორმით განსხვავდება ერთმანეთისგან: შეიძლება იყოს ქვიშის მარცვლისოდენა, ბარდის მარცვლისოდენა, იშვიათად – გოლფის ბურთისოდენაც, გლუვი ან უსწორმასწორო, ყვითელი ან ყავისფერი.

თირკმლის პატარა კენჭმა შესაძლოა შეუფერხებლად, ტკივილის გარეშე ან მცირე ტკივილის თანხლებით გაიაროს საშარდე გზებში, დიდი კი შესაძლოა გაიჭედოს და შარდის დინება შეაფერხოს. კენჭის გაჭედვა ძლიერ ტკივილს და სისხლდენას იწვევს. ამ დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა კენჭის გამოდევნაში დაგეხმაროთ და საშარდე გზების ინფექცია თავიდან აგაცილოთ.

შემადგენლობის მიხედვით
კენჭების მკურნალობა მათ ზომაზე, ადგილმდებარეობასა და შემადგენლობაზეა დამოკიდებული, ამიტომ პაციენტის გამოკვლევისას ყველა ამ პარამეტრს ადგენენ.

შემადგენლობის მიხედვით კენჭების მხოლოდ ოთხი ტიპი არსებობს:
• ყველაზე მეტად კალციუმის კენჭებია გავრცელებული, უმთავრესად – კალციუმის ოქსალატისა (არსებობს კალციუმის ფოსფატის კენჭებიც). საკვებიდან მიღებული კალციუმი არ ზრდის კენჭების წარმოქმნის რისკს – მისი ჭარბი მიღებისას ძვლებისა და კუნთების მიერ გამოუყენებელი ნაწილი თირკმელებში ხვდება და იქიდან შარდთან ერთად გამოიდევნება. კენჭები მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როცა თირკმელებიდან კალციუმის გამოდევნა ფერხდება და ის შარდში არსებულ სხვა ნარჩენ პროდუქტებს უერთდება.
• შარდმჟავას კენჭები შესაძლოა ჩამოყალიბდეს, როცა შარდში მეტისმეტად ბევრი შარდმჟავაა. ასეთი რამ მოსალოდნელია თევზის, მოლუსკების, ხორცის, განსაკუთრებით – შიგნეულის, დიდი რაოდენობით ჭამისას.
• სტრუვიტული ანუ ინფექციური კენჭები საშარდე გზების ინფექციის დროს წარმოიქმნება – მოულოდნელად, თვალსა და ხელს შუა ჩნდება და საკმაოდ დიდ ზომებსაც აღწევს.
• ცისტინის კენჭები ცისტინურიის შედეგია. ეს არის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ამინმჟავა ცისტინი თირკმელებში ვერ უკუშეიწოვება და შარდთან ერთად ტოვებს ორგანიზმს.

მაინც რა იწვევს
თირკმელებში კენჭების წარმოქმნის უშუალო მიზეზი შარდში განსაზღვრული მინერალების – კალციუმის, ოქსალატისა და ფოსფორის – მაღალი შემცველობაა. მცირე რაოდენობით ეს მინერალები ყოველთვის არის შარდში და პრობლემებს არ იწვევს, მაგრამ თუ ადამიანს კენჭების წარმოქმნის რისკის ფაქტორიც აქვს და მათი ჩამოყალიბებს ხელშემწყობ საკვებსაც ხშირად ჭამს, იმატებს შარდში ამ მინერალების შემცველობა, შესაბამისად, კენჭების წარმოქმნის რისკიც.

ვის ემუქრება
კენჭების გაჩენის ალბათობა შედარებით მეტი აქვთ მამაკაცებს, აგრეთვე – კენჭოვანი დაავადების ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანებს ანუ მათ, ვის მშობლებს, და–ძმას ან სხვა ახლო ნათესავებსაც კენჭები ჰქონიათ. და კიდევ: თუ ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონია კენჭი, უმეტესად მეორედაც უჩნდება.

კენჭოვანი დაავადების განვითარების ალბათობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების წესიც: კენჭები გაცილებით ხშირად უჩნდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც საკმარისი რაოდენობის სითხეს არ იღებენ.

რისკის ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება:
• ამა თუ იმ მიზეზით საშარდე გზების დახშობა (ობსტრუქცია);
• ქრონიკული ან გახანგრძლივებული ანთებითი პროცესი ნაწლავებში;
• თირკმლის ცისტური დაავადება, მასში სითხით სავსე ჩანართების არსებობა;
• ცისტინურია;
• საჭმლის მონელების პრობლემები ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიული ჩარევის ისტორია;
• პოდაგრა – დაავადება, რომელიც სახსრების მტკივნეულ შეშუპებას იწვევს;
• ჰიპერკალციურია – შარდში კალციუმის სიჭარბე;
• ჰიპეროქსალურია – შარდი ოქსალატების სიჭარბე;
• ჰიპერპარათირეოიდიზმი – ამ შემთხვევაში ფარისებრახლო ჯირკვლები ჭარბად გამოიმუშავებს პარათირეოიდულ ჰორმონს, რაც სისხლში კალციუმის ოდენობის მატებას იწვევს;
• ჰიპერურიკოზურია – შარდში შარდმჟავას მარილების სიჭარბე;
• სიმსუქნე;
• საშარდე გზების განმეორებითი ან შებრუნებითი ინფექცია ;
• თირკმლის მილაკოვანი აციდოზი – ამ დროს თირკმელები მჟავებს შარდში ვერ გამოყოფს, რაც სისხლში მათ მატებას განაპირობებს.

კენჭების წარმოქმნის რისკს ზრდის ზოგიერთი მედიკამენტების ხანგრძლივი მიღებაც. მათ რიცხვს მიეკუთვნება შარდმდენები, კალციუმის ბაზაზე დაფუძნებული ანტაციდები (კუჭის მჟავიანობის გამანეიტრალებელი საშუალებები), ინდინავირი (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატი), ტოპირამატი (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება).

გართულებები
თუ ვიმკურნალეთ, კენჭები ფაქტობრივად არ გამოიწვევს გართეულებას, მკურნალობის გარეშე კი შესაძლოა განვითარდეს ჰემატურია (სისხლნარევი შარდი), წელის ძლიერი ტკივილი, საშარდე გზების, მათ შორის – თირკმელების ინფექცია, რაც უარეს შემთხვევაში ამ ორგანოთა ფუნქციის დაკარგვას გამოიწვევს.

როგორ ამოვიცნოთ
მართალია, თირკმელებში კენჭები უმეტესად უსიმპტომოდ არსებობს, მაგრამ ზოგჯერ ნიშანსაც გვაძლევს. თირკმელებში კენჭების არსებობაზე მიუთითებს:

• თირკმლის ჭვალი – ძლიერი, მწვავე ტკივილი წელ-ზურგის არეში, რაც თირკმლის შარდით გადავსების ბრალია. შესაძლოა, ტკივილი გავრცელდეს მუცლის ქვედა ნაწილში ან საზარდულში, მალევე გაყუჩდეს ან დიდხანს გაგრძელდეს, ან პერიოდულად გაჩნდეს და გაქრეს. ტკივილთან ერთად მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ცხელება, შემცივნება;
• შარდის შეფერვა ვარდისფრად, წითლად ან ყავისფრად;
• მოშარდვის ხშირი სურვილი;
• ტკივილი შარდვის დროს;
• შარდის გამოყოფის შეუძლებლობა ან მცირე ულუფებით შარდვა;
• ამღვრეული ან უსიამოვნო სუნიანი შარდი.

რომელიმე ამ სიმპტომის არსებობისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დიაგნოზი
იმის დასადგენად, ჩივილები შარდკენჭოვანი დაავადებით არის თუ არა გამოწვეული, ექიმი შეააფასებს პაციენტის პირად და ოჯახურ სამედიცინო ისტორიას, კვების სტილს, ფიზიკური გასინჯვის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგებს.

• ლაბორატორიულად იკვლევენ შარდსა და სისხლს. შარდში ამოწმებენ სისხლის და იმ მინერალების შემცველობას, რომლებიც თირკმელებში კენჭების წარმოქმნას იწვევს, აგრეთვე – ლეიკოციტებს (სისხლის თეთრ უჯრედებს) და ბაქტერიებს, რომელთა არსებობაც ინფექციაზე მეტყველებს. ზოგიერთი მინერალის სიჭრბის დადგენა სისხლის ანალიზითაც შესაძლებელია.

• გამოსახვითი კვლევის მიზანია, გამოავლინოს თირკმელებში არსებული კენჭები და დარღვევა, რომელმაც მათი წარმოქმნა გამოიწვია, მაგალითად საშარდე გზების ობსტრუქცია ან თანდაყოლილი დეფექტი. გამოსახვითია ულტრაბგერითი გამოკვლევა, მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა (ამ უკანასკნელმა შესაძლოა აჩვენოს საშარდე გზებში კენჭების მდებარეობა, თუმცა რენტგენზე ყველა ტიპის კენჭი არ ჩანს), კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) კონტრასტით და მის გარეშე.

მკურნალობა
კენჭებს, როგორც ვთქვით, მათი ზომის, ადგილმდებარეობისა და ტიპის გათვალისწინებით მკურნალობენ. პატარა კენჭმა შესაძლოა თავისთავად გაიაროს საშარდე გზებში. მის აღმოსაჩენად ექიმმა შესაძლოა შარდის შენახვა და ლაბორატორიული გამოკვლევა მოგთხოვოთ. პატარა კენჭის არსებობისას შეიძლება ექმმა გირჩიოთ ბევრი სითხის სმა, რაც მის დაბადებაში დაგეხმარებათ. საჭიროების შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებელსაც დაგინიშნავთ. თუ კენჭი დიდია, ახშობს საშარდე გზას ან იწვევს ძლიერ ტკივილს, საჭიროა მისი სასწრაფოდ ამოღება, ღებინებისა და გაუწყლოების მოსახსნელად კი – სითხის ინტრავენურად გადასხმა.

როგორ იღებენ კენჭებს
დიდი კენჭების მოსაცილებლად რამდენიმე მეთოდი გამოიყენება:

• დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია. ამ დროს მძლავრი ულტრაბგერითი ტალღებით კენჭს პატარა ნაწილებად შლიან და ისე გამოდევნიან საშარდე გზებიდან. შესაძლოა, პროცედურა ზოგადი ანესთეზიით ჩატარდეს.

• ცისტოსკოპია და ურეთროსკოპია. ამ დროს ექიმი ცისტოსკოპით შიგნიდან ათვალიერებს შარდსადენს (ურეთრას) და შარდის ბუშტს, შარდსაწვეთებს და თირკმლის მენჯებს, აღმოჩენილ კენჭს კი იღებს ან პატარა ნატეხებად შლის. პროცედურა ანესთეზიით ტარდება.

• პერკუტანეული (კანგავლითი) ნეფროლითოტომია – ზურგზე გაკეთებული მცირე ნახვრეტიდან ექიმს სხეულში შეჰყავს ნეფროსკოპი და კენჭი მისი საშუალებით ამოაქვს. დიდი კენჭის დასაშლელეად ლაზერსაც იყენებენ.

ამ პროცედურებამდე ან მათ შემდეგ უროლოგმა შესაძლოა ზურგიდან ან შარდის ბუშტიდან საშარდე გზებში ჩააყენოს თხელი მოქნილი მილი –შარდსაწვეთის სტენტი, რათა კენჭების ნამსხვრევები ადვილად გამოვიდეს გარეთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან
თუ ვიცით, რამ გამოიწვია საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნა, მათი ხელმეორედ გაჩენისგან უფრო იოლად დავიზღვევთ თავს. კენჭის შემადგენლობის მიხედვით, ადამიანმა უნდა შეიცვალოს კვების სტილი და საკვები რაციონი.

სითხე
საკმარისი სითხის მიღება შემთხვევათა უმეტესობაში კენჭოვანი დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა. ბევრი სითხე შარდს აზავებს და შარდთან ერთად სხეულიდან გამოდევნის იმ მინერალებს, რომლებისგანაც ქვები წარმოქმნება.

საუკეთესო არჩევანია წყალი, თუმცა სხვა სითხეებიც გამოდგება, განსაკუთრებით – ციტრუსისგან დამზადებული სასმელები (ლიმონის, ფორთოხლის წვენი): მათში შემავალი ციტრატი კრისტალების კენჭებად გადაქცევას აფერხებს.

სითხის მიღება ეზღუდებათ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს, მან კი, ვისაც ეს პრობლემა არ აწუხებს, დღეში 6–8 ჭიქა (1.5–2 ლიტრი) მაინც უნდა სვას, ცისტინის კენჭების არსებობისას – კიდევ უფრო მეტი.

მეტი სითხეა საჭირო ისეთ ადგილას ყოფნისას, სადაც გარემოს ტემპერატურა მაღალია, მუშაობისას, ვარჯიშისას, როდესაც ოფლიანობის გამო სითხის დიდი მარაგი იკარგება.

იმის განსაზღვრა, იღებს თუ არა საკმარის სითხეს ადამიანი, შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში შარდის შეგროვებით. ამ გზით ექიმი გაარკვევს, რამდენს შარდავს პაციენტი და სჭირდება თუ არა მეტი სითხის მიღება.

ზოგჯერ შარდს აგროვებენ თირკმელში კენჭის გავლის ან მისი მოცილების შემდგომი 24 საათის განმავლობაშიც და გამოყოფილი შარდის ოდენობასთან ერთად მინერალების შემცველობასაც ამოწმებენ.

წამლები
კენჭის განმეორებითი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ექიმმა შესაძლოა წამლები გამოგიწეროთ. მათი მიღება გრძელდება რამდენიმე კვირას, რამდენიმე თვეს, ზოგჯერ – მეტხანსაც.

სტრუვიტული კენჭების არსებობისას ანტიბიოტიკი 1-6 კვირით ან მეტი ხნით ინიშნება. სხვა ტიპის კენჭების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა თვეების განმავლობაში მოგიწიოთ კალიუმის ციტრატის მიღება. შარდმჟავას მაღალი შემცველობისას შესაძლოა დაინიშნოს ალოპურინოლი, საჭიროებისამებრ -შარდმდენები და სხვა. თუმცა ზოგიერთ ამ წამალს სერიოზული გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს, მით უმეტეს – ხანგრძლივი მიღებისას, ამიტომ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

წყარო: ჟურნალი "ავერსი"