თარიღი: 10 ივლისი, 2020
რას გულისხმობს კეტოგენური დიეტა?
ბოლო პერიოდში მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს კეტოგენური ე.წ კეტო დიეტა. თუმცა ალბათ დამეთანხმებით რომ ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე არასაკმარისია.შევეცდები მაქსიმალურად, მკითხველისთვის გასაგებად, ავხსნა რას გულისხმობს კვების ეს ტიპი. კეტოგენური კვების რეჟიმი გულისხმობს საკვებ რაციონში ნახშირწყლების მინიმუმამდე შემცირებას ( დაახლობიეთ 5 %), 70 % მოდის ცხიმებზე, 25 % კი რაციონში ეთმობა ცილებს. როგორც ვიცით ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს ხოლო კეტოგენური დიეტის დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმები, კონკრეტულად კი ცხიმის წვისგან მიღებული კეტონური სხეულები.
დღის მანძილზე როგორ გამოიყურება რაციონი კეტოგენური კვების დროს?
კეტოგენური კვების დროს დაშვებულია : რძის პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცლელობით,კვერცხი, ნებისმიერი ხორცეული, თევზი და ზღვის პროდუქტები, მწვანე ბოსტნეული რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, სოკო, თხილეული, მცენარეული ზეთი, ნაღების კარაქი,ხილიდან კენკროვნები და ავოკადო. მთავარი პრინციპი კი რაციონის შედგენისას არის იმ პროცენტული ბალანსის დაცვა რაზეც უკვე ვისაუბრეთ.აქვე აღვნიშნავ რომ კალორაჟის კონტროლი აუცილებელია როგორც ყველა სხვა ასევე კეტო დიეტის დროს და მუდამ უნდა გვახსოვდეს რომ არ არსებობს ყველა ადამიანზე მორგებული კვების რაციონი რადგან თითოეული ორგანიზმი არის ინდივიდუალური.
რა დადებითი მხარეები აქვს კეტოგენურ დიეტას?
კეტოგენური კვების დროს რეგულირდება ჰორმონ ინსულინის დონე,იგი არის ანაბოლური ( მაშენებელი) ჰორმონი რომელიც იწვევს მადის გაძლიერებას, შესაბამისად ამ ტიპის კვების დროს ხდება მადის დაქვეითება, წონაში კლება მიმდინარეობს ეფექტურად ცხიმების ხარჯზე, ნაკლებად ხდება კუნთური მასის შემცირება. ყველაზე ხშირად რასაც ამ დროს აღნიშნავენ პაციენტები არის ის რომ მათ პრაქტიკულად არ შივდებათ, მუდმივად აქვთ ნაყროვანების შეგრძნება.
აქვს თუ არა რამე უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე კეტო დიეტას?
კეტოგენურ კვებას შესაძლებელია თან ახლდეს არაერთი უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე, მათ შორის : ყაბზობა ( შეკრულობა), სიმძიმე კუჭნაწლავის არეში , გულის რევის შეგრძნება, საერთო სისუსტე რომელიც მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტის ფონზე შეიძლება განვითარდეს. აღნიშნული კვების ტიპის დროს უფრო მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა ღვიძლს და თირკმელებს, ამიტომ შესაძლებელია მოხდეს მათი ფუნქციის დარღვევა, ასევე გვერდით მოვლენას მიეკუთვნება ორგანიზმში ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის მატება.
ვისთვის არის აკრძალული კეტო დიეტის დაცვა?
კეტო რეჟიმის დაცვა არ შეიძლება ორსულებისთვის და ლაქტაციაში მყოფი ქალებისთვის. აკრძლულია ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანისთვის ( დიაბეტი, გულის უკმარისობა და ა.შ). მისი დაცვა კატეგორიულად აკრძალულია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.
და ბოლოს რა როლი აქვს წყალს კეტოგენური კვების რეჟიმის დაცვისას?
წყალი ნებისმიერ დროს აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ორგანიზმის 70 % შედგება წყლისგან. მის ბალანსზეა დამოკიდებული ნორმალური ცხოველმყოფელობა, ორგანიზმის გამართული მეტაბოლიზმი. განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელი დღეების დროს ვკარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს და მასთან ერთად მინერალებს და ვიტამინებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ორგანიზმის გამოფიტვას, ამიტომ შენარჩუნებული წყლის ბალანსი წინაპირობაა იმისა, რომ თავიდან ავირიდოთ ორგანიზმის გაუწყლოვნება, ნივთიერებათა ცვლის რეჟიმის დარღვევა და შევინარჩუნოთ მიკრო, მაკრო ელემენტების და ვიტამინების ბალანსი.
ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა 551 63 65 69
ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი