თარიღი: 16 თებერვალი, 2023
ქალებში ძუძუს, მამაკაცებში კი ფილტვისა და პროსტატის კიბო მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია, თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში არც ერთი მათგანი განაჩენი აღარ არის, არაუმეტეს თუ დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება.
ონკოლოგიური დაავადებების ვერაგობა გამოიხატება იმაშიც, რომ სიმსივნური უჯრედები უსიმპტომოდ პროგრესირებს და დაავადებაზე პაციენტებს ეჭვი მიაქვთ მაშინ, როცა პროცესი შორსაა წასული. შესაბამისად, დროული დიაგნოსტირებისთვის საჭიროა მოსახლეობამ მიიღოს მონაწილეობა ონკოპრევენციულ, სკრინინგპროგრამებში.
ექიმები, რომლებიც ონკოპაციენტებთან მუშაობენ, ადასტურებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის დაგვიანებული მიმართვის ძირითადი მიზეზი დიაგნოზის პანიკური შიშია, რასაც განაპირობებს მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირება, ვინაიდან მოსახლეობა არ იცნობს ავთვისებიანი სიმსივნეებისგან განკურნებულ პაციენტებს.
კლინიკა „მედცენტრი“ ბათუმში ონკოლოგიური საავადმყოფოს ბაზაზე შეიქმნა და შესაბამისად, აქ პაციენტების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს.
მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტლის, „მედცენტრის“ ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მემედ ჯინჭარაძე ამბობს, რომ ძუძუს კიბო პირველ სტადიაში თითქმის სრულად, 98%-ით იკურნება, მეორე სტადიაში სრული განკურნების შანსი 80-90%-ია, მესამე სტადიაში – 50-60%. ძუძუს კიბოს მეოთხე, ბოლო სტადიაშიც არის განკურნების შანსი 10 % და სიცოცხლეც მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება.
ძუძუს კიბოს სრულად დამარცხება შესაძლებელია დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში.
40-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს წელიწადში ორჯერ შეუძლიათ ისარგებლონ ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, რომლის ფარგლებშიც უფასოდაა ხელმისაწვდომი:
• მამოლოგის კონსულტაცია
• მამოგრაფია
• ექოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში)
მამაკაცებში ონკოდაავადებებს შორის პირველი ადგილი ფილტვის, მეორე პროსტატის კიბოს უკავია.
„მოსახლეობამ რომ მოწევაზე უარი თქვას, ფილტვის კიბო მამაკაცების დაავადებათა ათეულშიც კი ვეღარ მოხვდებოდა – დაავადება უმეტესწილად მწეველობითაა გამოწვეული. მესამე სტადიის ფილტვის კიბოზე 10 წლის წინ ქიმიოთერაპია იშვიათად გვაძლევდა შედეგს, ამჯერად ვაკეთებთ ფილტვის ბიოფსიებს და მივმართავთ ტარგენტულ – დამიზნებით თერაპიას, რაც გულისხმობს იმას, რომ გენეტიკურ დონეზე შეგვიძლია კიბოსთან ბრძოლა, რაც რიგ შემთხვევებში საუკეთესო შედეგს იძლევა,“ – ამბობს მემედ ჯინჭარაძე.
ფილტვის კიბოს რაიმე ნიშნები ან სიმპტომები ადრეულ სტადიაზე არ გააჩნია. სიმპტომები ვლინდება მაშინ, როცა დაავადება უკვე შორსაა წასული.
ფილტვის კიბოს სიმპტომებად მიიჩნევა: ხველა, სისხლიანი ნახველი, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში, ხმის ჩახლეჩა, წონის უეცარი კლება, ძვლებისა და თავის ტკივილი.
ფილტვის კიბოს მთავარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება. თუმცა არსებობს რისკ-ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია, მაგალითად, გენეტიკური დატვირთვა რომელიც შეადგენს ფილტვის კიბოს ავადობის 5 – 10- % შემთხვევას.
ფილტვის კიბოს სკრინინგი და ექიმთან კონსულტაცია საჭიროა, თუ:
• გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, რაც დისკომფორტს გიქმნით.
• ხართ 50 წელს გადაცილებული და ხართ თამბაქოს მომხმარებელი.
• ხართ თამბაქოს მომხმარებელი
• გაქვთ ქრონიკული დაავადებები: ტუპერკულოზი, ქრონიკული ბრონქიტი და ა.შ.
რაც შეეხება პროსტატის კიბოს, მემედ ჯინჭარაძის თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაძლევადი დაავადებაა ონკოლოგიაში, გაუმჯობესდა დიაგნოსტიკა და შესაბამისად, სიკვდილიანობამაც იკლო. პროსტატის კიბოს ძირითადი დიაგნოზი მესამე-მეოთხე სტადიაში ისმევა, მაგრამ პაციენტები განწირულები არც ამ დროს არიან. მეოთხე სტადიის პროსტატის კიბოთი წლობით ცხოვრობენ მკურნალობის შედეგად და ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშ.
ეროვნული სკრინინგცენტრის რეკომენდაციით, ექიმს უნდა მიმართოთ, თუ გაწუხებთ:
• გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით ღამით)
• გაძნელებული შარდვა ან შარდვის გახანგრძლივება
• ტკივილი შარდვის დროს
ამ სიმპტომების არსებობა ხშირად პროსტატის კიბოზე არ მიანიშნებს, თუმცა დაავადება ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რომ არ გამოგეპაროთ, მნიშვნელოვანია დროულად ჩაიტაროთ გამოკვლევა PSA ტესტით. (სკრინინგით კვლევა უფასოა 50-70 წლის მამაკაცებისთვის)
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა „მედცენტრში“
ონკოლოგიური დაავადება ნებისმიერ სტადიაში მოითხოვს მკურნალობის კომპლექსურ მიდგომას. არსებობს მკურნალობის სამი მეთოდი: სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ოპერაციული მკურნალობა. კლინიკა „მედცენტრში“ მკურნალობის სამივე მეთოდი გამოიყენება. მკურნალობის მეთოდებია: მონოკომპონენტური, კომბინირებული და კომპლექსური. კიბო არ არის განაჩენი და მკურნალობას ექვემდებარება.
„მედცენტრის“ კლინიკური ონკოლოგი ქეთი ასანიძე იმ თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებზე საუბრობს, რაც „მედცენტრში“ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება.
„მედცენტრში“ თითოეული ონკოპაციენტის მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს მულტიდისციპლინარული კონსილიუმი. მკურნალობის მეთოდს ძირითადად ადგენენ კლინიკური ონკოლოგი, ონკოქირურგი, რადიოთერაპევტი ანუ სხივური ტერაპევტი და პათომორფოლოგი, ასევე ვიწრო სპეციალისტები: ონკოგინეკოლოგი, თორაკოქირურგი და ა.შ.
„ზოგადად, ონკოლოგია პერსონალიზებული მედიცინისაკენ მიდის, რადგან კიბოს ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, განსხვავებულად პროგრესირებს სხვადასხვა ორგანიზმში და სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა.
პერსონალიზებულ მედიცინაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ტარგენტული ანუ დამიზნებითი თერაპია – ეს კიბოს მკურნალობაში ახალი ეტაპია საქართველოსთვის. ტარგენტული თერაპიის დანიშვნამდე ტარდება სპეციალური გენეტიკური ანალიზები და წინასწარ დგინდება, რომელი პრეპარატი იმოქმედებს კიბოს კონკრეტულად ამა თუ იმ შემთხვევაზე – ტარგენტული თერაპიით ანტისხეულს გენეტიკურ დონეზე ებრძვიან.
ტარგენტული სამიზნე თერაპია გამორჩეულია იმით, რომ უკეთესი შედეგი აქვს რიგ შემთხვევებში, ვიდრე ქიმიოთერაპიულ მკურნალობას, ოღონდ ხაზგასასმელია, რომ მხოლოდ რიგ შემთხვევებში.
ძუძუს კიბოსა და ფილტვის კიბოს დროს ქიმიოთერაპიასთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტურია ტარგენტული, სამიზნე თერაპია, რასაც წინ მრავალმხრივი გამოკვლევები უნდა უძღვოდეს,“ – ამბობს ქეთი ასანიძე.
ტარგენტული თერაპიით მკურნალობა ძვირადღირებულ პრეპარატებს მოითხოვს და საქართველოში მხოლოდ თბილისსა და აჭარაში ფინანსდება ჯანდაცვის სამინისტროების მიერ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ტარგენტული თერაპიისთვის საჭირო ყველა პრეპარატს აფინანსებს, რაც საქართველოშია რეგისტრირებული.
„მესამე სტადიის ძუძუს კიბო გაქრა“ – ტარგენტული თერაპიის შედეგი „მედცენტრში“
მემედ ჯინჭარაძე იხსენებს ძუძს კიბოს ოთხ მძიმე შემთხვევას, როცა დაავადება პაციენტებს შლად ფორმაში ჰქონდათ გადასული.
„ეს იყო ძალიან ცუდი ფორმის, მესამე სტადიის სიმსივნეები, რომელთაც მთელი ძუძუ ეკავათ. კვლევების შედეგად გენეტიკურ დონეზე გამოვლინდა პრეპარატი, რომლის მიმართაც ეს უჯრედი მგრძნობიარეა და დაინიშნა ტარგენტული თერაპიის კურსი.
ოთხიდან არც ერთ ქალბატონს სიმსივნე აღარც კი ესინჯებათ ხელით, დაავადება არც ექოსკოპიური და მამოგრაფიული გადაღებით ჩანს. ჩავატარეთ ტარგენტული თერაპიის 8 კურსი და რახან მოსალოდნელი იყო, რომ სიმსივნე გაქრებოდა, ძუძუში შევიყვანეთ იმპლანტი, მეტალისმაგვარი წარმონაქმნი და როცა სიმსივნე გაიწოვა, ამ იმპლანტითღა გვქონდა მონიშნული ადგილი, რომ აქ სიმსივნე იყო,“ – ამბობს მემედ ჯინჭარაძე.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი წარმატებით „მედცენტრში“ ონკოდაავადებებს შორის ძუძუს კიბოს მკურნალობენ. არსებობს ძუძუს კიბოს მხოლოდ ერთეული ფორმები, რაზეც მეცნიერები დღემდე მუშაობენ და მალე ეს ფორმებიც დაძლევადი გახდება.
ონკოლოგიური დაავადებების კიდევ ერთი ახალი მეთოდია იმუნოთერაპია, რაც იმუნური სისტემის გამააქტიურებელი პრეპარატების მიღებას გულისხმობს. კიბოს მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მის კარგად შენიღბულ უჯრედებს ორგანიზმი უცხო სხეულად ვერ აღიქვამს და შესაბამისად არ ებრძვის, ხოლო როცა დაავადება პროგრესირებს, იმუნიტეტი უკვე უძლურია. იმუნოთერაპიის პრეპარატები იმუნურ სისტემას „აფხიზლებს“ და „მიანიშნებს“ რომ კიბოს უჯრედი საშიში სხეულია და ბრძოლას საჭიროებს.
იმუნოთერაპიის პრეპარატებიც საკმაოდ ძვირადღირებულია და აჭარაში მცხოვრებთათვის სრულად ფინანსდება.
სახელმწიფო პროგრამები, რასაც საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროები ახორციელებენ, სრულად მოიცავს სოციალურად დაუცველთა კვლევა-მკურნალობას. ონკოპაციენტების მკურნალობაზე აჭარაში ყოველწლიურად მილიონ-ნახევარი, ორ მილიონამდე ლარი იხარჯება და დაფინანსება ამ მიმართულებით ყოველწლიურად იზრდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ტარგენტული და იმუნოთერაპიის მეორე-მესამე თაობის ძვირადღირებულ პრეპარატებს აფინანსებს. ნაწილობრივ ფინანსდება ასევე ჰორმონოთერაპიის პრეპატატები.
საქართველოს მასშტაბით მხოლოდ აჭარაში ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს მკურნალობისთვის საჭირო იმ თანხასაც, რაც პაციენტმა საყოველთაო დაზღვევასთან ერთად თანადაფინანსებით უნდა გადაიხადოს. არსებობს ასევე ცალკე პროგრამები ძუძუს, თირკმლის კიბოს შემთხვევაში. დასაფინანსებელი ონკოპაციენტების რაოდენობა აჭარაში შეზღუდული არ არის. ფინანსდება ონკოდაავადებების სადიაგნოსტიკო კვლევები პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ მკურნალობა და საყოველთაო ჯანდაცვა ვერ აფინანსებს, მათ შორის, იგულისხმება მაღალტექნოლოგიური კვლევები ისეთი ონკოდაავადებისა, როგორიცაა სისხლში მოცირკულირე სიმსივნური უჯრედები.
წყარო: "მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი “მედცენტრი”