თარიღი: 02 ივნისი, 2020
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში მომრავლებული კრიზისული სიტუაციების (საომარი მდგომარეობები, არასტაბილური ეკონომიკური და სოციალური ვითარება, გავრცელებული ინფექციები და ახლობელი ადამიანის გარდაცვალება) ფონზე დიდი ყურადღება ეთმობა ტრავმული გამოცდილების შედეგების შესწავლას. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტრავმის მიმართ შედარებით მოწყვლადი ასაკობრივი ჯგუფების - ბავშვების და მოზარდების პოზიციის გათვალისწინება.
ტრავმის შემდგომი მდგომარეობების შესწავლისას აქცენტი , როგორც წესი ნეგატიურ მოვლენებზე კეთდება, მოსაზრებები სტრესულ და ტრავმატულ მოვლენებზე ძირითადად ფოკუსირებულია ამგვარი გამოცდილების უარყოფით შედეგებსა და პოსტტრავმული ფსიქოპათოლოგიის მკურნალობის მეთოდებზე. ბოლო დროს კი, ყურადღება მიიქცია ფსიქიკურმა მედეგობამ და ზრდამ სტრესული სიტუაციის საპასუხოდ.
საინტერესოა და ღირს განხილვად, პოსტტრავმული ზრდის იდეა, რომელიც ცვლის შეხედულებებს ტრავმის შესახებ.
პოზიტიური ცვლილების განხილვის პროცესში პოსტტრავმული სტრესი განიხილება, როგორც ადამიანის ბრძოლა ახალი ცხოვრების დასაწყებად.
რა უნდა ვიცოდეთ ტრავმის შესახებ?
ადამიანები სტრესული სიტუაციების ინტერპრეტაციას სხვადასხვაგვარად ახდენენ და შესაბამისად განსხვავებულად რეაგირებენ სტრესორებზე. ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენათა უმეტესობა თავიდანვე სტრესული არ არის. მათი სტრესულობა დამოკიდებულია თვით ამ ინდივიდის შეფასებაზე, მის სუბიექტურ აღქმაზე. მატრავმირებელი მოვლენის გავლენა განსხვავდება როგორც ინდივიდების, ისე თავად მოვლენის ბუნების მიხედვით. ზოგი მოვლენა, მეტად მატრავმირებელი, ამასთან, თავად ადამიანებიც განსხვავებულად რეაგირებენ ერთსა და იმავე მოვლენაზე.
მატრავმირებელი მოვლენის გავლენა ფსიქიკაზე შესაძლოა დრამატული და ხანგრძლივი იყოს. ამასთან, ადამიანებს ტრავმული მოვლენის გადატანის შემდეგ აღენიშნებათ შემდეგი რეაქციები (1) შიშის და შფოთვის განცდა, (2) მომატებული აგზნება, რაც გამოიხატება ხშირ გაღიზიანებადობაში, ყურადღების კონცენტრირების სირთულეში, მოუსვენრობასა და ძილის სირთულეში (3) ტრავმასთან დაკავშირებული აზრების, ემოციების, სიტუაციების და აქტივობების თავიდან არიდება (4) ემოციების განცდის და გამოხატვის სირთულე, ემოციური სიცარიელის შეგრძნება და გაუცხოვება გარშემომყოფი ადამიანებისგან (5) ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა და გუნება-განწყობილების დაქვეითება (6) ადამიანებისთვის სამყარო აღარ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს, (7) მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გაუცხოვების განცდა, ურთიერთობის სირთულე (Riggs, 2004)
მიუხედავად იმისა, რომ მოვლენის როგორც სტრესულის აღქმა ძირითადად სუბიექტურია და დამოკიდებულია კონკრეტულ ინდივიდზე, მაინც შეიძლება გამოვყოთ მეტ-ნაკლებად ზოგადი მოვლენები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სტრესულად აღიქმებიან ადამიანთა უმრავლესობის მიერ. კერძოდ, მოვლენები, რომლებიც არიან ნეგატიურნი, ორაზროვანნი, ზედმეტად დამტვირთველნი და ეხებიან ადამიანისთვის პიროვნულად მნიშვნელოვან სფეროებს აღიქმებიან უფრო ძლიერ სტრესორებად (Cohen, Tyrrell, Smith, 1993; Cohen, 1978, Powell et al. 2002 ).
რას ემყარება პოსტტრავმული ზრდის იდეა?
პოსტტრავმული ზრდა განისაზღვრება, როგორც ტრავმულ გამოცდილებასთან ბრძოლის შედეგად გამოვლენილი ინდივიდის პოზიტიური ფსიქიკური ცვლილება.
პოსტტრავმული ზრდა გულისხმობს ტრანსფორმაციას, რომლის დროსაც, უმჯობესდება სხვა ადამიანებთან ურთიერთდამოკიდებულებები, ჩნდება ახალი პერსპექტივები, სიცოცხლე იძენს მნიშვნელობას, იზრდება პიროვნული შესაძლებლობები ასევე, ხდება გამძლეობის, ოპტიმიზმისა და ახალი შეხედულებების შეძენაც (Kilmer, 2006; Tedeschi & Calhoun, 1995).
პოსტტრავმული ზრდა სხვადასხვა გზით ვლინდება:
ცხოვრების ღირებულების გაცნობიერება
პიროვნული ურთიერთობების გამყარება
საკუთარი ძალის/გამძლეობის ზრდის შეგრძნება
ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადაფასება.
პოსტტრავმული ზრდის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა, პიროვნული ინდივიდუალური მახასიათებლები, სოციალური მხარდაჭერა. ასევე ცენტრალური ადგილი უჭირავს პიროვნების აზროვნების სტილს - რომლის საშუალებითაც ხდება მოვლენის შეფასება, როგორც საფრთხის შემცველის ან ნეიტრალურის (მარიამ ფანჯიკიძე, 2015).
სხვადასხვა ლიტერატურაში, პოსტტრავმულ ზრდასთან ასოცირებულ დადებით ცვლილებებში მოიაზრებენ თვითაღქმის შეცვლას, საკუთარი პიროვნული სიძლიერის შეგრძნებას, გადარჩენის უნარს, საკუთარი თავის სხვისი პერსპექტივიდან აღქმას, „ნამდვილი მეგობრების“ გაფილტვრას, ემპათიის გრძნობის გაზრდას, ცხოვრების ფილოსოფიის შეცვლას, პრიორიტეტებისა და ღირებულებების მოდიფიცირებას, სულიერი ცხოვრების გაღრმავებას და ზოგადად, ცხოვრების დაფასებას (Calhoun & Tedeschi, 2006).
როგორ გამოიხატება პოსტტრავმული ზრდა მოზარდებში?
ბავშვებსა და მოზარდებში ტრავმის არსებობის მიზეზებად ასახელებენ ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა, ძალადობა, ომი, ბუნებრივი კატასტროფები, იძულებით ადგილნაცვალობა, ახლობლის გარდაცვალება. ასევე თავისუფლად შეგვიძლია ამ ჩამონათვალს დავუმატოთ მსოფლიოში დღესდღეობით გავრცელებული პანდემიაც.
ტრავმის შემდგომი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ბავშვებსა და მოზარდებში ძირითადად ეხება პოსტტრავმულ აშლილობას, აკადემიური მოსწრების სირთულეებს, ემოციურ თუ ქცევით პრობლემებს (Barenbaum et al., 2004; Westerink & Giarratano, 1999; Davidson et al.,2001). თუმცა, თუ ტრავმის შედეგებს მეორე მხრიდან შევხედავთ, აღმოვაჩენთ რომ მას დადებითი შედეგების მოტანაც შეუძლია.
თუმცა თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ პოსტტრავმული ზრდა ბავშვებში არის ტრავმული გამოცდილების შემდეგ დასწავლილი ფენომენი, რომელიც ვლინდება ისეთ ქცევებსა და აზროვნების პატერნში, რომელიც ტრავმულ გამოცდილებამდე შესაძლებელია არც გამოვლენილიყო (Turner & Cox, 2004)
პოსტტრავმული ზრდა მოზარდებში დაკავშირებულია შემდეგ მახასიათებლებთან:
ტრავმული გამოცდილების ან დანაკარგის შემდეგ სხვების მიმართ ემპათიის განცდის მომატება;
თანატოლებთან შედარებით ემოციურად მომწიფება;
ფსიქოლოგიური მედეგობა.
თანატოლებთან შედარებით ცხოვრების მეტად დაფასება
სხვათა პიროვნული ღირებულებების, განზრახვის და ცხოვრების მნიშნელობის დაფასება;
ინტერპერსონალური ურთიერთობების დაფასება;
პოსტტრავმულ ზრდაზე საუბრისას, უნდა განვიხილოთ ის ფაქტორებიც, რომელიც მჭიდრო კავშირშია კრიზისის დაძლევასთან. აღმოჩნდა, რომ პოსტტრავმულ ზრდასთან მნიშვნელოვან კავშირშია როგორც პიროვნული ნიშნები,ასევე გარემო ფაქტორები(Calhoun & Tedeschi, 1998, 2006; Stanton, Bower, & Low, 2006). სწორედ ესაა, ის ნიშნები თუ ფაქტორები, რომლებიც მოზარდს ეხმარება ტრავმის დაძლევაში და ამისგან სარგებლის მიღებაში :
პიროვნული ნიშნები:
ოპტიმიზმი
ექსრავერსია
გამოცდილებისადმი ღაიაობა
კრეატულობა
თვით-ეფექტურობა
თვით-შეფასება
გარემო ფაქტორები:
მატრავმირებელი მოვლენის სიძლიერე
ტრავმული მოვლენიდან გასული დრო
სოციალური მხარდაჭერა და სხვა (Kilmer et al., 2014a).
როგორ მოვიქცეთ?
რეკომენდაციები, როგორ დავეხმაროთ მოზარდებს ტრავმასთან გამკლავების პროცესში მისი დადებითად გამოყენება, არც ისე რთულად შესასრულებელია.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ ბავშვს სტრესის დაძლევის ეფექტური სტრატეგიები.
ჩვეულებრივ, ზრდასრულები სტრესთან გასამკლავებლად ემოციებზე მიმართულ სტრატეგიებს იყენებენ, რაც გამოიხატება ტრავმის უგულვებელყოფაში, უარყოფაში, განრიდებაში. ადამიანები ცდილობენ საერთოდ არ იფიქრონ ამ მოვლენებზე, დაივიწყონ, არ ისაუბრონ ამაზე. რაც ხანმოკლე პერსპექტივაში ადამიანს ეხმარება ნაკლებად სტკიოდეს, თუმცა, სამომავლოდ ეს განდევნილი ემოციები მაინც ბრუნდება და შესაძლოა უფრო დრამატულადაც.
ბევრად ეფექტურია აქტიური სტრატეგიების გამოყენება, რაც გულისხმობს ფიქრს პრობლემის დაძლევაზე, მის გადაჭრაზე ორიენტირებულობას, პოზიტიური ფიქრების პროვოცირებას, ტრავმის შესახებ საუბარს, დახმარების ძიებას და სხვა.
ტრავმასთან გამკლავების პროცესში, ადამიანს სჭირდება- პოზიტიური აზროვნების სტილი, საკუთარ თავში დარწმუნებულობა, მაღალი თვითშეფასება, სოციალური კონტაქტების, მეგობრების არსებობა, დამოუკიდებლობის განცდა, უსაფრთხო გარემო, ადამიანების ნდობა, განცდა რომ სამყარო არც ისე ცუდი ადგილია. ყოველივე ეს, ადრეული ასაკიდანვე ყალიბდება და უმნიშვნელოვანესია ბავშვს ამ უნარების გამომუშავებაში თავიდანვე დავეხმაროთ.
პირველი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საკუთარ თავზე ზრუნვაა. თუ მშობელი ტავს კარგად არ გრძნობს, ვერ იზრუნებს, ვერ გააძლიერებს მოზარდს. პირველ რიგში მშობელი მოდელია ქცევის თუ სტრესთან გამკლავების პროცესში. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლის დისტრესი გადამდებია. თუ მშობელი ცუდადაა, ეს ყოველთვის აისახება ბავშვზე/მოზარდზე და ორმაგად მატრავმირებელი ხდება მისთვის. ამ დროს მას უწევს როგორც საკუთარ, ისე მშობლიეს ემოციებთან გამკლავება.
მეორე, რაც საფუძველია ტრავმასთან გამკლავებისთვის, სანდო მიჯაჭვულობის ქონაა ბავშვთან/ მოზარდთან. საკმარისია, თუნდაც ერთი ადამიანი, ვისთანაც ბავშვს დაცულობის, უსაფრთხოების განცდა აქვს.
დამოუკიდებლობის უნარ-ჩვევები - უმნიშვნელოვანესია ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს დამოუკიდებლობის უნარ-ჩვევები. რაც საფუძველია თავდაჯერებულობის, საკუთარი ძალის საკუთარი სრულფასოვნების განცდის. იმის შეგრძნების, რომ მე , როგორც დამოუკიდებელ ადამიანს შემიძლია სირთულეებთან გამკლავება. სხვადასხვა ასაკში ეს სირთულე სხვადასხვა ასპექტს ეხება.
დაგეგმეთ დღე : შეეცადეთ გეგმაში გაითვალისწინოთ ისეთი აქტივობები რაც სასიამოვნოა თქვენთვის და ბავშვისთვის. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ - ფილმის ყურება, ან წიგნის კითხვა, ან სასეირნოდ წასვლა. შეეცადეთ ყოველდთიურად გამოყოთ დრო იმისთვის, რასაც დადებითი ემოციები მოაქვს
ღირებულებები - ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამცავი ფაქტორი ადამიანისთვის, გაუმკლავდეს სირთულეებს. სასურველია ადრეული ასაკიდანვე დაეხმაროთ ბავშვს სწორი ღირებულებათა სისტემის შემუშავებაში და დაეხმაროთ მას ამ ღირებულებების ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარებაში.
დასახეთ მიზნები და შესრულების ვადები - დაეხმარეთ ბავშვს, მიზნების დასახვაში და მათი შესრულებისთვის საჭირო რესურსის მოძიებაში. მიზანზე ორიენტირებულობა, მის შესასრულებლად, მის მისაღწევად ბრძოლა, ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს. მოქმედება კი სტრესთან გამკლავების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
სოციალური კონტაქტები - მხარდაჭერა სოციუმისგან ძალიან მნიშვნელოვანია. მოზარდისთვის, ბავშვისთვის იმის სწავლება, რომ დახმარება უნდა ითხოვო ძალიან მნიშვნელოვანია. ადრეული ასაკიდან საჭიროა დავეხმაროთ ბავშვს ადამიანებთან ურთიერთობის ფორმირებაში. როგორც ეს ბავშვობაში ეს სხვადასხვა წრეზე, სპორტზე - სიარულით და მეგობრების შეძენით იწყება.
დაბოლოს, ის რაც შეუცვლელია - დადებითი, ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია ბავშვებთან. არ დაგავიწყდეთ, რომ ტრავმასთან გამკლავება არც ისე მარტივია და მიეცით თქვენი ოჯახის წევრს იმის საშუალება, თავად გადაწყვიტოს როდის მოგმართოთ მხარდაჭერისთვის. თუმცა, იქონიეთ მასთან პოზიტიური კომუნიკაცია, მტელი ამ დროის მანძილზე, რათა იცოდეს, რომ დახმარებისთვის თქვენ ყოველთვის მზად ხართ.
წყარო: https://www.facebook.com/childcare.ge