Nuk
ქრონიკული და მწვავე ტკივილი - როგორ ვუმკურნალოთ მათ

თარიღი: 27 ოქტომბერი, 2022

რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქრონიკული და მწვავე ტკივილი და როგორ ვუმკურნალოთ მათ?

მწვავე ტკივილი არის რეაქცია ქსოვილის დაზიანებაზე. ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში, მას შესაბამისი მოდარაჯე წარმონაქმნები აღიქვამენ, თავის ტვინს ამის შესახებ აცნობებენ, რომ სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება.

ამასთან, ტკივილს დამცველობითი ფუნქცია აქვს. მაგალითად, ლურსმანზე ან შუშის ნატეხზე ფეხის დაბიჯებას სწორედ ტვინისკენ გაშვებული სწრაფი და მტკივნეული სიგნალი აგვარიდებს, სანამ გავიაზრებთ, რომ საფრთხის წინაშე ვდგავართ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტვინი სხეულის სხვადასხვა ნაწილს აძლევს ბრძანებას, მისი გამოცდილებისა და უსაფრთხოების შესაბამისად იმოქმედოს და კონკრეტული გამღიზიანებელი თავიდან აირიდოს.

ნებისმიერ ადამიანს პერიოდულად აწუხებს სხვადასხვა სახის ტკივილი, რომელთა დასაოკებლად ტკივილგამაყუჩებლებს იყენებს, თუმცა მნიშვნელოვანია, მწვავე და ქრონიკული ტკივილი ერთმანეთისგან განვასხვავოთ, რითიც ბევრ უარყოფით შედეგს ავიცილებთ თავიდან.

თუ სხეულის დამაზიანებელი ფაქტორი წყვეტს დაზიანებას და ტკივილი რჩება „ნეიროინფორმაციად“, რომელიც ტვინში ხანგრძლივად ინახება ანუ „დაარქივდება“, მაშინ ქრონიკულ ტკივილთან გვაქვს საქმე. ქრონიკული ტკივილი უფრო „ჯიუტია“ და ნერვულ ტკივილს უწოდებენ, რადგან პერიფერიიდან ცენტრულ ნერვულ სისტემაშია „ამაღლებული“ და თავის ტვინში „ბუდობს“, მწვავე ტკივილი კი უფრო სასიგნალოა და დამცველობითი ფუნქციით ხასიათდება.

 

როგორ ვმართოთ ტკივილი?

ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი გეგელაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა სახის ტკივილი შეგვიძლია ვმართოთ თავად და რა სახის არა.

მისივე ინფორმაციით, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მედიკამენტების რეცეპტით რეალიზაციის სისტემა მკაცრად მოქმედებს, ტკივილიგამაყუჩებლები ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემა, რადგან ტკივილი აღიქმება ტანჯვად, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მისვლამდე შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს.

ბატონი გიორგის  რეკომენდაციით, თუ ტკივილი ხშირად გაწუხებთ, მაშინ ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. მაგრამ, როდესაც იგი იშვიათი და ნაკლებად შემაწუხებელია, შეიძლება, პირდაპირ აფთიაქს მიმართოთ და პროვიზორს დაეკითხოთ რა მოიმოქმედოთ. მისივე თქმით, რევმატიულ ტკივილს, შაკიკს თუ მენზესურ ტკივილს სხვადასხვაგვარი მართვა სჭირდება და ამაზე უკვე ქვემოთ ვისაუბრებთ.

წელის ტკივილი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით, უუნარობაში გატარებული წლების მიხედვით, წელის ტკივილი პირველ ადგილს „არავის უთმობს“, მეორე ადგილზე კი თავის ტკივილია, გვეუბნება გიორგი გეგელაშვილი.

ექიმი გვიამბობს, რომ წელის ტკივილზე არაერთი საინტერესო კვლევა ჩატარებულა. მათ შორის ყველაზე სარწმუნო და დამაჯერებელია „კოჰრეინის ქსელის“ დასკვნა, რომლის თანახმადაც, წელის ტკივილის გაყუჩების დროს, არცერთ არასტეროიდსა ან „უბრალო“ ტკივილგამაყუჩებელს რაიმე უპირატესობა არ მოუპოვებია.

„როდესაც მტკიცებულებები რომელიმე კონკრეტულ პრეპარატს არ გთავაზობენ, გადაწყვეტილების ტვირთი მთლიანად პროფესიონალის „მხრებზე გადადის“. ადამიანს წელის ტკივილისას უნდა შეურჩიო იმგვარი გამაყუჩებელი, რომელზეც პირადი გამოცდილება გაგაჩნია და რომელიც შენი ქვეყნისთვის ტრადიციულია. როდესაც პაციენტი „კმაყოფილია“ რომელიმე არასტეროიდით, დიდად არ ვცდილობ მას „ფარმაკოლოგიური გემოვნება“ შევუცვალო, თუ ეს გადაწყვეტილება აღიარებულ საერთაშორისო ინსტიტუტების შეხედულებას არ ეწინააღმდეგება. მაგრამ, ყოველთვის ვითვალისწინებ საფრთხეებსაც. აუცილებლად ვარკვევ აქვს თუ არა პაციენტს კუჭის წყლული ან გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობა. ხანდაზმულ ადამიანებს არასტეროიდებს კუჭის დამცავებთან ერთად ვუნიშნავ.“

კითხვაზე, თუ იცნობდა ბატონი გიორგი აცეკლოფენაკს, გვიპასუხა:

„ფარმაცევტულ კომპანიებს უსაფრთხოების მაღალი პროფილის ხიბლით „დიდი მარათონი აქვთ გაჩაღებული“. 

აცეკლოფენაკის ანუ „აერტალის“ შექმნის იდეაც სწორედ ეს იყო, კუჭისთვის უფრო „მისაღები“ პრეპარატი  მიეწოდებინათ მომხმარებლისათვის“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, წელის ტკივილისას ექიმს როდის უნდა მივმართოთ. მაგალითად, თუ სახლის დალაგებიდან მეორე დილით წელის ტკივილი იგრძენით, ეს სულაც არ უნდა ნიშნავდეს, რომ თქვენ რაიმე სერიოზული ავადმყოფობა გაქვთ. ამ დროს წელის „გახურება“ ან ცხელი სათბური შეიძლება საკმარისი იყოს ტკივილის დასაოკებლად. თუ ტკივილი შემაწუხებელია, ტკივილგამაყუჩებლით უნდა მოხსნათ. ექიმს უნდა ეწვიოთ მხოლოდ ტემპერატურის მომატების, საერთო სისუსტის, ტკივილის გაჭიანურების  ან სხვა საგანგაშო გამოვლინების დროს.

თავის ტკივილი

ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი გეგელაშვილი აქაც ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ანუ თავის ტკივილი მწვავეა თუ ქრონიკული.

მისი თქმით, მწვავე ტკივილი ხშირად „უბრალოა“. იგი შეიძლება უბრალოდ შიმშილმა ან დაღლილობამაც გამოიწვიოს. ამ დროს ადამიანმა თავად შეიძლება გადაწყვიტოს, როგორ დაიოკოს საწუხარი, წამლით თუ უწამლოდ. როდესაც თავის ტკივილი მეტად პრობლემურია, ექიმის გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილის დროს სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აუცილებელია.

„პრობლემური თავის ტკივილი ძირითადად შაკიკია“, - გვიხნის მედიკოსი, - „გასულ საუკუნეში ჩვენთან შაკიკი „უსამართლოდ იყო დაჩაგრული“. კომუნისტური იდეოლოგია თავის ტკივილის ახსნისას ჰაიმორიტს, ფრონტიტს, ტრავმას, ქალას შიგა ჰიპერტენზიას, სისხლძარღვების შევიწროებას და სხვა „უბადრუკ მიზეზებს“ ეპოტინებოდა. დღეისთვის ცნობილია, რომ შაკიკი ეს მემკვიდრულად განპირობებული ნერვული უჯრედების აგზნებით მიმდინარე პერიოდული საწუხარია. იშვიათი შეტევების დროს საკმარისია ტკივილის გაყუჩება და მეტი არაფერი. შეუპოვარი და ხშირი შეტევების დროს ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. სად გადის ზღვარი? - თუ პაციენტი ტკივილგამაყუჩებელს კვირაში ორჯერ მაინც იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმთან სტუმრობა აუცილებელია.

რა არის ყველაზე დიდი შეცდომა? - ლოდინი. რატომღაც ჩვენთან უსაფუძვლოდ ელოდებიან ტკივილის გავლას. დრო იმდენად ძვირფასია, რომ წუთების დაკარგვაც კი არ შეიძლება. სწორედ ამ წუთებს გვაგებინებს წამლის დროული მიღება და/ან ხსნადი ფორმის გამოყენება. თქვენს მიერ ზემოთ ნახსენები აცეკლოფენაკი ანუ „აერტალი“ ფხვნილის სახითაცაა წარმოდგენილი და საკმაოდ სწრაფად მოქმედებს. ტაბლეტების მიღება უფრო რევმატიული ან მენზესური ტკივილის დროს არის რეკომენდებული, მაგრამ, თუ უფრო სწრაფად გაყუჩება აუცილებელია, უმჯობესია ფხვნილის სახით მიღება“ - განმარტა მედიკოსმა.

 

მენზესური ტკივილი

მენზესური ტკივილი საკმაოდ გავრცელებულია. ამ დროს ქალები ხშირად არაქმედუნარიანებიც ხდებიან. ექიმი-რეპროდუქტოლოგი მაია პარკაული თავდაპირველად განმარტავს, რომ მენზესური ტკივილი ჩვეულებრივ მოვლენად არ უნდა აღვიქვათ და ყურადღება უნდა მივაქციოთ. მისი ინფორმაციით, აშშ-ის სტატისტიკა ცხადყოფს, ქალების 33%-ს აღენიშნება მენზესის დროს ზოგადი ტკივილი.

„სხვა ინფორმაციით,  ქალების 33%-ს კი არა, არამედ 61%-ს შეიძლება აღენიშნებოდეს  ტკივილი, რომელიც სხვადასხვა პათოლოგიითაა გამოწვეული. ეს შეიძლება იყოს მენზესური ტკივილი, რომელიც რიგ შემთხვევებში უკავშირდება ენდომეტრიოზს, მენჯის ქრონიკულ პროცესებს, ჰორმონების სხვადასხვა დარღვევას და ანთებით პროცესს, რაც თავის მხრივ ტკივილის შეგრძნებასა და გამოვლენას იწვევს.

„ტკივილის შემთხვევაში, მაგალითად, მენზესური ტკივილი და სხვა, მიზანმიმართულ მკურნალობასთან ერთად, ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში ურეცეპტოდ გაიცემა, აუცილებელია, გავითვალისწინოთ მათი უკუჩვენებები, მათი მიღების რეჟიმი, დრო, შუალედის დაცვა, დოზირება“, - განმარტა მაია პარკაულმა.

კითხვაზე, რამდენად რეკომენდებულია, აცეკლოფენაკის შემცველი მედიკამენტების ტკივილგამაყუჩებლად და ანთების საწინააღმდეგოდ გამოყენება, მაია პარკაულმა გვიპასუხა, რომ მაგალითად, პრეპარატს, რომელსაც „აერტალის“ სახელით ვიცნობთ, ნაკლებად აქვს გვერდითი მოვლენები და გააჩნია ეფექტიანობისა და უსაფრთხოების კარგი ბალანსი.