Plasmon
რა არის ასპერგერის სინდრომი?

თარიღი: 19 ოქტომბერი, 2020

ასპერგერის სინდრომი აუტიზმის სპექტრის აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა. ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის დიაგნოსტირებისა და ფსიქიკური აშლილობის სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM) 2013 წლამდე ეს მდგომარეობა ცალკეულ დიაგნოზად განიხილებოდა, თუმცა შემდგომში აუტიზმის ყველა ფორმა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა და აუტიზმის სპექტრის აშლილობა ეწოდა.
ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მაღალი ინტელექტი და საშუალოზე კარგი ვერბალური (მეტყველებითი) უნარები, სწორედ ეს განასხვავებს ამ მდგომარეობას სპექტრის სხვა ფორმებისგან. ასპერგერის სინდრომი ითვლება აუტიზმის მაღალფუნქციურ ფორმად.

რა არის ასპერგერის სინდრომის ძირითადი სიმპტომები მოზრდილებში?
მიუხედევად იმისა, რომ ასპერგერის სინდრომის მქონე მოზრდილების უმეტესობას აქვს საშუალო ან საშუალოზე მაღალი ინტელექტი, მაინც დამახასიათებელია კოგნიტური ან ენობრივი უნარებისს შეფერხება. სიმპტომები შეიძლება დაიყოს სამ მიმართულებად:
ემოციური და ქცევითი სიმპტომები:
- განმეორებადი ქცევები - ზოგადად დამახასიათებელია აუტიზმის სპექტრის აშლილობებისთვის. შეიძლება მოიცავდეს იგივე საქმის გაკეთებას ყოველ დილით, სამუშაოს დაწყებამდე, კონკრეტული ოდენობით რაიმე ნივთის ტრიალს, ან კარის გახსნას გარკვეული რუტინით.
- ემოციური საკითხების გაგების სირთულეები - ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სირთულეები სოციალური ან ემოციური სიტუაციების ინტერპრეტაციისას, უჭირთ ისეთი მდგომარეობების გაგება რომელიც არ არის პირდაპირი და თვალხილული, მაგალითად, როგორიცაა მწუხარება ან იმედგაცრუება. პრობლემები აღინიშნება სხვა ადამიანის პერსპექტივის გაგებაშიც.
- გადამეტებული ემოციურობა - ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს უჭირთ ემოციურ სიტუაციებთან გამკლავება.
- სენსორული ზღურბლის პრობლემები - შეიძლება გულისხმობდეს ჰიპერმგრძნობელობას (ზედმეტი მგრძნობელობა) ან ჰიპომგრძნობელობას (დაბალი მგრძნობელობა) სენსორული სტიმულების მიმართ. მაგალითად, ადამიანებს ან საგნებს ხშირად ეხებიან, ამჯობინებენ სიბნელეში ყოფნას, განზრახ ყნოსავენ საგნებს.

კომუნიკაციის სიმპტომები
- სოციალური სირთულეები - ვლინდება სხვა ადამიანებთან ინტერაქციისას.
- მეტყველების სირთულეები - ხშირია მონოტონური მეტყველება, ზედმეტი გამოხატვის გარეშე. ასევე ხმის ტემბრის კონტროლი სიტუაციების შესაბამისად.
- განსაკუთრებული ვერბალური უნარები - ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ დიდი ლექსიკური მარაგი, განსაკუთრებით თავიანთი ინტერესის სფეროებში.
- საშუალოზე დაბალი არავერბალური უნარები - ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს უჭირთ ისეთი არავერბალური მიმანიშნებლების გაგება, როგორიცაა ჟესტები, მიმიკა, გამომეტყველება და ა.შ.
- თვალით კონტაქტის სიმწირე - სხვა ადამიანთან საუბრისას თვალის კონტაქტის დამყარების პრობლემები.

სხვა სიმპტომები
- მოუხერხებლობა - ხშირია მოტორული კოორდინაციის სირთულეები, რომელიც თავს იჩენს მარტივ სიტუაციებში - სიარულისას, ჯდომისას. აღინიშნება ნატიფი მოტორიკის სირთულეები, როგორიცაა თასმების შეკვრა, კონვერტის გახსნა და ა.შ.
- აკვიატება - ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის იშვიათი არ არის ერთ კერძო თემაზე გადამეტებული ყურადღების მიპყრობა. ამ თემაზე აქვთ გადამეტებული ინფორმაცია და სხვებთან ურთიერთობისას ხშირად ითხოვენ დიალოგის ამ მიმართულებით წაყვანას.

როგორ განვითარდა ჩვენი გაგება ასპერგერის სინდრომის შესახებ?
1944 წელი - ავსტრიელმა პედიატრმა აღწერა 4 ძალიან მსგავსი პაციენტი, რომელსაც ჰქონდათ საშუალო ინტელექტი, თუმცა მწირი სოციალური უნარები და ვიწრო ინტერესები.
1981 წელი - ბრიტანელმა ფსიქიატრმა ლორა ვინგმა გამოაქვეყნა მსგავსი შემთხვევების აღწერა. მან პირველად გამოყენა ტერმინი “ასპერგერის სინდრომი”.
1994 წელი - ასპერგერის სინდრომი შეიტანეს ფსიქიური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM-4).
2013 წელი - აპერგერის სინდრომი და სხვა ცალკეული აუტიზმის ტიპის მდგომარეობები გაერთიანდა ერთ ქოლგა ტერმინში - “აუტიზმის სპექტრის აშლილობა” (DSM-5).