თარიღი: 26 დეკემბერი, 2023
ბატონო დავით, რას გულისხმობს კარდიოტოკოგრაფია?
კარდიოტოკოგრაფია ნაყოფის ფუნქციურ მდგომარეობის შესახებ გვაძლევს სრულ ინფორმაციას. კარდიოტოკოგრაფია დიდი ხანია დანერგილია, მაგრამ ეს კონკრეტული კვლევა, რომელზეც ვისაუბრებ, სულ რაღაც 6 წელია, რაც სამედიცინო ბაზარზე შემოვიდა, საქართველოში კი 3 წელია. ეს მარტივი აპარატია, იწონის 200 გრამს და არის ორი პატარა გადამწოდი. შესაძლებელია მისი აპლიკაციის ტელეფონში ჩამოტვირთვაც. როდესაც ორსული ექიმთან ვიზიტისას პირველად გაიკეთებს ამ კვლევას, მერე თავისით, დამოუკიდებლად, ნებისმიერ დროს შეუძლია გაიკეთოს სახლში. ექიმთან შეთანხმების შედეგად ეცოდინება თუ რამდენჯერ უნდა გაიკეთოს დღის განმავლობაში ეს კვლევა, ექიმი კი ონლაინ რეჟიმში მიიღებს პასუხს. ძალიან მოკლე დროში ექიმიც საქმის კურსში იქნება და პაციენტიც. ხშირად არიან ორსულები, რომელთაც მუდმივი, ყოველდღიური მონიტორინგი სჭირდებათ, ასეთ ორსულებს ადრე სტაციონარში ვაწვენდით, ზოგი ახლაც წვება, რადგან, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის ამ კვლევის შესახებ. სამედიცინო წრეებში კი ცნობილია ეს კვლევა, მაგრამ ჩვეულებრივმა ორსულებმა არ იციან. ამ კვლევის მეშვეობით ჩვენ ორსულის სტაციონარში ყოფნა შეგვიძლია ონლაინ მონიტორინგით ჩავანაცვლოთ და ყოველდღიურად დავაკვირდეთ სახლში მყოფ ორსულს. ეს კვლევა ორსულთათვისაც უფრო მოსახერხებელია, რადგან საავადმყოფოში ყოფნის ნაცვლად, კომფორტულად არიან სახლში და არიან დაკვირვების ქვეშ.
რა არის კარდიოტოკოგრაფიის პირდაპირი ჩვენება?
ეს კვლევა ყველა ორსულს უნდა გაუკეთდეს მინიმუმ ერთჯერადად ან ორჯერადად. როგორც გითხარით, კარდიოტოკოგრაფია ნაყოფის ფუნქციური კვლევაა. ექოსკოპიური კვლევისას ხშირად ვნახულობთ ისეთ გადახრებს ნორმიდან, როგორიცაა: პლაცენტის მომწიფება, წყლების სიმრავლე, წყლების სიმცირე და ა.შ. კარდიოტოკოგრაფია კი გვეხმარება განვსაზღვროთ, ახდენს კი ეს ყოველივე გავლენას ნაყოფზე. ჩვენ ამ კვლევის მეშვეობით შეგვიძლია გარკვეული რისკები გამოვრიცხოთ იმ სურათიდან, რომელსაც ექოსკოპიური კვლევით ვხედავთ. რა თქმა უნდა, ეს კვლევა უფრო მეტად რისკ ჯგუფის ორსულებისთვის არის მოწოდებული, ვგულისხმობ შაქრიანი დიაბეტის მქონე ორსულებს, ასაკოვან ორსულებს და ორსულთა სხვადასხვა პათოლოგიებს, რომლებიც გვხვდება პრაქტიკაში. მონიტორინგის მეშვეობით ასეთი რისკები მინიმუმამდე შეგვიძლია დავიყვანოთ.
ორსულობის რა ვადაზე შეიძლება გაკეთდეს პირველად კარდიოტოკოგრაფია?
ორსულობის 32-ე კვირიდან უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ეს კვლევა. მესამე ტრიმესტრი ყველაზე საყურადღებოა, ამ პერიოდში ხდება ძირითადად გართულებები, ეს სტატისტიკაა. დღეს ეს კვლევა გაიდლაინითაც მოწოდებულია, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაშიც და ამერიკაშიც. რადიოლოგია-ექოსკოპიასთან ერთად კარდიოტოკოგრაფია ერთ-ერთი ძირითადი კვლევაა.
თქვენს პრაქტიკაზე დაყრდნობით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც კარდიოტოკოგრაფიის მეშვეობით დროულად დაფიქსირდა კონკრეტული პრობლემა და შესაბამისად დროული რეაგირების მეშვეობით ისეთი პრობლემა აიცილეთ თავიდან, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერ აიცილებდით?
რა თქმა უნდა, აქ გვეხმარება ის, რომ ხშირად ჰიპერდიაგნოსტიკასთან გვაქვს საქმე. ხშირად, როდესაც ექიმი ნორმიდან გადახრას ხედავს, გარკვეული გართულებების შემთხვევაში ნაადრევად ცდილობს ორსულობის დასრულებას. ამ მეთოდიკის მეშვეობით კი, რომელსაც კარდიოტოკოგრაფია ჰქვია, ნაყოფი ბოლომდე მიგვიყვანია მომწიფებამდე. მოგეხსენებათ, მომწიფებული ნაყოფის მიღება უფრო უპრიანია, ვიდრე მოუმწიფებლის და მერე კიუვეზში მისი განთავსება, ეს სახელმწიფოსთვის ხარჯებთანაც არის დაკავშირებული, რადგან დღეს ნაყოფის მოვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა. როდესაც ბავშვი კიუვეზში გადაჰყავთ, ასეთ დროს ბავშვიც წვალობს და დედაც. რა თქმა უნდა, დედა უფრო ბედნიერია, როცა მომწიფებულ ბავშვს ჩააბარებ. არის შემთხვევები, როცა თითქოს ყველაფერი კარგად არის, ექოსკოპიაც გადასარევ სურათს იძლევა, მაგრამ კარდიოტოკოგრაფიის მეშვეობით ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემა არსებობს. ახლახან მქონდა ასეთი შემთხვევა, პაციენტი გოგონა არანაირ პრობლემას არ ელოდა, ყველაფერი მშვიდად იყო, მისი თქმით ძალიან კარგ რადიოლოგთანაც იყო ნამყოფი და კარგი პასუხიც ჰქონდა, მაგრამ გეგმურად ჩატარებულ კარდიოტოკოგრაფიაზე გარკვეული პრობლემა დავინახეთ. პაციენტს სასწრაფოდ გავუკეთეთ დოპლეროგრაფია და დოპლეროგრაფიამაც აჩვენა, რომ ჭიპლარის ჭეშმარიტი მარყუჟი იყო სახეზე, რაც საკმაოდ იშვიათი და რთულად დასაჭერი პათოლოგიაა. სასწრაფოდ გავაკეთეთ საკეისრო და ამოვიყვანეთ ჯანმრთელი ნაყოფი.
ძირითადად რა ტიპის გადახრები გხვდებათ კარდიოტოკოგრაფიის გაკეთებისას?
ბევრი პარამეტრია და ყველას ვერ ჩამოვთვლით. ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრი, რაც ნაყოფის შეფასებაში ძალიან გვეხმარება, არასტრესული ტესტია, ეს კი მხოლოდ კარდიოტოკოგრაფიით კეთდება. არასტრესული ტესტი ნაყოფის მოძრაობასთან რეაგირებას გულისხმობს, ბავშვს უნდა აუჩქარდეს გული და შემდეგ მალევე უნდა გასწორდეს გულის რიტმი, ამის დაფიქსირება კი ძალიან გვეხმარება. არის შემთხვევები, როცა კვლევა მთლიანობაში უნდა განვიხილოთ, რადგან როგორც გითხარით, ეს ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია, იქ ბევრი პარამეტრია და ექიმმა უნდა გათვალოს სიტუაცია. მხოლოდ ბრმად რომ თქვას, არასტრესული ტესტი უარყოფითია და დავიღუპეთ, ეს ასე არ ხდება, არის სხვადასხვა პარამეტრები და თანაფარდობით ხდება სწორი დიაგნოზის დასმა.
ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს მიერ გეგმურად მოწოდებულია თუ რამდენჯერ და რა ვადებზე უნდა ჩავიტაროთ ექოსკოპიური კვლევა. რამდენად აუცილებელია კონკრეტულ ვადებზე აღნიშნული კვლევის ჩატარება?
მტკიცებითი მედიცინა, რომელსაც ჩვენ ყველა მივყვებით და ვცდილობთ არ გამოვეყოთ, გვეუბნება, რომ 12 კვირაზე აუცილებელია ინახოს კისრის ნაოჭი, რაც ერთ-ერთი ძირითადი მარკერია ვთქვათ ქრომოსომური პათოლოგიისა. არსებობს სხვა კვლევებიც, როგორიცაა სამმაგი ტესტი, ამნიოცენტეზი, მაგრამ ექოსკოპია 12 კვირაზე ერთ-ერთი ძირითადი კვლევაა. თუკი ექოსკოპიაზე ვნახეთ, რომ კისრის ნაოჭი 3 მილიმეტრზე დიდია, ვიწყებთ სხვა კვლევებს, რომ დავაზუსტოთ ჩვენი დიაგნოზი. როცა ნაყოფის მომწიფება ხდება, ის რამდენიმე ვიზიტი, რაც გაიდლაინშია ჩაწერილი, გვეხმარება შევაფასოთ როგორ მიმდინარეობს ორგანოგენეზი, დინამიკას გვაჩვენებს ვადები, რომლითაც ვიბარებთ ორსულებს. 12 კვირის შემდეგ ვიზიტი არის 20-21-ე კვირაზე, ორსულს შეუძლია 24-ე კვირაზეც მივიდეს ექიმთან, ეს გადამწყვეტი არ არის და აუცილებლად უნდა შემოწმდეს ორსული 32-ე კვირაზე. 32 კვირის შემდეგ, თუ ორსულობა უპრობლემოდ მიდის და კარდიოტოკოგრაფიის მიხედვით ფუნქციურადაც კარგია ნაყოფი, მაშინ უკვე მეანი წყვეტს კიდევ ესაჭიროება თუ არა ორსულს ექოსკოპიური კვლევა, მაგრამ პირდაპირი ჩვენება, რომ 32-ე კვირის შემდეგ კიდევ უნდა გაკეთდეს ექოსკოპია არ არსებობს, ამას ექიმი კონკრეტული პაციენტის მიხედვით ინდივიდუალურად წყვეტს.
არის თუ არა გარკვეული შემთხვევები, როცა არ უნდა დაველოდოთ გაიდლაინით მოწოდებულ ვადებს და დაუყოვნებლივ უნდა მივიდეთ ექიმთან? მაგალითად, გადატანილი ვირუსული ინფექციები ცვლის თუ არა არსებულ სურათს?
რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ინახოს ნაყოფის მდგომარეობა, როცა ორსული რაიმე ვირუსულ ინფექციას გადაიტანს. ეს ვიზიტი სტანდარტული კვლევებიდან ამოვარდნილია და ამას წყვეტს ექიმი, იქიდან გამომდინარე თუ რა ვირუსი შეხვდა პაციენტს. რა თქმა უნდა, რადიოლოგიურად უნდა ინახოს ნაყოფი თუ ორსულმა კოვიდი გადაიტანა, ასევე უნდა ჩატარდეს ანალიზებიც. უნდა ვნახოთ, ხომ არ მიდის თრომბოზი, რომელიც მოგეხსენებათ, რომ კოვიდის ერთ-ერთი სერიოზული გართულებაა.
ბევრი ორსულისგან მოგვისმენია, რომ არ სურთ ხშირად ექოსკოპიური კვლევის ჩატარება, რადგან ეს საშიშად და საფრთხის შემცველად მიაჩნიათ. რამდენად სწორია ეს მიდგომა?
რა თქმა უნდა, გარკვეული საფრთხე არსებობს. როცა ულტრაბგერა ქსოვილებს გაივლის, ტემპერატურული რეჟიმი იცვლება, თუმცა თუ პროფესიონალი რადიოლოგი მუშაობს ეს ცვლილება მინიმალურია. რადიოლოგიური კვლევა რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყოს. პროფესიონალმა ხანმოკლე დროში უნდა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია. ეს პროცესი დროში იმდენად არ უნდა იწელებოდეს, რომ ტემპერატურული რეჟიმი შეიცვალოს, ამის გარდა სხვა გართულება რადიოლოგიურ-ექოსკოპიურ კვლევას არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ყველა თანამედროვე აპარატი აჩვენებს ტემპერატურულ რეჟიმს. თუ პროფესიონალი მუშაობს, კვლევა ნაყოფისთვის უვნებელია. ხშირ კვლევებს აზრი ნაკლებად აქვს და მათი ჩატარება სრულად საკმარისია გაიდლაინით მოწოდებული ინტერვალებით. ეს კონკრეტული ვადები გვაძლევს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ ვითარდება ნაყოფი და უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე პათოლოგიას და ა.შ.
რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც პაციენტებს ეშინიათ, რომ რადიოლოგმა შეიძლება მთავარი ნიუანსი ვერ დაიჭიროს?
რადიოლოგმა შეიძლება დაიჭიროს ის მნიშვნელოვანი ნიუანსი, მაგრამ მთავარია, რა დროს მოანდომებს ამას. რა თქმა უნდა, რადიოლოგმა ერთი საათი არ უნდა მოანდომოს რაღაცის დანახვას, ამისთვის ძალიან ხანმოკლე დრო გვაქვს, რადგან არ უნდა დაირღვეს ტემპერატურული რეჟიმი. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, ხშირად ჩემმა კოლეგებმა ისიც არ იციან, რომ აპარატი ტემპერატურულ რეჟიმს უჩვენებთ. ალბათ, განათლების და პრაქტიკის ნაკლებობის პრობლემასთან გვაქვს საქმე. როდესაც სტუდენტები ინსტიტუტს ამთავრებენ, მათ აქვთ ლიცენზია, რომ რადიოლოგად იმუშაონ, ამ დროს კი მათ გადამწოდის სწორად დაჭერაც კი არ იციან. როცა გადამწოდი სწორად არ გიჭირავს, ვერ იჭერ ტალღის კუთხეს, ვერ გამოგყავს გამოსახულება და ა.შ. აუცილებლად უნდა იყოს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები არა მარტო ახალგაზრდებისათვის, არამედ ასაკოვანი ექიმებისთვისაც, მაგალითად, ჩვენთან ჩატარდა ასეთი კურსები, დიდი სიამოვნებით მოვისმინე, ახალი ინფორმაციაც მივიღე, იყო სხვადასხვა საკამათო თემებიც, მაგრამ კამათშიც იბადება სწორი აზრები და შემდგომში ეს დადებით რეზულტატებს იძლევა. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სისტემატური სახე უნდა ჰქონდეთ.
ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე აქტუალური პრობლემა, რაზეც ორსულები ნერვიულობენ არის მღვრიე წყლები, მრავალ წყლიანობა და მცირე წყლიანობა. რა ტიპის პათოლოგიაა ეს და წარმოადგენს თუ არა საფრთხეს, როგორც ორსულისთვის, ისე ბავშვისთვის?
რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ სერიოზული და საყურადღებო მომენტია, თუმცა მცირე წყლიანობაზე ასე ცალკე, კონტექსტიდან ამოვარდნილად ვერ ვისაუბრებ. ეს პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს სანაყოფო გარსების ინფექციით, პლაცენტის ინფექციით, შეიძლება ორსული ღვრიდეს წყლებს, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოდ, რომ ვერ გრძნობდეს ამას, თუმცა ამ უმნიშვნელო დენამ გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება მცირე წყლიანობა გამოიწვიოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ექიმთან დროულად ვიზიტი მნიშვნელოვანია. როცა ექიმი მსგავს გადახრას ხედავს, მან სრულფასოვნად უნდა გამოიკვლიოს ორსული. თუ ასეთი გადახრა 32-ე კვირის მერე დაფიქსირდა, ამ შემთხვევაში ისევ კარდიოტოკოგრაფიას ვუბრუნდებით. გვაქვს ფუნქციური კვლევის საშუალება და რატომ არ უნდა გაკეთდეს? რამდენადაც მე ვიცი, ძალიან ბევრ კლინიკაში კეთდება კიდევაც და ძალიან კარგი კვლევის ჩატარებაც არის შესაძლებელი, უბრალოდ, სტაციონარული აპარატები, რაც დღეს საქართველოშია არის ანალოგური. არც კი ვიცი, ციფრული აპარატები თუ აქვს ვინმეს, ყოველ შემთხვევაში, ეს პორტატული აპარატი, რომელიც ონლაინ მოწმდება, ნამდვილად არავის არ აქვს დღევანდელ დღეს შემოტანილი, ჩვენი კლინიკის გარდა. ციფრულ და ანალოგ აპარატს შორის კი, რა თქმა უნდა, დიდი სხვაობაა, განსხვავდება მათ მიერ ჩატარებული კვლევა. თავად ციფრულ აპარატებშიც არის განსხვავება, არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომელიც კარდიოტოკოგრაფიის ჩანაწერს, სინუსოიდას შიფრავს. პროგრამა, რომელიც შიფრავს ჩანაწერს, გვაძლევს რიცხობრივ მაჩვენებლებს ნაყოფის მდგომარეობისა, რომლის მიხედვითაც ვნახულობთ ნორმაა თუ პათოლოგია, ჩვენ ამას ადრე სახაზავის მეშვეობით ვითვლიდით. არსებული პროგრამებიდან ყველაზე წამყვანი და მოწოდებული მონაკოს პროგრამაა, რომელიც კონკრეტულად ჩვენს აპარატშიც არის გათვალისწინებული.
მცირე წყლიანობა წარმოადგეს ჩვენებას იმისთვის, რომ მუდმივი კარდიოტოკოგრაფია დავნიშნოთ?
ყოველდღიური თუ არა, მონიტორინგი მაინც უნდა ჩატარდეს. გაიდლაინით მოწოდებულია, რომ გარკვეულ პათოლოგიებზე გარკვეული სიხშირით გაკეთდეს ონლაინ მონიტორინგი. ონლაინ მონიტორინგი გვეხმარება იმაში, რომ ქალბატონი ყოველ მეორე დღეს არ ვატაროთ სტაციონარში. პაციენტს სახლში ვატანთ ამ აპარატს და გაიდლაინით მოწოდებული სიხშირით თავად იკეთებს ამ კვლევას, ნაყოფის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმთან ზუსტად 2-3 წუთში მიდის.
ძალიან ხშირად საუბრობენ ნაყოფის ზრდაში შეფერხებაზე და ძალიან დიდი ზომის ნაყოფზე. ეს მართლაც ხშირი პრობლემაა თუ გადაჭარბებულად ხდება ამის შეფასება?
საბედნიეროდ, ნაყოფის შეფერხება იშვიათია.
აქ ალბათ მნიშვნელოვანია ისიც, ეს კლასიკურად შეფერხებაა თუ მცირე ჩამორჩენაა ზრდაში…
რა თქმა უნდა, ეს კი ძალიან მარტივი სადიაგნოსტიკოა. შეფერხება ძალიან მარტივად დგინდება და ეს რადიოლოგიური კვლევით შეგვიძლია ვნახოთ. უნდა გავზომოთ ნაყოფი და 2 კვირაში ისევ უნდა შევამოწმოთ, ასე გავიგებთ არის შეფერხება თუ ნაყოფი ისევ ისე მიდის და ჯდება ნორმაში. ნაყოფის ფიზიოლოგიური მონაცემები პერცენტილით იზომება. თუ ნაყოფი პერცენტილებში ჯდება და არის ნორმა, მაშინ აქ არ არის განვითარების შეფერხება, ის ქალი უბრალოდ პატარა ბავშვს აჩენს, ზოგი 3 კილოს აჩენს, ზოგი 4-ს, ამაში პრობლემა არ არის. თუ ბავშვის წონა 2 და 500-ის ზემოთა და ის მომწიფებულია, ეს უკვე ნორმად ითვლება.
ხშირად გვსმენია შემოხვეულ ჭიპლარებზე
კი, უყვართ ამის თქმა… ჩვენ გვსმენია 3-4 ჯერ შემოხვეული ჭიპლარი, ასეთი რაღაცები არ ხდება. არსებობს გრძელი ჭიპლარი, მაგრამ ბავშვს 3-4 ჯერ ჭიპლარი შემოეხვიოს, ცოტა ზღაპარია და ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება. ორჯერადი მარყუჟი რეალურია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ჭიპლარის მარყუჟი რამეს უფუჭებს თუ არა ამ ბავშვს. მოგეხსენებათ, ჭიპლარი დაფარულია ლაბით. ლაბა არის ჟელეს მსგავსი სუბსტანცია, სანაყოფე წყლების ჟელე. ჭიპლარი არის რბილი და ელასტიკური, ძალიან გაგიჭირდებათ მისი გაკვანძვა ან მოჭერა, რადგან ამ ჟელესებური მასით არის დაფარული. ჩვენ ხშირად ვნახულობთ ჭიპლარის მარყუჟს, შემდეგ ტარდება კარდიოტოკოგრაფიული კვლევა და ვხედავთ, რომ არანაირად პრობლემას არ ქმნის ეს ჭიპლარის მარყუჟი. შემთხვევების 99%-ში ეს პრობლემას არ წარმოადგენს ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში. ჭიპლარის მარყუჟი უნდა გაითვალისწინოს მეანმა, როცა იღებს მშობიარობას ასეთ ორსულთან, რომ დროულად მოხდეს ჭიპლარის მარყუჟის შემოხსნა, რათა ნაყოფს პრობლემები არ შეექმნას. მუცლად ყოფნის პერიოდში, თუ კი ნაყოფი ფუნქციურად კარგია, იყოს შემოხვეული ჭიპლარი, ამით არაფერი შავდება.
ექიმების აზრი ორად იყოფა ორსულების ჰიპერტონუსზე, ზოგი თვლის, რომ ეს საყურადღებოა და ზოგი კი პირიქით…
ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არაა საყურადღებო, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, მათ შორის რადიოლოგიც დასკვნაში წერს ამ ჰიპერტონუსს. კუნთია საშვილოსნო, ერთ წუთში დაჭიმულია, მეორე წუთში შეიძლება მოეშვას, როცა წამოწვება ქალბატონი. აქ საყურადღებოა ყელის სიგრძე და რადიოლოგმა აუცილებლად უნდა ნახოს საშვილოსნოს ყელი. ყელის სიგრძე არ უნდა იყოს დამოკლებული და არ უნდა იყოს მისი შიდა პირი შეხსნილი, აი თუ ასეთი შემთხვევაა, ამას რადიოლოგი ხედავს და მხოლოდ ამ შემთხვევაშია საუბარი ტონუსზე, ანუ მაშინ, როცა ყელი მოკლდება, იხსნება და გვაქვს საშიშროება ნაადრევი სამშობიარო მოქმედების. სხვა შემთხვევაში, თუ ყელის სიგრძე გადასარევია და მხოლოდ ჰიპერტონუსია, საგანგაშო არაფერი არ ხდება, უბრალოდ, ნაკლებად უნდა დაიტვირთოს თავი ქალბატონმა.
იძლევა თუ არა რადიოლოგიური კვლევა იმის შესაძლებლობას, რომ სრულფასოვნად შევაფასოთ ნაყოფი ორსულობის პერიოდში, თუ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება უბრალოდ ვერ დავინახოთ?
ასეთი ძალიან ბევრი რამ არის, თუნდაც გულის მანკები. ძალიან ბევრ მანკს, რომელიც მშობიარობის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს, მუცლადყოფნის პერიოდში ვერ ვხედავთ, თუნდაც იმიტომ, რომ ნაყოფის გულის აგებულება რადიკალურად განსხვავდება ზრდასრული ადამიანის გულის აგებულებისგან. ასეთივე პათოლოგიებია ოვალური სარქველი და ბოტალის სადინარი, მათ პრაქტიკულად ვერ ნახავთ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირია DCB სინდრომიც. მოგეხსენებათ 4D გამოკვლევა ჯერ არ არის მტკიცებით მედიცინაში, მიდის ამაზე მუშაობა, ჩვენ ვაკვირდებით ნაყოფის მიმიკას, ოღონდ, რა თქმა უნდა, 32-ე კვირის მერე, სამწუხაროდ, ამის დანახვა ასე გვიან შეგვიძლია. არსებობს გარკვეული კვლევები, მაგრამ ამაზე დღეს ვერ ვისაუბრებთ, რადგან მტკიცებით მედიცინაში ჯერ არ არის.
წყარო: https://fortuna.ge