Plasmon
რა არის კუჭის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები

თარიღი: 16 თებერვალი, 2023

დისკომფორტი და ტკივილი კუჭის არეში, სისავსის შეგრძნება, გულძმარვა და ბოყინი –  კვების შემდეგ თუ ეს უსიამოვნო სიმპტომები აღგენიშნებათ, შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემა გაქვთ.

ეს პრობლემა, უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა გასტრიტად ან წყლულოვან დაავადებად ჩამოყალიბდეს. კლინიკა „მედცენტრის“ გასტროენტეროლოგი, ლუიზა კალანდაძე ამბობს, რომ სწორი კვების და დროული რეაგირების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტმა ძალიან სერიოზული გართულებები აიცილოს თავიდან.

ქალბატონო ლუიზა, რა არის კუჭის ტკივილის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზები?
ზოგადად, კუჭის არეში ტკივილი შეიძლება იყოს ფუნქციური ანუ დროებითი ან/და ორგანული ცვლილებებით [კუჭის დაავადებებით – გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება] გამოწვეული.

კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ მოშლას დისპეფსია ეწოდება. ამ დროს ტკივილის მიზეზი საჭმლის მოუნელებლობაა. მანამ, სანამ კუჭის ლორწოვანი გარსის არეში განვითარდება ცვლილებები, ვითარდება ფუნქციური დისპეფსია. ამ დროს პაციენტს არაჯანსაღი საკვების მიღების შემდეგ აწუხებს ტკივილი ზურგის არეში, გულძმარვა, ბოყინი და სისავსის შეგრძნება ჭამის შემდეგ.

თუ ასეთ დროს პაციენტი დაიცავს დიეტას, შეიძლება წამლების გარეშეც ალაგდეს სიმპტომები, მაგრამ თუ პაციენტი აგრძელებს კუჭისთვის გამაღიზიანებელი საკვებით კვებას, შესაძლოა განვითარდეს ორგანული ცვლილებები – გასტრიტი და კუჭის წყლულოვანი დაავადება. ამ დროს ტკივილი იღებს რეგულარულ ხასიათს, ვითარდება ჭამის შემდეგ ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ (წყლულოვანი დაავადების დროს), ახასიათებს გადაცემა ზურგის არეში, გულის არეში, პარალელურად გრძელდება გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, სისავსის შეგრძნება.

ტკივილი კუჭის არეში ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი დაავადებებით, როგორიცაა: კუჭის პოლიპი, კუჭის სიმსივნური დაავადებები, ეროზიული გასტრიტები.

კუჭის ტკივილის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს პაციენტის მიერ არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების [ტკივილგამაყუჩებლების] რეგულარული მოხმარება; ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება. მიზეზი შეიძლება იყოს სტრესიც.

გარდა ამისა, კუჭის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი არის კუჭის ლორწოვანში ჰელიკობაქტერ პილორის არსებობა. ეს ბაქტერია მეტ-ნაკლებად ყველას აქვს კუჭში, იგი კუჭის მჟავე ნიადაგში თავს კარგად გრძნობს და მრავლდება. როცა მისი რაოდენობა უკვე ნორმაზე მაღლა ადის და ამას ემატება სხვა ხელშემწყობი ფაქტორები – ვითარდება ტკივილი.

რა სახის კვება იწვევს ფუნქციურ დისპეფსიას?
დისპეფსია ვითარდება მაშინ, როცა პაციენტი არასწორად იკვებება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აღიზიანებს გაზიანი სასმელების, შებოლილი, შემწვარი, ცხარე და მჟავე საკვების ხშირი მიღება, ასევე, ცომეულისა და სწრაფი კვების პროდუქტების ხშირი მოხმარება.

შესაძლოა, ასეთი კვება თავიდან არ აისახოს კუჭის ლორწოვან გარსზე და მხოლოდ ამ საკვების მიღების შემდგომ ტოვებდეს სიმძიმეს, მაგრამ თუ ასეთი საკვების მიღება რეგულარულად ხდება, შეიძლება პრობლემა გადაიზარდოს გასტრიტსა და წყლულოვან დაავადებაში.

რამდენად მართებულია ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება კუჭის ტკივილის დროს?
ხშირად პაციენტები მიიჩნევენ, რომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ყველა ტკივილის მომხსნელია, რაც დიდი შეცდომაა. ხშირად აფთიაქში შესვლისას პაციენტი ფარმაცევტს სთხოვს ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს, მაგრამ შეიძლება ფარმაცევტმა არ დააზუსტოს რისი ტკივილია ეს და მისცეს არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რამაც შესაძლოა უფრო გაამწვავოს პრობლემა.

კუჭის ტკივილის დროს ძირითადად სპაზმების მოსახსნელი პრეპარატი ინიშნება და არა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. თუ საქმე გვაქვს კუჭის წყლულთან, შესაძლოა არასტეროიდულმა პრეპარატებმა უკუშედეგი გამოიღოს. მეტიც, შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და უფრო გაძლიერება ტკივილის, რომელიც პაციენტს ჰქონდა.

გარდა ამისა, არიან პაციენტები, რომლებიც წლების განმავლობაში მოიხმარენ კუჭის წყლულოვანი დაავადების მედიკამენტს, „ომეპრაზოლს“. იმის გამო, რომ ეს წამალი ადვილად ხელმისაწვდომია, პაციენტები ხშირად არც ეკითხებიან ექიმს და ტკივილის დროს თავისით  მკურნალობენ. საქმე ის არის, რომ ამ პრეპარატს, ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, აქვს გვერდითი მოვლენები, რის გამოც არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ხანგრძლივად, მაგალითად, გამოჰყავს ორგანიზმიდან კალციუმი და სხვა. ამიტომ ექიმს უნდა დაეკითხონ, რადგან ასეთ დროს მოწოდებულია მკურნალობა არა ერთი, არამედ რამდენიმე პრეპარატით.

როცა პაციენტი სისტემატურად იღებს სხვადასხვა მედიკამენტს, როგორ ვიცავთ კუჭს გაღიზიანებისგან?
გულის დაავადებებისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს, რაც თანმხლებია გულის დაავადების, პაციენტს შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტი ჰქონდეს დანიშნული. ასეთ დროს მედიკამენტებისგან კუჭის დასაცავად ხშირად ინიშნება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, რომლებიც იცავენ კუჭის ლორწოვანს. ეს ინიშნება გარკვეული დროით, ეს არ არის მუდმივი მოხმარების მედიკამენტი, რადგან ყველა პრეპარატს თავისი გვერდითი ეფექტი აქვს.

ამ წამლებს და მათ ხანგრძლივობას ნიშნავს ექიმი, თვითმკურნალობა დაუშვებელია.

რამდენად ეფექტურია ქაცვის ზეთი კუჭის დაცვისთვის და სხვა რა პროდუქტები არსებობს ასეთი თვისებების მატარებელი?
ქაცვის ზეთი ნამდვილად ხასიათდება კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი თვისებით. ქაცვის ზეთი ეხმარება კუჭს წყლულის შეხორცებაში, თუმცა თუ კუჭის წყლულოვან დაავადებასთან გვაქვს საქმე, პაციენტს თავიდან მაინც პრეპარატებით ვმკურნალობთ ისე, როგორც პროტოკოლით არის მოწოდებული, რადგან ჰელიკობაქტერიებზე ქაცვის ზეთი არ მოქმედებს. ამის შემდეგ კი საპროფილაქტიკოდ, მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტს შეუძლია ქაცვის ზეთის გამოყენებაც.

კიდევ რა შეიძლება იყოს კუჭის დამცავი – დიეტური პროდუქტი?
კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს, რომლის თანმხლებიც ყოველთვის არის გასტრიტი, გარკვეული დროით ტკივილის გაყუჩება შეუძლია დიეტური საკვების მიღებასაც, წყლულს ახასიათებს ასეთი რამ.

საქმე ის არის, რომ დიეტური საკვები ასეთ დროს გარს ეკვრის კუჭს, იცავს და ამშვიდებს კუჭის ლორწოვან გარსს. ასეთი პროდუქტი შეიძლება იყოს შვრიის ფაფა. ოღონდ ეს ფაფა უნდა იყოს თერმულად დამუშავებული და არა უბრალოდ მდუღარე წყალდასხმული.

კუჭის დაავადების დროს შვრიის ფაფა უნდა მოიხარშოს 10-15 წუთის განმავლობაში, შეიძლება გაკეთდეს თხელი ფაფა, გაიწუროს საწურში და მისი ნახარში დალიოს პაციენტმა სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ასევე, კუჭის დამცავი თვისებით ხასიათდება კარტოფილის ან/და კომბოსტოს ახალგამოწურული წვენის მიღება უზმოზე.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს კუჭის პრობლემების თვითმკურნალობასა და ექიმთან ვიზიტის გადადებას?
კუჭის ბევრი დაავადება, მაგალითად, წყლულოვანი დაავადება, შეიძლება გართულდეს სისხლდენით, კუჭის პერფორაციით, პენეტრაციით (წყლულის ჩაზრდა სხვა ორგანოში (კუჭქვეშა ჯირკვალში)) და პერიოდული ტკივილით.

თუ პაციენტს აწუხებს კუჭის გახშირებული ტკივილი, დისკომფორტი და დროულად არ მიმართავს ექიმს, შესაძლოა დაავადება დამძიმდეს; მაგალითად, კუჭის წყლული შესაძლოა პოლიპად ჩამოყალიბდეს, გადაიზარდოს სიმსივნურ დაავადებაში. შესაძლოა განვითარდეს საყლაპავის დაავადებები, მაგალითად, საყლაპავის დაბოლოების ანთება, საყლაპავის წყლული, რა დროსაც პაციენტი ამჩნევს, რომ აქვს ანემია, იკლებს წონაში და ამ ჩივილებით მიმართავს ექიმს, ეს კი უკვე შორსწასული ფორმაა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა როგორია?
დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი არის გასტროფიბროსკოპია, რაც მოიცავს საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის გამოკვლევას, აუცილებელია ჰელიკობაქტერიების განსაზღვრა; თუ საჭიროა, ხდება კუჭ-ნაწლავის რენტგენოსკოპია, რომლითაც განისაზღვრება, როგორ ხდება კუჭის დაცლა, ხომ არ გვიანდება, მაგალითად.

მკურნალობას რაც შეეხება, აქ არის სამკომპონენტიანი: ეს არის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, შემდეგ მოწოდებულია ანტიბიოტიკოთერაპია და თუ წყლულოვანი დაავადებაა, ხდება კიდევ ერთი – ბისმუთის პრეპარატის დამატება. გარდა ამ სამი პრეპარატისა, იმის მიხედვით, თუ რა სიმპტომები (ღებინება, ტკივილი) აქვს პაციენტს, მას ენიშნება შესაბამისი პრეპარატები.

წყარო: "მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი “მედცენტრი”