თარიღი: 11 მარტი, 2021
ცილები რთული ორგანული ნაერთებია, რომლებიც ამინომჟავებისაგან შესდგება.
სულ 20 ამინომჟავა გვაქვს, რომელთაგან ნაწილის სინთეზის უნარი ჩვენს ორგანიზმს აქვს, როცა მას სჭირდება, ცხრა ამინომჟავა კი ესენციური ანუ შეუცველელია და მათი მიღება მხოლოდ საკვებიდანაა შესაძლებელი.
შეუცველელი ამინომჟავების გარეშე ორგანიზმის უამრავი ფუნქცია ირღვევა.
აი, რა ძირითადი ფუნქციები აქვს ცილებს ორგანიზმში:
- ისინი ორგანიზმისათვის ის მთავარი საშენი აგურებია, რაც აუცილებელია ბავშვის ზრდისათვის, მისი უჯრედების, ქსოვილების შენებისათვის.
ცილების გარეშე ორგანიზმში მიმდინარე რეაქციები წარმოუდგენელია.
- ყველა ფერმენტი, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებში მონაწილეობს, ცილოვანი შენებისაა.
- ცილები მონაწილეობენ იმუნურ რეაქციებში - ყველა ანტისხეული ხომ ცილაა?!
‼️მნიშვნელოვანია, რომ ეს ნივთიერებები წარმოდგენენ ენერგიის წყაროს, მაშინ, როცა ორგანიზმს არ მიეწოდება სათანადო რაოდენობით კარბოჰიდრატები და ცხიმები , რომლებიც ენერგიის მთავარი წყაროებია.
კიდევ რითია დედის რძის ცილები განსაკუთრებული?
ისინი გაცილებით ადვილად შეიწოვება, ვიდრე ძროხის რძის ცილები ან ცილები ხელოვნური ნარევიდან.
ქალის რძის ცილა მდიდარია შრატის ცილებით. კაზეინი, რომელის მონელება ადრეული ასაკის პატარასათვის ძნელია, დედის რძეში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი და თანაც მასში კაზეინის მოლეკულები უფრი მცირე ზომისაა, ვიდრე ძროხის რძეში.
შედარებისათვის - შრატის ცილების შეფარდება კაზეინთან დედის რძეში 70/30-ზეა, ხოლო ძროხის რძეში -23/77%-თან.
კაზეინის დაბალი შემცველობის და მოლეკულების მცირე ზომების გამო დედის რძე გაცილებით ადვილად მოსანელებელია, ხაჭოვდება კუჭში ნაზ ფიფქებად და სწრაფად გადადის ნაწლავებში.
ამავდროულად, დედის რძის ცილები შეიცავს შეუცვლელი ამინომჟავების სრულ ნაკრებს, მათ შორის ტრიფტოფანს, რომლისგანაც სინთეზირდება მელატონინი და სერტონინი. სეროტონინი პატარას გუნება-განწყობაზე მოქმედებს, მელატონინი კი უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
- ქალის რძე არ შეიცავას დიდი რაოდენობით ცილებს, განსხავავებით ძროხის რძისაგან.
პროტეინული თეორიის თანახმად, ჭარბი ცილის მიწოდება პირდაპირ კავშირშია ინსულინის და ინსულინისმსგავსი ზრდის ფაქტორის გაზრდილ სეკრეციასთან, რაც თავის მხრივ სიმსუქნის რისკის მატებასთანა ასოცირებული.
ადრეულ ასაკში ჩატარებული ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ადრეულ ასაკში წონის სწრაფი მატება შესაძლოა მოზრდილ ასაკში ჭარბი წონის და მასთან ასოცირებული დაავადებების რისკ-ფაქტორი გახდეს.
ამიტომ ცილის შემადგენლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვილის კვებისათვის.
დაბოლოს, როგორც ყოველთვის, შეგახსენებთ - დედის რძე საუკეთესო საკვები ჩვილისათვის!
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე