თარიღი: 01 მარტი, 2018
ახალგაზრდა ასაკში ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ქალა-ტვინის ტრავმაა და ამ მდგომარეობებით გამოწვეული სხადასხვა სახის დარღვევები. რა სიმპტომები ახასიათებს ქალა-ტვინის ტრავმას – გვესაუბრება ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.
რა ფსიქიკური დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს ქალა-ტვინის ტრავმამ?
ახლგაზრდა ასაკში ადამიანების უმრავლესობა ფიზიკურად ჯანმრთელია, აქვთ შედარებით ძლიერი იმუნური სისტემა და ქრონიკული დაავადებებიც შედარებით იშვიათად აღენიშნებათ. ამ ასაკში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად ჩნდება სხვადასხვა შემთხვევების შედეგად, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმები, უსაფრთხოების წესების დაუცველობით გამოწვეული შემთხვევები და ა.შ. ასეთი შემთხვევების დროს მიღებული ტრავმებიდან ყველაზე რთული და გრძელვადიანი შედეგები მოსდევს ნერვული სისტემის დაზიანებას. მოცემულ შემთხვევში, მე ხაზს გავუსვამდი თავის ტვინს, რადგან ეს არის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქიკური პროცესების განხორციელებას. ქალა-ტვინის ტრავმის ან ტვინის შერყევის შედეგად, თავის ტვინის ქსოვილი შეიძლება დაზიანდეს, ამ დაზიანებას მოჰყვეს ისეთი მნიშვნელოვანი ფსიქიკური ფუნქციების მოშლა როგორიცაა: მეტყველება, მეხსიერება, ყურადღება, ორიენტაცია სივრცეში, აღქმა, საკუთარი მოქმედებების დაგეგმვა და დაგეგმილი მოქმედებების განხორციელება (მიზანშეწონილი ქცევის დარღვევები), ასევე შეიძლება მოჰყვეს პიროვნული და ხასიათობრივი ცვლილებები.
რა სიმპტომები ახასიათებს ქალა-ტვინის ტრავმას?
ქალა-ტვინის ტრავმა შეიძლება მივიღოთ თავში ძლიერი ჩარტყმის (მაგალითად ადამიანზე თავდასხმის, ან სპორტული ასპარეზობის შედეგად), თავზე მძიმე ნივთის დაცემის, სიმაღლიდან ვარდნის (მშენებლობის ან სხვა შემთხვევაში), ან თავის ძლიერად მირტყმის შედეგად (ავტოსაგზაო შემთხვევები, სპორტული ილეთის შესრულება, ჩხუბი ა.შ). თუ ასეთ შემთხვევაში დაზიანდა ქალა და ადგილი აქვს ღია ჭრილობას, ყველაფერი ისედაც თვალსაჩიანოა და ასეთ შემთხვევაში დაშავებულს, პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაეწიოს სამედიცინო დახმარება. ზოგჯერ დაზიანება არ არის თვალსაჩინო და ასეთ შემთხვევაში უნდა მივაქციოთ ყურადღება ხომ არ არის თავზე სადმე შეშუპება, ცხვირიდან ან ყურიდან სისხლდენა, სისხლჩაქცევა სახეზე ან თავის არეში, ჩაშავებული თვალის უპეები, კისრის კუნთების დაჭიმულობა. ძლიერი ტრავმის ან შერყევის ნიშნებია ასევე თავბრუსხევა და გულისრევის შეგრძნება (ზოგჯერ ღებინებაც), გონების დაკარგვა. დაშავებულის ფიზიკური მდგომარეობის გამოსწორების მიუხედავად, ხშირად ქალა-ტვინის ტრავმების შემდეგ რჩება ფსიქიკური ფუნქციების დარღვევები. მეხსიერების, ყურადღების, მეტყველების და ა.შ მოშლამ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ადამიანის შრომისუნარიანობაზე, მისის ცხოვრების ხარისხზე. ასეთი ადამიანი კარგავ დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარებს, საჭიროებს ახლობლების დახმარებას, ზოგჯერ ვერ უბრუნდება სამსახურს, სასწავლო პროცესს. ფსიქიკური ფუნქციების მხრივ ეს შეიძლება გამოიხატებოდეს შემდეგ სიმპტომებში: გონებაგაფანტულობა, ყურადღების კონცენტრაციის სიძნელეები, სწრაფი დაღლა, განსაკუთრებით გონებრივი დატვირთვის პირობებში, გულმავიწყობა, ნაცნობ გარემოში ორიენტაციის სიძნელეები (რა მიმართულებით წავიდეს, როგორ მივიდეს გარკვეულ ადგილას). აზრის გამოთქმის სიძნელეები, გაუგებარი მეტყველება, სხვისი გამონათქვამის გაგების სიძნელეები, წერა-კითხვის, ანგარიშის გაძნელება ან შეუძლებლობა და.აშ. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ხასიათისა და ემოციურ-პიროვნული სფეროს ცვლილებები: შიშები, პანიკური შეტევები, სიფიცხე, აპათია, ემოციური გასადავება (აღარ რეაგირებს ემოციურ მოვლენებზე, არ გამოხატავს ემოციას), შფოთვა და დეპრესია.
როგორ დავეხმაროთ ადამიანს ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ?
პირველ რიგში როგორც აღინიშნა, ადამიანს უნდა გაეწიოს სამედიცინო დახმარება. ქალა-ტვინის ტრავის მქონე პაციენტებს მართავს ნევროლოგი. ძირითადი ფიზიკური მაჩვნებლების დარეგულირების შემდეგ უკვე შესაძლებელია დაშავებულია რეაბილიტაცია. ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც ყველაზე ეფექტურია მულტიდისციპლინური მიდგომა, როდესაც პაციენტს ერთდროულად და კოორდინირებულად ეხმარება ფიზიკური თერაპევტი, ნეიროფსიქოლოგი, ოკუპაციეური თერაპევტი და თუ საჭიროა მეტყველების თერაპევტიც. ფსიქიკური ფუნქციების დარღვევების შემთხვევაში პაციენტი ჯერ ფასდება ნეიროფსიქოლოგის მიერ. ამ მიზნით გამოიყენება ნეიროფსიქოლოგიური ტესტები, რომელთა საშუალებით სპეციალისტი აფასებს პაციენტის ფსიქიკურ ფუნქციებს, რა არის დარღვეული, რა შენარჩუნდა, როგორია დარღვევის ხარისხი და მექანიზმი. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია პაციენტისათვის ინდივიდუარი სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავება, რომელიც იქნება აწყობილი კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე (დაზიანების არით და ხასიათით დაწყებული და დამთავრებული პიროვნული თავისებურებებითა და პაციენტის პირადი ინტერესებით). რეაბილიტაციის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტი ცვლის პროგრამას პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
რას მოიაზრებს ნეიროფსიქოლოგირი რეაბილიტაცის პროცესი?
ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გულისხმობს ფსიქიკური ფუნქციების აღდგენაზე მუშაობას. ამისათვის სპეციალისტი იყენებს სხვადასხვა სახის სპეციალურ სავარჯიშოებს, რომელთა საშუალებით ხდება თავის ტვინის ამა თუ იმ უბნის ფუნქციის სტიმულირება. დაზიანებული ქსოვილი ვეღარ ახორციელებს ფსიქიკურ ფუნქციას და შესაბამისად ჩვენი მიზანი ხდება ამ პროცესში ჩავრთოთ სხვა ჯანმრთელი უჯრედები და ამისათვის ჩვენ გარემოდან უნდა ვუზრუნველყოთ საჭირო სტიმულაცია. უნდა აიღინიშნოს, რომ უბრალოდ ინფორმაციის დაზეპირება, სიტყვების გამეორება, წერაში ვარჯიში არ აღადგენს დარღვეულ წერა-კითხვას, მეტყველებას ან მეხსიერებას. ამისათვის აუცილებელია ფსიქიკური ფუნქციის დარღვევის და აღდგენის მექანიზმების ცოდნა. დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია, რომ აღდგეს უნდა ჩაირთოს საჭირო მექანიზმი, რაც სამწუხაროდ მხოლოდ პრეპარატების დახმარებით შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ქალა-ტვინის ტრავმის მქონე პაციენტების მულტიდისციპლინური დახმარება. პაციენტის სწორი ფარმაკოლოგიური მკურნალობა საჭიროა ეფექტური რეაბილიტაციისთვის, რადგან ეს ქმნის სარეაბილიტაციო ღონისძიებებისათვის ხელსაყრელ ფონს. შესაბამისად, მკურნალობა ეს არის პაციენტის სრული რეაბილიტაციის აუცილებელი, მაგრამ სამწუხაროდ, არასაკმარისი პირობა.
როდის უნდა დაიწყოს რეაბილიტაცია?
ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ, ხშირად დაშავებულს ესაჭიროება რეანიმირება. ამ ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ უკვე ნაჩვენებია პაციენტის ნეიროფსიქოლოგიური შეფასება და თუ ფიზიკური მდგომარეობა სტაბილურია. მაშინვე იწყება რეაბილიტაციის პროცესიც. ზოგადად ტრავმიდან 1 თვის, 1,5 თვის მანძილზე მადომარეობა არის მწვავე და ძალიან დინამიური, ამიტომ სპეციალისტი შეფასების შემდეგ წყვეტს რამდენად აუცილებელია ინტერვენციის დაწყება ამ ეტაპზე. არის გარკვეული დარღვევები (მაგალითად, ზოგიერთი მეტყველების დარღვევა), რომლებიც საჭიროებს ადრეულ ჩარევას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყალიბდება ისეთი სახის საკომპენსაციო მექანიზმები, რომლებიც შემდგომ ძალიან ხელისშემშლელია რეაბილიტაციის პროცესში დიდ დროსა და ძლისხმევას მოითხოვს. ტრავმის შემდეგ, მწვავე პერიოდში პაციენტი დუნედ რეაგირებს გარემოზე, ხშირად ძილიანია, უჭირს კონცენტაცია, ინსტრუქციების მიყოლა და შესრულება, სწრაფად იფიტება. ამ ეტაპზე ჩარევის მიზანია სიფხიზლის ოპტიმალური დონის მიღწევა, გამოფიტვის შემცირება და ყურადღების ასპექტების გაუმჯობესება. თანდათან სარეაბილიტაციო პროგრამა რთულდება პაციენტისსაჭიროებების გათვალისწინებით. ამ პროცესის საბოლოო მიზანია მივაღწიოთ პაციენტის დამოუკიდებლობის რაც შეიძლება მაღალ დონეს, რაც გულისხმობს თვითმომსახურების, საკუთარი თავის მოვლის, ყოფითი მოქმედებების შესრულების, აზრის გამოთქმის, ეფექტური კომუნიკაციის, ინფორმაციის აღქმის, გადამუშავების და დამახსოვრების, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარების აღდგენას.
7 რჩევა მაია მაჭავარიანისგან:
1. მნიშვნელოვანია პრევენცია. უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ თავიდან ავირიდოთ ტრავმა. რაც აუცილებლად გულისხმობს უსაფრთხოების წესების დაცვას, სამუშაო გარემოში, ავტომობილი მართვის დროს (შემთხვევის ყველაზე ხშირი მიზეზია სიჩქარის გადაჭარბება), სათამაშო მოედნებზე, სპორტული შეჯიბრის, წვრთნის დროს. აუცილებლად უნდა შევიკრათ უსაფრთხოების ღვედი, სადაც მოითხოვს საჭიროება, დაფაროთ ჩაფხუტი, გამოვიყენოთ მხოლოდ ქვეითებისათვის განკუთვნილი გადასასვლელები და მხოლოდ მწვანე შუქზე.
2. თუმცა შემთხვევისგან დაზღვეული არვინ არის. ამიტომ, თუკი მოხდა თავის არეში დაშავება მიაქციეთ ყურადღება თუ არის შემდეგი სიმპტომატიკა: თავის ტკივილი, რომელიც უფრო მძიმდება და არ წყდება, სისუსტე, ძილიანობა, კონცენტრაციის სიძნლეები, დაბუჟება სხეულის რომელიმე ნაწილში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გულყრა, მეტყველების გაძნელება, ან გაუგებარი (თითქოს ნასვამ მდგომარეობაში) მეტყველება, დეზორიენტაცია გარემოში, დროში, საკუთარ თავში, უცნაური, შეუსაბამო ქცევა… დაშავებულს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს სამედიცინო დახმარება.
3. თუკი ტვინის შერყევა ან ტრავმა იყო მსუბუქი, შემდგომ შესაძლოა თავის იჩინოს ნარჩენმა მოვლენებმა-გონებაგაფანტულობამ, ახალი ინფორმაციის დამახსოვრების სიძნელეებმა, საკუთარი აზრის ჩამოყალიბების და ეფექტური კომუნიკაცის სიძნელეები. მაგ. როგორიცაა აზრის გაწყვეტა საუბრის დროს, ტექსტის კითხვისას გჭირდებათ წაკითხული ისევ წაიკითხოთ, რადგან აზრი დაიკარგა და მისთ. მიმართეთ სპეციალისტს.
4. სახლის პირობებში ტრავმის შემდგომი მდგომარეობის შემთხვევაში, უზრუნველყავით მშვიდი გარემო. ტრავმის შემდეგ დაშავებული სწარაფად იღლება ამიტომ ამ ეტაპზე მეგობრების მონახულება უნდა დავიდეს მინიმუმზე. მაქსიმალურად შეამცირეთ ვიზიტების დროც იგივე გადაღლის თავიდან აცილების მიზნით.
5. მოარიდეთ ფიზიკურ დამღლელ აქტივობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტი უნდა ჩაწვეს ან არ მოემსახურას საკუთარ თავს, თუ შეუძლია. როგორც ძალიან პასიური, ისე ზედმეტად აქტიური მდგომარეობები არის შემაფერხებელი სრულფასოვანი აღდგენისთვის. გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისთან და შეარჩიეთ პაციენტისათვის ოპტიმალური რეჟიმი.
6. აუცილებელია სრულფასოვანი ძილი და კვება, თუ იძლევა ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას, კარგია ჰაერზე გასეირნება. ეცადეთ ნელ-ნელა დაუბრუნდეთ ჩვეულ საქმეებს, თუ ბრუნდებით სამსახურში დასაწყიში სჯობს დაიტვირთოთ მხოლოდ ნაწილობრივ. შეზღუდეთ ტექნიკასთან ურთიერთობა, კომპიუტერის და სმარტფონის გამოყენება ძალიან დიდ ენერგეტიკულ დანახარჯებს გამოიწვევს.
7. და ბოლოს, აღივსეთ მოთმინებით, თუკი თქვენ ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესს გადიხართ, რადგან ეს საკმაოდ ხანგრძივი პროცესია, დარღვეული ფუნქციების აღდგენა მიმდინარებს თანდათან და რაც უფრო სრულფასოვანია სარეაბილიტაციო პროცესი, მით უფრო უფრო მდგრადი და შეუქცევადია მიღწეული შედეგები.
წყარო: fortuna.ge