Plasmon
რა მიიჩნევა მაღალ წნევად და რატომ არის ეს საშიში

თარიღი: 11 ოქტომბერი, 2023

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ჰიპერტენზია [მაღალი არტერიული წნევა] მსოფლიოში ყოველ მესამე ზრდასრულ ადამიანს აწუხებს, თუმცა ჰიპერტენზიის მქონე ადამიანების თითქმის ნახევარმა არ იცის ამის შესახებ.

 

ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი ტატო ჯახია ამბობს, რომ მკურნალობის გარეშე ჰიპერტენზიამ შეიძლება ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა ინსულტი, გულის შეტევა, გულის უკმარისობა, თირკმლების დაზიანება და სხვა. 

 

ბატონო ტატო, როგორ განისაზღვრება ჰიპერტენზია? 
არტერიული ჰიპერტენზიაა, როცა მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში (და არა ერთჯერადად), ადამიანს აქვს მოსვენებულ მდგომარეობაში მომატებული არტერიული წნევის ციფრები – სისტოლური +140, დიასტოლური +80. 

 

ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის მიხედვით, ჰიპერტენზიის სამი ხარისხი არსებობს – პირველი ყველაზე მსუბუქია, მესამე – ყველაზე მძიმე. 

 

I ხარისხის ჰიპერტენზიაა, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა (საწ) არის 140-დან 160-მდე და დიასტოლური არტერიული წნევა (საწ) 80-დან 90-მდე; 

 

II ხარისხი – სისტოლური 160-დან 180-მდე და დიასტოლური 90-დან 100-მდე; 

 

III ხარისხი – სისტოლური 180+, დიასტოლური კი 100+;

 

შესაძლოა მხოლოდ სისტოლური წნევა იყოს მომატებული, მაგრამ დიასტოლური იყოს ნორმის ფარგლებში (საწ ≥140 მმ ვწყ.სვ. და დაწ <90 მმ ვწყ.სვ.) – ეს იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიაა, რომელიც შეიძლება იყოს I, II, ან III ხარისხის, სისტოლური არტერიული წნევის ციფრების მიხედვით.

 

წნევა აუცილებლად უნდა იყოს გაზომილი მოსვენებულ მდგომარეობაში; არ უნდა მოხდეს წნევის გაზომვა ემოციურ მდგომარეობაში ან ფიზიკური დატვირთვის ფონზე. 

რა არის ჰიპერტენზიის რისკფაქტორები?

არტერიული წნევა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. მეორადია, როდესაც არტერიული წნევის რიცხვები იმატებს სხვა დაავადების გამო, ანუ მაღალი წნევა ვლინდება როგორც სხვა დაავადების სიმპტომი. ასეთი ჰიპერტენზია მთლიანი შემთხვევების დაახლოებით 7-10 პროცენტს შეადგენს. დანარჩენი არის პირველადი, იგივე ესენციური არტერიული ჰიპერტენზია, ანუ როდესაც ადამიანს ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე აქვს მაღალი წნევა.

 

ჰიპერტენზიის რისკფაქტორებია: ასაკის მატება, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, მაგალითად, არასწორი კვება (მოიცავს მარილის ჭარბი რაოდენობით მიღებას), მავნე ჩვევები (თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება), ადინამიურობა, ანუ ნაკლები ფიზიკური დატვირთვა და მჯდომარე ცხოვრების წესი.

 

ეს ფაქტორები გამომწვევი და ხელშემწყობია არა მარტო ჰიპერტენზიის, არამედ კიდევ ბევრი სხვა დაავადების.

 

ჯანმო: საქართველო ევროპის იმ 11 ქვეყანას შორისაა, რომელთაც ჰიპერტენზიის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ.

რატომ არის მარილი მავნე?

მარილის ჭარბი მოხმარება იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, იმიტომ, რომ მარილის ე.წ. გადამუშავებას სჭირდება დიდი რაოდენობით სითხე, ამიტომ ორგანიზმი ცდილობს, რომ ეს სითხე შეიკავოს და ეს იწვევს ორგანიზმის გადაძაბვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წნევის მატება. ასევე, ეს ცუდად მოქმედებს ძვალსახსროვან სისტემაზე, თირკმლებზე.

 

ზოგადი რეკომენდაციების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი კვების ნაწილში სწორედ ეს არის, რომ მიირთვათ ნაკლებმარილიანი და ნაკლებცხიმიანი საკვები.

რას ამბობს ჯანმო საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელებასა და მკურნალობაზე?

მართალია, ჩვენ უფრო ცუდი შედეგები გვაქვს ამ მხრივ რეგიონში ვიდრე სხვა ქვეყნებს, მაგრამ საერთო ჯამში, სურათი მეტ-ნაკლებად მაინც ერთნაირია ყველგან. 

 

ასეთი სტატისტიკაა:
ჰიპერტენზიის დიაგნოზი დასმული არის [30-დან 79 წლამდე ასაკის] კაცებში 60%-ში, ქალების 68%-ში. მათგან მკურნალობს კაცების 41%, ქალების – 54%.

 

ფაქტობრივად, ქალებისა და კაცების ნახევარი, ვისაც დიაგნოსტირებული აქვთ არტერიული ჰიპერტენზია, არ იღებს შესაბამის მკურნალობას. ხოლო იმ ადამიანებს შორის, ვინც მკურნალობს, არ არის მიღწეული არტერიული ჰიპერტენზიის სასურველი რიცხვები, ანუ ვერ ხდება არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლი.

 

ჯანმოს მიხედვით, საქართველოში მკურნალობის შედეგად ჰიპერტენზიის კონტროლი ხერხდება კაცების 13%-თან და ქალების 21%-თან; იდეაში კატასტროფულ რიცხვებამდე მივდივართ. ჯერ ერთი, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის ნახევარზე მეტს აქვს დიაგნოსტირებული, აქედან დაახლოებით ნახევარი მკურნალობს, როგორც ჩანს, ქალები უფრო დისციპლინირებულები არიან, ცოტა უკეთესი რიცხვებია, მაგრამ საბოლოოდ, დიაგნოსტირებულებიდან საკმაოდ მცირე პროცენტი აღწევს მკურნალობის სამიზნე რიცხვებს.

რატომ არის ჰიპერტენზია საზიანო?
არტერიულ ჰიპერტენზიას შეუძლია ძალიან ბევრი და ძალიან ცუდი დაავადება გამოიწვიოს. საუბარი არ არის ერთჯერ და ორჯერ აწეულ წნევაზე, რა დროსაც შეიძლება რაღაც დაგემართოს [თუმცა ასეც შეიძლება]; ძირითადად, როდესაც ადამიანს აქვს მომატებული არტერიული წნევის ციფრები, და ეს დროში გახანგრძლივებულია, ზიანდება ბევრი ორგანო, მათ შორის თვალები, თავის ტვინი, გული, თირკმლები, ქვემო კიდურები.

 

ჰიპერტენზია მოქმედებს სისხლძარღვებზე. თამბაქოს მოხმარებისას ყველა ორგანოში ხდება სისხლძარღვების სპაზმი, რაც იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას. იცით, რომ ნებისმიერი ორგანო სისხლძარღვებით მარაგდება, შესაბამისად, ყველა ორგანოს აზიანებს.

 

მოკლედ და უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არტერიულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, გულის ინფარქტი, ფილტვის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა, ქვემო კიდურების სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ქრონიკულად მიმდინარეა.

 

ჯანმო: ჰიპერტენზიის ეფექტური მკურნალობა მოითხოვს რეგულარულ და შეუფერხებელ ფინანსურ წვდომას მედიკამენტებზე. ამჟამად ერთსა და იმავე, ძირითად ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს, სხვადასხვა ქვეყანაში ათი სხვადასხვა ფასი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაში ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები იხდიან საჭიროზე მაღალ ფასს. 

რა დროში შეიძლება ჰიპერტენზიამ დააზიანოს სხვა ორგანოები?
ეს ძალიან ინდივიდუალურია, ვისი ორგანიზმი რამდენს გაუძლებს. ეს ძალიან ცუდი ექსპერიმენტი იქნება, საკუთარ თავს რომ ჩავუტაროთ. შეიძლება ძალიან მალე, 2-3 წელიწადში გამოიწვიოს გართულებები, შეიძლება 10 წელში. ერთი მხრივ ჰიპერტენზია ვერაგი და საშიში დაავადებაა, მაგრამ მეორე მხრივ, მისი კონტროლით შეგვიძლია ეს პრობლემები თავიდან ავიცილოთ.

 

ანუ ეფექტური მკურნალობის შედეგად არტერიული წნევის ციფრები შეიძლება კონტროლირებული იყოს და ნორმის ფარგლებში მოექცეს, ანუ მიღწეული იქნეს სამიზნე მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში ის არ გვაზიანებს.

რამ შეიძლება მიგვანიშნოს, რომ მაღალი არტერიული წნევა გვაქვს?
ჯანმრთელმა ადამიამა შესაძლოა წნევის მომატება იგრძნოს თავის ტკივილით, გაბრუებით, ყურებში ხმაურით; თუმცა ეს ნიშნები ყოველთვის არ ახლავს არტერიულ წნევას. 

 

თუ მაღალ წნევას თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტის შეგრძნება, მეტყველების გაძნელება, კიდურების ცალმხრივი დაბუჟება, ძალის დაკარგვა, ეს შესაძლოა სერიოზულ მდგომარეობაზე მიანიშნებდეს. მაგალითად, მაღალი წნევის ფონზე შესაძლოა განვითარდეს ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა. ამ დროს აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

რას მოიცავს ჰიპერტენზიის მკურნალობა?
პირველ რიგში, თუ ადამიანი აღმოაჩენს, რომ მას ხშირად აქვს მომატებული წნევა, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

 

არის რაღაც რუტინული გამოკვლევები, ანალიზები, რომლებიც ამ დროს უტარდება პაციენტს, რათა გამოვრიცხოთ მეორადი ჰიპერტენზია, გავიგოთ, ხომ არ არის სხვა თანმხლები დაავადებები, რომლებსაც მკურნალობა სჭირდება და მერე ვნიშნავთ მკურნალობას, იმის მიხედვით, თუ რომელი ხარისხის ჰიპერტენზიაა, რა ასაკისაა პაციენტი, რა თანმხლები დაავადებები აქვს, რომელ რისკჯგუფშია და სხვა.

 

თუ ახალგაზრდაა პაციენტი და პირველი ხარისხის ჰიპერტენზია აქვს, მოწოდებულია გაიდლაინებით, რომ პირველი 6 თვე შეცვალოს ცხოვრების არაჯანსაღი წესი – შეწყვიტოს მავნე ჩვევები, თუ მწველია, დაანებოს თამბაქოს თავი; იყოს ფიზიკურად აქტიური კვირაში ორ-სამჯერ, ან 30-40-წუთიანი სეირნობა დღეში; თუ აქვს ჭარბი წონა, დაიწყოს კლება, შეზღუდოს მარილის მოხმარება… როგორც წესი, თუ ამ რეკომენდაციებს ასრულებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ძალიან კარგ შედეგებს იღებენ.

 

თუ ამის ფონზე მაინც არის მომატებული წნევა, ირთვება მედიკამენტური მკურნალობა.

 

თუმცა ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული რეკომენდაცია ეხება ყველა პაციენტს.

 

თუ II-III ხარისხის ჰიპერტენზიაა, იქ სხვა პრობლემებიც გვაქვს და როგორც წესი, კომბინირებული მკურნალობა მიდის, ერთი აბი აღარ არის მოწოდებული თანამედროვე გაიდლაინით.

 

მინდა ხაზი გავუსვათ, რომ ეს დაავადება არის ქრონიკული, რაც ნიშნავს, რომ მუდმივი მკურნალობა სჭირდება. მას აქვს ორ და სამთვიანი მკურნალობის კურსი. თუ რაღაც ისეთი ხდება, რომ საჭირო მოიხსნას პრეპარატი, ეს ხდება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და არავითარ შემთხვევაში თვითნებურად, რასაც სამწუხაროდ ხშირად აკეთებენ პაციენტები. 

 

საშუალოდ 3-6 თვეში ერთხელ საჭიროა კომუნიკაცია კარდიოლოგთან, რადგანაც ამ მკურნალობის ფონზე გარკვეული პარამეტრები მუდმივად გადასამოწმებელია; უნდა მოხდეს სკრინინგი, ხომ არ ზიანდება სხვადასხვა ორგანო, ხომ არ უარესდება მდგომარეობა, როგორია არტერიული წნევის რიცხვები, პულსი და მოხდეს სხვადასხვა ობიექტური მონაცემის შეფასება.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge