Plasmon
რატომ არის საზიანო მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელები

თარიღი: 28 ივნისი, 2023

არაჯანსაღი კვება ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნისა და სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როგორც საერთაშორისო კვლევები მოწმობს, მოზარდების არაჯანსაღი დიეტის ერთ-ერთი გავრცელებული პროდუქტი ენერგეტიკული სასმელებია.

 

ამ სახის პროდუქტებს  შეფუთვაზეც აქვს გაფრთხილება, რომ ის „არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის“. ამავდროულად, კანონში არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა ამ პროდუქტების მოზარდებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით.

 

ევროპის სკოლების საერთაშორისო კვლევის,  ESPAD-ის მონაცემებით, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა, მოსწავლეების 73% აღნიშნავდა, სულ ცოტა ერთხელ მაინც დაულევია ენერგეტიკული სასმელი; ამავე დროს, ბიჭები (81%) უფრო ხშირად მოიხმარდნენ ენერგეტიკულ სასმელებს, ვიდრე გოგონები (63%).

 

უფრო მეტიც, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეები და ახალგაზრდები ენერგეტიკულ სასმელებს იღებენ ალკოჰოლთან ერთად კომბინაციაშიც, რაც ასევე ძალიან საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის.

 

ენერგეტიკული სასმელების რეკლამირება ხდება, როგორც კონცენტრაციის გაზრდისა და დაღლილობის შესამცირებელი საშუალების. ასეთი სასმელები მიეკუთვნება კოფეინის მაღალი შემცველობის სასმელების ჯგუფს, ამასთან ერთად ისინი შეიცავენ დამატებულ შაქრებს, ლეგალურ სტიმულატორებს, მაგალითად, ტაურინს და სხვა დანამატებს.

 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის CDC-ის ცნობით, ამ ლეგალურ სტიმულატორებს შეუძლიათ გაზარდონ სიფხიზლე, ყურადღება, ენერგია, თუმცა ამავე დროს გაზარდონ არტერიული წნევა, გაახშირონ გულისცემა და სუნთქვა.

 

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი თეონა გოგიტიძე განმარტავს, თუ რატომ არის ენერგეტიკული სასმელების მოხმარება, განსაკუთრებით კი ხშირი მოხმარება, საზიანო ბავშვის ორგანიზმისთვის:

 

„ცნობილია, რომ ეს სასმელები კომპონენტებად შეიცავენ კოფეინსა და შაქარს, რაც მიღების დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, იწვევს აღგზნებას,  გაღიზიანებას, შეიძლება გამოიწვიოს არამოტივირებული ქცევები; იწვევს გულის კუნთის შეკუმშვის გახშირებას, და ბუნებრივია, თუ ბავშვი ძალიან ხშირად და დიდი რაოდენობით იღებს ენერგეტიკულ სასმელებს, შეიძლება რაღაც პრობლემები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივაც გამოიწვიოს“ – ამბობს ექიმი. 

 

თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ გარდა ამისა, ენერგეტიკული სასმელების ხშირი მოხმარება კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციაზეც მოქმედებს ცუდად, „შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება იმის გამო, რომ იწვევს კუჭის სეკრეციის მომატებას და შეიძლება ამით გამოიწვიოს გაღიზიანების სინდრომი”.

 

CDC: ენერგეტიკული სასმელები შეიძლება შეიცავდეს დიდი რაოდენობით შაქარს, ზოგჯერ 27 ჩაის კოვზს ერთ ქილაში.

 

თეონა გოგიტიძის განმარტებით, იმის გამო, რომ ზოგიერთი ენერგეტიკული სასმელი დიდი რაოდენობით შაქრის შემცველია, იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ვისაც აქვთ ჭარბი წონისკენ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისკენ მიდრეკილება, „ენერგეტიკულმა სასმელებმა შეიძლება გამოიწვიოს შაქრის დონის მატება სისხლში და ნივთიერებათა ცვლის შემდგომი დარღვევები“. 

 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ასევე წერს, რომ კოფეინის დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს გულისა და სისხლძარღვთა სისტემის ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა: გულის რითმის დარღვევა, გულისცემისა და არტერიული წნევის მატება.

 

CDC: მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელების პოტენციური საფრთხეები მოიცავს: დეჰიდრატაციას (არასაკმარისი წყალი ორგანიზმში); გულის გართულებებს (როგორიცაა არარეგულარული გულისცემა და გულის უკმარისობა); შფოთვას (ნერვიულობა და მოუსვენრობა) და უძილობას.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge